რუბიოს ღაზაში საერთაშორისო ძალების სწრაფად განთავსება სურს

მარკო რუბიო ისრაელში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 24 ოქტომბერს იმედი გამოთქვა, რომ მალე შეიქმნება საერთაშორისო ძალები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დასაცავად და განაცხადა, რომ ისრაელმა, რომელიც ამ ძალებში თურქეთის ჩართვას ეწინააღმდეგება, შესაძლოა ვეტო დაადოს მონაწილეებს.

რუბიო ისრაელს სტუმრობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის კვალად, როგორც აშშ-ის მიერ ზავის დაცვის ძალისხმევის ჩარჩოებში, ასევე ისრაელის მხრიდან ახალი ფართო ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს საერთაშორისო ძალების შესვლას ღაზაში და უსაფრთხოების ზედამხედველობას ისრაელისა და ჰამასის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

რუბიოს თქმით, შეთანხმებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია „სტაბილიზაციის ძალების შეკრებისთვის პირობების შექმნა, რაც შეიძლება მალე.”

ასევე ნახეთ ვენსი "შეურაცხმყოფელს" უწოდებს ისრაელის პარლამენტში ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან დასავლეთის სანაპიროს ანექსირების მხარდაჭერას

მან დაადასტურა, რომ ისრაელს ვეტოს უფლება ექნება ამ ძალების შემადგენლობაზე, და რომ არსებული ცნობებით, ისრაელი ეწინააღმდეგება მათში თურქეთის მონაწილეობას.

„ბევრ ქვეყანას სურს დახმარება. ცხადია, ამ ძალების შექმნისას გასათვალისწინებელია ისრაელის ინტერესები”, - თქვა მან.

თურქეთი, ნატოს წევრი და რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, მუსლიმური უმრავლესობით დასახლებული პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ისრაელი აღიარა.

მაგრამ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველობის პერიოდში, თურქეთი მიესალმა ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) მეთაურებს და ხმამაღალი აკრიტიკებს ისრაელს, რომელსაც ერდოანი ადანაშაულებს ღაზაში გენოციდის ჩადენაში, რასაც ისრაელი უარყოფს.

ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ არ უშვებდა რაიმე განსხვავებას თავის და ისრაელის პოზიციებს შორის, სულ უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე, რომელმაც მარტში უარი თქვა ადრე შეთანხმებულ ცეცხლის შეწყვეტაზე და ბრძანა ახალი მასშტაბური შეტევა.

ასევე ნახეთ ისრაელში აშშ-ის წარგზავნილები ჩაფრინდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გასამყარებლად


არაბული სახელმწიფოების შეშფოთების საპასუხოდ, ტრამპმა ისრაელს მოსთხოვა, უარი ეთქვა იორდანეს დასავლეთ სანაპიროს, პალესტინელთა ტერიტორიის ანექსიაზე.

ისრაელის პარლამენტმა ანექსიისკენ მოწოდების კანონებს იქ ვენსის ვიზიტის დროს დაუჭირა მხარი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი პირად შეურაცხყოფად შეაფასა.

23 ოქტომბერს გვიან ღამით, რუბიოსთან შეხვედრისას, ნეთანიაჰუმ სწრაფად გააქარწყლა აშშ-თან - მნიშვნელოვან სამხედრო და დიპლომატიურ მხარდამჭერთან, - დაძაბულობის ნებისმიერი ეჭვი და თქვა, რომ აშშ-ის მაღალი რანგის პირების ვიზიტები „ნდობისა და პარტნიორობის“ ნაწილი იყო.


ისრაელი კვლავ ელოდება ჰამასისგან, რომ დაუბრუნოს 28 გარდაცვლილი მძევლიდან 13-ის ნეშტი, რომელთა გადაცემის პირობა დადო.
ჰამასმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ შუამავლებისგან, ეგვიპტისგან, კატარისა და თურქეთისგან, მიიღო „მკაფიო გარანტიები“, რომ „ომი ფაქტობრივად დასრულდა“.
ჰამასმა მოუწოდა ისრაელზე უფრო მეტი ზეწოლისკენ, რათა მან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზაში შემავალი დახმარების რაოდენობაში მცირე გაუმჯობესებაა და შიმშილი არ შემცირებულა.
„სიტუაცია კვლავ კატასტროფული რჩება, რადგან ის, რაც შემოდის, საკმარისი არ არის“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა.

ასევე ნახეთ პუტინის წარგზავნილი ვაშინგტონში ჩავიდა მოსალაპარაკებლად


ასევე ნახეთ სტარმერი მოკავშირეებს უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს