პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას დღეს გამოჰკითხავენ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე

პაატა ბურჭულაძე (მარცხნივ) და მურთაზ ზოდელავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხავენ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს, პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას.

მათი გამოკითხვა თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ იგეგმებოდა რუსთავის ციხეში გუშინ, 10 ოქტომბერს, თუმცა როგორც ბურჭულაძემ, ისე ზოდელავამ სუსის მხრიდან გამოკითხვაზე უარი განაცხადეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა უნდა გამოიკითხონ იმავე საქმეზე, რაზეც ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი დაიბარეს.

ასევე ნახეთ სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი

„როგორც აგვიხსნეს, საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, არავითარი ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს არ აქვს. ეს არის უბრალოდ ისევ და ისევ საზოგადოებაში სტრესის და შიშის გავრცელების მცდელობა. სურვილი მაქვს, რომ ამ იარაღებზე დაინიშნოს ექსპერტიზა, მათ შორის დნმ-ის ნიმუშის არსებობის თვალსაზრისით", - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

სუსმა 5 ოქტომბერს, - არჩევნებისა და პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემონსტრანტების ნაწილის შეჭრის მცდელობის მომდევნო დღეს, - განაცხადა, რომ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები (დეტონატორით), რომელთა გამოყენებით 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.

სუსმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა ბ.ჭ.-მ აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, - თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფი არ დაუსახელებია.

სუსმა ასევე თქვა, რომ სამსახურის თანამშრომლების გატარებული „პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ“.

ასევე ნახეთ შსს-ში იბარებენ აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში იბრძოდა
ასევე ნახეთ ახალაია შსს-დან 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოვიდა