ზახაროვამ საქართველო ზელენსკისა და სანდუსგან „დაიცვა“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა

რუსეთი „დასავლელი კურატორების პოლიტიკურ დაკვეთად” მიიჩნევს უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტების განცხადებებს, რომ ევროპამ საქართველო დაკარგა და საქართველო რუსეთის კოლონიად იქცა. მათგან ერთი ე.წ. ფეიკი აღმოჩნდა.

„დასავლელი კურატორების დაკვეთის” შესახებ დღეს, 1 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა პროპაგანდისტული რადიოსადგურის, „სპუტნიკის” ეთერში.

ზახაროვას სიტყვებით, „ეს ამპლიტუდა უბრალოდ, გამაოგნებელია”, რადგან საუბარია არა საქართველოს ხელისუფლების მისამართით ნათქვამზე, არამედ „პრინციპში საქართველოსა და მისი ხალხის შეურაცხყოფაზე”.

„და რატომ? კვლავდაკვლავ კურატორებმა დაუკვეთეს… სწორედ ეს არის ის პოლიტიკური უკულტურობა, რომელსაც დასავლეთი უკვეთავს. უბრალოდ, რთავს ღილაკს, როცა ზეწოლის მოხდენაა საჭირო”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე ნახეთ "ოცნება" მოლდოვას არ ულოცავს, არც მოლდოვამ მიულოცა - რა განსხვავებაა ორს შორის?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ საქართველო დაკარგა და იგივე გაიმეორა 29 სექტემბერს, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მონაწილეებისადმი ონლაინ მიმართვისას.

გაეროში უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას „ქართული ოცნებისგან” მწვავე რეაქცია მოჰყვა. პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ „მარიონეტმა” ზელენსკიმ „პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“.

სექტემბრის ბოლოს ზოგიერთი რუსული და ქართული მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ამომრჩევლებისადმი მიმართვისას საქართველოს რუსეთის კოლონია უწოდა. მოლდოვაში საპარლმენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდა.

„მითების დეტექტორმა” დაადგინა, რომ რეალურად გავრცელდა მაია სანდუს ვიდეოფაბრიკაცია და მისთვის გამოყენებული იყო 29 აგვისტოს სიტყვით გამოსვლა, რომლის დროსაც მოლდოვის პრეზიდენტს საქართველო საერთოდ, არ უხსენებია. „მითების დეტექტორის” თანახმად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის დამუშავებული.