დაკავებისას თოშხუას და შერვაშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით პატიმრობა ელით.
საქმე ეხება 31 ივლისს 23 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას. დაცვის მხარის ადვოკატის ომარ ფურცელაძის თქმით, ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე დანით შეიარაღებული რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
აქტივისტების მონაყოლით, შეამჩნიეს, როგორ ამოუვარდა ჯიბიდან დანა ჩხუბის დროს ბექა გოცირიძეს. ეს დანა აქციის მონაწილეებმა პატრულს გადასცეს. პოლიციამ გოცირიძე ტერიტორიას განარიდა.
პროკურორმა ნინო ჟვანიამ სასამართლოზე თქვა, რომ ბექა გოცირიძეს ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დღევანდელი 18 აგვისტოს სხდომაზე, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და შერვაშიძესა და თოშხუას პატიმრობა შეუფარდა.
წინა სასამართლო სხდომა 6 ოქტომბერს გაიმართება.
აქტივისტების განცხადებით, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 31 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, პროვოკაციის მსხვერპლები არიან.
რუსთაველზე მომხდარი ინციდენტიდან მალევე ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰყვებოდა, რომ ჩხუბში მოყვა და რომ პროევროპული აქციის მონაწილეებმა "მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს". მას შემდეგ გოცირიძემ კიდევ არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აქციების მონაწილეებს და მათ თანამოაზრეებს აგინებს და ამბობს "ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს".
ფორუმი