მოკლედ
- წელს რომელი ვაქცინით აიცრებით?
- გრიპის რომელი შტამებისგან დაგიცავთ ეს ვაქცინა?
- როდის არის საუკეთესო დრო აცრისთვის?
- ვისთვისაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვაქცინაცია?
- რა შემთხვევაში არ უნდა აიცრათ სეზონურ გრიპზე?
- რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს იმ ვაქცინას, რომლითაც უნდა აიცრათ?
- სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების სია, სადაც აცრა შეგიძლიათ
წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია.
წელს რომელი ვაქცინით აიცრებით?
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra ვაქცინა შეიძინა.
ეს ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორისაა.
გრიპის რომელი შტამებისგან დაგიცავთ ეს ვაქცინა?
ექიმები ამბობენ, რომ ეს ვაქცინა მორგებულია სწორედ იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც მოსალოდნელია გრიპის ამ სეზონზე.
ესენია: A და B ტიპის ვირუსები.
მათ შორის, მაგალითად, H1N1 - ე.წ. ღორის გრიპი. ამ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების მწვავე ანთება, რესპირატორული უკმარისობა, ენცეფალოპათია, გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი).
რაც შეეხება H3N2, რომელიც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მიმდინარეობს შტამი. განსაკუთრებით მძიმეა ხანდაზმულებისთვის. თუ გართულდა იწვევს პნევმონიას, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს. სწრაფად ვრცელდება. ამ ტიპის ვირუსით დაავადებულ ადამიანებს ხშირად უწევთ ჰოსპიტალიზაცია. ყოფილა გარდაცვალების შემთხვევებიც.
B ტიპის გრიპის ვირუსი ძირითადად ბავშვებსა და ახალგაზრდებშია გავრცელებული და რთულდება ბაქტერიული პნევმონიით, შუა ყურის ანთებით, ზოგჯერ მენინგოენცეფალიტითაც.
როდის არის საუკეთესო დრო აცრისთვის?
ექიმების თქმით, სეზონური გრიპის ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო სწორედ ოქტომბრის მეორე და ნოემბრის პირველი ნახევარია, რადგან იმუნიტეტის სრულად ჩამოყალიბებისათვის ვაქცინაციიდან ზუსტად ორი კვირაა საჭირო.
ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი გვეუბნება, რომ როგორც წინა წლებში, წელსაც, გრიპის ვირუსის აქტიური ფაზის დაწყება ნოემბრის ბოლოდანაა მოსალოდნელი:
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო სტატისტიკის (წინა კვირის) თანახმად, დღეს საქართველოში ძირითადად ცირკულირებს რინოვირუსი, მასთან ერთად ოთხი-ხუთი სხვა ტიპის ვირუსი - პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი, მეტაპნევმოვირუსი და მიკოპლაზმაპნევმონია.
რაც შეეხება გრიპის ვირუსს, მას ნოემბრის თვიდან ველოდებით და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდისთვის უკვე აცრილი იყოს მოსახლეობა. თუკი ადამიანი, მაგალითად, 16 ან 17 ოქტომბერს ჩაიტარებს გრიპის ვაქცინაციას, მაქსიმალური დაცვითი უნარი ორგანიზმს განუვითარდება პირველი ნოემბრისთვის. ანუ, ოქტომბრის შუა რიცხვებსა და ნოემბრის პირველ ნახევარში ვაქცინის გაკეთება არის იდეალური ვარიანტი“.
ვისთვისაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვაქცინაცია?
ექიმების რეკომენდაციების თანახმად, ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის:
- 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
- ორსულები;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები;
- დიაბეტიანებისა და დიალიზზე მყოფთათვის.
„ორსულებისთვის გრიპის ვაქცინას ორმაგი დადებითი მნიშვნელობა აქვს - ერთი, იცავს უშუალოდ ორსულს ინფიცირებისგან და ეს არის ასევე ნაყოფის არაპირდაპირი დაცვაც. გრიპის ვირუსი არის დაავადება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულის კუნთის ანთება, თავის ტვინის ანთება, ფილტვების ანთება, ამიტომ ორსულისთვისაც და ნაყოფისთვისაც, ვაქცინაციას უაღრესად დადებითი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
დაგიცავს თუ არა VaxigripTetra იმ ვირუსებისგან, რომელთა ჩამონათვალი ამ ვაქცინის შემადგენლობაში არაა?
არა, ეს ვაქცინა ისეთი ვირუსების წინააღმდეგ, როგორიცაა მაგალითად, რინოვირუსი, პარაგრიპი, კორონავირუსი ვერ დაგიცავს.
„ხშირად მოგვისმენია, რომ აი, გავიკეთე აცრა, მაგრამ მაინც შემხვდა ვირუსი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობას იცავს მხოლოდ გრიპის ვირუსისგან და მას არანაირი დამცველობით უნარი არ აქვს, მაგალითად, რინოვირუსის ან პარაგრიპის წინააღმდეგ.
მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ვირუსებიდან (რინოვირუსი, პარაგრიპი და ა.შ.) არცერთი არ მიეკუთვნება მძიმე დაავადების, მძიმე გართულების გამომწვევ ვირუსებს. მათი მაქსიმალური შესაძლებლობაა გაციების კლინიკური ნიშნების გამოვლენა, რაც არ არის რთული და მძიმე გადასატანი. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც გაიკეთებს ოთხკომპონენტიანი გრიპის აცრას, მას შეიძლება შეხვდეს სხვა ტიპის ვირუსი“, - გვეუბნება ივანე ჩხაიძე.
დაგიცავს თუ არა VaxigripTetra გრიპის ვირუსისგან 100%-ით?
გრიპის ვაქცინა, ისევე როგორც სხვა ვაქცინები, 100%-ით დამცველობით უნარით არ ხასიათდება.
ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლოა შეხვდეს გრიპის ვირუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოქმედებას იწყებს ვაქცინის კიდევ ერთი დადებითი თვისება - ეს იქნება გრიპის ვირუსის გაცილებით მსუბუქად მიმდინარე ფორმა და გართულებისა და დამძიმების საფრთხე იქნება მინიმალური.
ვაქცინირებული ადამიანის იმუნიტეტი დაახლოებით 8 თვის განმავლობაში გრძელდება. გრიპის ვირუსის აქტიური სეზონია ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე. ანუ სეზონური გრიპის აქტიურ პერიოდში ვაქცინირებული ადამიანი დაცული იქნება იმ კონკრეტული შტამებისგან, რომელსაც ვაქცინა შეიცავს.
რა შემთხვევაში არ უნდა აიცრათ სეზონური გრიპზე?
ვაქცინაციამდე არანაირი განსაკუთრებული კვლევებისა და ანალიზების ჩატარება არ არის საჭირო. სეზონური გრიპის ვაქცინაციის გადავადების ერთადერთი მიზეზი არსებობს:
„ერთადერთი პირობა და აცრის საწინააღმდეგო ჩვენება გვაქვს, რომ ადამიანს აცრის დღეს არ უნდა ჰქონდეს მწვავე დაავადება. მაგალითად, თუკი თქვენ გადაწყვეტთ, რომ უნდა აიცრათ პარასკევს, მაგრამ ხუთშაბათს საღამოს ტემპერატურამ აგიწიათ, გახველებთ, ყური გტკივათ და ა.შ. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია უნდა გადადოთ და გაიკეთოთ მაშინ, როდესაც მწვავე დაავადების პროცესი ჩამთავრდება“, - გვეუბნება ივანე ჩხაიძე.
რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს იმ ვაქცინას, რომლითაც უნდა აიცრათ?
კვლევების თანახმად, VaxigripTetra ითვლება ერთ-ერთ უსაფრთხო ვაქცინად, რადგან ის დამზადებულია ე.წ. მკვდარი ტიპი ვირუსის ბაზაზე, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ანტისხეულების წარმოქმნის ხელშეწყობა.
როგორც ყველა ვაქცინაციის შემთხვევაში, შესაძლოა ზოგიერთ ადამიანს განუვითარდეს დროებითი გვერდითი მოვლენები მათი უმეტესობა მსუბუქია და მაქსიმუმ სამ დღეში ქრება.
მაგალითად, ყველაზე ხშირი რეაქციებია:
- ინიექციის ადგილის ტკივილი, წვა ან შეშუპება
- დაბალი სიცხე ან შეციება
- თავის ტკივილი, საერთო სისუსტე
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი
- ბავშვებში შესაძლოა ჰქონდეთ გაღიზიანება, ძილიანობა, მადის დაქვეითება.
იშვიათად ვლინდება მსუბუქი გამონაყარი ან ქავილი.
ისევე როგორც შარშან, წელსაც ქვეყანაში შემოტანილია 200 ათასი დოზა ვაქცინა.
ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ვაქცინების ეს რაოდენობა პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საჭირო გახდება ვაქცინის რაოდენობის დამატება, ესეც გათვალისწინებულია:
„ბოლო წლების მონაცემებით, სეზონურ გრიპზე საშუალოდ 170 ათასი მოქალაქე იცრება. მოთხოვნა წლიდან წლამდე იცვლება, თუმცა ტენდენცია მზარდია. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, აღნიშნული, 200 ათასი დოზა სრულად შეესაბამება პროგნოზირებულ საჭიროებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის დამატებითი პარტიის შემოტანაც შესაძლებელია“, - მოგვწერეს ჯანდაცვის სამინისტროდან.
ვაქცინა ხელმისაწვდომია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში. ჩამონათვალი იხილეთ აქ.
მცირე გამოკითხვა - იცრებით და ცრით თუ არა შვილებს?
ვაქცინაცია, საილუსტრაციო ფოტო
რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფში გაწევრიანებულ მომხმარებელს სწორედ ეს კითხვა დაუსვა.
ვაქცინაციის პროცესის, ვაქცინაციის ნდობისა და მისი სარგებლობის შესახებ სხვადასხვაგვარი პასუხები მოვისმინეთ. თუმცა, უმეტესობა თვლის, რომ ვაქცინაცია გრიპის სეზონზე მნიშვნელოვანია.
აი, რამდენიმე პასუხიც:
- „შარშან ავიცერი პირველად და პირველი წელი იყო, როცა მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შემხვდა ვირუსი და ისიც მხოლოდ სურდოთი გადავიტანე. მანამდე არც ვიცოდი საყოველთაო პროგრამა თუ არსებობდა. ბავშვსაც აუცილებლად ავცრი ხოლმე“.
- „არ ამიცრია, მთელმა ოჯახმა გადავიტანეთ, 3+ ასაკიდან, ტამიფლუს, ანტიბიოტიკების და კლინიკის გარეშე. აცრაზე დაყრდნობის ნაცვლად, ვცდილობ თანხები და დრო მივმართო ისეთი ბუნებრივი პროდუქტების მიღებაზე რაც ორგანიზმის გამწმენდი და შემავსებელია საჭირო რესურსებით“.
- „ვცრი აუცილებლად და ვფიქრობ, რომ სავალდებულო უნდა იყოს სკოლებსა და ბაღებში“.
- „საქართველოში როგორც კი დაიწყო შემოტანა, მას მერე ვცრი. უფროსს ამის გამო 3 წლის ასაკში მოუწია პირველად, თუ არ ვცდები, პატარას- 6 თვიდან. ძალიან დიდი სხვაობაა იმაში, როგორ გადააქვთ ვირუსი. როცა ჩემი შვილის კლასელები მთელი კვირით იყვნენ ჩაწოლილები, ეს 2 დღეში გამოჯანმრთელდა“.
- „მე კოვიდის შემდეგ ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ. არ მჯერა ფარმაცევტული კომპანიების და ზოგადად ჯანდაცვის სფეროში ყველაფერი რომ რიგზე არ არის, ყველამ ვიცით... ეს სეზონური ვაქცინები, რომლებსაც გვთავაზობენ და თან გვეუბნებიან, რომ დაზღვეული მაინც არ ვართ, რატომ გავუკეთო?“
- „არავინ მშობელთან არ მუშაობს წესიერად, რომ გააგებინოს, რა შეიძლება მოიტანოს ვირუსმა და რა სარგებლობა აქვს აცრას“.
- „არ ვცრი იმ მიზეზით, რომ ჩემი გამოცდილებით ჩემს გარშემო აცრილ და აუცრელ ბავშვებს ზუსტად ერთნაირად ხვდებათ და გადააქვთ სეზონური ვირუსები. აუცრელებს ალბათ ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტის დამსახურებით, მაგრამ ვთვლი რომ აუცილებლად უნდა აიცრან რისკ-ჯგუფში მყოფი ბავშვებიც და უფროსებიც“.
ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გრიპის ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე, რაც მოიცავს როგორც ვაქცინის შეძენას, ისე ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ ხარჯებს.