ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პროევროპული პოლიტიკური გაერთიანების, „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ გამარჯვებას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას შეფასებით, მოლდოვის ხალხის გზავნილი ხმამაღალი და მკაფიოა - მან რუსეთის ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად აირჩია დემოკრატია, რეფორმები და ევროპული მომავალი.
კოშტამ მოლდოვას დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა წევრობისკენ მიმავალი გზის ყველა ეტაპზე.
„მოლდოვა, შენ ეს ისევ გააკეთე“, - დაწერა დღეს, 29 სექტემბერს სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მისი შეფასებით, შიშის და განხეთქილების დათესვის ვერანაირმა მცდელობამ მოლდოვის სიმტკიცე ვერ გატეხა და მან მკაფიოდ აირჩია ევროპა, დემოკრატია და თავისუფლება.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის კარი ღიაა და მოლდოვას ყოველ ნაბიჯზე მხარს დაუჭერენ.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება ვარშავის უსაფრთხოების ფორუმიდან მიულოცამოლდოვაში 28 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“.
პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომლის ლიდერი მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტი იგორ დოდონია, მეორე ადგილზე გავიდა. ბარიერი გადალახა კიდევ სამმა პოლიტიკურმა ძალამ.
„მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ მიერ უმრავლესობის შენარჩუნება მოლდოვის მთავრობას საშუალებას მისცემს, განაგრძოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მიმართული პოლიტიკა. ევროკავშირმა მოლდოვასთან მოლაპარაკებები 2025 წლის ივნისში გახსნა.
ასევე ნახეთ როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევასმოლდოვის პროევროპულმა ხელისუფლებამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა არჩევნებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის მცდელობაში. მოსკოვი ამას უარყოფს.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს არაერთ პრორუსულ პარტიას. არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის გამო მოლდოვის პოლიციამ, პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას ეხება. დაკავებულია ათეულობით პირი.