"ეს დიდი ამბავია!" - ვაშინგტონი მასპინძლობს ცენტრალური აზიის ლიდერებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო C5+1 პლატფორმის მიღებაზე სტუმრებს მიმართავს. 5 ნოემბერი, 2025 წელი. ვაშინგტონი.

6 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვაშინგტონში შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს და ეს შეხვედრა იყო აშშ-ში ტოყაევის ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასაწყისი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ და ცენტრალური აზიის საქმეებში სერჯიო გორი.

ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მის ქვეყანასა და აშშ-ს აქვთ "შესანიშნავი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობის გზით სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად".

ტოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი ინარჩუნებს აქტიურ პოლიტიკურ თანამშრომლობას აშშ-სთან სხვადასხვა დონეზე და მზად არის მრავალმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად კონსტრუქციული დიალოგისთვის.

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. პრესრელიზში აღნიშნულია:

"სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და პრეზიდენტმა ტოყაევმა იმსჯელეს ვაჭრობისა და ინვესტიციების მზარდ შესაძლებლობებზე, აგრეთვე ყაზახეთთან გაზრდილ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.

შეერთებულმა შტატებმა და ყაზახეთმა აიღეს ვალდებულება, გააღრმაონ პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ამავდროულად გააძლიერონ აშშ-ის მიწოდების ჯაჭვები და შექმნან გაუმჯობესებული კომერციული შესაძლებლობები როგორც ყაზახეთისთვის, ასევე ჩვენი ერისთვის".

ვაშინგტონი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით, მასპინძლობს ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის: ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ლიდერებს, C5+1 პლატფორმის შექმნიდან ათი წლისთავის აღსანიშნავად და ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

6 ნოემბერს ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს თეთრ სახლში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს.

5 ნოემბერს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სახელით ვაშინგტონში გაიმართა საგანგებო მიღება. შეკრების მონაწილეებს მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქრისტოფერ ლანდაუმ:

"ეს დიდი ამბავია! შეუძლებელია უფრო მეტად აღფრთოვანებულები ვიყოთ, ვიდრე ამ საღამოს ვართ.

აღფრთოვანებულები ვართ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან - ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, ყირგიზეთის რესპუბლიკიდან და უზბეკეთიდან - ჩვენი მეგობრების, აშშ-ის დიდი მეგობრების მასპინძლობით".

ლანდაუმ აღნიშნა, რომ "არსებობს მსოფლიოს ბევრი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც არ ვაქცევდით ისეთ ყურადღებას, როგორსაც იმსახურებენ. ერთ-ერთი ასეთი სივრცეა ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, წარსულში საბჭოთა კავშირის ნაწილი, რომლებიც 35 წელია დამოუკიდებლები არიან. ვფიქრობ, ახლა ძალიან საშურია მათთან აშშ-ის მართლაც აქტიური ურთიერთობა.

„C5+1-ფორმატი“: როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა კავშირები აშშ-სა და ცენტრალურ აზიას შორის

პრეზიდენტმა ტრამპმა გვთხოვა მათთან უფრო აქტიურად თანამშრომლობა. მან მოიწვია აქ ხუთი პრეზიდენტი. საოცარი შესაძლებლობებია - ბიზნეს შესაძლებლობები, ბევრი თვალსაზრისით პარტნიორობის შესაძლებლობები.

ბატონებო, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენ ყველანი აქ ხართ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

სენატორმა ჯიმ რიშმა ოთხშაბათს გამართულ მიღებაზე ისაუბრა აშშ-ისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უპირატესობაზე და გამოაცხადა საკანონმდებლო ინიციატივის შესახებაც, რომელიც, მისი თქმით, 1974 წლის "ჯეკსონ-ვენიკის შესწორების" გაუქმებას ნიშნავს:

"მაშინ, როცა არასტაბილური რუსეთი და სულ უფრო აგრესიული ჩინეთი, თავიანთი მეზობლების ხარჯზე ცდილობენ თავიანთი ეროვნული ინტერესების გატანას მთელ მსოფლიოში, აშშ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს სთავაზობს რეალურ შესაძლებლობას, იმუშაონ თანამშრომლობის მოსურნე პარტნიორთან და ამავდროულად, გააძლიერონ ერთმანეთის ეკონომიკა.

ამ ძალისხმევის ხელშესაწყობად, მე ვუერთდები სენატორ დეინს, რომელიც ამ საღამოს აქ იმყოფება და ჩემს კოლეგებს მიმდინარე კვირაში კანონპროექტის წარდგენაში, რომელიც გზას გაუკვალავს ყავლგასული ბარიერების მოხსნას, ეკონომიკური თანამშრომლობის გასაზრდელად C5+1 ფორმატში მონაწილე პარტნიორებთან და ეს არის ჯეკსონ-ვენიკის შეზღუდვების გაუქმება. C5+1 დიპლომატიური პლატფორმის შექმნიდან ათი წლისთავზე ვიწყებთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ახალ, შთამბეჭდავ ეპოქას".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ასე განმარტავს C5+1 პლატფორმის პერსპექტივას:

"ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს ამერიკული ინოვაციებისა და ამერიკული ბიზნესისთვის, ამერიკული პროდუქციისთვის ბაზრების გასაფართოებლად, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეს განამტკიცებს ქვეყნებს შორის კავშირებს. ჩვენი აზრით, თქვენ გსურთ თქვენი რესურსების - ადამიანური რესურსისა და თქვენი ქვეყნისთვის ღვთისგან ბოძებული ბუნებრივი რესურსების გატანა და მათი პასუხისმგებლიან განვითარებაში გამოყენება, რაც თქვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციის საშუალებას მოგცემთ".

აშშ-სა და ცენტრალური აზიის ხუთ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის პლატფორმა C5+1-ს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი (ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას) ამ ქვეყნებს ეწვია.

ასევე ნახეთ რას უნდა ველოდოთ ტრამპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრისგან