სახელმწიფოს კუთვნილი თანხის 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულ შპს B.P. TRANS-ის დირექტორსა და თანამშრომელს, ასევე კონტრაქტორი კომპანიის სამ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელ ბიჭიკო პაიკიძესაც, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ნათესავია - მასზე ძებნაა გამოცხადებული, რადგან საქართველოში არ იმყოფება.
თაღლითურად ფულის დაუფლებისთვის აღძრულ სისხლის სამართლის გამოძიებას დაემატა კიდევ ერთი მუხლი - ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების კვალიფიკაციაც.
ვის რა მუხლით წაუყენეს ბრალი?
- ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი ედება სახელმწიფო ფულის თაღლითურად დაუფლებისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის - სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბიჭიკო პაიკიძის უფლებებს ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრალდებული ამ საქმეზე არცკი გამოუკითხავთ:
„ბიჭიკო პაიკიძეს გააჩნია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ონკოლოგიური პაციენტია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ის სხვადასხვა დროს, დროებით ტოვებს ხოლმე საქართველოს, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობს, ეს იყო მისი ჩვეულებრივი წასვლა, არანაირ გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, რამე სახის საფრთხე დამუქრებოდა, არ არსებობდა“.
ადვოკატის ცნობით, ბიჭიკო პაკიძის კომპანია შოვში მეწყერის შემდეგ საჭირო სამუშაოებს:
„ყველა ტრაგედია, სტიქია, რაც საქართველოში ხდებოდა, სალიკვიდაციო სამუშაოებს ის ატარებდა, ის ყველაფერს მისი ქვეყნის სასარგებლოდ აკეთებდა“.
- ხუთივე დაკავებულს, მათ შორის შპს B.P. TRANS-ის დირექტორ ვალერიანე კვარაცხელიას, ამავე კომპანიის ფინანსურ მენეჯერ იოსებ ჭანჭალეიშვილს და ტენდერის შესრულებაზე მაკონტროლებელი კომპანიის სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და დოკუმენტის გაყალბებისთვის - მათ ამავე კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
B.P. TRANS-ის დირექტორის, ვალერიანე კვარაცხელიას ადვოკატია თეონა გვაზავა. მისი თქმით, არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გამოუკითხავთ დაკავებამდე.
„ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე პირნათლად იყო შესრულებული და სატენდერო მოთხოვნით გათვალისწინებული სამუშაოები სრული მოცულობით, მათ შორის, ხარისხობრივად, არის ჩაბარებული“, - თქვა ადვოკატმა.
მედიასთან ისაუბრა კომპანიის ფინანსური მენეჯერის, იოსებ ჭანჭალეიშვილის ადვოკატმა შოთა მანელიძემ. მისი თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს:
„ცალსახად შემიძლია გითხრათ, კონკრეტული დოკუმენტი მისი მხრიდან არც შედგენილა და არც ხელი მოუწერია იმ ფორმულაში, რაც ბრალდების მხარეს სურს მთლიან სურათში წარმოადგინოს...“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი ფულის თაღლითურად დაუფლების საქმეზე გუშინ, 24 სექტებერს ხუთი ადამიანი დააკავა, ერთზე B.P. TRANS-ის მფლობელზე კი ძებნა გამოაცხადა.
„შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბ.პ [ბიჭიკო პაიკიძე], ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს [ვალერიანე კვარაცხელია], კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს [იოსებ ჭანჭალეიშვილი] და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი“, - განაცხადეს სუსში.
გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, ბიჭიკო პაიკიძე კომპანია B.P. TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელია. ამ კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ატარებდა სამუშაოებს ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და აწყობდა ნაპირდამცავ ქვაყრილებს ონის მუნიციპალიტეტში.
ფორუმი