პრეტენზია არ მაქვს, ვნანობ - რატომ არ შეცვალა „ოცნების“ მხარდამჭერი მოწმის სიტყვებმა ბრალდებულთა ბედი

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ილუსტრირებული ფოტო

მთავარი მოწმის ჩვენებამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეში პროკურატურას საქმე გაურთულა, დაცვას კი გაუმარტივა. დაზარალებულმა თქვა, რომ პრეტენზია არ აქვს.

ადვოკატი: პრეტენზია თუ გაქვთ ბრალდებულების მიმართ?

დაზარალებული: არა.

ადვოკატი: მათი პატიმრობაც არ გსურთ...

დაზარალებული: არა.

ადვოკატი: არც შიშის განცდა გექნებათ, თუ ისინი გარეთ იქნებიან?

დაზარალებული: არა.

ეს დიალოგი ადვოკატ ომარ ფურცელაძესა და 37 წლის ბექა გოცირიძეს შორის 2025 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე შედგა.

ყოფილმა სპორტსმენმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა თქვა, რომ ნანობს 2025 წლის 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე გავლას, ვერ გაუგია, რატომ მოჰყვა „ამხელა ამბავი“ მომხდარს და რატომ არ შეიძლებოდა ბრალდებულები უბრალოდ გირაოთი გაეშვათ სახლში.

და რა მოხდა რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს?

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პროევროპული აქციების მონაწილეებმა თორნიკე თოშხუამ და მინდია შერვაშიძემ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.

37 წლის თორნიკე თოშხუასა და 33 წლის მინდია შერვაშიძეს ბრალი წარუდგინეს ძალადობაში, რომელმაც ადამიანს ფიზიკური ან/და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტია.

ვინ არის ბექა გოცირიძე?

ბექა გოცირიძე ყოფილი ფეხბურთელია. ახლა საჯარო მოხელეა და „თბილსერვისში“ მუშაობს. ის ღიად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. სასამართლო სხდომაზეც თქვა, რუსთაველის აქციის მონაწილეები „უსამშობლოები“ და „აკაცუკები“ არიანო. იმავეს ამბობდა ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვიდეოებში.

31 ივლისს კი მთაწმინდაზე ჯერ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებას დაესწრო, შემდეგ კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოუწია მგზავრობა, რადგან მთაწმინდაზე ასულს ავტომობილი გაუფუჭდა.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოვყევი რუსთაველის გამზირამდე და სახლში წასვლას რუსთაველის მეტროდან ვგეგმავდი, გლდანში ვცხოვრობ“, - თქვა ბექა გოცირიძემ სასამართლოში დაკითხვისას.

დაცვის მხარის პოზიციაა, რომ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 31 ივლისს მომხდარის გამო 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, პროვოკაციის მსხვერპლები არიან.

ადვოკატი დავით კუპრავა ამბობს, რომ ბექა გოცირიძეს ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების გასაგონად, აგდებულად ლაპარაკობდა მათზე, აგინებდა, აყენებდა შეურაცხყოფას – ამას მოჰყვა დაპირისპირებაც. ბექა გოცირიძე პოლიციამ დააკავა და მოგვიანებით გაათავისუფლა.

„არც კამერა მეჭირა და არაფერი...მაბრალებენ პროვოკაცია მოაწყოო.. ტელეფონი მეჭირა ხელში, ვლაპარაკობდი, სულ არ ვიცნობდი ამ ბიჭებს...ერთ-ერთმა, ვისთანაც შელაპარაკება მომივიდა, მითხრა რატომ იღებო, მომივიდა კონფლიქტი... ტელეფონი მეკავა ხელში... მივდიოდი და მომივიდა ჩხუბი, რა უნდა ვქნა ამაზე?" - თქვა ბექა გოცირიძემ. არადა, ადვოკატის თქმით, საქმეში მტკიცებულებად დევს რუსთაველზე მისი ლაივის ვიდეოჩანაწერი.

თვითმხილველი დემონსტრანტები ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.

„თუმცა რატომღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში საქმეში ეს დანა არ ფიგურირებდა, იქამდე, სანამ თორნიკე თოშხუამ შიმშილობა არ დაიწყო, ყველა ტელევიზიამ ეს არ გააშუქა, ყველა დემონსტრანტმა სოციალურ ქსელში არ დაწერეს, გამოძიება კითხვასაც არ სვამდა“, - იხსენებს ადვოკატი დავით კუპრავა.

დათო კუპრავა, ადვოკატი

როცა ბექა გოცირიძეს ჰკითხეს, რუსთაველის გამზირზე მართლაც ჰქონდა თუ არა დანა, მოწმემ დაადასტურა: კი, მქონდა, მაგრამ „გამოყენების მცდელობაც კი არ მქონიაო”.

„მე დანა მედო, არ დამიმალია... დანისკენ ხელი არ წამიღია, სამჯერ წამაქციეს და ამომივარდა... შემთხვევის დღეს დანა არ გამომიყენებია", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, დანის დაკარგვა მომხდარიდან სამი კვირის თავზე გაიაზრა, მას შემდეგ, რაც სატელევიზიო სიუჟეტებს უყურა.

კითხვაზე, რატომ წაიღო დანა რუსთაველის გამზირზე და რატომ არ დატოვა მანქანაში, უპასუხა, რომ „არ იცის, უბრალოდ არ დატოვა და გამოყენებას არ აპირებდა”.

ადვოკატი: თქვენი განწყობა რუსთაველის პროტესტის მონაწილეების მიმართ იყო თუ არა საზოგადოებისთვის ცნობილი? პოზიციონირებდით თუ არა აგრესიულად?

გოცირიძე: დიახ.

ადვოკატი: სხვა გზით რატომ არ წახვედით?

გოცირიძე: ვნანობ ამ ყველაფერს ახლა რომ ვფიქრობ, შემეძლო სხვა მხრიდან გავლა.

ადვოკატი: მიზანმიმართული ჟესტი იყო?

გოცირიძე: მიზანმიმართული არა, არ მეგონა, რომ ასეთი რამე მოხდებოდა, მეც ვნანობ.

ადვოკატი: სინანული რაში გამოიხატება?

გოცირიძე: ადამიანური მომენტია, ადამიანები ვართ.

პროკურორმა ნინო ჟვანიამ რამდენჯერმე ჰკითხა ბექა გოცირიძეს, განიცადა თუ არა ტკივილი ინციდენტის დროს. მას შემდეგ, რაც სასურველი პასუხი ვერ მიიღო, ბექა გოცირიძის იმ ჩვენების კითხვა დაიწყო, რომელიც დაზარალებულმა მოწმემ საქმის გამომძიებლებს განყოფილებაში მისცა:

„ის პირდაპირ აგრესიით წამოვიდა....კონფლიქტში ჩაერთო მეორე მამაკაცი [აღწერილია ორივეს ჩაცმულობები]...ხელი მკრა მკერდის არეში, განვიცადე ფიზიკური ტკივილი... უკუსვლით გავეცალე".

და იკითხა: ადასტურებთ, რომ ტკივილი განიცადეთ?

„ტკივილი რა...ხელი დამარტყა, ადამიანური მომენტია... სასწაული ტკივილი არ მიგრძვნია, ხელი დამარტყა და ადამიანური მომენტია... სასწაულად მეტკინა არ ყოფილა.... ტკივილი ცოტათი ვიგრძენი...“ - უპასუხა ბექა გოცირიძემ.

მოგვიანებით ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ იკითხა:

- ჩვენებაში რამდენიმე ეპიზოდია ტკივილის - ხელის მოხვედრით ტკივილის განცდა, თავის არეში მუშტის დროს ტკივილის განცდა და დაცემისას... ეს ტკივილი იყო ძლიერი ტკივილი?

- არა, ეგეთი არ ყოფილა... ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ საგანგაშო არა, ბატონო მოსამართლე... მეც მოვიქნიე...მეც ვჩხუბობდი...

- რატომ თქვით უარი სამედიცინო შემოწმებაზე?

- არ მტკიოდა არაფერი და იმიტომ...

ომარ ფურცელაძე, ადვოკატი

რატომაა იმის გარკვევა მნიშვნელოვანი, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ტკივილი?

თოშხუასა და შერვაშიძის ადვოკატების განმარტებით, ძალადობის მუხლის შინაარსი სწორედ ტკივილის განცდის შეფასებაზე დგას.

„იმისთვის, რომ ამ მუხლით ადამიანი დამნაშავედ ცნონ, “დაზარალებულმა” უნდა განიცადოს ტკივილი, ოღონდ არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის რომელიმე ხარისხის დაზიანება (თორემ უფრო მძიმე მუხლია, თუ დაზიანებაც გამოიწვია ქმედებამ)

მხოლოდ ტკივილია ის, რაც ამ მუხლისთვისაა საჭირო, ამიტომ ვეკითხებოდით, რეალურად განიცადა თუ არა ტკივილი“, - განმარტავს ადვოკატი დათა კუპრავა.

პროკურორმა ნინო ჟვანიამ მოწმის წერილობითი ჩვენების სასამართლოზე კითხვა დაიწყო, არგუმენტით, რომ „მნიშვნელოვან დეტალებს ბექა გოცირიძე“ ვერ იხსენებდა. კანონი მხარეს ამის უფლებას აძლევს, თუმცა მოსამართლე ელენე გოგუაძემ პროკურორი გააჩერა.

მოსამართლე: სრულ ჩვენებას უქვეყნებთ?

პროკურორი: მოწმის დაკითხვის შემდეგ დრო გავიდა და შეიძლება მოწმეს ბევრი რამე დაავიწყდეს.

მოსამართლე: ჯერ დაკითხეთ და თუ არ ახსოვს, შემდეგ გამოუქვეყნეთ...ანუ თქვენ ეკითხებით, ასე იყო თუ არა ნამდვილად?

გოცირიძე: დაახლოებით კი, ვიჩხუბეთ და რაღაც ისეთი არ ყოფილა, მოხდა რა, ადამიანები ვართ და ხდება.

მოსამართლე: რომ იჩხუბეთ, იმიტომ არიან ეს ადამიანები რამდენიმე თვე საპატიმროში.

გოცირიძე: ადამიანები ვართ რა....ჩემზე ბულინგი მიდის, ვითომ აგენტი ვარ და დავაჭერინე... რა დავაჭერინე.

მოსამართლე: რამდენიმე თვეა ადამიანები არიან ციხეში, როცა მოდიხართ სასამართლოში დაზარალებული, კეთილი ინებეთ და გაიხსენეთ...

გოცირიძე: მოხდა კონფლიქტი რა...

მოსამართლე: ყველა არ ჩხუბობს....

ცხადი გახდა, რომ თოშხუასა და შერვაშიძის ადვოკატები ბექა გოცირიძის დაკითხვის დასრულებისთანავე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - უფრო მსუბუქი ზომით შეცვლას მოითხოვდნენ. ამის საფუძველი კი მთავარი მოწმის ჩვენებაც გახდებოდა.

„თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამეხარდება“, - თქვა ბექა გოცირიძემ და სხდომიდან გავიდა.

ადვოკატები ასეც მოიქცნენ. მათ აღკვეთის ღონისძიების სრულად გაუქმება და ბრალდებულების სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვეს, უარეს შემთხვევაში კი - გირაო.

მათი შეფასებით, აღარ არსებობს არც მტკიცებულებების განადგურების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. ამას გარდა, ომარ ფურცელაძის თქმით, ბექა გოცირიძის ჩვენებამ ახალი გარემოებები გამოკვეთა და მოლოდინი გამამართლებელ განაჩენზე „ერთიორად გაიზარდა“.

პროკურორმა თქვა, რომ ბრალდებულებისგან სინანული ვერ დაინახა, რამაც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რისკი გააძლიერა.

„ვერცერთი ბრალდებულისგან დავინახე სინანულის განცდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვერ აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებისთვის საშიშ ხასიათს... ჯგუფურ დანაშაულზე გვაქვს საუბარი, ძალადობრივ დანაშაულზე გვაქვს საუბარი... ამ დანაშაულს ბრალდებულები აგრძელებენ აგრესიული განწყობებით და მათი მხრიდან არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.... ის, რომ დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, არ არის ახალი გარემოება... მისი შემოყვანა დარბაზში მოხდა აგრესიით და გაყვანა მოხდა აგრესიით... ძალაში დარჩეს პატიმრობა", - ამბობს პროკურორი ნინო ჟვანია.

მოსამართლე დაეთანხმა პროკურორს და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილებას თორნიკე თოშხუა სიცილით უსმენდა.

„ნუ იცინით, თუ მომისმენთ, თქვენც მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ, თქვენი პოზიცია გამოჩნდა დაზარალებულთან მიმართებით დაკითხვისასაც....სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე სახეზეა“, - განაცხადა მოსამართლემ.

თოშხუა და შერვაშიძე ბრალს არ აღიარებენ. მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საპროცესო შეთანხმებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ორივე მათგანი თავს პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად მიიჩნევს.