კიშინიოვში, მოლდოვის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს პრორუსული „პატრიოტული ბლოკის“ წარმომადგენლებმა და მომხრეებმა. მათ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ და გაასაჩივრებენ 28 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
არჩევნების შედეგად მოლდოვის პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სოციალისტი იგორ დოდონის გარშემო გაერთიანებული პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ მეორე ადგილზე გავიდა.
როგორც რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური იუწყება, შედეგების გასაპროტესტებლად პარლამენტთან დღეს, 29 სექტემბერს გამართული აქცია, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, 15 წუთში დასრულდა.
დოდონმა განაცხადა, რომ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“ უშუალოდ მოლდოვაში არჩევნები წააგო, მაგრამ ხელისუფლებაში რჩება დიასპორის წყალობით. აქციის დაწყებიდან მალევე დოდონმა პარლამენტთან შეკრებილ მომხრეებს მოუწოდა, დაიშალონ და საპროტესტო აქცია განაახლონ მას შემდეგ, რაც „დაურეკავენ“.
ასევე ნახეთ ევროკავშირი მიესალმა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსსაპარლამენტო არჩევნების შედეგად „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ მიერ უმრავლესობის შენარჩუნება მოლდოვის მთავრობას საშუალებას მისცემს, განაგრძოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მიმართული პოლიტიკა. ევროკავშირმა მოლდოვასთან მოლაპარაკებები 2025 წლის ივნისში გახსნა.
28 სექტემბრის კენჭისყრის წინ მოლდოვის პროევროპულმა ხელისუფლებამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა არჩევნებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის მცდელობაში. მოსკოვი ამას უარყოფს.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს არაერთ პრორუსულ პარტიას. არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის გამო მოლდოვის პოლიციამ, პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას ეხება. დაკავებულია ათეულობით პირი.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა დღეს, 29 სექტემბერს განაცხადა, რომ კრემლი ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შეფასებას.
ასევე ნახეთ როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას