ბოლო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 8 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მან ტკივილებისა და დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისვლა ვერ შეძლო. სხდომა გადაიდო, რადგან ნინოს არ სურს, რომ თუნდაც ერთი პროცესი მის დაუსწრებლად ჩატარდეს.
ნინო დათაშვილს ინტერვიუ რამდენიმე კვირის წინ ვთხოვეთ - რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილი პასუხები 2 სექტემბრით არის დათარიღებული. ამ ინტერვიუში ის გვიყვება საკანში გატარებულ დღეებსა და ბრძოლაზე, რომლის შეწყვეტასაც არ აპირებს.
რადიო თავისუფლება: ნინო, გამარჯობა, ციხიდან გამოგზავნილი თქვენი წერილებიდან, რომლებიც საჯაროდ ვრცელდება ხოლმე, ჩანს, რომ თავს მხნედ გრძნობთ. რთულია ციხეში მყოფ ადამიანს ჰკითხო ეს, მაგრამ მაინც, როგორ ხართ?
ნინო დათაშვილი: პოლიტიკური პატიმრების ადვოკატები რომ ამბობდნენ პატიმარზე, მხნედ არიანო, მეგონა, ამას ახლობლების დასამშვიდებლად აკეთებდნენ, მაგრამ საპატიმროში ყოფნა ბრძოლის მოტივაციას გაძლევს. მე სიმტკიცე ისედაც ხასიათში მაქვს, მაგრამ გარეთ არ ვიყავი ასე მხნედ, როგორც აქ ვარ. აქ მიზანი გამიჩნდა.
რადიო თავისუფლება: ორი თვე გავიდა, რაც საპატიმროში ხართ. იმავე წერილებიდან ჩანს, რომ საბრძოლოდ ხართ განწყობილი და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებთ, თუმცა მაინც მაინტერესებს, როცა ციხეში ხარ, რამდენად დაუჯერებელია ამის გაცნობიერება, ამასთან შეგუება?
ნინო დათაშვილი: არ ვფიქრობ ამაზე, ვერც ვგრძნობ. მხოლოდ იმ „გაურკვეველ დღეებში“ მქონდა ეგ შეგრძნება. თავისუფლების წართმევა ეგრე ადვილიც არ ყოფილა. არადა, გარეთ ყოფნისას, ბოლო პერიოდში, მიფიქრია, რომ ეს გაუსაძლისი იქნებოდა. მიზანზე ვარ კონცენტრირებული, რომ ვამხილო ნამდვილი დამნაშავეები. დავამტკიცო ჩემი სიმართლე, ვიბრძოლო რეჟიმის წინააღმდეგ აქედანაც. ციხე - ბრძოლის ერთ-ერთი შესაძლებლობაა.
რადიო თავისუფლება: ორი თვით უკან რომ წავიდეთ - სასამართლოში მომხდარის შემდეგ ელოდით, რომ დაგიჭერდნენ?
ნინო დათაშვილი: 20 ივნისს („გავრილოვის ღამედ“ წოდებულ თარიღს დაემთხვა) დამაკავეს, თან ისეთი ფორმით, თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა. თავიდან საერთოდ ვერ მივხვდი, პოლიციელები რომ იყვნენ და მაკავებდნენ. 20 ივნისს ჩემთვის მოიცალეს, როგორ არ უნდა ვიყო მხნედ? მხოლოდ 20-21-22 ივნისი იყო სტრესული, ყველაფერი დადგმული, წუთობრივად გათვლილი სცენარით ხდებოდა. თან ძალიან სწრაფად. თან შაბათ-კვირა დაემთხვა. ადვოკატი ორშაბათს შემოვიდა, გამარკვია ყველაფერში და მას მერე მტკიცედ ვარ.
საქმე რომ აღძრეს, იმ წუთიდან ყოველ წამს ველოდი, მაგრამ უფრო სახლში დადგომას. გაჩერებიდან თუ გამიტაცებდნენ, მაგაზე არ მიფიქრია. რამდენიმე მანქანით, სახლთან ახლოს იყვნენ ჩასაფრებულები.
ასევე ნახეთ სასამართლო სხდომა არ ჩატარდა - ნინო დათაშვილმა პროცესზე მისვლა ვერ შეძლორადიო თავისუფლება: ის დღე, ის წამები, მანდატურების ქცევა როგორ გახსენდებათ? ალბათ, ეს კადრები მილიონჯერ დატრიალდა გონებაში. ხომ არ ინანეთ რამე? ან პირიქით - მეტად დარწმუნდით თქვენს სიმართლეში?
ნინო დათაშვილი: ვნანობ, რომ გამოკითხვას ველოდი და საქმის აღძვრის შესახებ შსს-ს განცხადების გამოქვეყნებისთანავე მედიებში არ წავედი იმის მოსაყოლად, რაც სინამდვილეში მოხდა. ახლა კი ამდენი ხანი უნდა ველოდო. იმ ხალხს მანდატურებს ვეღარც ვუწოდებ - ჩემთვის ისინი მანდატურების სამოსგადაცმული მოძალადეები არიან. საქმის მასალები წავიკითხე, შემდეგ დეტალურად შევისწავლე. მხოლოდ მანდატურების ცრუ ჩვენებებს ეფუძნება, რომლებიც საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოსთანაც შეუსაბამოა. ჩემს საქმეში პირველ ფურცლად დევს ჩემი ზარი 112-ში - მანდატურების ძალადობაზე რომ რეაგირებას ვითხოვ.
რადიო თავისუფლება: თქვენი სიტყვებია: “არ ინერვიულოთ, ციხე არ არის საშიში, საშიში სამშობლოს დაკარგვაა, ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ”, - გაქვთ სამართლიანი სასამართლოს იმედი?
ნინო დათაშვილი: ამ ქვეყანაში მოაზროვნე ადამიანს სამართლიანი სასამართლოს იმედი ვერ ექნება. ჩემს საქმეში უკვე რვა მოსამართლემ მიიღო უკანონო განჩინება. ჩემი სიმართლის და ჩემი ბრწყინვალე ადვოკატების იმედი მაქვს და როდესმე [სიმართლეს] დავამტკიცებ, თუნდაც ევროპულ სასამართლოში. კიდევ საზოგადოების სოლიდარობის იმედი მაქვს, ეს მაძლიერებს. დარბაზი ძალას შთამბერავს ხოლმე...
„ციხე არ არის საშიში“ - ამ ფრაზით კი იმას ვამბობ, რომ ის გარედან აღიქმება კოშმარად, საშიშად და გაუსაძლისად. მძიმე პირობებია, მაგრამ პენიტენციურის პერსონალს ჰუმანური დამოკიდებულება აქვს, ექიმებიც ზრუნავენ, როგორც შეუძლიათ. ჩემს ბლოკში ადამიანური ფაქტორი მაძლებინებს, სხვაგან არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ესკორტის სამმართველოს ხალხზე შემიძლია დადებითად ლაპარაკი... ციხე საშიშია ანტონ ჩეჩინისთვის, რომელსაც რუსეთში ექსტრადირება ემუქრება, საშიშია პროტესტის გაჩერება და ქვეყნის დაკარგვა. მხარდაჭერა მაძლევს სიმტკიცეს და ამას მთელი საზოგადოებისგან ვგრძნობ. უცნობი ადამიანებიც მწერენ. ფეისბუკზე ჩემი დაკავების შემდეგ საოცრება ხდებოდა... მედიების სოლიდარობასაც ვხედავ.
ფრაგმენტი წერილიდან, რომელიც ნინო დათაშვილმა რადიო თავისუფლებას გამოუგზავნა.
რადიო თავისუფლება: 7 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ერთი დღით ადრე თქვენთან საპატიმროში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მაღრაძე და კიდევ რამდენიმე ექსპერტი იყო შესული - ხომ არ შეგიძლიათ ამ ვიზიტზე მეტი მოგვიყვეთ? რა გითხრეს, რა ხდებოდა…
ნინო დათაშვილი: დეტალების მოყოლა არ მინდა, მეორე დღეს სხდომა მქონდა, მაგრამ მე პირველ თუ ორ აგვისტოს გავიგე ექსპერტიზის ამბავი. თან სასამართლო სხდომისთვის ვემზადებოდი, თან ბარგს ვალაგებდი. ვარკვევდი, რისი წაღება შემეძლო. 6 აგვისტოს კი უკვე ჩაცმულიც ვიჯექი. მანამდე იყო მოლოდინი, მაგრამ ეს ბოლო დღე იყო, როცა ვიცოდი, რომ გადამიყვანდნენ. პროკურატურას გეგმაში ჰქონდა, რომ 7 აგვისტოს წინასწარი პატიმრობისგან გათავისუფლების ყველა შანსი მოესპო ჩემთვის. ზოგადად, ყველაფერი გათვლილი აქვთ. აღარაფერი მაკვირვებს.
რადიო თავისუფლება: როცა არანებაყოფლობით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შეიტყვეთ, რა რეაქცია გქონდათ?
ნინო დათაშვილი: რეაქცია ის იყო, რომ ფსკერზე დაეშვნენ. რაც მეტ უკანონობას ჩაიდენდნენ, ჩემთვის - უკეთესი. ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მივხვდი, თუ არ გავასაჯაროებდით, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვებოდა სხვებისთვის. ამაზე გაჩუმება არ შეიძლებოდა. ძალიან რაციონალურად შევხედე ამ ამბავს.
რადიო თავისუფლება: თქვენს საჯარო განცხადებას ფსიქიატრიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა...
ნინო დათაშვილი: 20 დღე რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში არ გამომამწყვდიეს, ეს საზოგადოების დამსახურებაა. გულწრფელად რომ ვთქვა, არ შემშინებია იმის, რომ ცრუ დიაგნოზს დააწერინებდნენ. ეთიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობდი, რომ ექიმები პროფესიულ ეთიკას არ გადაუხვევდნენ და პრინციპში, ასეც მოხდა. თუმცა ექსპერტების შემოსვლა საკანში მაინც ბუნდოვან ამბად რჩება. პროკურორი ერთ სხდომაზე ერთს ამბობს, მეორეზე - ახალ ტყუილს. ტყუილებში იხლართება და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ვერც მოსამართლეები იგებდნენ რამეს.
თუმცა საზოგადოების ერთიანობას და სოლიდარობას უზარმაზარი ძალა აქვს და მაქვს განცდა, რომ ყველამ გავიმარჯვეთ ერთად, საკუთარ დადებულ ნაღმზე აფეთქდნენ და უკანონობას ახალი უკანონობა დაამატეს. ვგულისხმობ მოსამართლეების განჩინების „გაუქმებას“ და სტაციონარული მკურნალობის ამბულატორიულით შეცვლას. არც თავიანთი მედიაპროპაგანდა გამოადგათ. დამარცხდნენ.
ასევე ნახეთ ნაზი შამანაური - „არავის ვაბარებ ანგარიშს“რადიო თავისუფლება: ერთ წერილში წერთ, სია მაქვს, ვის უნდა მოგწეროთო. გაიზარდა ეს სია? ვის სწერთ ხოლმე და რას გწერენ?
ნინო დათაშვილი: ძალიან დიდი სიაა და სულ იზრდება. თავდაპირველი სიაც ვერ ამოვწურე ჯერ, რადგან წერილებზე პასუხებიც ემატება. ვინაობებს მე ვერ გავამხელ უნებართვოდ, ძირითადად მეგობრებთან მაქვს მიმოწერა.
რადიო თავისუფლება: ზოგადად, წერილების მიღება რას ნიშნავს ციხეში?
ნინო დათაშვილი: პატიმრისთვის წერილის მიღება ნიშნავს სამყაროსთან კავშირს, ცოცხლად ყოფნას. არ გეწყინოთ, თუ ვერ გიპასუხათ.
რადიო თავისუფლება: რა ჩანს ციხიდან სხვანაირად - რამე ახალი დაკვირვება თუ გაქვთ საკუთარ თავზე, ხალხზე, სისტემაზე?
ნინო დათაშვილი: ციხიდან ყველაფერი განსხვავებულად ჩანს. ახალ-ახალ აღმოჩენებს დღიურში ვწერ ხოლმე. თუ დროულად არ გამომიშვეს, ტომეულები დამიგროვდება (ვხუმრობ). ცოტა მეცნიერულ-კვლევითი თვალსაზრისით ვუყურებ ხოლმე, ანთროპოლოგიაში არის „ინსაიდ“ და „აუთსაიდ“ კვლევის მეთოდები, ციხე კი საშუალებას გაძლევს გვერდიდან დააკვირდე. აქედან ძალიან ობიექტურად, გაფილტრულ-დაწმენდილად ჩანს რეალობა - ხელისგულზე. გარეთ ბევრი ფაქტი, ინფორმაცია და ინტერპრეტაციაა. როცა გარეთ ვიყავი, მეც ამაში ვიხარშებოდი, ციხიდან კი „აუთსაიდ“ მეთოდით ვაკვირდები მოვლენებს, რაციონალურად. ამიტომ, მყარად მჯერა გამარჯვების, თუ პროტესტი უფრო გაძლიერდება. აქ საკუთარი თავის სიძლიერეშიც დავრწმუნდი.
ასევე ნახეთ „ტყუილად იყო ციხეში?“ - რა საჭიროა პატიმრობა დანაშაულის დამტკიცებამდერადიო თავისუფლება: ბოლო სასამართლოზე ფეხზე იდექით - ეს პრინციპული გადაწყვეტილება იყო? მით უმეტეს, ვიცი, რომ ხერხემალი გაწუხებთ და საათობით დგომა არ არის ადვილი. ხანდახან შეუძლებელიც კია.
ნინო დათაშვილი: მზია ამაღლობელის საპატივცემულოდ ვიდექი ფეხზე. ვთქვი კიდეც, რომ მზიამ დაგვიწესა მაღალი თამასა, ამიტომ აღარასდროს არ დავჯდები ბრალდებულის სკამზე. პრინციპული გადაწყვეტილება მაძლიერებს და ვუძლებ.
რადიო თავისუფლება: ახლა როგორ გაქვთ ხერხემალი, ისევ გაწუხებთ?
ნინო დათაშვილი: 6 წელია ხერხემლის თიაქრის რეციდივი მაქვს. ციხის პირობები მდგომარეობას აუარესებს. აქ ყოფნის განმავლობაში უკვე მეოთხედ ვმკურნალობ. ამჟამად ნეიროქირურგის დანიშნულებით. მკურნალობის არაეფექტიანობის შემთხვევაში, ოპერაცია მიწევს.
რადიო თავისუფლება: როგორია ყოველდღიურობა პატიმრობაში? ყველა დღეს ერთმანეთს ჰყავს თუ ზოგი მაინც განსხვავდება? შეგიძლია ერთი დღე აღგვიწერო?
ნინო დათაშვილი: რთული კითხვაა. ხან ჰგავს დღეები ერთმანეთს, ხან განსხვავებულია, მაგრამ რუტინული და, აი, როგორმე დრო უნდა გავიყვანო - ეგეთი არცერთი. პირიქით, ძალიან მალე გადის დრო და შეგრძნება მაქვს, რომ ბევრ რამეს ვერ ვასწრებ. შეგნებულად დავუდგინე ჩემს თავს ეს და ბევრი გეგმა დავსახე. გადავანაწილე. ყოველდღიურ გეგმას ვწერ ხოლმე. გარეთაც ეგრე ვიყავი, ბევრ რამეს ვაკეთებდი. აქაც თავს მაქსიმალურად ვიტვირთავ. ნაწილობრივ აღვწერ: საქმის მასალებზე ვმუშაობ, ივლისში უნივერსიტეტის გამოცდები ჩავაბარე, ბევრი სასწავლო მასალა მაქვს და ვუბრუნდები ხოლმე. ინგლისურში ვმეცადინეობ (სადოქტოროსთვის მჭირდება), ტელევიზორს ვუყურებ...
რადიო თავისუფლება: რას კითხულობთ? უფრო სწორედ, რაც მანდ ხართ, რა წაიკითხეთ?
ნინო დათაშვილი: წიგნები ამანათითაც შემომდის და ბიბლიოთეკიდანაც ვიწერ. საკანში, სასწავლო მასალების გარდა, ბევრი წიგნი მაქვს. მხატვრული ლიტერატურა და კანონები. პირველად ორუელის „1984“ და უმბერტო ეკოს „ესეები“ გადავიკითხე. ჰანა არენდტის „აიხმანი იერუსალიმში“, კიდევ ჩემი ორი ძვირფასი მწერლის, ჰერმან ჰესეს და თომას მანის „პირადი მიმოწერა“. ილია ჭავჭავაძის წერილები. ახლახან მარია რესას „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ შემომიგზავნეს. ხატია დეკანოიძის საჩუქარი იყო, ავტოგრაფით და კეთილი სურვილებით, მაგრამ ეს ფურცელი ამოახევინეს. გამოწერილი მაქვს ეკოს ბოლო რომანი და კიდევ მეგობარმა შემომიგზავნა ჰარუკი მურაკამის ბოლო რომანი. ჯერ ესენია რიგში, მერე მოვიფიქრებ. კიდევ, პენიტენციურის კოდექსი წავიკითხე.
რადიო თავისუფლება: ალბათ, როცა ციხეში ხარ, ფიქრისთვის ძალიან ბევრი დრო გაქვს - ყველაზე ხშირად რაზე გეფიქრება?
ნინო დათაშვილი: ბევრ რამეზე, მაგრამ ძირითადად პროტესტზე და ოჯახზე.
რადიო თავისუფლება: რა გაძლიერებს ციხეში?
ნინო დათაშვილი: ჩემი სიმართლე და საზოგადოების სოლიდარობა მაძლიერებს.
რადიო თავისუფლება: ყველაზე მეტად მაინც რისი დარდი გაგყვათ?
ნინო დათაშვილი: ვდარდობ, პროტესტი არ გაჩერდეს, ვდარდობ ცარიელ ან ცოტა ხალხს რუსთაველზე. დღეს ძალიან მძიმე დღეა ჩემთვის, 9 მოქალაქეს უკანონო სასჯელი მიუსაჯეს. ხოლო არალეგიტიმურმა კომისიამ 2008 წლის ომში საქართველო დაადანაშაულა და ამ დროს რუსთაველზე აქტივისტების მხოლოდ მცირე რაოდენობაა, რომელთაგან 23 ადამიანი ბრუტალურად დააკავეს. დღიურში ჩავწერე: „ახლა რომ გარეთ ვიყო, ამ გადმოსახედიდან, რამხელა ბედნიერებაა რუსთაველზე დგომა“.
რადიო თავისუფლება: ნინო, არ ვიცი ამაზე თუ გსურთ საუბარი, თუმცა მაინც გკითხავთ, თქვენი დაკავების დღეებში თქვენი აბიტურიენტი შვილი ეროვნულ გამოცდებს აბარებდა. შეძლო გამოცდებზე გასვლა? ამაზე, ალბათ, ბევრი გეფიქრებათ.
ნინო დათაშვილი: ჩემი შვილის გვერდზე ყოფნის შესაძლებლობა პროკურორებმა დ მოსამართლეებმა წამართვეს. ჩემი შვილი მეორე გამოცდაზე აღარ გავიდა. ლუკამ ახლა ერთი წელი უნდა დაკარგოს რეჟიმის გამო.
ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა. 7 აგვისტო, 2025 წელი. ილუსტრაცია სასამართლოდან, სადაც მედიას აკრძალული აქვს ფოტო-ვიდეო გადაღება.
რადიო თავისუფლება: ყველაზე ხშირად ციხიდან ვის ურეკავთ?
ნინო დათაშვილი: ყველაზე ხშირად ჩემს ქმარს ვურეკავ და ხმოვან შეტყობინებებს ვუტოვებ ყველასთვის, რომ ყველასთან ცალ-ცალკე არ ვრეკო.
რადიო თავისუფლება: თუ გიფიქრიათ, სად ხართ 6 თვის შემდეგ, ერთ წელში და როგორია თქვენი ბრძოლა?
ნინო დათაშვილი: არ ვფიქრობ ამაზე, დღეს ვაკეთებ მაქსიმალურს, რაც შემიძლია. ბრძოლასა და მეთოდებზე უფრო ბევრს ვფიქრობ.
რადიო თავისუფლება: რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ/ვერ გამოხატავენ საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას?
ნინო დათაშვილი: მარტინ ნიმიოლერმა თქვა გენიალურად და უკეთესად ვერ ვიტყვი, რომ როცა „მდუმარეებს“ მიადგებიან, ხმის ამომღები აღარავინ იქნება და ამიტომ იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არისო. ქვეყნის დაკარგვაზე საშიში მართლა არაფერია. ჩვენს ხალხს ამისთვის სიცოცხლე აქვს შეწირული და ციხეში ჯდომა მართლა არაფერია ამასთან შედარებით.
რადიო თავისუფლება: ნინო, კიდევ თუ არის რამე, რისი თქმაც გინდათ საჯაროდ?
ნინო დათაშვილი: ახლა თუ დავმარცხდით, ჩავბეტონდებით დიდხანს, დიდი ხნით დავკარგავთ ქვეყანას და ისევ რუსეთის ოლქი გავხდებით. ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. ამიტომაც არაა ციხე საშიში და ჩემთვის ის დროებითი შეზღუდვაა. აქედან კი პოლიტიკურ პატიმრებს დაგვიხსნის მთელი საზოგადოების ერთიანობა და გამარჯვება. მეტი არაფერი. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ორუელის რეალობას არ შეეგუოთ, იბრძოლეთ როგორც შეგიძლიათ.
ასევე ნახეთ „ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა“ - ნინო დათაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებსსამოქალაქო განათლების პედაგოგი, აქტივისტი ნინო დათაშვილი საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიდის, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ დანაშაულისთვის სასჯელი შესაძლოა იყოს როგორც ჯარიმა, ასევე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა.
ასევე ნახეთ „ციხე არ არის საშიში, საშიში სამშობლოს დაკარგვაა“ - რამდენიმე დეტალი ნინო დათაშვილის სასამართლოდან