რეაქციები სოციალურ ქსელში - როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა - ინტერნეტის რეაქცია

სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ღია წერილს აშშ-ის პრეზიდენტისადმი და ვიცე-პრეზიდენტისადმი, სადაც ავტორი წუხილს გამოთქვამს ამერიკული სანქციების ძალაში დატოვების, თბილისის პოზიციების უგულებელყოფისა და "დიპ სტეიტთან" "ოცნების" ბრძოლის არდაფასების გამო.

კობახიძე წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უყურადღებოდ დატოვა მანამდე გაგზავნილი წერილიც და თბილისის განცხადებებიც.

"ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ", - წერს "ოცნების" პრემიერი აშშ-ის უმაღლეს პირებს.

რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების ნაწილს მოუყარა თავი.

ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს, ბექა ყორშიას ირაკლი კობახიძის ღია წერილი შეყვარებულთან დაშორებული თინეიჯერის სევდიან ნააზრევსა და შერიგების მცდელობას ახსენებს.

ფემინისტ აქტივისტს, ვენერო მელუას ცალმხრივად მოტრფიალე “სასოწარკვეთილი კაცების” ხელწერა ეცნო. წერს, თუ როგორ ივიწყებენ ადრესატი ქალები ასეთ წერილებს.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ ტრამპისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“

ინტელექტუალთა კლუბის - „რა? სად? როდის?“ წევრი, ზურაბ ფარჯიანი წერს, რომ ეს წერილი არა ტრამპისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოსაჩვენებლად დაიწერა. ხოლო ანეკდოტი, რომელსაც პოსტში იხსენებს - სპორტული გუნდიდან გაშვებული მწვრთნელისა და მის მიერ დატოვებული სამი წერილის შესახებ არის.

იუმორისტული პლატფორმა „პრეს-ცენტრი“ კობახიძის წერილს რამდენიმე პოსტს უძღვნის. ერთ-ერთი პოსტი ჰყვება ამბავს - თუ როგორ უგზავნიან დონალდ ტრამპს „ქართული ოცნების“ დეპუტატები წერილთან ერთად - „პასილკასაც“.

“წალენჯიხა ენდ ვოშინგთონ ფრენდს, გუუუდ ფრენდს, მისთერ ტრამპ!” - ავტორი ამ სიტყვებს ირაკლი ზარქუას მიაწერს. ზარქუა ტრამპს საკმაოდ ხშირად მიმართავდა.

ასევე ნახეთ „მტრული, უსამართლო აქტი“ - „მეგობარი აქტით“ აღშფოთებულ „ოცნებას“ ტრამპის იმედი აქვს

„პრეს-ცენტრის“ კიდევ ერთი პოსტი ცნობილი ხუმრობის ინტერპრეტაციაა: „ისე დამიწერეთ, რომ ნახოს, ვინ დაკარგა“....

„ნუ მწერ“ - ირაკლი კობახიძის ღია წერილს, დონალდ ტრამპის სახელით, მირზა გელოვანის ლექსის ინტერპრეტაციით პასუხობს მწერალი და მთარგმნელი - გიორგი ხარაიშვილი. სტრიქონებში ვხვდებით „დიპ სტეიტსა“ და ბიძინა ივანიშვილის გამხმარი ბაობაბებსაც.

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,

რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,

რო დიფ-სთეითი ამ გაზაფხულშიც

ისევ ხელახალ არჩევნებს ითხოვს”….

""ღია წერილი" — ტოჟე მნე, ემილ ზოლა..." - ასეთია მწერლის, პროფესორ ნოდარ ლადარიას რეაქცია.

მის მოკლე ტექსტში ნათქვამია, რომ წერილის ადრესატი არც აშშ-ის პრეზიდენტია და არც ვიცე-პრეზიდენტი.

ასევე ნახეთ რა სურს გერმანიის ახალ კანცლერს და რას უნდა ელოდოს საქართველო

"- ტრამპ! პასუხი არ არის.

- ტრამპ! პასუხი არ არის.

- რა დაემართა ამ ბიჭს? ტრამპ!" - პოლიტიკის ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავლის" ცნობილ დასაწყისს იხსენებს.

ფეისბუკზე გამოქვეყნდა მწერლისა და მთარგმნელის, ლელა სამნიაშილის პოსტიც.

წერილის გზავნილს - “შიგ დიფ სთეითში გარტყმულს” უწოდებს და ნაცარქექიასაც იხსენებს.