უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მონაწილეებისადმი ონლაინჩართვის ფორმატში მიმართვისას კვლავ ახსენა საქართველო და თქვა, რომ "საქართველო დაკარგულია ევროპისთვის".
მან ისაუბრა ასევე მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში პროდასავლური ძალების გამარჯვებაზე.
"დღეს ჩვენ ვულოცავთ მოლდოვას. არჩევნებში გაიმარჯვა ევროპის იდეამ - ნორმალური და სტაბილური ეროვნული განვითარების იდეამ. რუსეთის მავნე გავლენა ევროპაში უფრო შორს ვეღარ გავრცელდება. დილით ვესაუბრე მაია სანდუს, მივულოცე მას, რომ რუსეთმა ვერ შეძლო მოლდოვის დესტაბილიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი რესურსები დახარჯა მის ძირის გამოთხრაში", - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ვითარება მოლდოვაში საქართველოში არსებულისგან განსხვავებულია.
“დღეს საქართველო ევროპისთვის მრავალი თვალსაზრისით დაკარგულია. შესაძლოა, ერთ დღესაც დაბრუნდეს. მაგრამ ამისთვის ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რაც იქ და ბელარუსში ხდება. რუსეთისთვის ჩვენს რეგიონში ყოველი გამარჯვება, ევროპისთვის დანაკარგია. ამიტომაც არ უნდა დავკარგოთ არცერთი დღე ან არცერთი ქვეყანა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ დაკარგა საქართველო, რომელიც ახლა რუსეთზეა დამოკიდებული. მისი სიტყვები მწვავედ გააკრიტიკეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა.
ფორუმი