შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ლუკოილს“ და „როსნეფტს“

საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის კომპანია „როსნეფტის“ ქარხანა სამარის ოლქში

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ბოლო დრომდე თავს იკავებდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებისგან იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო პროცესს, 22 ოქტომბერს სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ რუსეთი სერიოზულად არ არის დაინტერესებული უკრაინაში ომის შეწყვეტით.

ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს ომის შეწყვეტაზე, სანქციები ამოქმედდა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას აფინანსებენ. ბესენტის თქმით, ფინანსთა სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში გადადგას შემდგომი ნაბიჯები, რათა მხარი დაუჭიროს ომის შესაწყვეტად პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას.

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა მოკავშირეებს მოუწოდა, დაიცვან ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები.

ასევე ნახეთ ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსულ „ლუკოილს“ და „როსნეფტს“

„ლუკოილისა“ და „როსნეფტისთვის“ სანქციების დაწესებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო. ტრამპის თანახმად, შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა.

22 ოქტომბერს, დღის ბოლოს ცნობილი გახდა ისიც, რომ ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალ, მე-19 პაკეტს, რომელსაც დღეს, 23 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე დაამტკიცებენ წევრი ქვეყნების ლიდერები.

სანქციების ახალ პაკეტს მხარი დაუჭირეს შეზღუდვების ტრადიციულმა მოწინააღმდეგეებმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმაც.

ევროკომისიის მიერ მომზადებული მე-19 პაკეტი ითვალისწინებს რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვას 2027 წლის იანვრიდან, სანქციების ამოქმედებას რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 100-ზე მეტი გემის წინააღმდეგ და სხვა ზომებს. მათ შორის სანქცირებას მესამე ქვეყნების იმ კომპანიების, რომლებიც რუსეთს მოქმედი სანქციებისთვის გვერდის ავლით ეხმარებიან ენერგორესურსებით ვაჭრობაში.

ასევე ნახეთ ტრამპმა გააუქმა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა
ასევე ნახეთ „ბოლოს მოგიღებ. შენც მოგკლავთ და შვილებსაც დაგიხოცავთ“. კიდევ რამდენიმე უკრაინელი ჰყვება, რომ შვეიცარიაში რუსულენოვანი კაცი დაესხა თავს