31 ივლისს, საღამოს 11 საათისთვის, როდესაც რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა და აქციის მონაწილეები ქუჩაში იდგნენ, მომიტინგეებს ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე მიუახლოვდა. მასსა და აქციის მონაწილეებს შორის კონფლიქტი მოხდა.
თოშხუა და შერვაშიძე ორი კვირის შემდეგ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე“.
ასევე ნახეთ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინაპროკურორმა ნინო ჟვანიამ 18 აგვისტოს გამართულ სასამართლოზე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა, დაახლოებით ათიოდე კაცმა, რომელთაგან ჯერ მხოლოდ მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუაა ამოცნობილი, აქციაზე მისულ ბექას ხელი ჰკრეს, ფეხი მოუქნიეს და წააქციეს.
1988 წელს დაბადებულ თორნიკე თოშხუასა და 1992 წელს დაბადებულ მინდია შერვაშიძეს ბრალი წარუდგინეს ძალადობაში, რომელმაც ადამიანს ფიზიკური ან/და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია, ეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტია.
დაცვის მხარის ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ ყოფილი ფეხბურთელი დანით შეიარაღებული მივიდა რუსთაველზე და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. დანის არსებობას სამი მოწმე ადასტურებს.
აქტივისტები ჰყვებიან, რომ შეამჩნიეს, როგორ ამოუვარდა ჯიბიდან დანა ჩხუბის დროს ბექა გოცირიძეს. ეს დანა მათ შემდეგ პატრულს გადასცეს. თუმცა პროკურატურის დოკუმენტებში დანა არ ფიგურირებს. პროკურორმა ნინო ჟვანიამ განმარტა, რომ კამერების გადაღებული ვიდეოების დათვალიერებისას დანა არსად ჩანდა, ამიტომ გაუგებარია, იყო თუ არა ის იქ და თუ იყო, ვის ეკუთვნოდა.
მარიამ დარბაიძე, რომელიც 31 ივლისს მომხდარს შეესწრო, ჰყვება, რომ დანა მომიტინგეებმა ნამდვილად იპოვეს, თუმცა ვისი იყო, ამის თქმა არ შეუძლია.
„მინდიასთან ახლოს ვიდექი. ბექა გოცირიძე წამოვიდა, ხელში ტელეფონი ეჭირა, სავარაუდოდ, ლაივში იყო. იღებდა და თან იძახდა: „ქათამო“, „ქათამო“. მინდიას რეაქცია ჰქონდა, მაგრამ შეურაცხმყოფელი არაფერი უთქვას. უბრალოდ მიმართა, კარგად გადაიღე, კარგად გადაიღეო. ამაზე ბექა გოცირიძე წამოემართა მინდიასკენ, მისგან იყო შეურაცხყოფა და შეტაკებაც. გადმოიხარა მინდიასკენ და დაარტყა კიდეც. შემდეგ გვერდით გადმოვედი და ვხედავდი, რომ მირბოდა ბექა, მიჰყვებოდა ხალხი“, - უთხრა დარბაიძემ რადიო თავისუფლებას.
დანასთან და ბრალეულობასთან დაკავშირებულ საკითხებს თბილისის საქალაქო სასამართლო მომდევნო სხდომებზე განიხილავს. 18 აგვისტოს მას მხოლოდ ის უნდა გადაეწყვიტა, დატოვებდა თუ არა დაკავებულებს პატიმრობაში. სასამართლო 3 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ დაგვიანებით დაიწყო, რადგან მანდატურმა გამოაცხადა, შორტებით სხდომაზე ვერავინ შემოვა, ქალებმა კი, რომლებსაც სარაფნები აცვიათ, რამე მოიხურონო.
„მოსაცმელი არაფერი გაქვთ?“ „ოთხი მოსაცმელი გვჭირდება“, „ეკლესიაა თუ რა არის“, „მანდილიც ხომ არ დავიხუროთ“, - აბუზღუნდა ხალხი. ბოლოს ერთი გოგო ისევ გარეთ გავიდა და მამაკაცის პერანგით დაბრუნდა, დერეფანში ამის მეტი ვერ ვიშოვეო.
ტანსაცმლის გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, ერთი დამსწრე ნაქსოვი ჟაკეტით იჯდა, მეორე - მამაკაცის პერანგით, მესამეს კი დროშა ჰქონდა მოხურული. დაკავებულების შემოსვლას ტაშით შეხვდნენ.
„ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, ამ კონკრეტულმა პირმა რამე დაზიანება მიიღო თუ არა. ათი კაცის მოქმედების შედეგად რამე დაზიანება უნდა ჰქონოდა“, - თქვა თორნიკე თოშხუამ, როდესაც სიტყვა მისცეს.
„ერთადერთი ის მინდოდა მეთქვა“, - დაიწყო მინდია შერვაშიძემაც და მერე ხელი ჩაიქნია, იყოსო.
სასამართლოზე ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ბექა გოცირიძე ღიად ემუქრებოდა პროევროპული აქციების მონაწილეებს. ამ თემაზე მას არაერთი ვიდეო აქვს ჩაწერილი და გამოქვეყნებული: მაგალითად, ვიდეო, რომელშიც გოცირიძე აქციის მონაწილეებზე მიუთითებს და ამბობს: „თბილისში გაიხსნა ახალი ზოოპარკი, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ცხოველები“, კიდევ ერთ ვიდეო სათაურად: „ნაბოზვრები“, კიდევ სხვა ვიდეო… საბოლოოდ, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ადვოკატს შენიშვნა მისცა „უწმაწური სიტყვების ციტირებისთვის“ და ისიც გაჩუმდა.
სოციალურ ქსელებში დღემდე იძებნება ბექა გოცირიძის კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: „რუსთაველზე გავიარე და ეს სვავები, ეს სვავები ახლა რომ კაცობენ და ჩემზე წერენ რაღაცეებს, ის უსამშობლოები, დამესივნენ ის ფარჩაკები. არც ნაცემი ვარ და არც არაფერი. უბრალოდ ეს ვიდეო დავდე, და ეს სვავები და ტურები მალე დამთავრდებით“.
პროკურორმა დაკავებულების პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, იმ მიზეზით, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, თოშხუა და შერვაშიძე შეიძლება მიიმალონ ან ისევ გაუსწორდნენ ვინმეს. პროკურორმა ნინო ჟვანიამ სასამართლოს უთხრა, რომ არ შეუძლია თავის შეკავება იმ ადამიანს „რომელიც რუსთაველის გამზირზეც კი არ ერიდება დანაშაულის ჩადენას“. ისიც აღნიშნა, რომ მართალია, არც შერვაშიძე და არც თოშხუა ნასამართლევები არ არიან, მაგრამ შერვაშიძეს ჯარიმა აქვს გამოწერილი გზის გადაკეტვის გამო.
ასევე ნახეთ დაკავებულ აქტივისტებს, თოშხუასა და შერვაშიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდადღევანდელ სასამართლო პროცესზე ბევრს გაახსენდა, 21 თებერვალს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირება, როდესაც ფილარმონიასთან აქციის მონაწილეებს ორი ადამიანი თავს მაჩეტეთი და ხელკეტით დაესხა. მაშინ მათ წინააღმდეგ საქმე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღიძრა. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, თუმცა იზოლატორი ორიოდე დღის შემდეგ დატოვეს.
ასევე ნახეთ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს აქვთ ბრალად წაყენებული, სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს 180 საათით ან მეტი ვადით, ან მაქსიმუმ ორი წლით პატიმრობას. ადვოკატი ითხოვდა დაკავებულები გირაოთი გაეშვათ, მით უფრო, რომ მინდია შერვაშიძის კმაყოფაზე სამი მცირეწლოვანი შვილია, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ისინი პატიმრობაში დატოვა, შემდეგი სასამართლო სხდომის თარიღად კი 6 ოქტომბერი ჩანიშნა.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ტირილი, ყვირილი და მოსამართლის მისამართით კრიტიკული შეძახილები მოჰყვა. ზოგი დერეფანში ისე გავარდა, სასამართლოს დასრულებას არც დალოდებია.