თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მან გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.
საქართველოს პროკურატურამ მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე წარუდგინა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი 3 მუხლით წარედგინათ:
- სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის , ,,ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
- 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა);
- 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელით.
ლაშა ბერიძეს ბრალი წარედგინა ორი მუხლით:
- სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
- 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა).
მას თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელის.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ერთი მუხლით, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა. ეს დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ "მაღალი საჯარო ინტერესიდან" გამომდინარე სასამართლო სხდომის დარბაზის შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა.
„სხდომა დაწყებულია, დიდი ზომის დარბაზი შეირჩა. 10-ზე იყო დაგეგმილი სხდომა და უკვე ერთი საათი გავიდა, ბევრმა ადვოკატმა დააგვიანა და ამაზე არ გამიკეთებია მინიშნება. სხდომათა დარბაზში უნდა იყოს იმდენი ადამიანი, რამდენსაც იტევს. საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრება სხდომას, ბრალდებულების ახლობლებიც. ჩემთვისაც უცნობია, არის თუ არა თავისუფალი პირველი და მეორე დარბაზი, ამის გარკვევა გამოიწვევს სხდომის გაჭიანურებას... სხდომა ტარდება საკმაოდ დიდ დარბაზში და მიმაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს", - თქვა მოსამართლემ.
პროკურორ ვაჟა თოდუას მოსაზრებით, დარბაზის შეცვლის მოთხოვნის მიზანი სხდომის გაჭიანურება იყო. მან გაიზიარა მოსამართლის პოზიცია, რასაც პროკურორი თამარ ბეჟუაშვილიც დაეთანხმა.
ბრალდებულთა ვინაობის დადგენის შემდეგ, პროკურორმა ვაჟა თოდუამ ბრალის დადგენილების შინაარსის კითხვა დაიწყო:
ბრალდების შინაარსი
„პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. კერძოდ: ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება".
"4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს“.
"იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ“.
„პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის“.
„მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ“.
"აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის - ბლოკირებისა და ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, ხოლო მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს“.
ვაჟა თოდუას თქმით, არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ „მოქმედება არ იყო სპონტანური და იყო ორგანიზებული... საუბრობდნენ, რომ იმავე დღეს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ, საუბრობდნენ ხელისუფლების დამხობაზე და მოუწოდებდნენ..."
პროკურორის თანახმად, საქმეში დევს საჯარო განცხადებების ამსახველი ვიდეოები, როგორ მოუწოდეს მათ აქციის მონაწილეებს, წასულიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ, როგორ შეიჭრნენ და რომ იქ იდგა ორგანიზატორების ნაწილი.
„აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა ისევ გააგრძელეს დანაშაულებრივი მოწოდებები, მაგალითად, ბატონი მურთაზ ზოდელავა კვლავ მიმართავს ძალადობრივ ჯგუფებს და მოუწოდებს, გააგრძელონ მომდევნო დღეებშიც... ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხობს, რომ „ეს იყო სწრაფი გამარჯვების გეგმა“ და რომ მან და ირაკლი ნადირაძემ პირადი მაგალითი მისცეს ხალხს".
საქმეში დევს დრონით გადაღებული ვიდეო, რომელზეც, პროკურორის თქმით, ჩანს რბევის ადგილი და ის საშუალებები, რომლებსაც იყენებდნენ შეჭრისთვის. მისივე თქმით, დაზიანდა პოლიციელი, რომლის ჯანმრთელობის ექსპერტიზა დანიშნულია და წარმოდგენილი იქნება საქმეში.
ვაჟა თოდუამ ქონებრივ ზიანზეც გაამახვილა ყურადღება.
„წარმოდგენილია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები და იდენტიფიცირებულები არიან დანაშაულის ადგილას ბრალდებულები".
ასევე ნახეთ პოლიციამ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილე 13 პირი დააკავავაჟა თოდუა მოითხოვს პატიმრობას და მიაჩნია, რომ სახეზეა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე:
„მათ ბრალი ედებათ მძიმე დანაშაულში, რაც უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას".
„ამ დანაშაულში მონაწილეობდა არაერთი პირი, ამ პირთა ვინაობის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რასაც ხელი შეიძლება შეუშალონ ბრალდებულებმა“.
„გარეთ ყოფნის შემთხვევაში, მათ შესაძლოა გააგრძელონ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ჰქონდათ".
მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროკურატურას უპასუხა:
„ბოლო წლების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებისგან განსხვავებით, ფიქრობენ, რომ ამ საქმეზე ყველაზე მყარად, მტკიცებულებებით შეიარაღებულად და არგუმენტირებულად არიან წარმოდგენილი, რადგან რაც ბრალში წერია, ის საზოგადოებამ ჩვენი თვალით ვიხილეთ. უფრო მეტიც, ის, რაც ბრალად ედებათ წარმოდგენილ პირებს, მე ამის მონაწილე ვარ და ვფიქრობ, რომ ათიათასობით ქართველი ამ პროცესს შეჰყურებდა იმედის თვალით, არათუ თანაუგრძნობდა. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის საქმის შეფასება.
როცა ბრალდების მხარე საუბრობს კონსტიტუციის დამხობაზე, დაცვის მხარე საუბრობს საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დაბრუნებაზე.
როცა ბრალდება საუბრობს, რომ ეს იყო ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სინამდვილეში ეს იყო მცდელობა, აღკვეთილიყო ის აღვირახსნილი ძალადობა, რომელსაც ახორციელებს "ქართული ოცნება", - თქვა ბექა ბასილაიამ.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ბექა ბასილაია შეაჩერა რეპლიკით: "შეურაცხმყოფელი განცხადებებია".
ბექა ბასილაია: "თქვენ გრძნობთ თავს შეურაცხყოფილად?"
მოსამართლის თქმით, "ზოგადად შეურაცხმყოფელია", მან ადვოკატს მოუწოდა, დაესრულებინა "პოლიტიკურ განცხადებები" და "თავი შეეკავებინა შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან".
ადვოკატების პოზიცია
ბექა ბასილაია: "საქმე პოლიტიკურია თავისი შინაარსით. როცა ვამბობთ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, არ ნიშნავს, რომ მხარეები არიან პოლიტიკურად მოტივირებულები, ამ საქმეს თავისთავად პოლიტიკური შინაარსი აქვს - იქ, სადაც კონსტიტუციური წყობილების დამხობაზეა საუბარი, შეუძლებელია პოლიტიკური შინაარსი არ ჰქონდეს".
ამის შემდეგ ბასილაიამ განაგრძო:
„ძალადობას ახორციელებს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი და ეს აქტი იყო ძალადობისგან თავის დახსნა... უკანასკნელი წლების მანძილზე ასეულობით ადამიანია დასისხლიანებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში არაა მიცემული.
უკანასკნელი წლების მანძილზე უამრავი ჟურნალისტია ნაცემი, შევიწროებული.... და არცერთი დამნაშავე არ არის დასჯილი".
ამჯერად პროკურორი ვაჟა თოდუა ჩაერია და სიტყვა შეაწყვეტინა.
ბექა ბასილაიამ განაგრძო: "არ არის მნიშვნელოვანი ამბოხის მოტივი რა გახდა? დარბაზში იჯდა მაკა ჩიხლაძე ("ტვ პირველის" ჟურნალისტი - რ.თ.), მას თავს დაესხნენ პოლიციის კორდონში მიმავალი "ტიტუშკები", პოლიცია შეესწრო და არათუ ვინმე დააკავა, არ დააიდენტიფიცირა ისინი. ამ ვითარებაში ვცხოვრობთ ჩვენ...
4 ოქტომბრის წინა ღამეს ორ აქტივისტს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს, თავი გაუტეხეს, არავინ დაუკავებიათ და პოლიცია გვიჩვენებდა კადრებს, დამნაშავე პირები როგორ გაყავდათ, განა როგორ აკავებდნენ...
ჩვენ დაახლოებით ორი თვის წინ ვნახეთ, პოლიციელებს როგორ ურტყამდნენ თავში ბოთლებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მათი წამქეზებლები და ისინი არავის დაუკავებია... და მურთაზ ზოდელავას სხვა რა ძალა აქვს, რომ გასწიოს და ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს... პირიქით, პოლიციელებს რომ თავში ვინმემ არ ესროლოს და პოლიციელებს ის დავალება არ მიეცეთ, რომ მინივენებში ხალხი სცემონ და აწამონ, ამისთვის ხდება ეს...."
ასევე ნახეთ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო - შსს ენმ-ის წევრებზე თავდასხმაზებექა ბასილაიამ პროკურორებს მიმართა: "როცა თქვენ ამბობთ, რომ 2-ში, 3-ში, 4-ში იყო ძალადობრივი მოწოდებები, რატომ დაიწყეთ გამოძიება 4 ოქტომბერს და არ მანამდე, პრევენციისთვისო".
„რატომ უნდა მიეშვა ეს ხალხი ადმინისტრაციასთან, თუ ხელისუფლებას არ აქვს პროპაგანდისტული მიზანი? რატომ არავინ დაიბარეს გამოკითხვაზე 4 ოქტომბრამდე? თუ ამბობთ, რომ თქვენთვის გეგმები წინასწარ იყო ცნობილი?“
ადვოკატის თქმით, კონსტიტუცია დაარღვია "ქართულმა ოცნებამ", „უზურპატორმა“, ჯერ კიდევ გასული წლის 28 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.
„თუ კონსტიტუციური გადატრიალება ამ ქვეყანაში ვინმემ მოახდინა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი დაჯგუფება", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის სიტყვებით, „გასაღების გადაბარებით“ კი არ ჩამოიშლებოდა პრეზიდენტის ინსტიტუცია და სტრატეგიული ობიექტი, არამედ ის უკვე ჩამოშლილია, რადგან „არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს“.
„შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტი უკვე დაკავებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ეს იყო მცდელობა, ხალხის ხელში დაბრუნებულიყო, რადგან ამ ქვეყანაში ძალაუფლების წყარო არის ხალხი".
რაც შეეხება ბრალდებას, რომელიც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, ბექა ბასილაიამ თქვა:
„საქმეში რომ იყოს რაიმე პატაკი, ვინმეს ჩვენება, ჩანაწერი, რომ აქ წარმოდგენილი რომელიმე პირი თუნდაც 10 დემონსტრანტს იცნობდა, მოქმედებაში მოჰყავდა, ვიტყვი, რომ არის 225-ე მუხლი...
მიტინგზე, სცენაზე მყოფი ადამიანი თუ გააკეთებს განცხადებას, არ ნიშნავს, რომ მიტინგზე მდგომი ადამიანი ამ ჯგუფის წევრია... მე არ მოვიაზრებ თავს მათი ჯგუფის წევრად, მე აქციაზე ვიყავი, როგორც ინდივიდი...
იქ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, თავისუფალი ნების ადამიანები, ვინც მიიჩნია, რომ, კი, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და მათ ეს ძალაუფლება უნდა დაიბრუნონ...
ამ ხალხს რომ ედავებით, ძალადობის ორგანიზება მოახდინეთო, ეს ეწინააღმდეგება მუხლის მიზნებს და ჯგუფური დანაშაულის არსს....
ეს ადამიანები რომ იყვნენ საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ეს არის პოლიტიკური განაცხადი".
ბექა ბასილაიამ თავისი სიტყვა ასე დაასრულა:
„მოვა დრო, ყველაფერს დაერქმევა სახელი. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, უბრალოდ, ეს მომავალი საქართველოს გადარჩენასთანაა გადაჯაჭვული, თორემ ვინმეს მანჩესტერის, ბრიუსელის ფეტიში კი არ აქვს. იმიტომ ვიბრძვით, რომ რაც აქ ხდება, რუსეთს მოსწონს... აუცილებლად მოვა დრო, როცა ეს ხალხი დადგება იმათ გვერდზე, ვინც 1924 წლის აჯანყების მესვეურები იყვნენ. ოღონდ ის ხალხიც გაასამართლეს, გაასამართლეს კი არა, დახვრიტეს და წლების მანძილზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოიხსენიებოდა, როგორც ბანდიტი, თავქარიანი....იმედია, არ დაგვჭირდება საუკუნის გასვლა იმისთვის, რომ ამ ადამიანების მცდელობას თავისი სახელი დაერქვას და არა ის, რომ ისინი არიან კრიმინალები".
მოსამართლე ლელა მარიდაშვილი: "მოთხოვნა, ბატონო?"
ბექა ბასილაია: "ესაა, რაც ვთქვი მოთხოვნა, რაზე ვილაპარაკო."
ბრალდებულ ლაშა ბერიძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარის შუამდგომლობას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. ის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებას - გირაოს (თანხა არ დაუსახელებია) და დამატებით ღონისძიებებს - მოითხოვდა. ამ ნაწილში, მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში „ბევრი და კარგი ჩამონათვალია".
"მაგალითად, სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად გამოცხადება, ელექტრონული მონიტორინგი, სასამართლო ზედამხედველობა, ვალდებულება გარკვეულ ადგილას, გარკვეულ საათებზე ყოფნის. კონკრეტულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა და ა.შ.", - თქვა მან.
„მიუხედავად იმისა, რომ არ არის რთული დღევანდელი პროცესის შედეგების განჭვრეტა, ვფიქრობ, რომ ისე ვისაუბრე, როგორც უნდა მესაუბრა“, - თქვა რამაზ ჩინჩალაძემ.
პაატა ბურჭულაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით ალტერნატიული შემოთავაზება არ აქვთ, "გირაოს შეთავაზებაც არის მისი შეურაცხმყოფელი... არ არსებობს საქმეში დანაშაულის ნიშანი, ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი...“ - თქვა შოთა თუთბერიძემ და ის ტექსტი წაიკითხა, რომელიც პაატა ბურჭულაძემ 4 სექტემბერს აქციაზე გააცნო საზოგადოებას და რომელსაც საოპერო მომღერალი და არა მხოლოდ ის, სხვებიც - დეკლარაციად მოიხსენიებდნენ.
ასევე ნახეთ შსს უნდა დაემორჩილოს ხალხს - პაატა ბურჭულაძემ დეკლარაცია წაიკითხაშოთა თუთბერიძემ თქვა, რომ ხელს აწერს ამ დოკუმენტს, იქ მოცემულ ყველა პუნქტს კი იზიარებს. მისი თქმით, ვერ გაიგო „აზრი, რას ედავებიან პაატა ბურჭულაძეს“. მას მიაჩნია, რომ არ არსებობს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, როცა „პოლიტიკური დავალება არ არის“.
ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ თავისი გამოსვლა დაიწყო ციტირებით საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლისა, რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით“.
მისივე თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია აძლევს ხალხს აჯანყების უფლებას და სვამს კითხვას, ჰქონდა თუ არა ხალხს საქართველოში აჯანყების უფლება?
„თუ ჩვენ შევხედავთ რუსული სტილის კანონმდებლობას, ნაწამებ ადამიანებს და თავდამსხმელ პოლიციელებს, რომლებიც დასჯილები არ არიან... ეს არ არის ტირანია? ამას შეიძლება უწოდებდეს მოქალაქე სამართლებრივ სახელმწიფოს, როცა ნაცემ ადამიანზე ამბობენ, რომ იმდენი ვერ ქნა და თავში დარტყმა ვერ აიცილაო?"
ირაკლი აბესაძის თქმით, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ხალხის კონსტიტუციური ნება დაარღვია.
„უნდა დავსვა კითხვა: მაშინ რომელი კონსტიტუციური წესრიგის შეცვლაზე ვსაუბრობთ?“ - იკითხა მან.
მოსამართლე და მისი აცილების მოთხოვნა - იგი "ქართული ოცნების" ყოფილი წევრია
მოსამართლე ლელა მარიდაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის საქმის პირველ სხდომას განიხილავს, 2017-2023 წლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და შემდგომ პირველი მოადგილე იყო.
„ქართული ოცნების წარმომადგენელი ბრძანდებოდით?“ - ჰკითხა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მას.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილი: „კი ბატონო“.
ადვოკატმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, არგუმენტით, რომ ამ საქმეზე ის პოლიტიკურად მიკერძოებულია.
მოსამართლის თქმით, ეს ინფორმაცია საჯაროა, დაფარული არ არის: „ახლა გაიგეთ?“
შოთა თუთბერიძე: „დიახ, ახლა შევიტყვეთ“.
შოთა თუთბერიძემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დასაბუთება დაიწყო:
„გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ თქვენ მკაფიოდ გამოხატული პრეფერენციები გაქვთ იმ პარტიისადმი, რომელიც ასამართლებს ბრალდებულებს, თანაც ასამართლებს ისეთი ბრალდებით და იმ დანაშაულისთვის, რომელიც დადასტურების შემთხვევაშიც კი, დღეს რომ აღიარონ საქმე... ამ ადამიანებისთვის ციხეში ცალკე, პოლიტიკური ფლიგელია გამოყოფილი....
თქვენი წინსვლა, რომელიც გაგრძელდა სასამართლოში, მკაფიოდ უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს და ეჭვი მაქვს, რომ ამას უკავშირდება თქვენი სასამართლოში წამოსვლა. ყოველი ასეთი საქმე თქვენთვის იქნება „მტრის საქმე“... სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა იქნება ის, თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაასამართლებს.... რომ ვიკითხოთ, "ქართული ოცნების" წევრი როცა ასამართლებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არის თუ არა ეს პრობლემა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერიც ვერ უარყოფს, რომ დიახ, არის... თქვენ ამ საქმეში პოლიტიკურად ანგაჟირებული ხართ და სიმპათიები გაგაჩნიათ, თქვენ პირდაპირ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ბრძანდებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. ბრალდებულები სამართლდებიან იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები არიან“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კი განაგრძო:
„რა არის ეს, რა ხდება სასამართლოში?... მე არ ვამბობ, რომ თქვენ უფრო თავს გამოიდებთ და დავალებას შეასრულებთ, ვიდრე სხვა, ვისაც ეს საქმე დაეწერებოდა. ყველა შეასრულებდა დავალებას, მაგრამ რამე სტანდარტი ხომ უნდა დავიცვათ?.. თქვენ უნივერსიტეტი დაამთავრეთ თუ არა, მოსამართლის გამოცდა ჩააბარეთ, მოსამართლეობა გსურდათ თავიდანვე, მე ამიტომ თავს არ გესხმით, მაგრამ არჩევნებში ხომ იღებდით მონაწილეობას? ესენიც არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, თქვენი ოპონენტები იყვნენ... გთხოვთ აიცილოთ... სასამართლოს შელახულ იმიჯს გაამყარებთ, თუ თქვენ გააგრძელებთ ამ საქმის განხილვას."
ადვოკატ ირაკლი აბესაძის განმარტებით კი, მოსამართლის აცილების შუამდგომლობა იქიდან გამომდინარე არ დააყენა, რომ მიაჩნია, "ამ სასამართლოში ყველა ერთნაირია" და „ყველა ერთნაირად დაექვემდებარება კონიუნქტურას“.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილი - "შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ".
ირაკლი აბესაძის თქმით, "თუ მოსამართლე თავს არ აიცილებს, გამოვა, რომ მათი საქმე განიხილა პოლიტიკურმა ოპონენტმა".
პროკურორი ვაჟა თოდუა არ დაეთანხმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობას. მისი თქმით, ადვოკატებისთვის თავიდანვე იყო ცნობილი მოსამართლის პოლიტიკური წარსული, რაც ირაკლი აბესაძემ დაადასტურა და აცილების დაყენება ახლა და არა სხდომის დასაწყისში [პროცედურულად იმ დროს, როცა მოსამართლე კითხულობს, სასამართლოს შემადგენლობასთან აცილება ხომ არ აქვთ], ემსახურება „სხდომის გაჭიანურების მიზანს.
„ჩვენი წინარე სამსახური არ შეიძლება გახდეს აცილების საფუძველი“, - თქვა ვაჟა თოდუამ.
მას შოთა თუთბერიძე გამოეპასუხა: „ბიძინა [ივანიშვილი] რომ იყოს ახლა მოსამართლე, ანუ ოქეია?“
საბოლოოდ მოსამართლე მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა აცილების შესახებ.
მან თქვა, რომ არასდროს დაუმალავს თავისი „მოღვაწეობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში“ და „ის, რომ ოდესღაც იყო "ქართული ოცნების" წევრი, ვერ იქნება აცილების საფუძველი, რადგან „მოსამართლის პოსტი დაიკავა კანონით დადგენილი წესით“.
მისივე თქმით, საქმეები სასამართლოში „ელექტრონული განაწილებით ეწერებათ მოსამართლეებს“.
„არანაირად არ ვიქნები არაობიექტური და ის გარემოება, რომ ოდესღაც ვიყავი "ქართული ოცნების" წევრი, არ მოახდენს გავლენას არცერთ საქმეზე. გარკვეული წლები გავიდა, მე ჩავაბარე გამოცდები და ჩემი მოსამართლეობა არ უკავშირდება ჩემს საკრებულოში დანიშვნას. თანაც აცილების შუამდგომლობას დაცვის მხარე აყენებს იმ დროს, როცა რამდენიმე საათია დარჩენილი 24-საათიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე და მიმაჩნია, რომ ეს ემსახურება პროცესის გაჭიანურებას“, - თქვა მოსამართლე მარიდაშვილმა.
ასევე ნახეთ ბურჭულაძის საქმეს „ოცნების“ ყოფილი წევრი განიხილავსბრალდებულების სიტყვები და რეპლიკები
ირაკლი ნადირაძემ თქვა, რომ არასოდეს გაჰქცევია პასუხისმგებლობას, თუმცა მისდამი წარდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს.
"მედავებიან სახელმწიფოს კონსტიტუციურ დამხობას. თუ ვინმემ დაიმხო კონსტიტუცია თავზე, ის არის ბიძინა ივანიშვილი. უფრო მეტიც, შარშან ნოემბერში განგვიცხადეს, რომ არ მიდიოდნენ ევროპისკენ და ეს იყო კონსტიტუციური დამხობა და ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს ...
თუ ვინმეს ჰყავს ამ ქვეყანაში ძალადობრივი და ორგანიზებული ჯგუფები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.... ჩვენ გვინახავს პოლიტიკური პარტიების ოფისების დარბევა, ლევან ხაბეიშვილი იყო არასრულწლოვანთან ერთად, ხელკეტებით შეიარაღებული 100-მდე პირი მივიდა, დაარბიეს და არცერთი პასუხისგებაში მიცემული არაა.
ვნახეთ ჟურნალისტებზე ძალადობა და არცერთი პირი დასჯილი არაა, ასე გრძელდებოდა სტუდენტებზე, აქტივისტებზე, არ არის არავინ დასჯილი, რატომ? იმიტომ რომ ამ ჯგუფებს აფინანსებს, ახალისებს ბიძინა ივანიშვილი.
მესამე - სტრატეგიული შენობების დაკავება ჰო? ეს სახელმწიფო ხალხს ეკუთვნის და ყველა სტრატეგიული შენობა ხალხს ეკუთვნის...სტრატეგიული შენობების დაკავებაზეც ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს [მაგალითად მოჰყავს, სიღარიბის მაჩვენებელი, პენსია და სოციალური პრობლემები, რომლებსაც "ქართული ოცნება" ვერ აგვარებს].
თუ იქნება პატიმრობა, მე ამას სიმშვიდით მივიღებ, რადგან რეჟიმს უკვე ჰყავს ჩემზე ჭკვიანი, ჩემზე სიმპათიურიც... პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები, მაგარი გოგო-ბიჭები.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც არ ნებდებიან და იბრძვიან ქვეყნის თავისუფლებისთვის, ღირსეული ევროპული მომავლისთვის, გამარჯვება მალე იქნება და ეს იქნება სახალხო გამარჯვება. ამ ქვეყანას აქვს ყველაფერი - მაგარი ხალხი, ზღვა, მთა - ჩვენ, ყველას, შეგვიძლია და უნდა ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში... უკეთესი განათლება უნდა იყოს, უკეთესი პენსია, უკეთესი ინფრასტრუქტურა,,, ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება... ეს ქვეყანა იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველო.“
„ბოლომდე“, - გამოეხმაურა ბურჭულაძე ირაკლი ნადირაძის განცხადებას.
მურთაზ ზოდელავას სიტყვა:
„უნდა გესმოდეთ ჩემი შინაგანი განწყობა და მდგომარეობა და შფოთვა, სხვაგვარად შეუძლებელია, როცა არჩევნები უქმდება... 100% დაიწერა "ქართულმა ოცნებამ" უმრავლეს ოლქებში, ასე იყო "ვარდების რევოლუციის" წინ, როცა შევარდნაძე პროცენტებს იწერდა...
ყველა შტოს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, ის არის მეტასტაზირებული... ამიტომ არ არის სხვა გამოსავალი, ქართველმა ხალხმა უნდა იპოვოს ძალა თავში, მოახდინოს მშვიდობიანი რევოლუცია და გაათავისუფლოს ქვეყანა...
განსაკუთრებული ზიზღია, რატომ ხართ აქ, თუ არ მოგწონთ, წადით... პარტიის ხაზი რომ ეს ხდება, ამას სარკესავით ირეკლავს პარტიის წევრიც, ჩინოვნიკიც... საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გამოგყავთ მტრად, უცხოდ, არაქალად, არაკაცად, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვთვლით, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ბიძინა არ უნდა იყოს ჩვენი მმართველი, ამის გამო სამოხელეო ნაწილი დაუპირისპირო შენს ხალხს, ასე არ ხდება.
თუ ჩვენ ვრჩებით ივანიშვილის ბოსტნად და ჩვენ ვართ ყვავილები, ან უნდა ვიქცეთ ბუტკოდ და გავასწროთ აქედან, ან უნდა ვიქცეთ თესლად და აქ უნდა ვიცხოვროთ... აღარ რჩება ჩვენთვის სივრცე...
მეც ვიყავი ჩინოვნიკი და იმ დოზით არ ვიხედებოდი კაბინეტს მიღმა. მე შინაგანად, ბუნებით კანონმორჩილი ადამიანი კი არ გავგიჟებულვარ, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ უნდა გადავარჩინო და ერს უნდა მოვემსახურო, ვუმკურნალო ისე, როგორც სჭირდება...
გამოსავალი მშვიდობიანი რევოლუციაა. ბიძინა ისე თავს არ დაანებებს საქართველოს, ის მართავს ქვეყანას ბიუჯეტით და შიშით. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი დოზით შიში დაითესა თავის მომხრეებში“.
ლაშა ბერიძის სიტყვა:
პოლკოვნიკის თქმით, ის არ არის "ამ ხალხთან" პარტიულად დაკავშირებული, მხოლოდ თანამოაზრეები არიან, რომელთა მიზანი ქვეყნის გადარჩენა იყო.
„დღეს ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი, ეს სპეციფიკურია, სიმშვიდეს მოითხოვს. ის, რომ მე აქ ვზივარ და ტყვე ვარ, მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია, მაგრამ მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მეომარი ვარ, ტყვე ვარ - კი ბატონო...ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს (1924-ის აჯანყება), ჩვენ გავიმარჯვებთ, ტყვეობა რამდენი ხანი მოგვიწევს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს".
პაატა ბურჭულაძის სიტყვა:
„4 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში შეიკრიბა მთელი საქართველოდან წარმომადგენლები, რადგან ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩვენი საქართველო იყო საფრთხეში და ჩავატარეთ ეროვნული კრება, სოფელი არ დარჩა, საიდანაც წარმადგენელი არ იყო, გალიდან და სამაჩაბლოდან იყვნენ სპეციალურად ჩამოსულები... ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველო არის დაღუპვის გზაზე და არის გადასარჩენი.. ცოტა დრო დასჭირდება, როცა მეცნიერები, იურისტები, კონსტიტუციონალისტები დასხდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს, როგორც ისტორიულ თარიღს.
რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ..."ქართულ ოცნებას" უნდა წარმოადგინოს, რომ აქ სხედან ტერორისტები. ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, მოვუწოდებდი ვინმეს, რომ მიდით, დაარტყით დანა და მოკალით, დაიჯერებთ? მე ვეხმარებოდი ყოველთვის ბავშვებს, მომაძახეს - "სხვა ქვეყანაშიო", დიახ, სხვა ქვეყანაში, მტრის ბავშვებს ვეხმარებოდი, რადგან ბავშვები იყვნენ...
სანამ ჩავედით იმ სასახლესთან, უკვე ჯებირი მოტეხილი იყო და როცა დავინახე, რომ შეტაკება იწყება, გადავძვერი და მივედი პოლიციასთან, ბიჭებო, არ გინდათ, მე აქეთ ვაჩერებდი, მურთაზი იქით და ამათ ეძახიან, რომ ჩვენ მოვუწოდებდით ხალხს...
ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ სპრეი და რომ წამოვედი, მე გავხდი ცუდად, გადავყლაპე და მეწვოდა ყველაფერი, მომათავსეს საავადმყოფოში, შემოვიდა პოლიციის უფროსი რვა თანმხლები პირით, შვიდი ავტომატით დამადგნენ თავზე, კარგით რაა?!... მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს.
ცოტა ხნის უკან გამოკითხვა იყო და პატრიარქის მერე პოლიცია მოდიოდა ყველაზე სანდოდ, ახლა გამოკითხეთ, აბა? ეს იმიტომ, რომ მაშინ კანონს ემსახურებოდით და ახლა - რეჟიმს".
პაატა მანჯგალაძის სიტყვა
პაატა მანჯგალაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, მან სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ სამართალდამცველი ყოველთვის არ უნდა დაემორჩილოს უკანონო ბრძანებას და ძალაუფლება უზურპირებულია:
„ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, მიზანი არ გვქონია. არის სტერეოტიპი, რომ პოლიტიკოსი იმალება, ჩირგვებში მიდის. მე არ დავმალულვარ, ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც არ გვიცნობს, მას ვეუბნები, რომ არავინ იქ თანამდებობისთვის არ ყოფილა გასული.
თუ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, რატომ არის წარუმატებელი ეს მოძრაობები? თქვენ გგონიათ, ჩვენ არ ვიცოდით, რომ პატარა გოგო-ბიჭები დროშებით სპეცრაზმს ვერ მოერეოდნენ? ჩვენ ორგანიზებული ჯგუფი არ ვყოფილვართ, პაატამ სურათი გადაიღო და სურათის გადაღებით თუ ვინმე ორგანიზატორია....ისტორია ხშირად დამარცხებული გმირებისაა.... როგორც 300 არაგველი შევიდა დამარცხებულ ბრძოლაში, ზუსტად ასეთი ადამიანები არიან, ხალხმა უნდა გაიგონოს ჩვენი სიმართლის ხმა.
ერთგვარი პოლიტიკური აპარტეიდია ქვეყანაში - "ქართულ ოცნებას" ყველაფრის უფლება აქვს, სხვას არაფრის უფლება არ აქვს... ზიზღში არ უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი... რატომ ვმარცხდებით - მოწინააღმდეგე მხარე არის ბრუტალური... მოტივაციაა, ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. კონსტიტუცია იწყება: ჩვენ საქართველოს მოქალაქეები....
მე ბრალს არ ვაღიარებ, არსებით განხილვაზე თქვენ ნახავთ, ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერ აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მაგრამ მოძალადე, გამქცევი, ხალხის მიმტოვებელი არავინ გაიმეოროს, შეურაცხყოფა იქნება".
ასევე ნახეთ იაგო ხვიჩია მზად არის თავდებში ჩაუდგეს პაატა მანჯგალაძეს, რომელიც ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დააკავესორი დღის წინ, 4 ოქტომბერს, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ათონელის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მოსამართლემ მხარეებს „გონივრული ვადა მისცა“, მორიგი სხდომა 26 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე ჩატარდება.