ტრამპმა შუააღმოსავლური ტურნე დაასრულა - "ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვაქვს მშვიდობა შუა აღმოსავლეთში"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის სამიტზე. შარმ ელ-შეიხი, ეგვიპტე. 2025 წლის 13 ოქტომბერი

დონალდ ტრამპმა დაასრულა შუა აღმოსავლეთში ვიზიტი და ეგვიპტიდან აშშ-ში გაემგზავრა. ეგვიპტეში აშშ-ის პრეზიდენტმა მთავარ შუამავლებთან - კატარის, ეგვიპტისა და და თურქეთის ლიდერებთან - ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ღაზაში ომის დასრულებაზე.

დონალდ ტრამპი 13 ოქტომბერს ისრაელში შეხვდა მძევლების ოჯახებს, რის შემდეგაც ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეგიონისთვის „ისტორიული გარიჟრაჟი“ დადგა.

ისრაელის პარლამენტში სიტყვა მას ორი არაბი-ისრაელელი დეპუტატის შეძახილებმა შეაწყვეტინა. ისინი დარბაზიდან გაიყვანეს. აიმან ოდეჰი „ჰადაშის“ ალიანსის წევრია. მოგვიანებით მან დაწერა, რომ ის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მოთხოვნის გამო გააძევეს.

ეგვიპტეში ყოფნისას ტრამპი პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ დააჯილდოვა ნილოსის ორდენით, რომელიც ეგვიპტეში უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა.

„ჩვენ ერთად მივაღწიეთ იმას, რაზეც ყველა ამბობდა, რომ შეუძლებელია, - განაცხადა ტრამპმა ეგვიპტეში გამართულ მშვიდობის სამიტზე. - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვაქვს მშვიდობა შუა აღმოსავლეთში - ძალიან იოლი გამოთქმაა, მშვიდობა შუა აღმოსავლეთში და ის მრავალი წელია გვესმის, მაგრამ არავინ ფიქრობდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა და ახლა აქ ვართ.“

ასევე ნახეთ ზელენსკი შუა აღმოსავლეთში შეთანხმებაზე: თუკი ეს არის შესაძლებელი, მშვიდობის აღდგენისკენ პუტინის იძულებაც შესაძლებელია

ეგვიპტეში გამართულ მშვიდობის სამიტზე 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ, მათ შორის - აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

ღაზის მშვიდობის სამიტს არ დასწრებიან ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლები. შარმ ელ-შეიხში აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა სამიტზე შეკრებილ რეგიონის ლიდერებს და აღნიშნა, რომ მათ ჰამასსა და ისრაელს შორის „წარმოუდგენელ“ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს:

„წლობით ტანჯვისა და სისხლისღვრის შემდეგ, ღაზაში ომი დასრულდა. ახლა იქ ჰუმანიტარული დახმარება მიედინება, მათ შორის სურსათითა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული ასობით მანქანა და სხვა მარაგები, რომელთა დიდი ნაწილი ამ ოთახში მყოფი ადამიანების გადახდილია. მშვიდობიანი მოსახლეობა სახლებში ბრუნდება. მძევლები ოჯახებს უბრუნდებიან. იმის თქმა მინდა, რომ ეს მშვენიერია.“

ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს სხვა ქვეყნებს „აბრაამის შეთანხმებების“ ხელმოწერისკენ, რომელსაც ის თავისი პირველი პრეზიდენტობის მთავარ საგარეო-პოლიტიკურ მიღწევად თვლის:

„ვაპირებთ უამრავი ადამიანი შემოვუერთოთ „აბრაამის შეთანხმებებს“. ოთხმა დიდებულმა სახელმწიფომ მას თავიდანვე მოაწერა ხელი და უერთგულეს მას.“

„აბრაამის შეთანხმებებს“, რომელმაც, ერთი მხრივ, ისრაელსა და მეორე მხრივ, ბაჰრეინს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მაროკოსა და სუდანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია მოიტანა, 2020 წელს მოეწერა ხელი. ამ შეთანხმებების ხელმოწერამდე მხოლოდ იორდანიამ და ეგვიპტემ ცნეს ისრაელი. სხვა არაბული სახელმწიფოები, როგორიც საუდის არაბეთია, აცხადებენ, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციამდე პალესტინის სახელმწიფო უნდა იყოს აღიარებული.

დონალდ ტრამპის ამბიცია კიდევ უფრო შორს - ირანთან შესაძლო შეთანხმების მიღწევამდე - მიდის. რეგიონში ამ ვიზიტისას მან რამდენჯერმე ახსენა ირანი. „ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ირანს ოდესმე მიუღია“, - განაცხადა მან ქნესეთში გამოსვლისას.

ასევე ნახეთ ტრამპი რუსეთს აფრთხილებს, რომ თუ ომი არ დასრულდება, უკრაინას შესაძლოა Tomahawk-ები გაუგზავნონ


ასევე ნახეთ მელანია ტრამპი: უკრაინიდან ომის დროს გაყვანილი რამდენიმე ბავშვი პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდა