„ყველაფერი კარგად იქნება“ - დაპატიმრებულმა დემონსტრანტებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს

„რვიანის“ სასამართლო პროცესი დასასრულს მიუახლოვდა - განაჩენის გამოცხადება 2 სექტემბერს დაინიშნა.

დღეს, 27 აგვისტოს დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს „ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებულებმა. 8 დემონსტრანტის სასამართლო პროცესი, რაც ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად, დასასრულს უახლოვდება.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა, რომ განაჩენს, სავარაუდოდ, ორ სექტემბერს გამოაცხადებს. სხდომაც ამ დღეს, 12:00 საათზე დანიშნა.

ტრადიციულად სავსე დარბაზში მორიგი სხდომა დღეს დაახლოებით პირველი საათისთვის დაიწყო.

რეპლიკების ეტაპზე პროკურორებმა თქვეს, რომ „რეპლიკა არ აქვთ". სასამართლო საბოლოო სიტყვების ეტაპია. ეს არის ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ უნდა გავიდეს.

დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს ბრალდებულება:

  1. ზვიად ცეცხლაძემ,
  2. ნიკოლოზ ჯავახიშვილმა,
  3. გიორგი გორგაძემ,
  4. თორნიკე გოშაძემ,
  5. ინსაფ ალიევმა,
  6. ვეფხია კასრაძემ,
  7. ვასილ კაძელაშვილმა,
  8. ირაკლი მიმინოშვილმა.

რადიო თავისუფლება გთავაზობთ მათს დასკვნით სიტყვებს სასამართლო სხდომებზე. მათი სიტყვები ჩაიწერა რადიო თავისუფლების რეპორტიორმა სალომე ჩადუნელმა (სასამართლოში აუდიოვიდეოჩაწერა, ფოტოგადაღება და ტრანსლაცია აკრძალულია).

„ჩემი მოტივია, რაიმე დადებითი შევძინო ქვეყანას“ - ზვიად ცეცხლაძე

„როცა პროკურორების სიტყვას ვუსმენდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს, რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე, გადაუარეს რუსთაველს, ააოხრეს და წავიდნენ, თითქოს აქამდე არაფერი მომხდარა, ან მათ წინააღმდეგ რაიმე ქმედება არ იყო ჩადენილი".

რატომ გავიდა ის აქციაზე?

„ჩემი, ზვიად ცეცხლაძის ერთადერთი მოტივი არის, რომ რაიმე დადებითი შევძინო ამ ქვეყანას და შევძინო პიროვნულად მე... ერთადერთი იდეა, რაც მამოძრავებდა იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფორმა, რის შესახებაც იურისპრუდენციის საწყისებში შევიტყვე, ნაშრომებში წავიკითხე, როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს საზოგადოება ხელისუფლებას და კანონებს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ არის ანარქია, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტები უნდა გაჯანსაღდნენ... ადამიანი, რომელიც გამოდის რაღაცის წინააღმდეგ მიისწრაფვის, რომ ეს სტრუქტურები გამოასწოროს, სადაც ხარვეზს ხედავს და არა დააზიანოს და გაანადგუროს.

ზვიად ცეცხლაძე. 2025 წლის 11 იანვარი

ჩემთვის ამის მაგალითი სოკრატეს აპოლოგიაა და კარგად მივხვდებით, წინააღმდეგობა რა ფუნდამენტზე დგას.. როცა სოკრატეს ბრალი დასდეს ახალგაზრდების გარყვნაში, ათენის სასამართლომ ღია სასამართლო ჩაუტარა, ის გამოვიდა ღია აპოლოგიით და თქვა, რომ უდანაშაულო იყო და ნასამართლობა არ ჰქონია, მაშინ სასამართლოს განაჩენი იყო - თავად შეაფასე რა სასჯელს იმსახურებო...

კი ბატონო მე ვარ უდანაშაულო, მაგრამ მე მოქალაქე რომელიც ვემსახურებოდი მთელი ცხოვრება ათენის კანონებს. მე რომ ეს კანონები ჩამოვშალო და გავიქცე დავანგრევ ათენის დემოკრატიის ინსტიტუტს და მე არ შემიძლია ეს დავუშვა... სოკრატეს უდანაშაულობაც კი არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ეს ინსტიტუტი ჩამოეშალა, როცა მისი საქმიანობა ამ ინსტიტუტის გაჯანსაღებას ემსახურებოდა

ამაზე იდგა ჩემი და ახალგაზრდების ემოციური ფონი, რომლებიც გამოვიდნენ, რადგან უნდათ უკეთესობისკენ შეეცვალათ რაიმე“...

„ყველაზე კარგი მაგალითია, რომ აპრილი-მაისის აქციებზე ახალგაზრდები გამოდიოდნენ და ცეკვა-თამაშით მიჰყავდათ პროტესტი და აღმოჩნდა, რომ დეკემბრის ბოლოს ეს ახალგაზრდები, რომლებიც არაფერს აშავებდნენ, არიან მოძალადეები, თურმე სცოდნიათ ქვის სროლა, სცოდნიათ მოლოტოვების დამზადება და ყოფილან რადიკალურები, არავინ სვამს კითხვას რამ გამოიწვია ეს დაპირისპირებები ან საზოგადოების ნაწილი რამ მიიყვანა დაპირისპირებამდე და რას სჩადიოდა სამართალდამცველებად წოდებულთა უმრავლესობა“.

ზვიად ცეცხლაძის თქმით, ბრალდებამ სასამართლოზეც კი ვერ დამალა პოლიციელების მხრიდან ძალადობა და ამ ფაქტების შემცველი კადრები მოიტანა აქ.

„ჩვენ მოვყევით ალყაში და უსასტიკესად გვცემეს, სათვალე გადამალეწეს, ფეხსაცმელების გარეშე მომიწია ასვლა უნივერსიტეტამდე ისე გვცემეს".

ცეცხლაძე ამბობს, რომ აქციაზე მოქალაქეები „სიცოცხლის დაცვის უფლების რეჟიმში იყვნენ".

„ჩვენ გვაქვს დამატებით შეძენილი უფლება, რომელსაც სახელმწიფო არ გვანიჭებს, სიცოცხლის უფლება ჯანმრთელობის უფლება, რაც არ უბოძებია სახელმწიფოს ვერ წამართმევს, ამიტომ მე რობოკოპსაც წინააღმდეგობას გავუწევ...

თუ მე მსურს გავაჯანსაღო სახელმწიფო და ინსტიტუტები, რომლებიც ძალადობენ, არ შეიძლება მე მათ ძალადობით ვუპასუხო, მე უნდა ვიყო მაგალითი. ამაზე დგას წინააღმდეგობა.. აქციაზე რომ არ გავსულიყავი, სირცხვილის გრძნობა მომკლავდა...მე მაქვს მორალური მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

ზვიად ცეცხლაძე (შუაში)

ზვიად ცეცხლაძე გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას და პატივისცემას მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილისადმი და მოჰყავს მაგალითები:

  • როცა ბრალდებულ ინსაფ ალიევს შვილის ნახვის უფლებას აძლევს,
  • როცა ოჯახის წევრებს ბრალდებულებთან კომუნიკაციის რამდენიმე წუთს აძლევს,
  • როცა ზრუნავს გორგაძეზე და მიმინოშვილზე.

ის ამბობს, რომ რა განაჩენიც უნდა დადგეს მის მიმართ ეს პატივისცემა არ შეიცვლება. მადლობას უხდის მას, მადლობას უხდის დამსწრეებს, ყველას და ასე ასრულებს სიტყვას.

დამსწრეები ტირიან.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი: „საფრთხე არავისთვის შემიქმნია“

„მინდა მოგიყვეთ, როგორ განვითარდა 2024 წლის 28 ნოემბერს ღამის საათებში მოვლენები.

იმ დღეს მე და მარიამი [შეყვარებული] ბათუმში ვიყავით, გზაში ვიყავით, როცა ირაკლი კობახიძის განცხადებას მოვუსმინე. როცა თბილისში ჩამოვედით, სახლში მივაცილე, სახლში მივედი, გამოვიცვალე და გამოვედი რუსთაველის გამზირზე.

აქციაზე ვიყავით სრულიად მშვიდობიანად. არავის დავსხმივარ თავს, მით უმეტეს მშვიდობის მოყვარული გახლავართ.

ჩემი აქციაზე ყოფნის პერიოდში არანაირი მოწოდება არ ყოფილა სამართალდამცველების მხრიდან ან გზა გაგვეთავისუფლებინა ან უბრალოდ დავშლილიყავით.

ღამის საათები იყო, როდესაც ჩემთვის ვიღაც უცნობი შენიღბული პიროვნება მოვიდა ჩემთან და მითხრა, ფეიერვერკი დამიჭირე ერთი წუთითო.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი

მე უარი განვუცხადე ორი მიზეზის გამო. ერთი ის იყო, რომ ჩემთვის უცნობი და შენიღბული პიროვნება იყო, და მეორე ის, რომ ფითილზე მოკიდებულ ფეიერვერკს მაწვდიდა.

მაგრამ მე უარი ვუთხარი.

მან ძირს დააგდო და გაიქცა.

დავიყვირე, რას აკეთებ-მეთქი, შევაგინე და ინსტინქტურად უცებ ავიღე ძირიდან ფეიერვერკი, რომ ვინმე არ დაზიანებულიყო.

როცა ავიღე, ეგრევე ზემოთ ცაში აღვმართე. მაღლა აწევა ცაში და გასროლა ერთი იყო, რადგან ამ მიმართულებით მეჭირა, გავიქეცი, რამდენიმე მეტრით წინ, რადგან ხალხის სიმჭიდროვე იყო (ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არავინ დაზარალებულიყო).

ჩემსა და პოლიციელებს შორის იყო ძალიან დიდი დაშორება, დაახლოებით 500 მეტრამდე.

ჩემი მოქმედებებით საფრთხე არც საზოგადოებისთვის, არც პოლიციელებისთვის, მათ შორის არც შენობა-ნაგებობებისთვის არ შემიქმნია.

ჩემთვის გაუგებარია, როგორ ვითვლები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილედ, როდესაც ერთმანეთთან ნაცნობობაც კი არ გვაკავშირებს არამცთუ სხვა რამ“.

„ყველაფერი კარგად იქნება“ - გიორგი გორგაძე

„არაფერია სანერვიულო. ოთხი წელი გაივლის და ყველაფერი კარად იქნება და მეც და ჩემი ოჯახის ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ როგორშიც გვინდა“.

მან მადლობა გადაუხადა მშობლებს, მეგობრებს, მხარდამჭერებს და ნათესავებს. ბრალდებაზე კი თქვა:

„ჩემთვის ბრალდება გაუგებარი იყო და ეს ბიჭები სასამართლოს ე.წ. ფუქსებში გავიცანი. არც ვიცოდი, რომ მათთან ერთად საერთო საქმე მედავებოდნენ, სასაცილო იყო... ალბათ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება... ამ ქვეყანაში სამართალი დაკარგულია".

გორგაძე ამბობს, რომ დაკავებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„საკმაოდ მხნედ შევხვდი ამ ყველაფერს... არ შემშინებია არაფრის, არც ციხის კედლები შემაშინებს და არაფერი ცხოვრებაში, როცა ჩემს ქვეყანას ეხება... ტელევიზიაში ხშირად მესმის ფრაზები: რადიკალები... ბევრი ადამიანი შემიძლია მოვიყვანო და ჩემი პიროვნება დაახასიათოს, ქალბატონო თამარ, ალბათ, თქვენც მოგიწევთ ჩემი დახასიათება, არ ვიცი, როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა... იმედია, ამას გაითვალისწინებთ, რომ მე არ ვარ ეგეთი ადამიანი, მოძალადე, რადიკალი, ვიღაც მომეკლა. არ ჯდება ეს ჩემში. შეიძლება, ჭიანჭველას არ დავადგა ფეხი“.

გიორგი გორგაძე

„დაკავების წუთიდან დუმილის უფლებას ვიყენებ და ახლა ვარღვევ დუმილის უფლებას. უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს და იმედი მაქვს, თქვენ, ქალბატონ თამარ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ და იმედია, ეს საქმე ისტორიას დარჩება დიდი ზეწოლის მიუხედავად სამართლიანი გადაწყვეტილება, როგორც მიიღო ქალბატონმა თამარ მჭედლიშვილმა“.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მამას, რომ შეაყვარა ტრიბუნა.

წარმატებები უსურვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს.

„სამართლიანი განაჩენის შემთხვევაში 2026 წელს ამერიკაში შევხვდებით და ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - თქვა მან.

თორნიკე გოშაძე: „აქციაზე ვიდექი, რადგან რუსეთი არის მტერი“

„მადლობას გიხდით, ვინც დგახართ სინათლის სამართლიანობის მხარეს“, - ასე დაიწყო სიტყვა თორნიკე გოშაძემ.

მან გაიხსენა რუსთაველის გამზირზე გადაღებული კადრი, როგორ ურტყამენ პოლიციელები წიხლებს სახეში აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილს. მისი განცხადებით, ამ კადრების შემდეგ გავიდა აქციაზე.

„თქვენც ხვდებით, ბატონო მოსამართლე, რომ ის ბიჭი უგონო მდგომარეობამდე უჰაერობას არ მიუყვანია. ვიდექი აქციაზე, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა... ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა, რომ რუსეთი არის მტერი“.

დემონსტრანტების „რვიანი“, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან

მისივე განცხადებით, არ ყოფილა ჩართული ორგანიზებულ დანაშაულში.

„ამ ბიჭებს არათუ არ ვიცნობდი, ამ პატარა ქვეყანაში მეგობრობის კუთხით და ნათესაობით ნაცნობიც კი ვერ გამოვნახე“, - თქვა გოშაძემაც და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, მისი პოზიციით, ბრალდების აბსურდულობას.

მან გაიხსენა პოლიციელებთან გამართული დიალოგი. მან იკითხა, რატომ შემოვიდნენ თვითნებურად მის ეზოში და რატომ არ იღებდნენ ჩხრეკას ვიდეოზე. პასუხად მიიღო, რომ არავის აფრთხილებენ წინასწარ, როცა აკავებენ და კამერაზე უთხრა, რომ არ ჩათვალა საჭიროდ. გოშაძე ამბობს, რომ არც ადვოკატთან დარეკვის უფლება მისცეს და არც უფლებები გააცნეს.

„ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა მითხრა, რომ რაიმე ნივთი მქონდა კანონსაწინააღმდეგო საკუთარი ხელით გადამეცა და ტყუილად ნუ გავაწვალებდი, ამაზე გავეცი პასუხი, რომ ეზო და სახლი რომ გადაეტრიალებინათ ასეთ ნივთს ვერ იპოვიდნენ... მათი პასუხი იყო - ბევრს ნუ ვტლიკინებდი, მაგიდაზე ჩემს წინ დააწყობდნენ ნივთიერებას, რომელზეც ვერ დაამტკიცებდა, რომ მისი არ იყო. გააკეთეს კიდეც ეს“...

თორნიკე გოშაძე

„დროშას მინდა შევეხო, რომელიც არაფერთან ასოცირდება გარდა სოლიდარობისა და სამშობლოს სიყვარულისა... მაშინ აქციებთანაც ასოცირდებოდა, წამოღებული მქონდა ცრემლსადენი კაფსულა აქციიდან... როცა კაფსულა ვაჩვენე, მითხრეს არ გვაინტერესებსო, გამიკვირდა, რადგან აქციაზე დამადასტურებელ მტკიცებულებას ეძებდნენ.. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მცნოთ დამნაშავედ... რომელიც არ ჩამიდენია, მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ, უდანაშაულო ვარ".

„მე მყავს მეგობრები და ახლობლები, რომლებსაც ბევრჯერ აქვთ მოყოლილი, როგორ მეცადინეობდნენ სანთლის შუქზე... მე არ ვიცი, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პროფესიით მწვერვალი, მაგრამ მჯერა, რომ მანტია და სკამი ციდან არ ჩამოვარდნილა..... არ ვცდილობ თქვენი გულის მოგებას ან ზეგავლენის მოხდენას, არ მინდა ჩემი სიმართლე დაიკარგოს და თქვენი სამართლიანობა და ობიექტურობა ეჭვის ქვეშ დადგეს... ის დრო, რაც სამართლის შესწავლისთვის გაქვთ დათმობილი, თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილების და ოცნების დარღვევა და საპყრობილეში გამომწყვდევა“.

„დღეს თქვენ ხართ დაზარალებულიც, ბრალდებაც, დაცვაც, მოწმეც, ყველა მხარე... არასოდეს დამავიწყდება არც თქვენი სახელი და არც თქვენი სახე და მიზეზი იმისა, რატომ ეს თქვენს სამართლიანობაზე იქნება დამოკიდებული“.

ინსაფ ალიევი: „ჩემით მივედი, ვინმეს კარნახით არა“

ინსაფ ალიევმაც გაიმეორა, რომ არასოდეს შეხვედრია მის გვერდით განსასჯელის სკამზე მოხვედრილებს:

„არასდროს შევხვედრივარ ამ ადამიანებს. თავისუფლების მოედანზე ჩემით მივედი, ვინმეს კარნახით არა.

ინსაფ ალიევი

თუ დანაშაული მაქვს ჩადენილი მზად ვარ, ვაღიარო... თუმცა წინაზეც დავათვალიერეთ და დავინახეთ პროკურატურის მტკიცებულებები... ვითომ ზვიადი ლაპარაკობდა ტელევიზორში, მე თარჯიმანს მივმართე, მითხარი რას ლაპარაკობს და რა მოვიმოქმედო, მხოლოდ ამ მტკიცებულების საფუძველზე, ასეთ ბრალდებას მიყენებენ...

ორი პატარა არასრულწლოვანი ბავშვი მყავს და, მჯერა, სამართლიან განაჩენს მივიღებ“.

ვეფხია კასრაძე: „სიყალბეა“

ვეფხია კასრაძემ თავდაპირველად თქვა, რომ ააღელვა ზვიად ცეცხლაძის სიტყვამ, ბოდიში მოიხადა და დაიწყო საუბარი მოსამართლისადმი პატივისცემის გამოხატვით. შემდეგ განაგრძო:

„ის ჩანაწერი, რითაც მედავება ბრალდების მხარე, სიყალბეა. ბუნდოვანია, რა დროსაა ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, ვინ გადაიღო, არ არის აბსოლუტურად ავთენტური და ეს ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, არა მარტო ჩემში, არამედ ყველაში, ვინც ეს ნახა.

ურთიერთგამომრიცხავია, როცა ბრალდება ამბობს, რომ მე რაღაცას ვაორგანიზებდი, რადგან მე სრულიად საწინააღმდეგო შეხედულება მქონდა ამ პროცესების მიმართ...

მე ზუსტად ვიცი, რა გავიარეთ ჩვენ 90-იან წლებში, ძალიან დიდი შიში მქონდა, ეს დაპირისპირებაში არ გადასულიყო და ჩემს თავს ვალდებულად მივიჩნევდი, როგორც ომის ვეტერანი, რომ საზოგადოებასა და სპეცრაზმს შორის არ მომხდარიყო დაპირისპირება, რადგან იქით მხარეს შეიძლება იდგნენ ისინი, ვისთან ერთადაც ბრძოლაში ვიყავი, მეორე მხარეს კი იდგა ბრილიანტის თაობა.

ბევრჯერ მომიწოდებია ადგილზე მშვიდობისთვის, მე მოვუწოდებდი ორივე მხარეს, რომ დაწყნარებულიყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს მოწოდებაზე სიტუაცია დამშვიდდა, მე პოლიციელებს ვკითხე, შეეცადეთ, რომ ეს ხალხი დაგემშვიდებინათ? პარტიაშიც კი დავაყენეთ საკითხი, იქნებ ჩვენ შუაშიც ჩავდგეთ, რანაირად შევძლებდით პროცესის გაკონტროლებას? ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება“.

ვეფხია კასრაძე

„ეს იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია კონსტიტუციის ფარგლებში... დიდი პასუხისმგებლობა იყო ამის დაცვა, როგორც პარტიის წევრს სხვა პასუხისმგებლობები მქონდა, ეს ბრალდება არის ყალბი, არ შეესაბამება სიმართლეს... არა მხოლოდ უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს, არამედ ერთადერთი კითხვა მაქვს - რისთვის, ცხრა თვე ციხეში რისთვის? - ჩემთვის ეს გაუგებარია.

ფალსიფიკაცია და მონტაჟია, გამომძიებელმაც დაადასტურა, უდანაშაულოდ და შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, დღეს არ დამიწყია საქართველოსთვის ბრძოლა, მოვდივარ ბრძოლით, მინდოდა ცვლილებები ქვეყანაში, ზუსტად იმისთვის ვიბრძოდი, რომ რა პროკურატურა და სასამართლოც გვაქვს... მე მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ არავინ მიგითითოთ რა გადაწყვეტილება მიიღოთ და თქვენს ღირსებას არ შეეხოთ

ვერავინ მიუთითოს პროკურორებს.. ასეთი საქართველო მინდა, ასეთი საქართველოსთვის იბრძვიან ეს ბიჭები, ჩემი სიამაყეები არიან“.

„დედა მიყვებოდა ხოლმე, როგორც არ უნდა გამეკოჭე, მარჯვენა ხელს იძრობდი, ნაჭერი ხელში გეჭირა და დროშასავით აქნევდიო, ალბათ თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი იქიდანვე ჩამებეჭდა და მოვედი აქამდე, არ ვნანობ, მე ვარ უკანონო პატიმარი"

ან მოვიპოვებ თავისუფლებას ან ამ ბრძოლას შევეწირები“, - ასე დაასრულა მან სიტყვა.

ვასილ კაძელაშვილი

ვასილ კაძელაშვილიც მადლიერების გამოხატვით დაიწყო საბოლოოდ სიტყვა, მათ შორის მადლობა გადაუხადა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს:

„მადლობა ამ საოცარ ადამიანებს, იურისტებს, ადვოკატებს, რომ ასე თავგანწირვით იბრძვით, სიმართლისთვის, ფასეულობებისთვის, რითაც გაიზარდეთ და დილით, როცა ადგებით, სამსახურში მიდიხართ, სარკეში ჩაიხედავთ და თქვენი თავის არ გრცხვენიათ... ამოღებული ხმალი ხართ ჩვენთვის".

„თავისუფლება უბრალო სიტყვები არ არის, იმ თავისუფლებას გაუმარჯოს, რომლისთვისაც იბრძვით“, - თქვა მან.

„მეცინება. მედავებიან ჯგუფურობას...

ცხოვრებამ მომიტანა, მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე, მაგრამ გავაგრძელე ცხოვრება, 18 წელი დინამო თბილისში წყალბურთელთა ნაკრებში ვითამაშე და ბევრი წარმატება მოვუტანე ქვეყანას...

ვერასდროს ვიტანდი ძალადობას და დღეს ჩემს გულში რომ ჩავიხედავ, ვზივარ ისეთ ბრალდებას მიყენებდნენ, თითქოს მე ვაორგანიზებდი ანგელოზებივით თაობას, მათ დასაორგანიზებელი არაფერი აქვთ, მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებსაც აიფონი ლაიქისთვის აქვთ, ესენი ცხოვრობენ იქ, სწავლობენ, ინფორმაციას ეცნობიან, პროპაგანდისტულ გვერდებს კი არ უსმენენ, ოფიციალურ გვერდებზე კითხულობენ“.

ვასილ კაძელაშვილი

„კადრები რომ გავიდა ჩემზე „იმედის“ ეთერში, ბევრმა მეგობარმა დამირეკა... მე ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი და შემეძლო კადრების გავრცელებისთანავე ავმდგარიყავი და წავსულიყავი, მაგრამ სიმართლესა და ტყუილს შორის, სიმართლე ვარჩიე და დავრჩი..

მეორე დღეს მირეკავს მეზობელი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს, მოდიო.. მივდივარ, ტელეფონს მატოვებინებს...

მაქვს შეგრძნება, რომ ვიღაცაა კიდევ ოთახში... ის მეუბნება, რა დამემართებოდა, თუ მათ დაწერილს არ ვიტყოდი ტელევიზიით.

მე ეს არ გავაკეთე. მე სიმართლის მხარეს ვარ და ამ ყველაფერში ჩემი ოჯახი დამეხმარა, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, ერთ-ერთი ჩემი შვილი ვერ მოდის რამდენიმე დღეა სამსახურიდან და ძალიან, ძალიან მაგრად მენატრება...

ეს ციხე არ არის, ეს არის წამება... 36 კვადრატში 6 კაცი რომაა, ჰაერი არ არის, ეს წამებაა... მე არ ვისაუბრებ, რა გავიარე ციხემდე...

ეს ახალგაზრდები ამას არ იმსახურებენ, ეს ადამიანები სიცოცხლით ცხოვრებით უნდა ტკბებოდნენ“.

ირაკლი მიმინოშვილი

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ, მადლობა, რომ ეს ადამიანები გავიცანი, კამერაში - ანდრო ჭიჭინაძე, დავით ხომერიკი, უჩა აბაშიძე...

მადლობა ოჯახის წევრებს, ხალხსაც, დიდ ძალას მმატებს ტელევიზორს რომ ჩავრთავ და ჩემს ბანერს ვხედავ ცხრა თვის მერე..

ბევრი დანებდა, მაგრამ ვინც იქ დგახართ და ჩემი სახელით აგრძელებს ბრძოლას.

მადლობა!“

ირაკლი მიმინოშვილი. 11 იანვრის ფოტო