ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს - ევროკომისარი კოსი

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდებს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, მათი მთავრობა ეუბნება მოქალაქეებს, რომ ისინი მათ ევროკავშირში შეჰყავთ“, - თქვა მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე.

ასევე ნახეთ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“ - რა რეკომენდაციები ექნება ევროკომისიას გაფართოების ანგარიშში

„ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირში. თქვენ აშორებთ თქვენს ხალხს ევროკავშირს.

თუ ევროკავშირს სერიოზულად უყურებთ, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ციხეში ჩასმა ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტებისა, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ.

შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“.

ასევე ნახეთ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს - კაია კალასი

მანამდე კი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ სანქციების დაწესებაზე მუშაობა გრძელდება:

„როგორც იცით, ჩვენ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ მთავრობის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც ძალადობას იყენებენ მშვიდობიანი მომიტინგეების და მსგავსი პირების წინააღმდეგ საქართველოში“.

ასევე ნახეთ „უპრეცედენტო უკუსვლა“ - რადიო თავისუფლებამ ნახა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში და აი, რა წერია იქ საქართველოზე

„ჯერჯერობით, ყველა წევრი სახელმწიფო არ არის ჩვენი მხარდამჭერი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხების მოგვარების სხვადასხვა გზის მოსაძებნად“, - განაცხადა კაია კალასმა.

მარტა კოსმა კი დაამატა, რომ „მკაცრი ზომები, რა თქმა უნდა, წევრი სახელმწიფოების ხელშია“, თუმცა ევროკომისია სხვა ნაბიჯებზეც ფიქრობს:

„იმედია, ნოემბერში გვექნება ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმი, რაც შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს“.

ასევე ნახეთ კალასის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა „გარკვეულ ჯგუფებს“ გაუუქმოს უვიზო მიმოსვლა