პატიმრობით ისჯება აქციაზე ნიღაბი, გზის გადაკეტვა, პიროტექნიკის ქონა - „ოცნებამ“ კანონპროექტი მიიღო

ფოტო არქივიდან. აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ გაშვებული ცრემლმდენი აირისგან თავს აირწინაღებით იცავენ. 2024 წლის 6 დეკემბერი

„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება. აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:

  • მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
  • თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ასევე ნახეთ "თუ ხმას ამოიღებ - დაგაპატიმრებ" - სამოქალაქო ორგანიზაციები "ოცნების" ინიციირებულ ცვლილებებზე

ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:

  • აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
  • ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
  • გზის გადაკეტვისთვის.

„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.

მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:

„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.

ასევე ნახეთ ფინანსურ დანაშაულზე გასამართლებულს ქვეყნის დატოვება ავტომატურად აეკრძალება - „ქართული ოცნების“ კანონპროექტი

უკვე 320 დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები იკრიბებიან გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.

რამდენიმე დღის წინ, 6 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დემონსტრანტები, რომლებიც ყოველდღიურად კეტავენ პარლამენტთან რუსთაველის გამზირს. „მიიღებდნენ პასუხს“.

ასევე ნახეთ თუ საკონსტიტუციო პარტიას გააუქმებს, წევრებს პოლიტიკაში ყოფნაც აეკრძალებათ - „ოცნების“ კანონპროექტი
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე პარლამენტთან აქციებზე: მიიღებენ პასუხს