უკრაინის გენშტაბმა 3 ნოემბერს, დღისით განაცხადა, რომ სარატოვის ქარხანაზე დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი დანადგარების კომპლექსის(ЭЛОУ АВТ-6) რაიონში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ხაზს უსვამს, რომ ეს ქარხანა ჩართულია რუსული არმიის საჭიროებების უზრუნველყოფაში. გენშტაბი არ აკონკრეტებს, რა იარაღით დაარტყეს სარატოვის ქარხანას.
სარატოვში დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული აფეთქებების შესახებ 3 ნოემბერს, გამთენიისას იუწყებოდნენ სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები. უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, სამიზნე იყო სწორედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
რუსეთის ხელისუფლებას სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს. თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ზოგადი მონაცემებით, 2 ნოემბრის ღამის თერთმეტი საათიდან 3 ნოემბრის დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 64 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 29 - სარატოვის ოლქში. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის მფლობელიც კომპანია „როსნეფტია“, დრონებით შეუტიეს 2025 წლის 16 სექტემბერს და 16 ოქტომბერსაც. ამავე ქარხანაზე დარტყმა იყო 2025 წლის იანვარში, თებერვალსა და აგვისტოშიც.
ასევე ნახეთ რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?