Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში საპარლამენტო უმრავლესობა ისევ პრეზიდენტ სანდუს პროევროპულმა პარტიამ მოიპოვა


მოლდოვის „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ თავმჯდომარე იგორ გროსუ კიშინიოვში, პრესკონფერენციაზე. 2025 წლის 28 სექტემბერი
მოლდოვის „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ თავმჯდომარე იგორ გროსუ კიშინიოვში, პრესკონფერენციაზე. 2025 წლის 28 სექტემბერი

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ხმების 99%-ის შეჯამებას ეფუძნება, პროევროპულ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ 101-წევრიან პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახური იუწყება. პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიას ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 49,85%-მა.

მეორე ადგილზე გასულმა პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“, რომლის ლიდერი მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტი იგორ დოდონია, 26 მანდატის მოპოვება შეძლო(24,36%).

განახლება: ხმების 99,87%-ის შეჯამების შედეგად, „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი 50,15%-მდე გაიზარდა, ხოლო „პატრიოტული ბლოკის“ 24,19%-მდე შემცირდა.

ჯერ კიდევ გასულ ღამით დოდონი მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა და განაცხადა, რომ თუ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ უმრავლესობა ექნება, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბების წინააღმდეგ ორშაბათს, 29 სექტემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

პრორუსული „პატრიოტული ბლოკის“ ლიდერი იგორ დოდონი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. 2025 წლის 28 სექტემბერი
პრორუსული „პატრიოტული ბლოკის“ ლიდერი იგორ დოდონი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. 2025 წლის 28 სექტემბერი

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 8 მანდატი ექნება ბლოკს „ალტერნატივა“, რომელიც თავს პროევროპულს უწოდებს, თუმცა მის შემადგენლობაში არიან წარსულში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები.

6-6 მანდატი ერგოთ პოპულისტურ „ჩვენს პარტიას“ და ნაციონალურ-კონსერვატიულ პარტიას „სახლის დემოკრატია“, რომელიც მოლდოვის და რუმინეთის გაერთიანებას ემხრობა.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა 52,2% იყო.

პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ია, ხოლო ბლოკებისთვის - 7%.

უმრავლესობის შენარჩუნება „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ საშუალებას მისცემს, განაგრძოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მიმართული პოლიტიკა. ევროკავშირმა მოლდოვასთან მოლაპარაკებები 2025 წლის ივნისში გახსნა.

წინა, 2021 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ 63 მანდატი ჰქონდა.

მოლდოვის პროევროპულმა ხელისუფლებამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა არჩევნებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის მცდელობაში. მოსკოვი ამას უარყოფს.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს არაერთ პრორუსულ პარტიას. არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის გამო მოლდოვის პოლიციამ, პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას ეხება. დაკავებულია ათეულობით პირი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG