მას წლებია ექსპერტიზისთვის მიმართავენ როგორც ევროკავშირის ინსტიტუტები, ასევე ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. მისი კვლევის არეალში არის საქართველოც.
სტივენ ბლოკმანსი არის ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერთანამშრომელი და ევროკავშირის პოლიტიკის კვლევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მიზანი "ადამიანების მცირე ჯგუფის ძალაუფლებისა და სიმდიდრის დაცვა იყო და ამას აკეთებდა "ბევრი ადამიანისთვის ზიანის მიყენების ფასად".
2024 წლის მაისში გამოქვეყნებული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ სტივენ ბლოკმანსი "ოცნების" მთავრობას: ნუ გადაეღობებით ხალხს!სტივენ ბლოკმანსი ამ ზაფხულს კვლავ ეწვია საქართველოს, ერთ-ერთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. საუბარიც ბოლო ერთი წლის დინამიკის შეფასებით დავიწყეთ:
რადიო თავისუფლება: როგორი ვითარებაა თქვენი პერსპექტივიდან, რა განასხვავებს გასული წლის გაზაფხულის საქართველოს ახლანდელისგან - 2025 წლის ზაფხულის საქართველოსგან? დარწმუნებული ვარ, ეს დაკვირვება მხოლოდ ამ ორი ვიზიტის შთაბეჭდილებებს არ ეფუძნება და თქვენ გარედანაც აკვირდებოდით საქართველოში პროცესების დინამიკას. რა სჭირს ამ ქვეყანას?
რეპრესიები ფართოვდება და ღრმავდება. ის აღარ შემოიფარგლება აქტივისტებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებითა და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებით. ის ეხება მთელ მოსახლეობას...
სტივენ ბლოკმანსი: საქართველოში 2024 წლის მაისში ვიყავი. იმ დროს იყო მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც მრავალ თვეს გაგრძელდა და რომლის ამოძახილიც იყო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ევროპული მისწრაფებები. წინააღმდეგობის ის ფორმა მნიშვნელოვნად შეიცვალა მთავრობის მხრიდან რუსული ყაიდის დარბევის, ადამიანების ცემის, დაპატიმრების შემდეგ. დემონსტრაციები კვლავაც გრძელდება, თუმცა უფრო მცირე მასშტაბის. სამოქალაქო ენერგია და კრეატიულობა ახლა უფრო მეტად მოედინება ციფრული სივრცეებიდან, სოციალური მედიაკამპანიებიდან, ვიდეოებიდან, პოდკასტებიდან, რითაც ის არღვევს პროსამთავრობო მედიის მიერ შექმნილი ნარატივების საზღვრებს.
სულ ცოტა თავისუფალი მედიასაშუალებაღა დარჩა, თითებზე ჩამოსათვლელი. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, აგრეთვე კვლევისთვის (იცით, მე ამ სფეროში ვმუშაობ და ახლაც ამის გამო ვარ თბილისში) გარედან მომავალი ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვით „ქართული ოცნების“ მთავრობა კეტავს სივრცეს გამოხატვის თავისუფლებისთვის.
ასე რომ, ერთი წლის თავზე ასეთი სურათია: რეპრესიები ფართოვდება და ღრმავდება. ის აღარ შემოიფარგლება აქტივისტებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებითა და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებით. ის ეხება მთელ მოსახლეობას, მაგალითად - დამოუკიდებელი მედიისთვის სივრცის ჩაკეტვით. ყველა ამ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებულ პოლიტიკას მსუსხავი ეფექტი აქვს დასავლელი პარტნიორებისგან დახმარებასა და ინვესტიციებზე. ეს ახდენს უარყოფით ეკონომიკურ ზეგავლენას, ძირს უთხრის საქართველოს გრძელვადიან განვითარებასა და მოქალაქეების კეთილდღეობას, რასაც ერთვის ის, რომ ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას უკეთესი ცხოვრების საძიებლად. დარწმუნებული ვარ, მოგვიანებით ვილაპარაკებთ დამდგარ ფაქტზე, როცა ევროკავშირს ამოეწურება მოთმინება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკების მიმართ.
ასევე ნახეთ “რუსეთისთვის კავკასიაში ომის გაჩაღება აბსოლუტურად ალოგიკურია”- რობერტ გევონდიანი მოსკოვის ქვიშაში გავლებულ ხაზებზეჩვენ არ ვიცით დემოკრატიიდან ავტორიტარიზმზე გადასვლის რა ეტაპის მოწმეები ვართ ახლა; ამის თქმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორ-სამ წელიწადში.
რადიო თავისუფლება: დიახ, ვითარება ამ კუთხითაც გაუარესდა, აგრეთვე კანონმდებლობის მხრივ, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამბობდით, რომ საბოლოოდ ეს არ მოუტანდა წარმატებას „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში, რადგან ის ნულოვანი ჯამის თამაშს მისდევდა, თუმცა ის კვლავ ხელისუფლებაშია. ერთი წელი არასაკმარისი დროა იმისთვის, რომ საბოლოო ეტაპზე ვილაპარაკოთ ვითარება უარესდება. რა ეტაპზე ვართ ახლა?
სტივენ ბლოკმანსი: ასე იყო… როცა პროცესში ხარ, ძალიან რთულია დაადგინო სად იმყოფები დროის შკალაზე. ყოველ დღე ვაწყდებით ახალ გვერდებს იმ "სახელმძღვანელოდან", რომელსაც ბოლო წლის განმავლობაში მთავრობა ასეთი შთამბეჭდავი ტემპით ახორციელებს, ამ რეპრესიული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების სწრაფად მიღებით. ჩვენ არ ვიცით დემოკრატიიდან ავტორიტარიზმზე გადასვლის რა ეტაპის მოწმეები ვართ ახლა; ამის თქმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორ-სამ წელიწადში. არის თუ არა ახლა საქართველო "სახელმძღვანელოს" ბოლო თავზე? - ძალიან მეეჭვება ასე იყოს.
ჯერაც ძალიან დიდია წინააღმდეგობა ძალაუფლების იმ ვერტიკალის მიმართ, რომლის განმტკიცებასაც ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა. პატრონაჟისა და ლოიალურობის ამ სისტემის შექმნის დასრულება არა მხოლოდ სამოქალაქო წინააღმდეგობის მიმართ არის მოწყვლადი, არამედ ის ჯერაც საკმაოდ სუსტია და ექვემდებარება შიგნიდან მომდინარე წინააღმდეგობის მოძრაობებს. ვგულისხმობ მინისტრების თანამდებობებზე ცვლილებებს, რომელიც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველი რგოლი მოითხოვს მეტ ლოიალურობას
მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად მიმღებლობისა და თანხმობის რეჟიმზე გადადის და ამბობს - „კარგი, ცხოვრება ხომ უნდა გავაგრძელო და მივდივარ კომპრომისებზე, რომლებითაც უნდა ვიცხოვრო“.
ცალკეული ადამიანებისგან, რომლებმაც თავიანთი თანამდებობებით ისარგებლეს, სწრაფად მოიპოვეს უპირატესობა და ფული. ასე რომ, ვიტყოდი, რომ დროის შკალის სადღაც შუაში უნდა ვიყოთ, რაც ნიშნავს, რომ ახლო მომავალში მეტი რეპრესიული ზომებია მოსალოდნელი, თავიდან შედარებით მცირე მასშტაბის.
ვინაიდან, რა თქმა უნდა, იცით, რომ გამოხატვისა და მოქმედების თავისუფლების სივრცე მნიშვნელოვანწილად ჩაიკეტა, რომ ხელისუფლებამ მოახერხოს და თავს უფლება მისცეს შედარებით მცირე ჯგუფებს მიადგეს - ე.წ. „არალოიალურებს“ და ისინი ამოიღოს მიზანში.
მოსახლეობის უმრავლესობა კი ძირითადად მიმღებლობისა და თანხმობის რეჟიმზე გადადის და ამბობს - „კარგი, ცხოვრება ხომ უნდა გავაგრძელო და მივდივარ კომპრომისებზე, რომლებითაც უნდა ვიცხოვრო“. ასეთი მიდგომა, ცხადია, არ ეხმარება სულისკვეთებას, რომელიც ფუნდამენტური უფლებების დაცვას სჭირდება და ისინი სულ უფრო მეტად იქნებიან დარტყმის ქვეშ და იზოლირებულები.
რადიო თავისუფლება: რასაც ვაკვირდები, შარშანდელთან ან შარშანწინდელთან შედარებით, მოვლენები გაცილებით სწრაფად ვითარდება საქართველოში. ასეთია ჩემი აღქმა. ადვილი არ არის რაღაც წარმოდგენის შექმნა იმაზე, რა იქნება ერთ წელიწადში. ამ გადასახედიდან შეგვიძლია საქართველოში ერთ წელიწადში მოსალოდნელ სცენარებზე ლაპარაკი - უკეთესსა და უარესზე?
სტივენ ბლოკმანსი: დიახ.
ასევე ნახეთ პეტერ ფიშერი: დიახ, საქართველო ჩამოშორდა "ტრიოს"რადიო თავისუფლება: იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არსებობს უკეთესი სცენარიც.
"ქართული ოცნება" ქმნის კლიენტელიზმის ახალ დონეს: რუსეთთან არსებულის შემდეგ, ახლა უკვე ჩინეთის „იმპერატორთან“.
სტივენ ბლოკმანსი: ვფიქრობ, ანალიტიკური კუთხით, ახლა ყველაზე ადვილად წარმოსადგენი სცენარი, რა თქმა უნდა, არის იმ გზის განზოგადება, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ ადგას: სცენარი, რომელშიც სულ უფრო მეტად ავტოკრატიულად მართულ საქართველოს სულ უფრო ნაკლები შეხების წერტილი აქვს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან, როცა ის ჯერაც აცხადებს, რომ მათში გაწევრიანება სურს. თუმცა, სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ აკეთებს ევროკავშირსა და ნატოსთან შერიგების მცდელობის საპირისპიროს: ის ტრიალდება სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისკენ. ირანთან პარტნიორობა, მაგალითად, ძალიან უცნაური არჩევანია.
ანუ, ფაქტი, რომ მთავრობის წარმომადგენლები უკვე ჩადიან ასეთ ქვეყნებში, როგორც მეგობრულ სახელმწიფოებში, სავსებით დამაჯერებელს ხდის იმას, რომ ეს გაგრძელდება, რაც მტკიცედ განსაზღვრავს გეოპოლიტიკურ ბანაკს, რომელშიც “ქართულ ოცნებას” საქართველოს ყოფნა სურს.
“ქართული ოცნება” შეეცდება მოსახლეობას ეს ისე მიჰყიდოს, როგორც ახალი სოციოეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, განსაკუთრებით ჩინეთთან ურთიერთობაში. თუმცა, სინამდვილეში ის ქმნის კლიენტელიზმის ახალ დონეს: რუსეთთან არსებულის შემდეგ, ახლა უკვე ჩინეთის „იმპერატორთან“.
ევროკავშირი სულ უფრო ხისტ პოზიციას იკავებს და აცხადებს, რომ მოქმედებათა ამ კურსს შედეგები მოჰყვება.
ეს მოხდება საქართველოში რუსეთის ინტერესებისა და ჩინეთის გავლენის მეტად ინფლიტრაციით - არა პირდაპირი დაპყრობით, არამედ უფრო დახვეწილად. ეს არის ერთი სცენარი, რომლის წარმოდგენაც ახლავე საკმაოდ მკაფიოდ შეგვიძლია.
ამის საპირისპირო სცენარი, რა თქმა უნდა, იქნებოდა ის, რომ ამა თუ იმ მიზეზით, “ქართული ოცნების” მთავრობას გონება გაუნათდება და კვლავ გახსნის პოლიტიკურ სივრცეს, შეამსუბუქებს ზომებს, რომლებსაც აქამდე მიმართავს, რაც მიიყვანს ვითარებას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე. ამით, ცხადია, ექმნება საფრთხე, რომ „ქართული ოცნება“ გადაირჩიონ და მის ზოგიერთ წევრს პასუხი აგებინონ. ეს მიზეზები ნაკლებად დამაჯერებელს ხდის ასეთი სცენარის განხორციელებას.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ კონტექსტში თუ გავყვებით ამ მეორე სცენარს, გამოვა, რომ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიას და მთავრობის მიერ სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა გახსნის შესაძლებლობებს ევროკავშირთან თანამშრომლობის განსაახლებლად და გაწევრიანების პროცესში დასაბრუნებლად.
ეს სავარაუდოდ საქართველოს მიმართ გააჩენს მეტად კეთილგანწყობილ დამოკიდებულებებს ნატოში, ქვეყანას დასავლეთის ქვეყნების რიგში დააყენებს და მიიღებს მხარდაჭერას რუსეთისა და მისი თანამზრახველებისგან მომდინარე უფრო პირდაპირი საფრთხისგან თავის დასაზღვევად.
“ქართულმა ოცნებამ” განზრახ არჩია, მცდარად წარმოეჩინა ევროკავშირის რეკომენდაციები - ყურადღების გამახვილებით გამჭვირვალებასა და “ლგბტ პროპაგანდაზე”, როგორც უვიზო მიმოსვლის პირობაზე, რაც აჩვენებს, რომ ის არ არის სერიოზული პარტნიორი ევროკავშირისთვის.
ამ ორ სცენარს შორის კი, რა თქმა უნდა, არსებობს მრავალგვარი კომბინაცია, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.
ვფიქრობ ჰიბრიდული რეჟიმების ნაირსახეობაზე, მაგალითად ისეთზე, როგორიც ახლა სერბეთშია. ანუ, როცა საშინაო ვითარებაში არსებობს ისეთი სახის სტატუს კვო, როცა აქტივისტები და ოპოზიციონერები ციხეში არიან, თავისუფალი მედია - ალიკაპდადებული, ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები შეზღუდული, არის ტვინების გადინება. და ე.წ. ნეიტრალური და მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც არსებითად კეტავს ევროკავშირში გაწევრიანებისა და დასავლური ალიანსებისკენ გზას იმ ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფის გამო, რომლებზეც ეს ორგანიზაციები და პარტნიორობებია დაფუძნებული.
ამავე საკითხზე აგრეთვე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირი სულ უფრო ხისტ პოზიციას იკავებს და აცხადებს, რომ მოქმედებათა ამ კურსს შედეგები მოჰყვება. უმაღლესმა წარმომადგენელმე კაია კალასმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამდენი თვისა და დემოკრატიასთან დაბრუნებისკენ დაუსრულებელი მოწოდებების შემდეგაც კი “ქართული ოცნების” მთავრობას ჯერად აქვს დრო აჩვენოს საქართველოს მოსახლეობას, რომ ის სერიოზულად ეკიდება ევროკავშირისკენ მის სწრაფვას; თუმცა, ეს დრო იწურება. თუკი აგვისტოს ბოლომდე ოპოზიციის ლიდერები ციხეში დარჩებიან და თუ არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაიდგმება არასამთავორო ორგანიზაციების, თავისუფალი მედიისა და ა.შ. ძირითადი უფლებების აღსადგენად, მაშინ გამოვა, რომ “ქართული ოცნება” არის იმ პრინციპების დამრღვევი, რომლებსაც 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმი ეფუძნება და ამ ზაფხულის შემდეგ ევროკავშირი იძულებული იქნება ის შეაჩეროს.
ამ საკითხზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კვალიფიციური უმრავლესობა ისახება. მთავრობისადმი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილში უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა უნდა აღდგეს და იყოს დაცული.
ასევე ნახეთ რობინ დანიგანი: ჩვენ წარმოვადგენთ აშშ-ის მთავრობას“ქართულმა ოცნებამ” განზრახ არჩია, მცდარად წარმოეჩინა ევროკავშირის რეკომენდაციები - ყურადღების გამახვილებით გამჭვირვალებასა და “ლგბტ პროპაგანდაზე”, როგორც უვიზო მიმოსვლის პირობაზე, რაც აჩვენებს, რომ ის არ არის სერიოზული პარტნიორი ევროკავშირისთვის. თუკი შედეგად ევროკავშირი შეაჩერებს უვიზო მიმოსვლას, ურთიერთობების გამოსწორების შესაძლებლობა შემცირდება. მოკლე და საშუალო ვადაში ბევრი რამისთვის არის საბრძოლი.
პუტინი არ არის უკვდავი და მისი მემკვიდრის პუტინისტობა არ არის გარანტირებული. ასე რომ, არ ვიცით, რა მოუვა იმ ქვეყანას.
რადიო თავისუფლება: ნება მომეცით, დავუბრუნდე პირველ სცენარს: მისი განხორციელების პირობებში, “ქართული ოცნება” მოკლე ან საშუალო ვადაში კომფორტულად გააგრძელებს ძალაუფლებით სარგებლობას და ა.შ.? ეს კომპონენტი ასეა იმ სცენარში?
სტივენ ბლოკმანსი: დიახ.
რადიო თავისუფლება: ასე ფიქრობთ?
სტივენ ბლოკმანსი: აბსოლუტურად და “ქართული ოცნება” კიდევ უფრო გაძლიერდება. იქნება მეტი ლოიალური ჯგუფი, რომლებსაც ექნებათ მეტი პრივილეგია თავიანთთვის და თავიანთი კლიენტებისთვის, რომლებიც რაიმეს უწყალობებენ მოსახლეობის ნაწილს, რომ კმაყოფილი ჰყავდეთ და ინტერესთა ჯგუფებს, რომლებსაც დაეყრდნობიან განსაკუთრებულ სექტორებში. ასე რომ, დიახ, ეს პირველი სცენარის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
რადიო თავისუფლება: ვართ ახლა ეტაპზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რაღაც ტიპის ეკვილიბრიუმად, ბალანსთან მიახლოებულ მდგომარეობად? ვართ ახლოს ასეთ წერტილთან, რომელიც სულაც არ არის კარგი ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც?
სტივენ ბლოკმანსი: დიახ, ასე ვფიქრობ. შესაძლებელია პოლიტიკური სივრცის დავიწროების, რაც უკვე განვიხილეთ კიდეც და აშშ-ისა და ევროკავშირის ან მისი ცალკეული წევრების მხრიდან დამატებითი სანქციების დაწესების პროგნოზირება.
ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, ახლანდელი მთავრობა უახლოვდება მიწაზე დაშვების ზონას. რა მასშტაბით დაექვემდებარება ის რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე მოთხოვნებსა თუ გავლენებს, არ ვიცი, თუმცა კლიენტელისტური ურთიერთობები ალბათ იმის კვალობაზე გაძლიერდება, როგორც გაუარესდება ურთიერთობები ევროკავშირსა და უფრო ფართოდ დასავლურ სამყაროსთან. ვითარება რუსეთსა და ბელარუსში ხომ ჯერაც „სტაბილურია“.
დასავლეთისგან გამიჯნული “ქართული ოცნების” მიერ მართული ქვეყნის დამოკიდებულება ჩინეთზე მხოლოდ გაიზრდება. ეკონომიკური მხარდაჭერა რუსეთიდან არ მოვა, ის უნდა მოვიდეს ისეთი ეკონომიკური ძალისგან, როგორიც ჩინეთია...
მხედველობაშია მისაღები პროგნოზირებადობის ფაქტორიც, შესაძლოა შემდეგი ორი-სამი წლისთვის. პუტინი არ არის უკვდავი და მისი მემკვიდრის პუტინისტობა არ არის გარანტირებული. ასე რომ, არ ვიცით, რა მოუვა იმ ქვეყანას. ამან შეიძლება იქონიოს მთავარი ზეგავლენა მომდევნო, სავარაუდოდ, ათი წლის განმავლობაში.
იგივე შეიძლება ითქვას სი ძინ პინის ჩინეთზე, თუმცა ჩინეთის კომუნისტური პარტია, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სტრუქტურიზებული და ძლიერია, რომ ხანგრძლივად შენარჩუნდეს, ვიდრე პუტინის მიერ შექმნილი ბევრად სუსტი დიქტატორული სისტემა.
ამ გარე ძალების წინაშე ავტორიტარულად მართული საქართველო იქნება განსაკუთრებით მოწყვლადი მომდევნო ათი წლის განმავლობაში. არ ვისურვებდი მეწინასწარმეტყველა სცენარი 2035 წლის შემდეგ.
ასევე ნახეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა - გზა "მნიშვნელოვანი მიღწევიდან" "დიპ სტეიტის ბოლო კოზირამდე"რადიო თავისუფლება: რას იტყოდით რესურსებზე? ჩინეთი ახსენეთ და დარწმუნებული ხართ, რომ საკმარისად რეალისტურია, საკმარისად მასშტაბური იქნება ისეთი ტიპის ინტერვენციები საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემდა განვითარებული მსოფლიოსგან და ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორებისგან იზოლაციაში გაეგრძელებინა არსებობა?
სტივენ ბლოკმანსი: არა, ჯერ არა.
რადიო თავისუფლება: ამიტომაც დაგისვით შეკითხვა “ქართული ოცნების” კომფორტზე მომავალში.
სტივენ ბლოკმანსი: ამისთვის მხარდაჭერა, კერძოდ ჩინეთისგან, უნდა გაიზარდოს. დასავლეთისგან გამიჯნული “ქართული ოცნების” მიერ მართული ქვეყნის დამოკიდებულება ჩინეთზე მხოლოდ გაიზრდება. ეკონომიკური მხარდაჭერა რუსეთიდან არ მოვა, ის უნდა მოვიდეს ისეთი ეკონომიკური ძალისგან, როგორიც ჩინეთია და შუა აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურის ავტორიტარული ან ავტორიტარულად მართული ძლიერი სახელმწიფოებისგან. ირანი აღარ მიეკუთვნება ასეთთა რიგს, ის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად დაზიანდა ისრაელი-აშშ-სგან “12-დღიან ომში”, როგორც მას ბატონი ტრამპი უწოდებს. ირანი დაზიანდა ეკონომიკურადაც - ათწლეულების განმავლობაში მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო. ასე რომ, ის ვერ გამოდგება ისეთ პარტნიორად, რომელზე დაყრდნობასაც საქართველო შეძლებდა ქვეყნის მოდერნიზაციისთვის.
“ქართულ ოცნებას” შეუძლია იძახოს, რომ ის დასავლური ყაიდის კანონმდებლობას ღებულობს, მაგრამ ეს არარეალურია. დგება დრო, როცა გამოგონილსა და რეალობას შორის უფსკრული იმდენად ფართოვდება, რომ პროპაგანდისტებისთვისაც კი შეუძლებელია მისი დაფარვა.
ეს მხარდაჭერა უნდა წამოვიდეს უფრო მდიდარი ავტოკრატიული ქვეყნებიდან, ვფიქრობ, ჩინეთის კვალი უკვე თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაში და ა.შ.. თუკი “ქართული ოცნების” მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რაღაც ფორმით შეინარჩუნოს სტრატეგიული ავტონომია, სხვა პარტნიორების მეშვეობით ჩინეთის ზეგავლენის დაბალანსებით, მაშინ საუდის არაბეთთან და საამიროებთან ურთიერთობების უფრო გაფართოება და გაძლიერება მოუწევს.
რადიო თავისუფლება: რამდენად მალე ელოდებით იმას, რომ “ქართული ოცნება” სახელს დაარქმევს თავის პოლიტიკას? - ისინი ჯერაც იმეორებენ, რომ ყველაფერს სათანადოდ აკეთებენ იმისთვის, რომ 2030 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. გარკვეული მასშტაბით ევროინტეგრაციის წინააღმდეგ პროპაგანდა უკვე დაწყებულია, თუმცა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები კვლავაც აცხადებენ, რომ ესა თუ ის საკანონმდებლო ცვლილება აშშ-დან გადმოიღეს, რომ დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას იზიარებენ და ა.შ.. რამდენად მალე უნდა ველოდოთ მათგან ლექსიკის ისე შეცვლას, როგორც უფრო შესატყვისი იქნებოდა მათი ქმედებებთან?
სტივენ ბლოკმანსი: ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, დღეიდან 2028 წლის ჩათვლით, მაგრამ დანამდვილებით ცოდნა შეუძლებელია, იმ ტიპის მთავრობის პირობებში, რომელიც რუსეთის პროპაგანდის სახელმძღვანელოს მისდევს. ფაქტი არის ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაწევრიანების ღილაკი სწორედ 2028 წლამდე დააპაუზა და აგრძელებს ისეთი ზომების გამოყენებას, რომლებსაც საქართველო ევროკავშირის წევრობის საპირისპირო მხარეს მიჰყავს.
“ქართული ოცნება” უეჭველად შეეცდება საქართველოს მოსახლეობის ვიქტიმიზაციას, როცა მისი უმოქმედობა იძულებულს გახდის ევროკავშირს, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა.
“ქართულ ოცნებას” შეუძლია იძახოს, რომ ის დასავლური ყაიდის კანონმდებლობას ღებულობს, მაგრამ ეს არარეალურია. დგება დრო, როცა გამოგონილსა და რეალობას შორის უფსკრული იმდენად ფართოვდება, რომ პროპაგანდისტებისთვისაც კი შეუძლებელია მისი დაფარვა. ევროკავშირი განიხილავს უფრო მეტად შემზღუდავი ზომების გამოყენების შესაძლებლობას, თუკი მთავრობა მოსახლეობას არ დაანახებს, რომ სერიოზულად ეკიდება იმ ძირითადი პრინციპების დაცვას, რომლებიც საფუძვლად დაედო 2017 წელს უვიზო რეჟიმის შემოღებას. ევროკავშირმა მთავრობას დრო მისცა აგვისტოს ბოლომდე, რომ მან გააუქმოს რეპრესიული ზომები; ამასთან, თუკი ის ამას არ გააკეთებს, მკაფიოდ უთხრეს, რა შედეგები მოჰყვება.
“ქართული ოცნების” მყისიერი რეაქცია იყო ევროკავშირის რეკომენდაციების დაცინვა. “ქართული ოცნება” უეჭველად შეეცდება საქართველოს მოსახლეობის ვიქტიმიზაციას, როცა მისი უმოქმედობა იძულებულს გახდის ევროკავშირს, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა. ეს კიდევ ერთი - ყველასთვის აშკარა ტყუილი იქნება. და ეს მოსახლეობის თვალში მთავრობის კიდევ უფრო მეტად დელეგიტიმაციას მოახდენს. ყველამ იცის, რომ ევროკავშირი ძალიან ნელა ზრდის სანქციებს, დაიწყო მთავრობისთვის პირდაპირი დახმარების შეჩერებითა და “ქართული ოცნების” ჩინოსნებისა და მათთან დაკავშირებული პირებისადმი ტარგეტირებული ზომებით. ზომები, რომლებიც უახლოეს მომავალში შეიძლება მიიღოს, არის “ქართული ოცნების” ავტოკრატიული პოლიტიკისა და ევროკავშირში უვიზოდ შესვლის სიკეთის შესანარჩუნებლად ევროკავშირის მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და პრინციპების დაცვის პრინციპულად მოთხოვნის მხოლოდ ლოგიკური გაგრძელება. ევროკავშირი არ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს. ის მათ სხვაგვარად დაუჭერს მხარს, მათ შორის დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიისკენ ფინანსური რესურსების მიმართვით.
გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობის ნაცვლად, რომელშიც ისინი ისედაც დამარცხდებიან და მთავრობას ლეგიტიმურობას შესძენენ, მათ [ოპოზიციას] მოუწევთ განსხვავებული ტიპის მონაწილეობითი დემოკრატიის ფორმირება.
გარკვეულ მომენტში მთავრობისთვის გამოუსადეგარი იქნება იმის თქმა, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იღვწის. “ქართულ ოცნებას” შეუძლია იძახოს, რომ ყოველთვის პროევროპული იყო, რომ სულ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მუშაობს, რომ ეს თავად ევროკავშირს არ მოსწონს და ასანქცირებს ჩვეულებრივ მოქალაქეებს. იმ პირობებში, როცა უამრავი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეშია, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იხურება და “ქართული ოცნება” ავტოკრატიული მოკავშირეებს ეძებს, მისი მოქმედებები მის სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს.
ასევე ნახეთ ორი სამხედრო წვრთნა პარალელურად: რუსეთი-ირანი კასპიის ზღვაში, ამერიკული Agile Spirit - თურქეთსა და საქართველოშირადიო თავისუფლება: რა დევს სასწორზე საქართველოს მოქალაქეებისთვის?
სტივენ ბლოკმანსი: მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლება, მათი ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა და საბოლოოდ მათი კეთილდღეობა დევს სასწორზე. უმოქმედობის არჩევამ შეიძლება მათ დააკარგვინოს ეს და სხვა თავისუფლებები და შესაძლებლობები. თუმცა, ევროკავშირი გააგრძელებს დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერას, როგორც “თავისუფალი ბელარუსის” შემთხვევაში აკეთებს ამას.
რადიო თავისუფლება: დღეს რომ საქართველოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყოთ, რა იქნებოდა თქვენი მოკლე ან საშუალოვადიანი სტრატეგია?
სტივენ ბლოკმანსი: იცით, ამაზე პასუხი მოითხოვს წარმოსახვის დაძაბვას, რომ ასე უცბად მოვიფიქრო სრულფასოვანი სტრატეგია, რომელიც ოპოზიციის ლიდერებს სულს შთაბერავდა, რომ შეთანხმებული პლატფორმისა და მანდატის ირგვლივ შეკავშირებულიყვნენ, რომელსაც მოქალაქეთა უმრავლესობის მხარდაჭერით წარმატებით განახორციელებდნენ.
გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობის ნაცვლად, რომელშიც ისინი ისედაც დამარცხდებიან და მთავრობას ლეგიტიმურობას შესძენენ, მათ მოუწევთ განსხვავებული ტიპის მონაწილეობითი დემოკრატიის ფორმირება, მოსახლეობის უმრავლესობის ლეგიტიმური მხარდაჭერით. ამის განსახორციელებლად ისინი ვერ დაეყრდნობიან ჩვეულებრივ წარმომადგენლობით დემოკრატიას. ეს არის პროცედურული ნაწილი.
საქმის არსებით მხარეს რაც შეეხება, სტრატეგია, რასაკვირველია, უნდა იწყებოდეს არსებული სისტემის ცოდვების მხილებით და ამის გაგრძელებით, თუ საჭირო გახდება - უცხოეთიდანაც.
მნიშვნელოვანია საქართველოს ოპოზიცია კვლავაც ჩანდეს საერთაშორისო ასპარეზზე და აქტიურად თანამშრომლობდეს ევროპელებთან, ამერიკელებთან და სხვა პარტნიორებთან.
სხვა ქვეყნების მაგალითები გვინახავს, როცა, მაგალითად, მედიასაშუალებები, ანალიტიკური ცენტრები დევნილობაში მუშაობენ და სანდო გზავნილებს ავრცელებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში. არსებობს თავისუფალი ბელარუსული მედია, მაგალითად. ეს მხოლოდ ბელარუსში არ არის, არამედ ის სატელიტური კომუნიკაციით ახერხებს ფაქტებზე დაფუძნებული გზავნილების მიწოდებას დევნილობიდან, რეჟიმის ნაკლოვანებების მხილებას - როგორიცაა ადამიანებისთვის პოლიტიკური და სოციოეკონომიკური თავისუფლებების წართმევა.
ეს იქნებოდა ამის მხოლოდ დასაწყისი - ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა. ამის შემდეგ აუცილებელი იქნება სრულფასოვანი, თანმიმდევრული პოლიტიკური პროგრამის გაძლიერება და იმ ფუნდამენტური პრინციპების აღდგენა, რომლითაც წარსულში იმართებოდა საქართველოს საზოგადოება, კანონი და პოლიტიკა. თუმცა, თქვენი შეკითხვის პასუხად მთლიანი სტრატეგიის შემუშავება, ზედმეტად დიდი თხოვნაა.
რადიო თავისუფლება: მესმის. მართალი ბრძანდებით.
სტივენ ბლოკმანსი: თუმცა, ეს მოითხოვს აგრეთვე ქარიზმატულ ოპოზიციონერ ლიდერს. იცით ციხანოუსკაია, რომელმაც გაიმარჯვა თავისუფალ ჩრდილოვან არჩევნებში.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოპოზიცია კვლავაც ჩანდეს საერთაშორისო ასპარეზზე და აქტიურად თანამშრომლობდეს ევროპელებთან, ამერიკელებთან და სხვა პარტნიორებთან. ეს დაეხმარება საქართველოს დარჩეს დღის წესრიგში და საქართველოს დემოკრატიის საქმეს ჰქონდეს მხარდაჭერა.
ასევე ნახეთ აშშ-ის მართული ზანგეზურის დერეფანი - გეოპოლიტიკური ჩიხი თეირანისთვის, ახალი წესრიგი რეგიონისთვის?