„სასამართლო პანღურს არ ამოირტყამს“ - ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეზე

რევაზ ნადარაია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, როგორ და რატომ აირჩიეს ის თავმჯდომარედ, რა უთქვამს და რა გაუკეთებია წარსულში? - ყველა მნიშვნელოვან დეტალზე ამ სტატიაში ვწერთ. 

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი კომისია საქმეს ბოლომდე მიიყვანს და დაასკვნის, რომ წინა ხელისუფლებამ მაგალითად, „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია“, „ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას“, ხელისუფლების „ძალადობით შეცვლას ცდილობს“, (ამონაწერი კანონის მუხლიდან - რ.თ) ეს იქნება მწვანე დროშა „ქართული ოცნებისთვის“, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს: „ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების“ არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვოს, ანუ აკრძალოს.

სცენარის ასე განვითარების შემთხვევაში, რასაც ხელს ჯერჯერობით არაფერი უშლის, სარჩელის ავტორებს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია დახვდებათ, რომელმაც ახლახან ჩაანაცვლა მერაბ ტურავა.

თავად ტურავა სასამართლო სისტემიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა და „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

რევაზ ნადარაიას თავმჯდომარედ არჩევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ 16 აპრილს პრესრელიზი გაავრცელა. ის დახურულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით და 5 წლის ვადით აირჩიეს - შესაბამისად, უცნობია, რამდენმა მოსამართლემ დაუჭირა მას მხარი. კენჭისყრაში პლენუმის 8 წევრი მონაწილეობდა, ერთი თავად ნადარაია იყო.

ერთ-ერთი ვინც, რევაზ ნადარაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეა.

მან თავისი არჩევანის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ სატელეფონო ინტერვიუში უთხრა და დაამატა: „მხოლოდ ერთი მსურველი იყო, სხვა არცერთ მოსამართლეს არ დაუყენებია თავისი კანდიდატურა“.

საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა წევრია. მათგან სამს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს - უზენაესი სასამართლო, სამს კი - პარლამენტი. თავმჯდომარეს 5 წლით ირჩევენ, მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა 10 წელია.

რევაზ ნადარაია და მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცის დადების ცერემონიაზე. უკანა ფონზე კადრში ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა.

45 წლის რევაზ ნადარაია, წარმოშობით მარტვილის რაიონის სოფელ ჭყონიდან არის, 2001 წელს დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და ისწავლა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. 2005 წლიდან სასამართლო სისტემაშია, სადაც მოსამართლეობამდე სხდომის მდივნისა და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებს იკავებდა.

რევაზ ნადარაიას კანდიდატურას უზენაეს სასამართლოში პარლამენტმა მხარი იმ დროს დაუჭირა, როდესაც პროცესს ბოიკოტს უცხადებდნენ ოპოზიციის დეპუტატები, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ამ პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც, რომელიც საქართველოში 2020 წლის არჩევნების შემდგომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მხარეებს შორის მომლაპარაკებლის სტატუსით ჩამოვიდა.

Your browser doesn’t support HTML5

„არ ვექვემდებარები ზეწოლას“ - რევაზ ნადარაია

ხვიჩა კიკილაშვილს რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა...

რევაზ ნადარაია საკონსტიტუციოს მოსამართლე 8 აპრილიდანაა. ყველაფერი ხვიჩა კიკილაშვილის თანამდებობიდან წასვლით დაიწყო, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა უფლებამოსილების ამოწურვამდე 5 წლით ადრე, 28 მარტს დატოვა.

ხვიჩა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესის კვოტით იყო დანიშნული. უზენაესმა სასამართლომ ის რევაზ ნადარაიას კანდიდატურით ჩაანაცვლა. ნადარაია უვადო მოსამართლეა, უზენაეს სასამართლოშია 2021 წლიდან.

კიკილაშვილის წასვლიდან ზუსტად ორ დღეში, 30 მარტს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას 10-წლიანი ვადა ამოეწურა, ანუ ვაკანტური გახდა თავმჯდომარის პოსტიც.

ხვიჩა კიკილაშვილი, მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილს რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა, პარლამენტის კვოტით სასამართლოში შესული მერაბ ტურავას შემცვლელის არჩევა ისევ პარლამენტს მოუწევდა. ამისთვის ხმების ⅗, ანუ 90 პარლამენტარის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ სადავო პარლამენტში არ აქვს.

მოსამართლე კიკილაშვილის წასვლის შედეგად, რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოში მოხვდა და თავმჯდომარეობის „ერთადერთი“ კანდიდატიც გახდა.

კითხვაზე, რატომ დატოვა ხვიჩა კიკილაშვილმა თანამდებობა მერაბ ტურავას უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე მოსამართლეს არ უპასუხია. მან ეს გადაწყვეტილება „პირადი მიზეზებით“ ახსნა.

„საკუთარი სურვილით დავტოვე, კანონი არ მავალდებულებს მიზეზის ახსნას“, - უთხრა მოსამართლემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

საკონსტიტუციო სასამართლოში რევაზ ნადარაიას გარდა, კიდევ შვიდი მოსამართლეა: მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

ვინ არის რევაზ ნადარაია?

რევაზ ნადარაია მოსამართლე გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. 2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თუმცა პროცესებს უძღვებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოშიც. 2012 წელს ის ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ხდება.

2016 წელს ფოთიდან თბილისში საქალაქო სასამართლოში გადავიდა, იმუშავა ერთი წელი და 2017 წელს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გადაინაცვლა.

ამავე წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად აირჩიეს. ეს თანამდებობა არჩევიდან სამ წელში დატოვა და მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში. ამ დროს ის უკვე იყო უვადოდ დანიშნული მოსამართლე.

იმ დროს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იყო, რომელიც ნადარაიას ე.წ. კლანის წევრად თვლიდა და ნეპოტიზმშიც სდებდა ბრალს. ამის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა რევაზ ნადარაიას უზენაეს სასამართლოში მისი კანდიდატურის შესარჩევი გასაუბრების პირველ ეტაპზე, 2020 წლის 28 დეკემბერს ჰკითხა.

ნაზი ჯანეზაშვილი წლებია სწავლობს ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს. ის იყო იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ახლა კი აქვს ორგანიზაცია „სასამართლო გუშაგი“. იუსტიციის საბჭოს წევრობისას, ნაზი ჯანეზაშვილი ღიად ალაპარაკდა სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანურ მმართველობაზე. ის მუშაობს კვლევებზე, სადაც სასამართლო სისტემის შიგნით ნეპოტიზმისა და გავლენებით მართვის შემთხვევებია განხილული. ამის გამო ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების კრიტიკის სამიზნე რამდენჯერმე გახდა.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ ნადარაია დაწინაურებაში დაეხმარა თავის თანასოფლელ კობა ჩაგუნავას, რომელიც 2020 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. ორივე მოსამართლე წარმოშობით მარტვილის რაიონის, სოფელ დიდი ჭყონიდანაა.

როდესაც ნადარაია ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავა ამავე სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე იყო. რა წელსაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, იმავე წელს კობა ჩაგუნავაც იმავე სასამართლოში გადადის.

ხოლო, როდესაც ნადარაია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ხდება, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში იწყებ მუშაობას.

შემდეგ ჩაგუნავა, იუსტიციის საბჭოს მაშინდელი გადაწყვეტილებით (და მაშინ რევაზ ნადარაია იუსტიციის საბჭოს წევრი იყო), იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი გახდა, რომლის დამთავრებაც მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობაა.

კობა ჩაგუნავა, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე

„ჩაგუნავას შესახებ არაფერი ვიცოდი, მაშინ ფოთში საკადრო პრობლემები იყო, მან გაიარა გასაუბრება და… კარგად წარმოაჩინა თავი. მე რომ სოფლიდან წამოვედი, ის პატარა იყო, მე არ ვიცნობდი. ადამიანი დღე მუშაობდა, ღამე კითხულობდა. შემდეგ მე წამოვედი თბილისში და ის მენეჯერად დარჩა. ამის შემდეგ, საქალაქომ კონკურსი გამოაცხადა. მან რჩევა მკითხა, ვურჩიე მიეღო მონაწილეობა. მის თბილისში გადმოსვლასთან კავშირი არ მაქვს.

შემდეგ გადავედი აპელაციაში, იქაც გამოცხადდა კონკურსი, ცხადდება ხოლმე. ადამიანს კონკურსში მონაწილეობას ხომ არ დავუშლი? არც ვიცოდი, რომ ის იღებდა მონაწილეობას, შემოვიდა ოთახში და მითხრა თქვენთან გადმოვედიო“, - უპასუხა 2020 წლის გასაუბრებაზე რევაზ ნადარაიამ ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც დაინტერესდა, ხომ არ აკავშირებთ მათ ერთმანეთთან ახლობლობა ან ნათესაობა.

კობა ჩაგუნავა ერთ-ერთია მათ შორის, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს განიხილავს.

2020 წელს რევაზ ნადარაია შეუერთდა იუსტიციის საბჭოს სხვა წევრი მოსამართლეების მოთხოვნას, რომლებიც სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით ითხოვდნენ ნაზი ჯანეზაშვილის სამართლებრივ დასჯას. ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთ წევრს, ირაკლი შენგელიას "რეგვენი" და "უსინდისო" უწოდა. ამას მოჰყვა სხვა მოსამართლეების აღშფოთება.

რევაზ ნადარაიამ ფეისბუკზე დაწერა:

„ამ ჩანაწერში ჩანს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზიბროლა ჯანეზაშვილის ნამდვილი სახე. აი, როგორი რეაქცია აქვს მას ელემენტარულ სიმართლეზე და მერე როგორც ცდილობს თავი იმართლოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა კატეგორიის ადამიანი ლანძღავს მოსამართლეებს და სასამართლო სისტემას“.

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წელს - 11, 2024 წელს კი - 3.

„სასამართლო სისტემა პანღურს არ ამოირტყამს”

რევაზ ნადარაიამ, როგორც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა, 2021 წელს, შერჩევის მეორე ეტაპზე საქართველოს პარლამენტში იურიდიულ კომიტეტზე გასაუბრებისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მისთვის ტერმინი „კლანი“ შეურაცხმყოფელია.

„თქვენ [იგულისხმება არასამთავრობო ორგანიზაციები - რ.თ] გინდათ საზოგადოებას მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ კლანის სახით სასამართლო სისტემაში არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელსაც განსაკუთრებული გავლენები აქვს. ასეთი რამ არ არსებობს და შეურაცხმყოფელია“, - თქვა რევაზ ნადარაიამ და დაამატა: „იდეურად ვკავშირდებით, რომ დავიცვათ სასამართლო სისტემა“

ის იზიარებს მოსამართლეების ნაწილისა და სასამართლო სისტემის ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის პოზიციას, რომ სასამართლო სისტემას არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მიზანმიმართულად უტევენ მისი დისკრედიტაციისთვის, სინამდვილეში, კი სასამართლო სისტემა „ღირსეული ადამიანების ერთობაა“ და „ფუნდამენტური პრობლემები“ არ გააჩნია; საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა, კი ენჯეოებიდან მიღებულ ცნობებს ეყრდნობა.

„სასამართლო სისტემა არის ღირსეული ადამიანების კორპუსი, სასამართლო სისტემა კბილებით იცავს თავის დამოუკიდებლობას... უკვე ისე გაიზარდა სასამართლო სისტემა, რომ დამოუკიდებლობაში ჩარევას არ დაუშვებს... სტრატეგიული პარტნიორისგანაც. სასამართლო სისტემა პანღურს არ ამოირტყამს, სასამართლო სისტემა არის ღირსეული ხალხის”, - უპასუხა რევაზ ნადარაიამ იურისტ კახა წიქარიშვილს, რომელიც დაინტერესდა არის თუ არა სიტყვა კლანი მოსამართლეებისთვის შეურაცხმყოფელი.

Your browser doesn’t support HTML5

„იდეურად ვკავშირდებით", - რევაზ ნადარაიასთვის ტერმინი „კლანი“ შეურაცხმყოფელია

პარლამენტში რევაზ ნადარაიასთან გასაუბრებაზე კახა წიქარიშვილმა თქვა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ნადარაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ის 2013 წელს პროკურატურაშიც დაიბარეს, თუმცა გამოძიება შეწყდა, მისი საქმის პროკურორი მოსამართლედ დაინიშნა, რასაც ნადარაიამაც დაუჭირა მხარი.

იმ დროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იყო, რომელმაც ფოთში პროკურატურის მიერ მოსამართლის დასაკითხად დაბარება გააპროტესტა და მანვე გაამხილა საქმის დეტალები, რომ მოსამართლემ „შეცდომა დაუშვა“ და „ვიღაცას ამნისტია არ შეუფარდა“.

"და რა ვქნათ ახლა ამ შეცდომებზე, რომლებიც უზენაესმა გაასწორა და საბოლოო ინსტანციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გამოძიება დავიწყოთ? თუ ამას გავაკეთებთ, მე-19 საუკუნეში აღმოვჩნდებით, 21-ე საუკუნეში ასეთი რამ ანაქრონიზმია. ეს არის სირცხვილი, რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. არც კი უნდა გაიფიქროს ვინმემ, რომ როდესაც მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, პროკურორს უფლება ჰქონდეს დაიბაროს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სირცხვილია ეს მართლმსაჯულებისთვის და სირცხვილია ქვეყნისთვის", - დღემდე იძებნება კუბლაშვილის 2013 წლით დათარიღებული განცხადება საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსზე”.

„ლევან მურუსიძემ გააერთიანა სასამართლო სისტემა“

2020-2021 წლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობისას რევაზ ნადარაიას მოსამართლე ლევან მურუსიძის მიმართ კეთილგანწყობა და პატივისცემა არ დაუმალავს.

„ყველა ქვეყნის მოსამართლისთვის დაუდგენია დარღვევა სტრასბურგის სასამართლოს. [გულისხმობს გირგვლიანის საქმეს, რომელიც ლევან მურუსიძემ განიხილა და რომელზეც სტრასბურგმა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა - რ.თ] ლევან მურუსიძე მთელი მისი საქმიანობა იბრძოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ყველა თავდასხმა, რომელიც სასამართლო სისტემაზე მოდიოდა, იწყებოდა ლევან მურუსიძეზე თავდასხმით, ყველა ამ თავდასხმას ლევან მურუსიძე იღებდა პირველი და ამ გარემოებებმა ლევან მურუსიძე, ლიდერს რომ გაიძახით სულ, აქცია ლიდერად... ლევან მურუსიძემ გააერთიანა სასამართლო სისტემა და დღეს სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და ამიტომ არის ის ლიდერი“, – თქვა მან 2021 წელს.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან მურუსიძემ გააერთიანა სასამართლო სისტემა... ამიტომ არის ლიდერი - რევაზ ნადარაია ლევან მურუსიძეზე

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის საბჭოს წევრი და მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარეა. მას ე.წ. კლანის თავკაცად მიიჩნევენ სასამართლო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. კლანის არსებობის შესახებ ჩანაწერები ჯერ პარტნიორების ანგარიშებში შემდეგ კი მესიჯბოქსიც მოხვდა.

ლევან მურუსიძე და კიდევ სამი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „კორუფციის“ არგუმენტით დაასანქცირა. ამ გადაწყვეტილებიდან ორ დღეში რევაზ ნადარაიამ ფეისბუკზე დაწერა:

„ცინიზმია, როდესაც ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ წლებია გვეხმარება კანონის და სამართლის უზენაესობის გაძლიერებასა და განმტკიცებაში [იგულისხმება აშშ - რ.თ], მოქმედ მოსამართლეებს და ყოფილ მოსამართლეს მხოლოდ „სანდო ინფორმაციის” საფუძველზე უყენებს კორუფციულ ბრალდებებს და უწესებს სანქციებს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ… მათ სანქციები დაუწესდათ არა კორუფციული საქმიანობის გამო, არამედ იმ მიზნით, რომ მოხდეს დანარჩენ მოსამართლეთა დაშანტაჟება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უსაფუძვლო სანქციების დაწესებით“.

რევაზ ნადარაიასთან გასაუბრება საქართველოს პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში, 2021 წელი

2024 წელს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში სასამართლო სისტემის ე.წ. ვეტინგის რეკომენდაცია გაიცა. „სასამართლოს გუშაგმა“ დაწერა, რომ ვეტინგი, სავარაუდოდ, შეეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც, მათ შორის, რევაზ ნადარაიასაც.

მოსამართლეთა უმრავლესობა, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, ე.წ. ვეტინგის კატეგორიული წინააღმდეგია.

ასევე ნახეთ ყველაფერი ვეტინგზე: როგორ უნდა გაიწმინდოს სისტემა არაკეთილსინდისიერი მოსამართლეებისგან

უზენაეს სასამართლოში განწესებამდე რევაზ ნადარაიას ბევრ საკითხზე დაუსვეს შეკითხვა, მათ შორის იმპიჩმენტის პროცედურაზე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო წარმართავს. ახლა, როცა ნადარაია სწორედ ამ სასამართლოს თავმჯდომარეობს, ნაზი ჯანეზაშვილისა და რევაზ ნადარაიას ეს დიალოგი მეტ მნიშვნელობას იძენს.

ნაზი ჯანეზაშვილი: საქართველოს პარლამენტის წევრთა რა რაოდენობას აქვს იმპიჩმენტის დასმის უფლება? საკითხის აღძვრის უფლება?

რევაზ ნადარაია: ერთი მეხუთედი.

ნაზი ჯანეზაშვილი: ბატონო?

რევაზ ნადარაია: ერთი მესამედი.

ნაზი ჯანეზაშვილი: კი ბატონო. რომელ კომიტეტს უნდა ეცნობოს ამის შესახებ?

რევაზ ნადარაია: იურიდიულს, ალბათ. ან საპროცედუროს. არ ვიცი ეხლა ზუსტად ესე

ნაზი ჯანეზაშვილი: ზუსტად არ იცით. კომიტეტი რამდენ დღეში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას?

რევაზ ნადარაია: არ ვიცი. არ შემისწავლია [ეს საკითხი]. პარლამენტის რეგლამენტიდან თუ მეკითხებით, არ ვიცი.

ნაზი ჯანეზაშვილი: რამდენ დღეში აგზავნის საკონსტიტუციო წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტი?

რევაზ ნადარაია: არ ვიცი. საკონსტიტუციო სასამართლო ვიცი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს, ნუ, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, ან ჩაიდინა თუ არა რაიმე დანაშაული, დანაშაულის ნიშნებს აქვს თუ არა ადგილი. ეხლა ასე რასაც მეკითხებით თქვენ, ეს საკითხები პრინციპში ჩემი შესწავლის საკითხი არ ყოფილა და...

ნაზი ჯანეზაშვილი: რატომ გეკითხებით, იცით, ამას? როდესაც ჩატარდა გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თქვენ იყავით მაშინ საბჭოს წევრი და ეს კითხვა დაუსვით იმპიჩმენტთან დაკავშირებით ერთ-ერთ მოქმედ... დღევანდელ უკვე უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, რომელმაც ძალიან დიდი სიზუსტით ჩამოთვალა ეს ყველა დეტალი, რაც ახლა მე შეკითხვები დაგისვით. [...] მე მგონია, რომ ეს თქვენი ინტერესის საგანია, ამიტომ გკითხეთ დღეს.

Your browser doesn’t support HTML5

ნაზი ჯანეზაშვილის კითხვა რევაზ ნადარაიას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე

„არ ვექვემდებარები ზეწოლას“, - თქვა რევაზ ნადარაიამ პარლამენტში გასაუბრებაზე და აქედან 4 წელში „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის თანდასწრებით საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცი დადო, 8 დღეში თავმჯდომარედ აირჩიეს.