სამშაბათს, 4 ნოემბერს, ევროკომისია გამოაქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესს (საქართველოს შემთხვევაში - მკვეთრ რეგრესს) ევროინტეგრაციის გზაზე.
რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისათვის, ევროპული საბჭოსა და სხვა ევროპული უწყებებისთვის მომზადებული დოკუმენტის პროექტი - „კომუნიკაცია გაფართოების პოლიტიკის შესახებ“.
ყოველ წელს ევროკომისია, ცალკეული ქვეყნების შესახებ ანგარიშებთან ერთად, ამ საერთო დოკუმენტსაც აქვეყნებს.
- ეს დოკუმენტი, რეკომენდაციებთან ერთად, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.
- რეკომენდაციებზე მუშაობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ ნახა.
- გასაჯაროვდება ვრცელი დოკუმენტიც ცალკეული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ.
გიყვებით, რა წერია ე.წ. გაფართოების დოკუმენტში საქართველოზე.
„უპრეცედენტო უკუსვლა“ კანდიდატებს შორის
„საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის“, - მიიჩნევს ევროკომისია.
საქართველოს გარდა, წევრობის კანდიდატები არიან:
- უკრაინა;
- მოლდოვა;
- თურქეთი;
- ალბანეთი;
- ბოსნია და ჰერცეგოვინა;
- მონტენეგრო;
- ჩრდილოეთი მაკედონია;
- სერბეთი.
ამასთან, გაწევრებამდე კანდიდატის სტატუსი ჰქონდა 1975-დან 2013 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებულ 19 ქვეყანას.
„მნიშვნელოვანი გაუარესება“ შარშანდელს შემდეგ
ანგარიში იხსენებს, რომ:
- „საქართველოსთან დაკავშირებით, 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ევროპულ გზას და ფაქტობრივად შეაჩერა გაწევრების პროცესი.
- 2024 წლის დეკემბერში ევროპის საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე გადადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.
„მას შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა“, - მიიჩნევს ევროკომისია და აღწერს, კონკრეტულად სად მოხდა ეს უკუსვლა:
- „საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით“;
- „ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, - მათ შორის სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური უფლებებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა, ლგბტქ ადამიანების მიზანში ამოღება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ სრული დაუსჯელობის პირობებში ძალის გადაჭარბებული გამოყენება და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა, - მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ქმედებებს“;
- გარდა ამისა, ევროკომისიის მიერ შემუშავებული ცხრა რეკომენდაციის მიმართულებით „მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს“;
- „კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, რითაც მათს სანდოობას საძირკველი გამოუთხარა“;
- „ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად“;
- „ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქმიანობის აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს“.
ცალკე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გაუარესდა“, რამეთუ „დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინსტიტუტებსა და ორგანოებს არ გააჩნდათ მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა“.
ასევე: „საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებებმა სერიოზულად შეარყია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მთლიანობა, რამაც გაამწვავა სასამართლო ხელისუფლების მიტაცების რისკები“.
არჩევნებზე
საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები გამოირჩეოდა „პოლარიზაციისა და დემოკრატიული უკუსვლის მაღალი დონით“.
ამას „თან ახლდა ცნობები ამომრჩევლის დაშინების, იძულებისა და მათზე ზეწოლის შესახებ“.
ამ ყველაფერმა კი „კითხვის ნიშნები გამოიწვია მოქალაქეთა მოსაზრებების თავისუფლად ფორმირებისა და ხმის მიცემის ანგარიშსწორების შიშის გარეშე შესაძლებლობების შესახებ“.
საგარეო და სამეზობლო პოლიტიკაზე
ანგარიშის თანახმად, საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან კიდევ უფრო შემცირდა და დაბალ ნიშნულზეა შენარჩუნებული.
კომისია აქ რამდენიმე აქცენტს სვამს:
- ევროკავშირისთვის „მაღალი პრიორიტეტის და ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის რეექსპორტი კვლავ შეშფოთების საგანია;
- „საქართველოდან რუსეთში, სხვადასხვა მიმართულებით, ფრენები მნიშვნელოვნად გაიზარდა“;
- „საქართველომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობის ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილოს მისი ტერიტორიის და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლით“.
სამეზობლო პოლიტიკის ნაწილში წერია, რომ „საქართველო, როგორც წესი, კარგ ორმხრივ ურთიერთობებს ინარჩუნებს მეზობლებთან და გაფართოების პოლიტიკის სუბიექტ ქვეყნებთან“.
მაგალითად, წერია, რომ:
- „საქართველოსა და მოლდოვას ტრადიციულად კარგი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ“ [ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაძაბულია - მაია სანდუს ხელისუფლებას აღარ აქვს კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ მთავრობასთან და მხარს უჭერს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს].
- „საქართველოსა და თურქეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ მაღალი დონის კონტაქტებით, მათ შორის „მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს“ ჩათვლით;
იქვე აღნიშნულია: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს შეუსაბამობისა და [ბლოკთან] სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის არარსებობის გამო“.
ეკონომიკაზე
ერთადერთი პოზიტიური მიმართულება, რაშიც საქართველო ლიდერობს, არის ეკონომიკური ზრდა.
„მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა შესამჩნევი იყო საქართველოში (9,4%), კოსოვოში (4,4%) და ჩრდილოეთ მაკედონიაში (2,8%), ხოლო სერბეთმა (3,9%) და ალბანეთმა (4%) შეინარჩუნეს ზრდის იგივე ტემპი, რაც წინა წელს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
რა გავლენა აქვს ამას უვიზო მიმოსვლის საკითხზე?
გაფართოების ანგარიშს საქართველოსთვის (ან ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის) უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
მაგრამ შესაძლოა, რომ პრეტექსტი შექმნას ამ საკითხზე რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისათვის.
თუკი - როგორც ამ შემთხვევაში ხდება - ანგარიში სერიოზულ დემოკრატიული უკუსვლაზე საუბრობს, ეს დამატებითი არგუმენტი იქნება წევრი ქვეყნებისათვის თავიანთი პოზიციის გასამართლებლად.
ამ ანგარიშში დასახელებული პრობლემების ნაწილი - ფუნდამენტური უფლებები - ასევე აღწერილი იქნება ანგარიშში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ, რომელიც ასევე ნოემბერში გამოქვეყნდება.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის 20 ოქტომბრის განცხადებიდან გაირკვა, რომ ამ ანგარიშზე დაყრდნობით, შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება „გარკვეულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით მიიღოს.
„კომისია წელს, მოგვიანებით წარადგენს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს. ეს, - ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, - გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის“.
- 7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ამარტივებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს.
- იგივე ცვლილებები იძლევა საშუალებას, უვიზო მიმოსვლა დროებით შეუჩერდეს არა მთელი ქვეყნის მოსახლეობას, არამედ იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ევროკომისიის მიერ დასახელებული პრობლემების გადაჭრა;
- ბრიუსელი, დამატებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო ინდივიდუალურ სანქცირებას განიხილავს, თუმცა 27 წევრის კონსენსუსი არ არსებობს - ამას აქტიურად უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან.
- სანაცვლოდ, განიხილება საქართველოსთან 2017 წლიდან მოქმედი უვიზო რეჟიმის დროებითი გაუქმება, რაც კონსენსუსს არ საჭიროებს - საკმარისია „კვალიფიციური უმრავლესობა“, - 14 ქვეყნის (რომელთა მოსახლეობაც 65%-ს აღემატება) მხარდაჭერა.
ფორუმი