პატიმარ ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაკვირდებით - ომბუდსმენი

ფოტო არქივიდან: ანასტასია ზინოვკინა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მაღალკვალიფიციური ექიმების საშუალებით აკვირდებიან ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდადებული რუსეთის მოქალაქის, ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობას. დაკავების შემდეგ, შარშან დეკემბრიდან დღემდე, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პატიმარი 6-ჯერ მოინახულეს. "პატიმართან ბოლო კომუნიკაცია პარასკევს, 31 ოქტომბერს შედგა".

გასულ კვირაში ანასტასია ზინოვკინას მეგობარმა, უფლებადამცველმა ალიონა ზაიცევამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზინოვკინა, რომელსაც ზურგის სერიოზული ტკივილი აწუხებს, საპატიმროში (რუსთავის მე-5 (ქალთა) დაწესებულება) არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ასევე ნახეთ ზურგი სტკიოდა, ადგომა ვერ შეძლო, 8 საათი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა - აქტივისტი პატიმრობაში მყოფ ზინოვკინაზე

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აპარატმა, მსჯავრდადებულის საჩივრების შესაბამისად, სხვადასხვა დროს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პენიტენციურ სამსახურს და პატიმრის სამედიცინო მომსახურების საკითხსაც სწავლობენ.

"ამ მიზნით, აპარატმა რამდენჯერმე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც შესწავლილი იქნა აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ".

ამასთან, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდადებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

პენიტენციურ სამსახურს ამ ამბავზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ანასტასია ზინოვკინას გამო დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა ამავე საქმეზე მსჯავრდადებულმა არტემ გრიბულმა. მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, ამის მიზეზია გრიბულის სურვილი, ადვოკატების ყურადღება მაქსიმალურად იყოს მიმართული ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობაზე.

დღესვე "სამოქალაქო საზოგადოების ფონდში" გამართულ ბრიფინგზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს, რომელთა საფუძველზეც პროევროპული აქციების მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს - ანტონ ჩეჩინს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს - ნარკოტიკული საშუალებების „შეძენა-შენახვის“ ბრალდებით 8,5-წლიანი სასჯელი მიესაჯათ.

მათი შეფასებით, გადაწყვეტილებები "რუსული გავლენებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებაა".

"რუსეთის მოქალაქეები - ჩეჩინი, ზინოვკინა და გრიბული - ისევე როგორც პროტესტის ათეულობით სხვა მონაწილე, გახდნენ ივანიშვილის მიერ მიტაცებული, პოლიტიზებული და მიკერძოებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი. მათი გამამტყუნებელი განაჩენები არღვევს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისე სამართლიანი სასამართლოსა და სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპებს", - განაცხადეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამგვარი დასკვნა მათ გამოაქვთ იმის საფუძველზე, რომ მოსამართლეები განაჩენის გამოტანისას დაეყრდნნენ "მხოლოდ პოლიციელებისა და თარჯიმნების ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობა დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა".

ასევე ნახეთ უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები ქართულ ციხეში - რატომ მიიჩნევენ თავს პოლიტპატიმრებად?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს.

ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ და დარწმუნებული არიან, რომ ისჯებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო.