Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალაია შსს-დან 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოვიდა


ბაჩო ახალაია შსს-დან გამოვიდა
ბაჩო ახალაია შსს-დან გამოვიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბაჩო ახალაიამ დაახლოებით შვიდსაათ-ნახევრიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

უწყებიდან გამოსვლისას, 20:20 საათზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვები დაუსვეს იმაზე, რაზეც ჟურნალისტები ეკითხებოდნენ - ა ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ ჩანაწერზე.

„პრაქტიკულად ის კითხვები [დამისვეს], რაც თქვენ დასვით. ძირითადად ეხებოდა იმ ვიდეო თუ აუდიოჩანაწერს. იყო ამის გარშემო. ვის იცნობ, რას იცნობ, როდის გაიცანი... დიდხანს სვამდნენ, იმეორებდნენ კითხვებს, ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰქონდათ, ათანხმებდნენ. მე ველოდებოდი“, - თქვა მან.

მისი თქმით, „ტექნიკურად არ სჭირდებოდა ამდენი დრო, მაგრამ გამოიყენეს იმაში, რომ დაიწერებოდა ერთი, შემდეგ დააზუსტებდნენ, კითხულობდნენ, დააზუსტებდნენ, შემდეგ ელოდნენ აპარატს, ჩამწერს, რითაც ხმის ნიმუშს შეამოწმებდნენ“, - თქვა მან.

ბაჩო ახალაიამ გაიმეორა, რომ „ჩანაწერი იყო ფალსიფიცირებული“.

შსს-ში შესვლამდე ახალაიამ განაცხადა, რომ არ ყოფილა ჩართული 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში და ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ ჩანაწერში მისი არათუ ხმა, „ბგერაც კი არ არის“ - ფალსიფიცირებულია.

ახალაიამ ასევე განაცხადა, რომ ახლა უნდა გაერკვეს, რის გამო იბარებენ მის მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

„მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში. ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე“, - დაწერა ანი ნადარეიშვილმა.

რადიო თავისუფლებას სუსში დაუდასტურეს, რომ ანი ნადარეიშვილი უწყებაში დღეს არის დაბარებული "მოწმის სახით, ერთ-ერთი საქმის გამოძიების ფარგლებში" და მის მისვლას დღეს ელოდებიან.

მოგვიანებით ანი ნადარეიშვილმა თავიის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ მივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ადვოკატთან ერთად, მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალიას გამოკითხვა დასრულდება.

"მეგობრებო, სუს-დან მირეკავენ განუწყვეტლივ, აინტერესებთ ვცხადდები თუ არა დაკითხვაზე. განვუმარტე, რომ რა თქმა უნდა ვცხადდები, უბრალოდ ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს, რომელიც შევაგვაზავნე ბაჩოსთან, მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როგორც კი ადვოკატი გამოვა, მივალთ ერთად, მარტო არ მივდივარ შეგნებულად, რომ ბაჩოსავით არ დამემართოს ის, რომ ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩემი ოჯახი გარეთ.

ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ, თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია!", - დაწერა ანი ნადარეიშვილმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG