მოდი, ვაჩვენოთ, რომ მოლდოვა არ იყიდება - მაია სანდუ ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველს აქტივობისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმის მიცემის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართა ამომრჩევლებს.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ თანამოქალაქეებს, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებლებს, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

„მოლდოვა, ჩვენი ძვირფასი სამშობლო, საფრთხეშია და თითოეული თქვენგანი საჭიროა. თქვენ შეგიძლიათ სამშობლოს გადარჩენა თქვენი ხმით“, - განაცხადა მაია სანდუმ კიშინიოვში ხმის მიცემის შემდეგ.

„ხვალ შეიძლება ძალიან გვიან იყოს“, - თქვა მაია სანდუმ და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ჩარევაზე მოლდოვის არჩევნებში, რაც, ხელისუფლების თანახმად, მილიონობით ევრო დაიხარჯა.

სანდუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიებისთვის.

„მოდი, ვაჩვენოთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც არ იყიდება, ნუ მივცეთ მოღალატეებს ჩვენი ქვეყნის გაყიდვის უფლებას“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ასევე ნახეთ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. არჩევანი კვლავ ასე დგას: დასავლეთი თუ რუსეთი

დღეს, 2025 წლის 28 სექტემბერს მოლდოვაში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ამჯერადაც წყვეტს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ბედს.

ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე (თბილისის დროით დილის რვა საათზე) დაიწყო და საღამოს, 21:00 საათზე დასრულდება.

ცესკოს თანახმად, ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის ხმა 750 000-მდე ამომრჩეველმა მისცა.

ორი მთავარი დაპირისპირებული ძალაა პროდასავლურად განწყობილი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ და პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

კრემლი გამუდმებით ადანაშაულებს კიშინიოვს „ანტირუსულ ისტერიაში“ და უარყოფს, რომ არჩევნებსა თუ შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს.

ასევე ნახეთ რუსეთის ჰიბრიდული ომი მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწევს - სალომე ზურაბიშვილი