ზელენსკი გადამწყვეტ მოქმედებებს ითხოვს უკრაინის ენერგოსისტემაზე მორიგი დარტყმის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ცინიკური და წინასწარ გათვლილი“ უწოდა ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის ჯარების მორიგ მასირებულ შეტევას, რომელიც გვიან ღამით დაიწყო და დღეს, 10 ოქტომბერს დილამდე გაგრძელდა.

დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად ენერგოობიექტების გარდა დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. დედაქალაქ კიევში და რამდენიმე რეგიონში დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. ზაპოროჟიეში ბავშვი დაიღუპა.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, გათბობის სეზონის წინ რუსეთის დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა არა ცარიელი სიტყვები, არამედ შეერთებული შტატების, ევროპის და „დიდი შვიდეულის“ გადამწყვეტი მოქმედებები. მათ შორის ზელენსკიმ დაასახელა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერება.

10 ოქტომბრის შუადღის მდგომარეობით, ენერგომომარაგების მხრივ ყველაზე რთული სიტუაცია იყო კიევში და კიევის, ხარკოვის, სუმის, პოლტავის და ჩერნიგოვის ოლქებში.

ასევე ნახეთ უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 32 რაკეტით და 465 უპილოტო საფრენი აპარატით. სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 305 დრონი და 15 რაკეტა, კიდევ 4 კი „ლოკალურად დაიკარგა“. 13 რაკეტით და 50 დრონით პირდაპირი დარტყმა დაფიქსირებულია 7 ადგილზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმა იყო პასუხი „კიევის რეჟიმის ტერაქტებზე" რუსეთის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმისთვის დრონებთან ერთად გამოყენებული იყო სხვადასხვა სახეობის რაკეტა, მათ შორის აერობალისტიკური „კინჟალი".

ასევე ნახეთ რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?

ბოლო ხანს რუსეთის ჯარები ისევ განსაკუთრებული ინტენსივობით უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს და რკინიგზას.

თავის მხრივ, უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ საწარმოებს, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის გაზის და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს და ტერმინალებს.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი ადასტურებს დარტყმას „ლუკოილის“ ქარხანაზე ვოლგოგრადის ოლქში
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი ადასტურებს რუსეთის სამხედრო ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დარტყმას

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.

უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.