ამის დასტურად კი სხდომათა დარბაზში მან პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის გაცემული ჯანმრთელობის ცნობა წაიკითხა.
მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლისა და სამოქალაქო აქტივისტის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი დაკავების დღიდანაა ცნობილი, ოჯახის წევრებისთვის, კოლეგებისთვის, სხვა გულშემატკივრებისთვის, რომლებიც დღეს, 8 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-13 დარბაზში შეიკრიბნენ, ცნობა იმის შესახებ, რომ ნინო დათაშვილი სხდომას ვერ დაესწრებოდა, მოულოდნელი აღმოჩნდა.
სხდომა, რომელზეც სასამართლოს მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელა, ნინო დათაშვილის თხოვნით გადაიდო. მისმა ადვოკატმა განმარტა, რომ დაკავებულ ქალს სურს, რომ სასამართლოში გამართულ ყველა სხდომას დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს.
ადვოკატი თამარ გაბოძე ნინო დათაშვილს ბოლოს შაბათს, 6 სექტემბერს, ტელეფონით ელაპარაკა.
ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იმდენად გართულებული იყო, რომ ნინო დათაშვილი ლაპარაკს მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით ახერხებდა.
„უკვე ვეღარც ვითვლით, რამდენჯერ მოვითხოვეთ ნინო დათაშვილის კლინიკაში გადაყვანა. როდესაც ნინო დააკავეს, მას ხერხემალზე ერთი ოპერაცია უკვე ჩატარებული ჰქონდა, მაგრამ ჭირდებოდა მეორეც. საპატიმროში ყოფნისას მისი მდგომარეობა დამძიმდა.
ტკივილგამაყუჩებლების მიღება მკურნალობა არ არის. მას სჭირდება სტაციონარული მკურნალობა სამოქალაქო კლინიკაში. არაერთხელ მოვითხოვეთ მისთვის ორთოპედიული ლეიბის შეტანა, თუმცა უშედეგოდ.
დღეს დადასტურდა, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებულია. სასამართლომ წაიკითხა ოფიციალური წერილი, რომელსაც ხელს აწერს სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარი ექიმი, სადაც აღნიშნულია, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მან ვერ შეძლო სასამართლო პროცესში მონაწილეობა.
ნინოს აქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ თავად იყოს ჩართული სასამართლო პროცესში და რაკი ის დღეს პროცესზე ვერ მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ ის არის ძალიან მძიმედ“.
თამარ გაბოძე ამბობს, რომ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს. მისი თქმით, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც ციხის პირობებში გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა, როგორც წამება და არასათანადო მოპყრობა:
„როდესაც პატიმარი ვერ იღებს ჯანმრთელობის სერვისს, როდესაც მას აქვს გაუსაძლისი ტკივილები, როდესაც ის მოთავსებულია დაწესებულებაში და როდესაც სახელმწიფო არც ათავისუფლებს მას და არც სათანადო სერვისებს სთავაზობს, ეს შეგვიძლია შევაფასოთ წამებად და არასათანადო მოპყრობად“.
ადვოკატის თქმით, ნინო დათაშვილს 9 სექტემბერს პირადად შეხვდება და კიდევ ერთხელ მოითხოვს მის კლინიკაში გადაყვანას.
ადვოკატი გეგმავს, რომ დროზე ადრე მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობითაც:
„საერთოდ, აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ იყო ნინოსთვის რელევანტური და პატიმრობაც სრულიად უსაფუძვლოდ აქვს შეფარდებული. ისედაც, საკანონმდებლო მოთხოვნებში პატიმრობის მიზანი არ არის ადამიანის ტანჯვა და თუკი ადამიანს ვერ აძლევ დახურულ დაწესებულებაში საჭირო სერვისს, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს სტანჯავ.
თუკი ციხე დაუყოვნებლივ ვერ უზრუნველყოფს მისი ჯანმრთელობის საჭიროებების უზრუნველყოფას, ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ პატიმრობა შეიცვალოს. არ დაველოდებით მომდევნო სასამართლო სხდომას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს ევალება, რომ ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს პატიმრობის გაგრძელების მიზანშეწონილობა, თუმცა ახლა გვაქვს ახალი გარემოება, ამიტომ ჩვენ არ დაველოდებით ორთვიანი ვადის ამოწურვას, რომელიც 21 ოქტომბერს გადის და დროზე ადრე მივმართავთ სასამართლოს, გადაიხედოს აღკვეთის ღონისძიების საკითხი“.
8 სექტემბერს გადადებული სხდომის ახალ თარიღად 17 სექტემბერი გადაწყდა. ამ სხდომაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს, სხვა მტკიცებულებებს შორის, დაუშვებს თუ არა ახალ მტკიცებულებად ლევან სამხარაულის ექსპერტების მიერ ნინო დათაშვილისთვის ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას.
ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელზეც ნინო დათაშვილის დაცვის მხარე უკვე თვეზე მეტია საუბრობს და როგორც მისი დანიშვნის, ისე მისი ჩატარების ფორმას აპროტესტებს, ადვოკატის თქმით, პროკურატურამ მოიპოვა კანონის უხეში დარღვევით.
თამარ გაბოძე ამბობს, რომ ლაპარაკია არაერთ დარღვევაზე.
პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ფსიქიატრიული ექსპერტიზა, მოსამართლის განჩინების თანახმად, უნდა ჩატარებულიყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ნინო დათაშვილი მაქსიმუმ 20 დღის განმავლობაში უნდა დაეყოვნებინათ. თუმცა, თამარ გაბოძის თქმით, მას შემდეგ, რაც ნინო დათაშვილისთვის იძულებით დანიშნულ ექსპერტიზას საჯარო გამოხმაურება მოჰყვა, პროკურატურამ თვითნებურად შეცვალა მოსამართლის განჩინება და ნინო დათაშვილს საპატიმროში გაუგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული დეპარტამენტის წარმომადგენლები:
„მათ ეს ექსპერტიზა საპატიმროში ჩაატარეს ნინოს ინფორმირებული თანხმობის გარეშე. როდესაც ექსპერტი ნინო დათაშვილს უტარებდა ექსპერტიზას, მან არ იცოდა, რა ხდებოდა მის თავს.
...სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია მხოლოდ ზემდგომ სასამართლოს და არა პროკურატურას. პროკურორმა თვითნებურად შეიტანა ცვლილება განჩინებაში, რაც კანონის დარღვევაა და 21 აგვისტოს სასამართლოს სხდომაზე დადასტურდა, რომ ექსპერტიზა იყო მოტყუებით ჩატარებული, რაც კანონის, ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა, რის გამოც, რა თქმა უნდა, ეს მტკიცებულება არ უნდა იქნას დასაშვებად ცნობილი.
ჩატარებული ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ნინო დათაშვილს არანაირი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, თუმცა ეს არ არის ახლა მთავარი, მთავარი ისაა, რომ ეს ექსპერტიზა ჩატარდა მოტყუებით, რაც მართლმსაჯულებისა და ბრალდებულის უფლებების სრული უგულებელყოფაა“.
თამარ გაბოძე ამბობს, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს პროკურორის, მედეა ცირამუას აცილების შუამდგომლობას.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით - თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარის გამო.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ამ დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს როგორც ჯარიმა, ასევე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა.
ფორუმი