მოკლედ
- „დრუჟბაზე“ თავდასხმები უკრაინას რუსეთზე ზეწოლაში ეხმარება, უნგრეთი და სლოვაკეთი კი ენერგეტიკულ საფრთხეზე საუბრობენ.
- ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უნგრეთის დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე ფინანსური ინტერესებითაა განპირობებული, რაც ვიქტორ ორბანის მთავრობას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.
„ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინისა და უნგრეთის მეგობრობას, მაგრამ ახლა „დრუჟბის“ (მეგობრობა, რუს.) არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული“, - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტს, რომელმაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მას ჰკითხა, ეს თავდასხმები უკრაინას უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე ზეწოლაში თუ დაეხმარება, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რომ აღარ დაბლოკოსო?
უნგრეთი და სლოვაკეთი ამბობენ, რომ კიევი მათ ენერგოუსაფრთხოებას ემუქრება.
რადიო თავისუფლებამ გამოიკვლია, რაში უშლის ხელს „დრუჟბა" უკრაინას და რატომ არის ეს ვითარება ასე კრიტიკული უნგრეთისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს, რომ ახლა „დრუჟბის“ არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული, გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო.
მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტის შეკითხვა და ზელენსკის პასუხი ისმის. შემდეგ დაურთო: „ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული ჩვენ ქვეყანაზე მუქარისთვის გამოიყენა“.
„ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელყოფა სუვერენიტეტის ხელყოფაა. ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა ვერაფრით გამართლდება ომით, რომელთანაც უნგრეთს არაფერი აკავშირებს. მოვუწოდებთ ზელენსკის, შეწყვიტოს უნგრეთის მუქარა და დაასრულოს უგუნური თავდასხმები ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე!“ - დაწერა სიიარტომ.
ნავთობსადენი „დრუჟბა“
უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინისა და უნგრეთის ოდინდელი ურღვევი მეგობრობა კი ახსენა, მაგრამ ეს ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 2014 წლიდან, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი წამოიწყო.
მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა, ყირიმის უკანონო ანექსია მოხდა და დონბასში საომარი მოქმედებები დაიწყო, უკრაინის ხელისუფლებამ კანონების შეცვლას მიჰყო ხელი, მათ შორის სახელმწიფო ენის - უკრაინულის - სტატუსთან დაკავშირებითაც. კანონი უკრაინულის სავალდებულო შესწავლასა და საჯარო სფეროში გამოყენებას ითვალისწინებდა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო
სანაცვლოდ ბუდაპეშტმა უკრაინისადმი მიძღვნილი ნატოს სხდომების დაბლოკვა დაიწყო.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უნგრეთმა ნატოში პოზიციები ნაწილობრივ დათმო, თუმცა ახლა ევროკავშირი ამოიღო მიზანში და იქ უკრაინის წინსვლისა და რუსეთზე სანქციების დაწესების შეფერხება.
ევროპული სანქციების ერთ-ერთ მიმართულება რუსულ ნავთობზე უარის თქმაა.
2022 წელს, როდესაც ევროკავშირმა რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვა გადაწყვიტა, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ავსტრიისთვის დროებით გამონაკლისი დაუშვეს. მათ ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ და ნავთობს ტანკერებით ვერ მიიღებდნენ. ეს ქვეყნები „დრუჟბაზე“ არიან დამოკიდებული.
ამჟამად კიევიც და ბრიუსელიც მიიჩნევენ, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს საკმარისი დრო ჰქონდათ რუსული ნავთობისგან გასათავისუფლებლად.
„გპასუხობთ უნგრულ სტილში: თქვენ უკრაინის პრეზიდენტს კი არ უნდა მიუთითოთ, რა როდის გააკეთოს ან თქვას. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის. უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენსავე ხელშია. მოახდინეთ დივერსიფიკაცია და გახდით დამოუკიდებელი რუსეთისგან, როგორც დანარჩენი ევროპა“, – უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ უნგრელი კოლეგის კრიტიკას.
რუსული რაკეტები ნავთობის ფულით
ნავთობსადენ „დრუჟბის“ დაბომბვის შემდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკომისიას მიმართეს და იქ თავიანთი ქვეყნების ენერგეტიკულ რისკებზე ლაპარაკობდნენ. ოფიციალურმა ბრატისლავამ აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები არც უკრაინას არ აყრის ხეირს, რადგან სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო „სლოვნაფტი“ დიზელით უკრაინის ბაზრის 10%-ს ამარაგებს.
ბუდაპეშტმა კი უკრაინას შეახსენა, ელექტროენერგიასა და საწვავს გაწვდიო, ამით მიანიშნა, რომ კიევი ამ საქციელით ფეხში ისვრის ტყვიას.
თუმცა, როგორც ცენტრალური ევროპის სტრატეგიის ინსტიტუტის (ICES) ანალიტიკოსი ვიტალი დიაჩუკი განმარტავს, ენერგორესურსების მიწოდების შეჩერება ასეთი მარტივიც არ არის.
„იმაზე ლაპარაკი, რომ მთავარი მომწოდებლები ვართ, ღილაკს დავაჭერთ და შეჩერდება, დამაჯერებლად არ ჟღერს. მომწოდებლები ძირითადად კერძო კომპანიები არიან. ეს მათი შემოსავლის წყაროა. თან მოწოდების შესაწყვეტად მხოლოდ ვიქტორ ორბანის სიტყვა არ კმარა, თუნდაც მთავრობის ბრძანება იყოს, გრძელვადიანი კონტრაქტებია დადებული“, - ამბობს ვიტალი დიაჩუკი და განაგრძობს, რომ „დრუჟბის“ ნავთობსადენზე თავდასხმით უკრაინა, პირველ რიგში, რუსეთზე ზეწოლას ცდილობს და არა უნგრეთზე.
„ეს არის პირდაპირი თავდასხმა იმ რესურსებზე, რომლებიც ფინანსურად უზრუნველყოფენ რუსული რაკეტების წარმოებას, ანუ უპირველესად ეს უნდა შეფასდეს, როგორც რუსეთის სამხედრო მანქანის მამოძრავებელი სამხედრო ობიექტი. ის უშვებს რაკეტებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების ექსპორტისგან მიღებული ფულით კეთდება“, - ამბობს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ და შესაბამისად ამ თავდასხმების მსხვერპლნი არიან, საკმარისი დრო ჰქონდათ, მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მომზადებულიყვნენ.
უნგრეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება
„უნგრეთისთვის რუსული ნავთობი კვლავ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, თუმცა არა იმდენად შიდა მოხმარებისთვის. ამ მხრივ უნგრეთს საკუთარი საბადოებიც აქვს. უნგრული კომპანიები რუსეთისგან ნავთობს ფასდაკლებით იღებდნენ და შემდეგ მოგებას ნახულობენ“, - განმარტავს ვიტალი დიაჩუკი.
ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი. 2018 წელი
მისი თქმით, სწორედ ნავთობის გადაყიდვით მიღებული მოგების გამოა, რომ ვიქტორ ორბანი რუსულ ნავთობს ვერ ელევა.
„ეს მთავრობასაც ხელს აძლევდა. უნგრეთის მთავრობამ დააწესა სპეციალური გადასახადი გადამუშავებული ენერგოპროდუქტების ევროპაში მიწოდებაზე და ამით სახელმწიფო ბიუჯეტიც შეავსო“, - ამბობს ანალიტიკოსი.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ავსტრიამ მოასწრო მიწოდების დივერსიფიკაცია, უნგრეთმა კი პირიქით, გაზარდა რუსული წილი. თუ 2021 წელს 61%-ით იყო დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, 2024 წელს ეს რიცხვი 86%-მდე გაიზარდა. სლოვაკეთში ეს დამოკიდებულება 2024 წელს დაახლოებით 87%-ს შეადგენდა.
რუსულ ნავთობსადენზე შეტევებმა უნგრეთსა და სლოვაკეთში სერიოზული ენერგეტიკული პრობლემები ჯერ ვერ გამოიწვია. ევროკავშირის ქვეყნებს ნავთობის სამი თვის მარაგი აქვთ, ნავთობსადენის შეკეთებას კი რამდენიმე დღეზე მეტი არ სჭირდება.
რუსებო, წადით სახლში
სიმბოლურია, რომ „დრუჟბის“ წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელა უკრაინელმა სამხედრომ რობერტ ბროვდიმ, მეტსახელად მადიარმა, რომელიც წარმოშობით უნგრეთიდანაა და უპილოტო სისტემების ძალებს ხელმძღვანელობს. სოციალურ ქსელში შესრულებული სამუშაოს აღწერისას მან დაწერა: „Ruszkik haza!“, რაც უნგრულად ნიშნავს: „რუსებო, წადით სახლში!“
ეს ანტისაბჭოთა ლოზუნგი უნგრელებმა გამოიყენეს 1956 წლის რევოლუციის დროს, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებისას. აჯანყება საბჭოთა კავშირმა სისხლში ჩაახშო.
ვიქტორ ორბანი თავის გამოსვლებში ხშირად ახსენებს 1956 წლის რევოლუციას ეროვნული ერთიანობისა და საბჭოთა წინააღმდეგობის მაგალითად.
2026 წელს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. უნგრეთის მთავრობას სჭირდება ფინანსური წარმატებების ჩვენება, რუსული ნავთობის გარეშე კი ეს საკმაოდ რთული იქნება.
„მოკლედ, დიდი ფინანსური კვანძი გაწყდება. თუ უნგრულ კომპანიებს შემოსავალი შეუმცირდებათ, მთავრობა ნაკლებ გადასახადს მოკრეფს და ვერ შეძლებს არჩევნების წინ მოსახლეობას ცხოვრების რაღაც ხელშესახები პირობებით ეტრაბახოს. საჩვენებელი არაფერი ექნება“, - ამბობს ვიტალი დიაჩუკი.
ანალიტიკოსების აზრით, „დრუჟბის“ გარშემო დისკუსიამ გამოააშკარავა, რომ უნგრეთმა რუსული ნავთობი აქცია პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტად, რომელიც ორბანის მთავრობას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.
პოლონეთი - ხალხი ვარშავაში, უნგრეთის საელჩოს წინ აპროტესტებს უნგრეთის ენერგეტიკულ პოლიტიკას და რუსული ნავთობის „დრუჟბის“ მილსადენით იმპორტირებას. 2022 წელი
ამავე დროს, უნგრეთის პრემიერის, ორბანის „ორმაგი თამაში“ - მოსკოვთან თანამშრომლობით ფულის გამომუშავება და ამავდროულად მხარდაჭერის მოთხოვნა ბრიუსელისგან - სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კურსს.
ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, 2027–2028 წლამდე სრულად თქვას უარი რუსულ ნავთობსა და გაზზე. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი კონფლიქტების მიუხედავად, ბუდაპეშტისა და ბრატისლავისთვის გასაქანი აღარ რჩება და ტვირთი პასუხისმგებლობისა - რომ ისინი ისევ დამოკიდებული არიან რუსეთის ენერგორესურსებზე - ამ მთავრობებისთვის სულ უფრო დამძიმდება.
უნგრეთი ფრთხილობს მოსკოვთან, არა ბრიუსელთან
თუ რამდენად ფრთხილია უნგრეთი რუსეთთან დამოკიდებულებისას, ამაზე 21 აგვისტოს მომხდარი ფაქტიც მიუთითებს. უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შულიოკმა სიტყვა „რუსული“ ამოიღო განცხადებიდან, რომლითაც უკრაინაში ღამით განხორციელებული უპილოტო აპარატებისა და რაკეტების შეტევის შედეგად დაშავებულებს თანაუგრძნობდა.
„თანავუგრძნობ მუკაჩევოზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულებს, ვუსურვებ სწრაფად და სრულად გამოჯანმრთელდნენ“, - ეწერა შულიოკის თავდაპირველ განცხადებაში, რომელიც 21 აგვისტოს Facebook-ზე გამოაქვეყნა.
პოსტი გამოქვეყნებული არ იყო, რომ უკვე წაიშალა და სხვა, იდენტური ტექსტი აიტვირთა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პირველი წინადადებიდან ამოღებული იყო სიტყვა „რუსული“ („orosz“ უნგრულად).
ქალაქი მუკაჩევო, უნგრულად ცნობილია როგორც მუნკაჩი (Munkacs), დასავლეთ უკრაინაში, უნგრეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. იქ დაახლოებით 85 000 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ბევრია ეთნიკური უნგრელი.
სარაკეტო თავდასხმა იყო იმ მასშტაბური შეტევის ნაწილი, რომელიც 21 აგვისტოს ღამით მთელს უკრაინაში ასობით ობიექტზე განხორციელდა.