მოკლედ
- დონალდ ტრამპმა ბელარუსში 1300 პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხი წამოწია, თუმცა ლუკაშენკას რეჟიმი დეტალებს არ ამჟღავნებს.
- ანალიტიკოსები ტრამპის ზარს ლუკაშენკასთან ბელარუსის საერთაშორისო იზოლაციის გარღვევად და აშშ-ის სარისკო დიპლომატიურ ნაბიჯად აფასებენ.
- უფლებადამცველების თქმით, ბელარუსში რეპრესიები გრძელდება და თუნდაც ათასზე მეტი ადამიანის გათავისუფლება მხოლოდ დროებით შეღავათად აღიქმება.
17 აგვისტოს ამერიკის პრეზიდენტმა კვლავ ახსენა ბელარუსელი პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ 1300 ადამიანი სწრაფად გათავისუფლდება ციხეებიდან.
ალიაქსანდრ ლუკაშენკას ადმინისტრაცია ჯერ არ ამჟღავნებს არც საუბრის და არც პოლიტპატიმრების შესაძლო გათავისუფლების დეტალებს. ლუკაშენკას პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“.
„ჩვენ არ ვჩერდებით, ამ მიმართულებით ვმუშაობდით და ვმუშაობთ“, - თქვა ლუკაშენკას პრესმდივანმა.
ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ "შესანიშნავი საუბარი" ჰქონდა ლუკაშენკასთანბელარუსში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა მართლა დაიწყოს ბელარუსელი პოლიტპატიმრების ციხეებიდან გათავისუფლების პროცესი, თუმცა არც ოპოზიციაში და არც უფლებადამცველთა წრეებში არ აქვთ იმის ილუზია, რომ ლუკაშენკა უარს იტყვის რეპრესიებზე.
ბელარუსის დევნილობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია მიესალმა პოლიტპატიმრებისადმი ყურადღებას, მაგრამ განაცხადა, რომ რეალური რეფორმების გარეშე ლუკაშენკას რეჟიმისთვის სანქციების შემსუბუქება კონტრპროდუქტიული იქნება.
„ვიცი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ზარი განახორციელა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მისიის გამო - ჩვენი ხალხის გასათავისუფლებლად და რეპრესიების შესაჩერებლად", - დაწერა ციხანოუსკაიამ თავის ოფიციალურ ვებსაიტზე, - "ეს არის მცდელობა, გადავარჩინოთ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე და მივაღწიოთ სისტემურ ცვლილებებს ბელარუსში. და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპს საამისოდ გავლენაც აქვს და ყველა საჭირო ბერკეტიც. რეჟიმმა არა მხოლოდ უნდა გაათავისუფლოს ადამიანები, არამედ უნდა შეაჩეროს რეპრესიები. ჩვენ უკვე გადავეცით შეერთებულ შტატებს პოლიტპატიმრების ყველა სია. გათავისუფლებულებს უნდა შეეძლოთ ბელორუსში დარჩენა, თუ ამის სურვილი ექნებათ, ხოლო რეპრესიების საფრთხის გამო წასულებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ დაბრუნება. ეს არის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც დეესკალაციისთვის უნდა გადაიდგას. სამწუხაროდ, გამოცდილება აჩვენებს, რომ ლუკაშენკას ნდობა არ შეიძლება. უნდა ვიმსჯელოთ საქმეების და არა სიტყვების მიხედვით.“
სვიატლანა ციხანოუსკაია
პოლიტიკის ანალიტიკოსების თქმით, ტრამპის ზარი ლუკაშენკასთვის სიმბოლური გარღვევაა მრავალწლიანი იზოლაციის შემდეგ, რაც, ერთი მხრივ, ლუკაშენკას დიპლომატიის წარმატებაა, მეორე მხრივ, კი აშშ-ის სარისკო ნაბიჯია, რასაც შესაძლოა დამნაშავე რეჟიმის ლეგიტიმაცია მოჰყვეს.
რადიო თავისუფლების ბალარუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველის, ვალერი კირბალევიჩის თქმით, ტრამპის სატელეფონო ზარს ორი შესაძლო ახსნა აქვს:
ტრამპს სურდა პუტინისთვის ლუკაშენკას მეშვეობით რაიმე მნიშვნელოვანი და სასწრაფო გზავნილის გადაცემა ანკორიჯის სამიტის წინა დღეს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლუკაშენკას მიიჩნევს პუტინის ექსპერტად და, შესაბამისად, მნიშვნელოვან პირად.
ვალერი კირბალევიჩის თქმით, ის, რომ ტრამპმა ლუკაშენკას „ბელარუსის პატივცემული პრეზიდენტი“ უწოდა, ძალიან ჰგავს არა მხოლოდ თავაზიან სატელეფონო ზარს, არამედ ვაშინგტონის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას: „ლუკაშენკასთვის ეს ზარი უზარმაზარი საჩუქარია,რომელზეც მას ოცნებაც კი არ შეეძლო. ეს საერთაშორისო იზოლაციის გარღვევაა“.
„გარდა ამისა, გარკვეული გაგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპის სატელეფონო ზარი აძლიერებს ბელარუსის სუბიექტურობას. ვაშინგტონი აჩვენებს, რომ ბელარუსის სახელმწიფოს არა რუსეთის სატელიტად, არამედ დამოუკიდებელ საერთაშორისო სუბიექტად მიიჩნევს“, - ამბობს ვალერი კირბალევიჩი.
ასევე ნახეთ ლუკაშენკა მეშვიდედ? - 26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართებაბელარუსელი ანალიტიკოსები იმასაც შენიშნავენ, რომ, მათ აზრით, აშშ-სა და ბელარუსს შორის ურთიერთობები და მოლაპარაკებების პროცესი ორი განსხვავებული მიმართულებით, ჰუმანიტარული და გეოპოლიტიკური მიმართულებებით ვითარდება.
„აღსანიშნავია, რომ ამ შეტყობინებაში ტრამპმა წინ წამოწია ჰუმანიტარული საკითხი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება", - ამბობს ბელარუსელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიპლომატი და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ვალერი კოვალევსკი, - "ეს ხაზს უსვამს და აძლიერებს ვერსიას, რომ ჰუმანიტარული მოლაპარაკებები ძალიან მოსახერხებელია ყველა მხარისთვის, როგორც მინსკისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის, რადგან გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება, უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია - ეს ყველაფერი უკანა პლანზე რჩება და ასე ყველაფერი საკმაოდ მისაღები, ღირსეული და კეთილშობილური ჩანს, რადგან საუბარია ადამიანების ბედსა და სიცოცხლეზე“.
თუმცა ვალერი კოვალევსკის თქმით, ამ ჰუმანიტარული საკითხის უკანაც იმალება მთავარი თემები, გეოპოლიტიკის საკითხები, მათ შორის უკრაინასთან ომის დასრულება.
„ამ მხრივ, ლუკაშენკა საკმაოდ საინტერესო პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის, რადგან მას პუტინთან პირდაპირი წვდომა აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკოსებს შორის ყველაზე ხშირად ურთიერთობს პუტინთან, კარგად იცნობს მის თავისებურებებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს, მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. ამ მხრივ, ლუკაშენკა შეიძლება იყოს როგორც ინფორმაციის წყარო, თუ ვინ არის პუტინი, ასევე ძალიან მოსახერხებელი შუამავალი, რომელსაც შეუძლია პუტინისთვის კონკრეტული შეტყობინებების, სიგნალების გადაცემა. გარდა ამისა, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების დღიდან ლუკაშენკას აღელვებს თავად ბელარუსის გადარჩენის საკითხი. თუ როგორ იქნება გათვალისწინებული ბელარუსის ეროვნული ინტერესები ამ ომში ან მისი დასრულების შეთანხმებაში. სწორედ ეს უთხრა ლუკაშენკამ ყოველგვარი მორიდების გარეშე როგორც ამერიკულ დელეგაციებს, ასევე ბელარუსელ დიპლომატებს ღია შეხვედრაზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი ინტერესებიო“, - უთხრა რადიო თავისუფლების ბელარუსულ რედაქციამ ვალერი კოვალევსკიმ.
ვალერი კოვალევსკი
ვალერი კოვალევსკი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ლუკაშენკასთვის ტრამპის ეს ზარი საჩუქარია.
„ეს ნამდვილად არის საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა, მაგრამ ეს არ არის საჩუქარი. ეს მაინც ბელარუსული დიპლომატიის საკმაოდ მიზანმიმართული, მაღალი ხარისხის მუშაობის შედეგია, რათა მიაღწია შედეგებისთვის და მიეწვდინა ხმა ტრამპისთვის. დღეს ტრამპი ყველაზე მოთხოვნადი საერთაშორისო პოლიტიკოსია, მას შეუძლია რაღაცის გაკეთება სიტუაციებში, რომლებსაც, თითქოს ცვლილების პერსპექტივა არ აქვთ. ლუკაშენკასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასთან დაკავშირება და მან ეს შეძლო მიუხედავად იმისა, რომ ხელში ძალიან ცუდი კარტები ეჭირა და „პლინტუსზე“ დაბლა იყო დაშვებული. მას არ აღიარებენ, ის რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ის ომში თანააგრესორია, ის საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. და ამ პირობებში მან მოახერხა ტრამპთან პოზიტიური კომუნიკაცია. ეს საჩუქარი კი არა, ბელარუსის დიპლომატიის მუშაობის შედეგია. ტრამპი რთული და ხშირ შემთხვევაში ძნელად გასაგები ფიგურაა, თუმცა მის გარდა არ არსებობს სხვა მსოფლიო დონის პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინის საკითხს შეეჭიდება. იგივე ითქმის ბელარუსზეც. დიახ, ეს არ არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ბელარუსში პოლიტპატიმრების პრობლემის გადასაჭრელად, რეპრესიების დასასრულებლად და საერთოდ, ბელარუსში არსებული შიდა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. მაგრამ, ტრამპი დღეს ერთადერთი ძალაა, რომელიც ამისთვის მზადაა. შესაძლოა, ტრამპის ეს ინიციატივა მოითხოვდეს კომპრომისებზე წასვლასა და იმის გაგებას, რომ ლუკაშენკა ხელისუფლებაში რჩება და, რომ ბელარუსში დემოკრატიული ცვლილებები გარკვეული დროით გადაიდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, დავეხმაროთ ადამიანებს ციხიდან გამოსვლაში, შესაძლოა, ეს რეპრესიების შეჩერებაშიც დაგვეხმაროს“, - ამბობს ვალერი კოვალევსკი.
ბელარუსელი პოლიტპატიმრებისადმი სოლიდარობის აქცია. ვილნიუსი. 2024 წ.
ბელარუსელი უფლებადამცველების მოლოდინი
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ვიასნას“ წევრების თქმით, ბელარუსის ციხეებში ამჟამად 1184 პოლიტპატიმარი იმყოფება. ადამიანის უფლებათა ინიციატივის, Dissidentby-ის მონაცემებით, პოლიტპატიმრების რაოდენობა 1315-ს აღწევს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში შეფასების განსხვავებულ კრიტერიუმებს იყენებენ. რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ამდენი ადამიანის ერთად გათავისუფლება და მიუთითებს თუ არა ეს ბელარუსში რეპრესიების შესაძლო დასრულებაზე.
- „ვიასნა“: რეპრესიები მხოლოდ ძლიერდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“, სხვა საკითხებთან ერთად, აგროვებს დეტალურ მონაცემებს ბელარუსში რეპრესიების შესახებ. ცენტრის იურისტის, პაველ საპელკას თქმით, ბელარუსში რეპრესიები ბოლო დროს უფრო ხისტი გახდა, ისევე როგორც გაუარესდა პოლიტპატიმრებისთვის სასჯელის მოხდის პირობები.
„ბელარუსის ხელისუფლება პარალელური პროცესების დემონსტრირებას ახდენს. რეპრესიები გრძელდება და ზოგიერთი ასპექტით უფრო მკაცრი ხდება. ამავდროულად, ადამიანებს ამნისტიით ათავისუფლებენ, ზოგიერთებს კი ერთდროული დეპორტაციით უშვებენ ქვეყნიდან, რაც დაუშვებელია. როგორც ჩანს, ლუკაშენკას რეჟიმს რეპრესიების შესაჩერებლად საკმარისი საფუძველი არ მიეცა. ასეთი პროცესი (რეპრესიების შეჩერება) შეიძლება დაიწყოს ბელარუსის ხელისუფლებაზე, კერძოდ კი ლუკაშენკაზე სერიოზული ზეწოლის ფარგლებში. ჯერჯერობით, ჩვენ აშკარად ვერ ვხედავთ ვერც ზეწოლას და ვერც შედეგებს“, - ამბობს პაველ საპელკა.
მისი თქმით, 1300 ადამიანის გათავისუფლება თავისთავად ღირებულია, მიუხედავად ბელარუსის ხელისუფლების მომავალი პოლიტიკისა. თუმცა ამ ეტაპზე ლუკაშენკას რეჟიმი ინარჩუნებს პოლიტიკური პატიმრების სიის მუდმივი შევსების კურსს.
„სასიხარულო დღე იქნებოდა, ადამიანები რომ გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ნაადრევია იმის თქმა, როდის მოხდება ასეთი რამ და საერთოდ თუ მოხდება. 1300 ადამიანი „ექსტრემისტული ელემენტებისთვის“ იხდის სასჯელს. შესაძლოა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ არიან აღიარებულნი პოლიტიკურ პატიმრებად. შესაძლოა, არიან ისეთებიც, რომელთა შესახებაც ადამიანის უფლებათა დამცველებმა არ იციან ან არ ავრცელებენ ინფორმაციას. ეს არის რიცხვი, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. შესაძლოა, ეს იყოს ბოლო წლის მაჩვენებელი“, - ამბობს პაველ საპელკა.
პაველ საპელკა.
1300 ადამიანის გათავისუფლების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფ ბელარუსელებს ამ ადამიანებისთვის დახმარების გაწევის ამოცანა დაეკისრებათ, თუ მათი გათავისუფლება დეპორტაციის პირობით მოხდება.
- BySol: პროცესი მინიმუმ ერთ კვირას გაგრძელდება
ფონდი BySol ჩართულია რეპრესირებულთა და ბელორუსიიდან ევაკუირებულ ადამიანთა დახმარების პროცესში. როდესაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყება, ეს არ იქნება ციხეებსა და კოლონიებში უბრალოდ „კარის გაღება“. ასეთ პროცესს დრო დასჭირდება, ამბობს BySol ფონდის წარმომადგენელი ზმიცერ იაგორაუ:
„1300 პოლიტპატიმრის ერთდროული გათავისუფლება შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს უბრალოდ კოლონიებისა და ციხეების „კარის გაღებით“. ტექნიკურადაც ამის გაკეთება რთულია. თუ მასობრივი გათავისუფლება მოხდება, მაშინ, ჩვენი აზრით, ამას გარკვეული დრო დასჭირდება - მინიმუმ რამდენიმე კვირა“.
ამასთან ზმიცერ იაგორაუ დარწმუნებულია, რომ პოლიტპატიმრების ასეთი მასშტაბური გათავისუფლების ფაქტიც კი არ იქნება იმის უცილობელი ნიშანი, რომ ბელარუსში პოლიტიკური რეპრესიები დასრულდება.
სიარჰეი ციხანოკსკი, ბელარუსის ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული და ლიეტუვაში იძულებით გადაყვანილი პოლიტპატიმრების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი
„იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან ან პოლიტიკური ბრალდებით სასამართლო პროცესს ელოდებიან, თავისთავად არ ნიშნავს რეპრესიების დასრულებას. არავინ საუბრობს რაიმე სახის შეჩერებაზე, დაპატიმრებების შეწყვეტაზე ან სისტემის „კოლაფსზე“. პროპაგანდისტული რიტორიკა კვლავ აგრესიული და განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებელია. ძნელია 100%-იანი სიზუსტით იმის თქმა, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში პოლიტიკური მიზეზების გამო. ასეთი ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია ადამიანის უფლებათა დამცველთა სიებში მყოფთა რაოდენობაზე“, - ამბობს ზმიცერ იაგორაუ, რომლის თქმითაც, ასეთი დიდი რაოდენობის ადამიანების ერთდროული გათავისუფლება მოითხოვს რესურსების, სახსრებისა და თავისუფლებაზე მყოფი ადამიანების ერთობლივ ძალისხმევას, რადგან ადამიანებს სასწრაფო დახმარება დასჭირდებათ:
„მჯერა, რომ მასობრივი გათავისუფლების შემთხვევაში, ჩვენ, როგორც სოლიდარული საზოგადოება, ვიპოვით ძალებს, შევაგროვებთ სახსრებს, რათა უპასუხოდ არ დავტოვოთ დახმარების არცერთი თხოვნა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ერთი წამითაც არ უნდა ყოფილიყვნენ ციხეში და, შესაბამისად, რაც უფრო მალე გაათავისუფლებენ, მით უკეთესი“.
- Dissidentby: თავზე შემოხვეული ქურთუკით საზღვრის გადაკვეთას არაფერი აქვს საერთო გათავისუფლებასთან
ინიციატივა Dissidentby მხარს უჭერს ბელარუსში პოლიტპატიმრებს და ასევე აგროვებს რეპრესიების სტატისტიკას. ინიციატივის წარმომადგენელი მარინა კასინერავა აღნიშნავს, რომ ბელარუსის ხელისუფლება ერთდროულად 1300 ადამიანის გათავისუფლებას ვერ შეძლებს.
„ე.წ. შეწყალების ფარგლებში გათავისუფლების წინა შემთხვევებმა აჩვენა, თუ რა უზარმაზარი სამუშაოს ასრულებენ გამომძიებლები, იდეოლოგები, კგბ და სასჯელაღსრულების სისტემის ადმინისტრაცია. ეს სამუშაო მოიცავს საჭირო დოკუმენტების ხელმოწერასაც, მრავალრიცხოვანი „შეთქმულებებითა“ და საუბრებით გადაბირებასაც და გათავისუფლების ლოჯისტიკის ორგანიზებასაც. ეს ყველაფერი მოითხოვს რესურსებისა და დროის სერიოზულ ხარჯვას რეჟიმის თითქმის ყველა სპეცსამსახურისგან. საუკეთესო შემთხვევაში, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს საშუალოვადიანი პროცესი იქნება“, - ამბობს Dissidentby-ის წარმომადგენელი.
მარინა კასინერავას თქმით, ბელორუსში პოლიტიკის გამო გასამართლებული პირების რაოდენობა შესაძლოა მნიშვნელოვნად აღემატებოდეს 1300-ს.
მარინა კასინერავა
„სისტემამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა დამცველმა საზოგადოებამ და მსოფლიო საზოგადოებამ რაც შეიძლება ნაკლები იცოდეს ბელარუსში ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მათ შორის, გააკეთა სასამართლო პროცესების დახურვით. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, გაუგზავნონ თავიანთი ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დამცველებს. Dissidentby-ზე ჩვენ შევძლებთ რეპრესიების შესახებ ინფორმაციის შენახვას ანონიმური ფორმითაც კი“, - ამბობს მარინა კასინერავა.
მისი თქმით, პოლიტპატიმრების ერთი ნაწილის გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ რეპრესიები დასრულდება.
„მთავარია, რომ ლუკაშენკას რეჟიმი 2020 წლის მოვლენების შემდეგ ვერასდროს იგრძნობს თავს თავდაჯერებულად. ყველა მთავარი პოლიტიკური ოპონენტის გათავისუფლება საფრთხეს უქმნის პოლიციის ხელკეტებით შექმნილ სტაბილურობას. შესაძლოა, ლუკაშენკამ შეძლოს ზოგიერთი პოლიტპატიმრის ქვეყნიდან გაყვანა, იძულებით და თავზე ქურქის შემოხვევით. თუმცა ამ ძალადობრივ უკანონო პრაქტიკას არაფერი აქვს საერთო გათავისუფლებასთან“, - ამბობს მარინა კასინერავა.
„ვიასნას“ მონაცემებით, 2020 წლიდან ბელარუსში 360 ადამიანი „შეიწყალეს“. მათგან 8 პირდაპირ კოლონიიდან იქნა დეპორტირებული, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბელარუსულის გარდა სხვა მოქალაქეობა არ ჰქონდათ. 5 წლის განმავლობაში, სულ მცირე 8532 ადამიანს წაუყენეს ბრალი პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებში, მათგან 7299 ადამიანი გაასამართლეს.