„ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმე მნიშვნელოვანია ჩემთვის არა მხოლოდ როგორც ადვოკატისთვის, არამედ როგორც ადამიანისთვის, მოქალაქისთვის, რამეთუ ვიცი, რომ ვიცავ უდანაშაულო ადამიანს", - ემოციურად დაიწყო ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ ვრცელი დასკვნითი სიტყვა და თხრობა ანტონ ჩეჩინის რუსეთში ცხოვრების ეპიზოდით გააგრძელა.
მოკლედ ანტონ ჩეჩინზე
ადვოკატის მონათხრობის თანახმად, ანტონ ჩეჩინი რუსეთის პატარა ქალაქ ბარნაულიდან არის.
ის 2017 წლიდან ეხმარებოდა ალექსეი ნავალნის პარტიას და ორჯერ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით.
აქტიურად იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებშიც. არაერთხელ გაუმართავს ერთკაციანი აქციაც, საპროტესტო ბანერით ხელში.
ანტონ ჩეჩინი მონაწილეობდა უკრაინაში წარმოებული სისხლისმღვრელი ომის საწინააღმდეგო აქციებშიც, თუმცა მალევე, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ანტონს მოუწია რუსეთის ფედერაციის დატოვება და თბილისში ჩამოსვლა.
რეპრესიული ღონისძიებების საპასუხოდ კი მან მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ანტონ ჩეჩინმა აღნიშნული დავა მოუგო რუსეთის ფედერაციას და დადგინდა კონვენციის შესაბამისი მუხლის დარღვევა და რუსეთის ფედერაციას დაეკისრა კომპენსაცია.
თბილისში ჩამოსვლის შემდგომ იგი მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრაცია მოქმედებისთვის“, რომლის ფარგლებშიც ეხმარებოდა ომისგან დაზარალებულ უკრაინელ იძულებით გადაადგილებულ პირებს.
ანტონმა საქართველოში გაიცნო მისი ამჟამინდელი მეუღლე - მანანა სამხარაძე, რომელთანაც 2023 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.
„საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აქტიურად იღებდა მონაწილეობას თბილისში მიმდინარე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში... როგორც თავად ანტონ ჩეჩინმა განმარტა დაკითხვისას, იგი საკმაოდ ხშირად, თითქმის ყოველდღიურად, ესწრებოდა საპროტესტო აქციებს, რომლის დროსაც ეხმარებოდა დაშავებულ მოქალაქეებს სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებით", - თქვა ადვოკატმა.
გიორგი ჩხეიძე, ანტონ ჩეჩინის ადვოკატი; მანანა სამხარაძე, ანტონ ჩეჩინის ცოლი
რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს, დილით, სამსახურში აპირებდა წასვლას, როდესაც სახლთან დააკავეს. მასაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ალფა პვპ-ს შეძენა და შენახვა ედება ბრალად და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დაკავების ეპიზოდამდე, ადვოკატი 2024 წლის 18 ნოემბერზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ამბავი, რომელიც ამ დღეს ანტონ ჩეჩინს თავს გადახდა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.
რა მოხდა 2024 წლის 18 ნოემბერს?
ამ დღეს ანტონ ჩეჩინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
როგორც თავად ანტონ ჩეჩინმა განმარტა, მელიქიშვილის ქუჩაზე ყოფნისას, დაუსაბუთებლად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მოათავსეს პოლიციის ავტომანქანაში და გადაიყვანეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან, სადაც გაჩხრიკეს და დაემუქრნენ, რათა შეეწყვიტა საპროტესტო აქციებში მონაწილეობა.
„აღნიშნული გარემოებები დასტურდება როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მიმოწერის ამსახველი ე.წ სქრინშოთებით", - ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ „მიუხედავად მუქარისა და დაშინებისა, ანტონ ჩეჩინი კვლავ აქტიურად აგრძელებდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, 2024 წლის 3 დეკემბრამდე, მის დაკავებამდე".
გიორგი ჩხეიძეს მიაჩნია, რომ 2024 წლის 3 დეკემბერი, ანუ დაკავება 18 ნოემბრის ერთგვარი გაგრძელებაა.
„ის მუქარა და დაშინება სისრულეში მოიყვანეს... საგამოძიებო ორგანოები ანტონ ჩეჩინით მისი პოლიტიკური აქტივობისა და პროტესტში მონაწილეობის გამო დაინტერესდნენ", - აცხადებს ის.
ანტონ ჩეჩინის ჩხრეკა და დაკავება ვიდეოზე გადაღებული არ არის. პროკურატურა ამბობს, რომ ამ საქმის ნეიტრალური მოწმე თარჯიმანია, რომელიც ბრალდებულს პოლიციელების ნათქვამს უთარგმნიდა. ამას გარდა, ნარკოტიკების შეფუთვაზე ამოვიდა ჩეჩინის დნმ-ის კვალი.
პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა თქვა, რომ ვიდეო ვერ გადაიღეს, რადგან ანტონ ჩეჩინი პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, ადვოკატი კი ამბობს, რომ „ვიდეოს გადაღება ობიექტურად შესაძლებელი იყო".
რატომ?
ანტონ ჩეჩინი სამსახურში მიმავალი სახლთან გააჩერეს, ავტომობილში ჩასვეს და იქ გაჩხრიკეს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ჩეჩინს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, შესაბამისად, ავტომობილში ჩასმა საჭირო არ იყო, თუმცა პოლიციელები ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ „მიმდინარე მოვლენები არ დაეფიქსირებინა რომელიმე ვიდეოკამერას ან გამვლელ პიროვნებებს".
„მათი მხრიდან პიროვნების დახურულ სივრცეში, ავტომანქანაში მოთავსება, მაშინ როდესაც შეეძლოთ თუნდაც ადგილზე ეწარმოებინათ პირადი ჩხრეკა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ გარემოებას, რომ ანტონ ჩეჩინის მიმართ ადგილი ჰქონდა თვითნებობას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ძალადობას და ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებას", - ასკვნის ადვოკატი.
რა არგუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებს ადვოკატი, რომ ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკი „ჩაუდეს?"
ადვოკატის დასკვნითი სიტყვის თანახმად, ანტონ ჩეჩინს ავტომობილში ყოფნისას პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ორჯერ.
პირველი ჩხრეკისას, ადვოკატის თქმით, მას წაართვეს მობილური ტელეფონი, ამოიღეს სხვადასხვა პირადი ნივთი და თხოვნის მიუხედავად, ცოლთან დარეკვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
„უშუალოდ მეორე ჩხრეკისას, როდესაც ანტონს მოსთხოვეს ქურთუკის გახდა და შემდგომ ისევ ჩაცმა, აღნიშნული ქურთუკის ერთ-ერთი ჯიბიდან იღებენ პაკეტს, რომელშიც მოთავსებულია მოთეთრო ფერის ნივთიერება. აღნიშნულ პაკეტს გამომძიებლები ათავსებენ ანტონ ჩეჩინთან შორიახლოს, ავტომანქანის წინა სავარძლებს შორის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმავდროულად მიმართავს პოლიციელებს, რომ ეს პაკეტი მას არ ეკუთვნის და რომ ადგილი აქვს გაუგებრობას", - ამბობს ადვოკატი.
ანტონ ჩეჩინის განმარტებით, მისი პირადი ჩხრეკის დროს ავტომობილში და მის მიმდებარედ იმყოფებოდა და მონაწილეობდა დაახლოებით 6-8 პიროვნება. ის ამბობს, რომ მისი თანდასწრებით ე.წ „ლენტის“ - სამაგრი არ აუხსნიათ და სპეცპაკეტები არ დაულუქავთ - „ხელმოწერები გაკეთდა დაულუქავ სპეცპაკეტზე".
მუქარა ჩხრეკისას, ავტომობილში
გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ავტომანქანაში ჩასმის შემდეგ პოლიციელებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფიზიკურად იძალადეს.
„ანტონ ჩეჩინს ართმევენ ე.წ მეტრომანს (პლასტიკურ ბარათს) და სახის არეში ურტყამენ, ასევე მას კეფაში დაარტყა ავტომანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ. რამდენიმე მათგანს ასევე ეკეთა პირბადე.
ეს პირები ავლენდნენ აგდებულ დამოკიდებულებას და მიმანიშნებლად საუბრობდნენ, რომ თითქოს იგი ნარკოტიკულ ნივთიერებებს ასაღებს და „ქართველებს წამლავს“. ასევე იყო პირდაპირი მუქარა, რომ მას იმდენად უყვარს საქართველო, რომ მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს საქართველოში (საქართველოს ციხეში)", - აცხადებს ადვოკატი.
პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
დაკავების შემდეგ, ანტონ ჩეჩინი გადაიყვანეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში, სადაც ბრალდებულის თქმით, პირის ღრუდან ბიოლოგიური ნიმუში მოტყუებით მოიპოვეს.
„საწყობის მსგავს“, მცირე ზომის კაბინეტში, შეიყვანა ორმა პიროვნებამ. ორივე მათგანს ეკეთა პირბადე და ხელთათმანი. ანტონს განუმარტეს, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა შეემოწმებინათ პირის ღრუ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თითქმის სრულად გააშიშვლეს რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მათგანმა ხელთათმანის გამოყენებით შეამოწმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პირის ღრუ", - ამბობს ადვოკატი.
მას მიაჩნია, რომ „რეალურად კი სწორედ ამ გზით მოხდა ანტონ ჩეჩინის ბიოლოგიური ნიმუშის მოპოვება და შემდგომ უკვე დატანა პაკეტზე".
ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო:
„ცხადია, ბრალდების მხარეს არ სურდა იმგვარი დოკუმენტის არსებობა სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი!", - ამბობს ჩხაიძე.
ადვოკატი კიდევ რამდენიმე საკითხს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მისი თქმით:
- „ოპერატიული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც გამოძიება დაიწყო ბუნებაში არ არსებობს და ხელოვნურადაა შექმნილი"
მაგალითი: ნარკოტიკული ნივთიერების სახე, ეს იყო ალფა პვპ თუ ნებისმიერი სხვა საშუალება, არ არის მითითებული ედგარ ოგანესიანის პატაკში, თუმცა მეორეს მხრივ ადვოკატის შეკითხვაზე მან დაადასტურა, რომ ინფორმაციაში საუბარი იყო სწორედ ნარკოტიკულ ნივთიერება ალფა პვპ-ზე.
„გამოდის, რომ ედგარ ოგანესიანმა იცოდა ნარკოტიკული ნივთიერების სახეობა, მაგრამ ეს არ ასახა პატაკში?!.... წამოსცდა, სიმართლე და ყურადღება გაამახვილა სწორედ ალფა პვპ-ზე. ეს ყველაფერი კი მიუთითებს ერთადერთ გარემოებაზე - ედგარ ოგანესიანმა წინასწარ იცოდა, თუ რომელი ნარკოტიკული ნივთიერება უნდა მოეთავსებინათ ხელოვნურად ანტონ ჩეჩინის ჯიბეში", - ამბობს ადვოკატი.
- „საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებია"
მაგალითი: ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესზე წინააღმდეგობრივი ჩვენებები მისცეს პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, თუ კონკრეტულად როდის და რა ვითარებაში შენიშნეს მათ პირველად ანტონ ჩეჩინი.
ურთიერთწინააღმდეგობრივ ჩვენებებს წააწყდა ადვოკატი, თუ სად და რა ვითარებაში მოხდა ანტონ ჩეჩინისთვის დადგენილების წარდგენა და გაცნობა.
- „ანტონ ჩეჩინს არ გაუწევია წინააღმდეგობა"
მაგალითი: საგამოძიებო მოქმედება გაგრძელდა 10:00 – 10:20 წუთის შუალედში. ბრალდების მხარის ვერსიით ანტონ ჩეჩინი მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში წევდა ძლიერ ფიზიკურ წინააღმდეგობას.
თითოეულმა მოწმემ ისიც კი განმარტა, რომ ანტონ ჩეჩინს გაკავებული ჰქონდა ხელის მტევნები, თუმცა ანტონ ჩეჩინის დაკავების ოქმში მითითებულია, რომ დაკავებულს ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში არ აღენიშნება არანაირი სახის დაზიანება.
„გამოდის, რომ ანტონ ჩეჩინს, რომელიც მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში იყო სრულიად არაადეკვატური და წევდა ძლიერ ფიზიკურ წინააღმდეგობას, ხოლო მეორე მხრივ პოლიციელები იყენებდნენ ძლიერ ფიზიკურ ძალას მის გასაკავებლად, უკავებდნენ ხელის მტევნებს, კისერს, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებს, რამდენად ლოგიკურია, რომ ამგვარი წინააღმდეგობის გაწევის ფონზე ანტონ ჩეჩინს არ აღენიშნება თუნდაც ერთი ნაკაწრი, ჩალურჯება, სისხლნაჟღენთი?! მთელმა ამ „ძიძგილაობამ“ და „სრულიად არაადეკვატურობამ“ (როგორც ბრალდების მხარის მოწმეები განმარტავენ) ისე ჩაიარა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თუნდაც ერთი მცირე დაზიანებაც კი არ დაუტოვა?!" - სვამს კითხვას ადვოკატი.
კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, ავტომობილში თარჯიმან შორენა ტაბატაძის ადგილია. ის ანტონ ჩეჩინის გვერდით დასვეს.
ასევე ნახეთ ჩამიდეს ნარკოტიკები... აქციებს რატომ აფინანსებო - რა თქვა ანტონ ჩეჩინმა სასამართლოში
„რამდენად ლოგიკურია „სრულიად არაადეკვატურ“ პიროვნებას, რომელიც გიწევთ ძლიერ ფიზიკურ წინააღმდეგობას და შესაბამისად, თქვენც იძულებული ხართ გამოიყენოთ მის მიმართ ძლიერი ფიზიკური ძალა, გვერდით დაუსვათ თარჯიმანი, რომლის ერთადერთი მოვალეობა თარგმნაა?!" - ისევ კითხვას სვამს ადვოკატი.
საბოლოოდ, ადვოკატი ასკვნის, რომ ვიდეოგადაღება ობიექტურად შესაძლებელი იყო. მისი თქმით, ბრალდებულის ვერსიასაც რომ დაუჯეროს, თითქოს ჩეჩინი იყო „არაადეკვატური“ და სწევდა წინააღმდეგობას, მათ ვიდეოს გადაღების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებდა.
ადვოკატის შეფასებით, პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებს ჰქონდათ არაერთი გზა, შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოეპოვებინათ პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი (თუნდაც წინააღმდეგობის გაწევის პირობებში) და ამით დაედასტურებინათ საგამოძიებო მოქმედების სანდოობა.
საგამოძიებო ორგანოს, მას შემდეგ, რაც მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, ჰქონდა მინიმუმ 1 საათი იმისთვის, რომ მომზადებულიყო და აღჭურვილიყო სათანადოდ იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება.
იმგვარ რეალობაში, სადაც გამომძიებელს შეეძლო ოქმი შეედგინა საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდგომ, აპელირება სწორედ ოქმის შევსების საფუძვლით და განმარტება, რომ ამის გამო ვერ მოახერხა მან ვიდეოგადაღება აბსურდულია.
ანტონ ჩეჩინის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელები არიან ზურაბ რუსიშვილი, არჩილ ნაცვლიშვილი და შორენა ტაბატაძე, ისინი უთითებენ ჩვენებებში, რომ მათ პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას თან ჰქონდათ ტელეფონები.
გიორგი ჩხეიძის ვერსიით, პოლიციელებს ობიექტურად შეეძლოთ ადგილზე, ავტომანქანაში მოთავსების გარეშე, თუნდაც გაკავების, ძირს დაწვენის და მათ შორის ხელბორკილის გამოყენებით აღეკვეთათ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგობა.
„მათ ეს არ გააკეთეს და ანტონ ჩეჩინი მოათავსეს დახურულ სივრცეში, რათა თვითმხილველთათვის არ ყოფილიყო ხილული მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება და მაშასადამე ნარკოტიკული ნივთიერების ხელოვნურად მოთავსების ფაქტი!" - აცხადებს ადვოკატი და სვამს კითხვას:
„როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ თუნდაც 5-წამიანი ან 10-წამიანი ვიდეოს გადაღება, სადაც იქნებოდა აღბეჭდილი „სრულიად არაადეკვატური“ ანტონ ჩეჩინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი, ვერ მოახერხა ვერცერთმა მონაწილე პირმა?"
თარჯიმანი
პროკურატურა ამბობს, რომ ანტონ ჩეჩინის საქმეში ნეიტრალური მოწმე თარჯიმანი, შორენა ტაბატაძეა. ის დაესწრო ჩხრეკას და ადასტურებს, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი მართლაც ჰქონდა.
ადვოკატს კი მიაჩნია, რომ პირად ჩხრეკაში მონაწილე, თავად საგამოძიებო ორგანოს მიერ მიყვანილი თარჯიმანი, ვერ ჩაითვლება ნეიტრალურ პირად, ხოლო მის მიერ მიცემული ჩვენება ვერ ჩაითვლება საკმარისად მყარ მტკიცებულებად, იმისთვის, რომ ჩატარებული პირადი ჩხრეკის სანდოობა დადასტურდეს.
სასამართლოში დაკითხვაზე მოსულ თარჯიმანს თან ახლდა ამ საქმის გამომძიებელი, ემილ კუპრავა.
ადვოკატი ფიქრობს, რომ შორენა ტაბატაძე, როგორც მოწმე, რომელსაც აქვს ახლო ურთიერთობა სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთ მთავარ გამომძიებელთან, ვერ ჩაითვლება ნეიტრალურ და მიუკერძოებელ პირად.
დაცვის მხარე არც იმაშია დარწმუნებული, რომ შორენა ტაბატაძემ, რომელიც მოაცილა და რომელსაც გარეთ ელოდებოდა საქმის გამომძიებელი, თავისუფალი ნების საფუძველზე, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია.
ასევე ნახეთ რატომ ჰგავს ნარკოტიკების გამო დაკავებული დემონსტრანტების საქმეები ერთმანეთს? - ინტერვიუ პროკურორთანადვოკატმა დასკვნითი სიტყვის დროს დეტალურად მიმოიხილა მოწმეების ჩვენებები და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, საბოლოოდ კი დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება არის ურთიერთწინააღმდეგობრივი.
„სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შემხებლობას ნარკოტიკულ საშუალებასთან (როგორც შეძენა/შენახვის, ისე მოხმარების ნაწილში)".
„საგამოძიებო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა ნარკოლოგიური შემოწმებით დაედასტურებინა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი - რაც არ გააკეთა".
„საგამოძიებო ორგანოს შეეძლო მოეპოვებინა პირადი ჩხრეკის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი - რაც არ უზრუნველყო".
„საგამოძიებო ორგანოს შეეძლო პირად ჩხრეკაში მოეწვია გარეშე პირი - რაც არ გააკეთა".
„საგამოძიებო ორგანოს შეეძლო მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები, პირადი ჩხრეკის დასრულების შემდგომ, სრული გამოძიების ეტაპზე, რაც არ გააკეთა".
ადვოკატი ანტონ ჩეჩინის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. მან მოსამართლეს მიმართა:
„ახლა უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ანტონ ჩეჩინის მომავალი 8, 10 ,12 ან თუნდაც ბევრად მეტი წელი. ასე სათქმელად მარტივია 8, 10 და 12, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ რიცხვი, ეს ადამიანის სიცოცხლის წლებია, იმ სიცოცხლის, რომელიც ღმერთმა ერთხელ გვარგუნა".
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ უკვე მოისმინა ორივე მხარის დასკვნითი სიტყვა, მომდევნო სხდომაზე ანტონ ჩეჩინი საბოლოო სიტყვას იტყვის, ამის შემდეგ მოსამართლეზეა გადაწყვეტილება. მან უნდა დაასაბუთოს, ვისი არგუმენტების სჯერა უფრო მეტად - პროკურორის თუ ადვოკატის.
ნარკოდანაშაულის იმ საქმეებზე, სადაც ბრალდებულები დემონსტრანტები არიან, მხოლოდ ორის შემთხვევაშია განაჩენი ცნობილი - გიორგი ახობაძის და თედო აბრამოვის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების მიზეზად ჩხრეკის ამსახველი ვიდეოს არარსებობა დასახელდა.