ევროკავშირმა მიიღო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-19 პაკეტი ევროკომისიამ მოამზადა

ევროკავშირმა შეათანხმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა დღეს, 23 ოქტომბერს დილით გამოაცხადა, რომ სანქციების მე-19 პაკეტი მიღებულია და ის მიმართულია რუსული ბანკების, კრიპტობირჟების და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ ინდოეთსა და ჩინეთშიც.

კალასის თანახმად, ევროკავშირი ზღუდავს რუსი დიპლომატების გადაადგილებასაც, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის მცდელობებს.

კალასის განცხადებით, პუტინისთვის ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება.

სანქციების მე-19 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული და დღეს მიღებული დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის მოკლევადიანი კონტრაქტების მოქმედების შეწყვეტას ექვსი თვის შემდეგ, ხოლო გრძელვადიანების - 2027 წლის 1 იანვრიდან. სანქციები შეეხო რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 100-ზე მეტ გემს და მესამე ქვეყნების იმ კომპანიებს, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთში, რომლებიც რუსეთს მოქმედი სანქციებისთვის გვერდის ავლით ეხმარებიან ენერგორესურსებით ვაჭრობაში.

სანქციების მე-19 პაკეტით აიკრძალა რუსეთის სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობა და შეიზღუდა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მომსახურება რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის. ევროპელ ტუროპერატორებს აეკრძალათ რუსეთში მომსახურების გაწევა.

რუს დიპლომატებს და დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს დაეკისრათ ვალდებულება ოფიციალური შეტყობინების, თუ შენგენის ზონის ქვეყნიდან, სადაც მუშაობენ, მეორე ქვეყანაში გამგზავრება სურთ. ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 45 ფიზიკურ პირსაც, რომლებსაც პასუხისმგებლად მიიჩნევს უკრაინაში ომის მხარდაჭერასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე.

ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ლუკოილს“ და „როსნეფტს“

22 ოქტომბერს, დღის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-19 პაკეტს. ამის შემდეგ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, დანიამ გამოაცხადა, რომ დოკუმენტის მიღების პროცედურა დაწყებულია და 23 ოქტომბრის დილის რვა საათისთვის დასრულდება.

ახალ სანქციებს საბოლოოდ მხარი დაუჭირეს შეზღუდვების ტრადიციულმა მოწინააღმდეგეებმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა. მე-19 პაკეტის მიღებამდე შენიშვნები ჰქონდა ავსტრიასაც, თუმცა საბოლოოდ მიემხრო სანქციების გაფართოებას.

განახლება: ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას ევროკავშირის ნებისმიერ მტრულ მოქმედებას უპასუხოს და რეაგირება იქნება ადეკვატური და რუსეთის ინტერესებზე დაფუძნებული.

ასევე ნახეთ ტრამპმა გააუქმა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა

22 ოქტომბერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ბოლო დრომდე თავს იკავებდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებისგან იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო პროცესს, სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.