მოკლედ
- რას ითხოვდა მსჯავრდებული?
- რა ეწერა საქმის მასალებში?
- რა ჩაწერა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ თავის დასაბუთებაში?
- რას ამბობს მოკლული ქალის დედა?
25 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თავმჯდომარეობით, არ შეცვალა მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება და ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებული კაცი უვადო პატიმრობაში დატოვა.
34 წლის თემურ ყარალაშვილმა 25 წლის ცოლს, გალინა ნოზაძეს, 2024 წლის 12 ნოემბრის ღამეს, საძინებელში, სამი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეძუძურმა დედამ თითქმის ერთი თვე იცოცხლა და 10 დეკემბერს, შუადღისას, კლინიკაში გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ ქალის დაწვა შვილების თვალწინ - რა წერია 25 წლის გალინას მკვლელობის საქმეში25 წლის, სამი შვილის დედის მკვლელობის საქმეზე გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა. 2025 წლის 21 მაისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
თემურ ყარალაშვილმა და მისმა ადვოკატმა პირველი ინსტანციის ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
"სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი" - მსჯავრდებულის ადვოკატი
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეთა კოლეგიამ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი სხდომა გამართა. სათათბიროდ და გადაწყვეტილების მისაღებად მათ სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, თემურ ყარალაშვილის ადვოკატი, ქეთევან თალაკვაძე, ცდილობდა დაერწმუნებინა მოსამართლეთა კოლეგია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ კაცს დანაშაული არც განზრახ და არც დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით არ ჩაუდენია.
ის ირწმუნებოდა, რომ საქმეში არ იდო არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ კაცი ცოლზე ინტენსიურად ძალადობდა და ამ ძალადობას გენდერული საფუძველი ჰქონდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მან უსამართლო უწოდა, მოითხოვა ამ საქმეზე დამამძიმებელი გარემოების, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის მოხსნა და მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი - ვადიანი პატიმრობის განსაზღვრა:
„გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა, სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, მის მიმართ წარსულში არასდროს ყოფილა გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, არ უცდია მიმალვა, ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა გამოძიებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი, მაგრამ ეს არ იქნა გათვალისწინებული, რაც მიმაჩნია, რომ არასამართლიანია. არ შეიძლება, ყურადღების მიღმა დარჩეს მისი ქცევა - დანაშაულის შემდეგ, მან თავად ჩააქრო ცეცხლი.
ამ საქმეში არ ვეთანხმებით გენდერის ნიშნის დადგენას. დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ ეს დანაშაული სწორედ გენდერის ნიშნით იქნა ჩადენილი. გადაწყვეტილება ტოვებს მიკერძოებულობის განცდას.
სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ცოლ-ქმარს შორის იყო ხოლმე კონფლიქტი. თუმცა, საქმეში დევს იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებიც, რომლებიც მსჯავრდებულს დადებითად აფასებდნენ. დანიშნულ სასჯელი არის მეტისმეტად მკარი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას“, - თქვა 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე თემურ ყარალაშვილის ადვოკატმა.
რაც შეეხება თავად მსჯავრდებულს, სასამართლოს დარბაზში ის რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა და ეს სიტყვებიც ხმადაბლა, ძლივს გასაგონად თქვა:
თემურ ყარალაშვილი მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 6 მაისი, 2025 წელი
„მე არ მახსოვს ზუსტად რა მოხდა, მაგრამ განზრახ არაფერი ჩამიდენია. არ მიფიქრია, რომ ასეთი რამ ჩამედინა, უბედურება მოხდა, თავის მართლებს არ ვაპირებ, წინაზეც მოვუხადე ბოდიში, ვისაც გული ვატკინე, მეტი არაფრის თქმა შემიძლია“.
რა ეწერა საქმის მასალებში?
ამ საქმის პროკურორმა, ნათია კიკალიამ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას იმ მტკიცებულებების შინაარსი წარუდგინა, სადაც საქმის მოწმეები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი ქმრის მხრიდან არაერთხელ გამხდარა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი.
ამ საქმეში დევს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, სადაც ვკითხულობთ:
„თემურმა გალინას წიხლი ჩაარტყა სახეში, რის გამოც გალინას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა“.
„გალინას ხშირად უყვიროდა მამამთილიც, აგინებდა. პირადადაც შევესწარი 2024 წლის ოქტომბერში, როგორ ესროლა რძალს ქვაბი, რომელიც ბეჭებში მოხვდა, გალინამ ტირილი დაიწყო“.
„გალინა იყო მშვიდი, წყნარი ადამიანი, რომელიც ოჯახის ყველა საქმეს თვითონ აკეთებდა, უვლიდა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღორებს, უვლიდა ბავშვებს, ყველა საქმეს გალინა აკეთებდა. თავადაც შევსწრებივარ, როგორ აგინებდნენ და შეურაცხყოფდნენ გალინას. 2024 წლის ივნისში ვიყავით თემურის ეზოში. სახლის წინ, ბალახზე ვქეიფობდით. ქეიფის დროს თემურმა გალინას უთხრა, რომ მისთვის „ნასკები“ მოეტანა. გალინამ მოუტანა, თუმცა ისინი დაუწუნა, რატომ სხვა არ მომიტანეო და აუშარდა. თემური წამოდგა ფეხზე, დედა შეაგინა გალინას, გაშლილი ხელი მოუქნია და სახეში გაარტყა. გალინამ ტირილი დაიწყო“...
რას ამბობს მოკლული ქალის დედა?
ის, რომ გალინა ძალადობის მსხვერპლი იყო, იცოდნენ მისმა ოჯახის წევრებმაც, მათ შორის, დედამ, დამ... თუმცა, ასმათ მეტრეველმა, სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შვილს ამის გახმაურება არ სურდა:
ასმათ მეტრეველი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შესასვლელი, 25 სექტემბერი, 2025 წელი
„ხმამაღლა არ ლაპარაკობდა ამაზე. ეშინოდა... ახლა რომ ამბობს მკვლელი, ვინანიებო, თუ ინანიებს, თუ ნანობს ჩადენილს, მაშ, რატომ ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას? მე შვილს ვეღარავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ამ ადამიანმა, ის სასჯელი უნდა მიიღოს, რასაც იმსახურებს... სამი მცირეწლოვანი ბავშვი გაწირა იმისთვის, რომ უდედოდ გაიზარდონ... შვილი მომიკლა წამებით და ახლა ნანობს, ამბობს, რომ თურმე მასზე არ ძალადობდა, რომ თურმე მისი მოკვლა არ უნდოდა“...
დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მოკლული ქალის დედის ინტერესებს გვანცა ჯოჯუა, „უფლებები საქართველოს“ იურისტი იცავს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, საქმეში იმდენად მყარი მტკიცებულებები იდო იმისა, რომ მკვლელობა განზრახ და სწორედ გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით იყო ჩადენილი, რომ სააპელაციო სასამართლოსგან სხვა გადაწყვეტილების მოლოდინი არც ჰქონდა.
გვანცა ჯოჯუა ამბობს, რომ სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, მისი ინფორმაციით, ფემიციდის საქმეზე დანიშნული უვადო სასჯელი არც სააპელაციო და არც უზენაეს სასამართლოს, ამ დრომდე, არასდროს შეუცვლია:
„სულ რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც ფემიციდის საქმეში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ, აქედან ორი საქმე ჩვენს წარმოებაში იყო. მართალია, ყველა საქმე ინდივიდუალურია, მაგრამ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებს ძალაში ტოვებს.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ძალიან კარგად და ნათლად განმარტა, თუ რატომ იყო ეს მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი და რატომ იკვეთებოდა მასში სწორედ გენდერული შეუწყნარებლობის ნიშანი“, - ეუბნება იურისტი რადიო თავისუფლებას.
რა დაწერა თავის დასაბუთებაში მოსამართლემ?
მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, რეზო ნადოიმ, თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც 21 მაისით თარიღდება, ჩაწერა:
რეზო ნადოი, 6 მაისი, 2025 წელი
„უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ გალინა ნოზაძე სიცოცხლეშივე იყო მეუღლის მხრიდან მესაკუთრული დამოკიდებულების ქცევისა და პირადი სივრცის კონტროლის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. სასამართლოში ნათლად წარმოჩინდა, რომ გალინა ნოზაძე მეუღლის მხრიდან გენდერულმა შეუწყნარებლობამ იმსხვერპლა, რაც მათი ურთიერთობის მთელ პერიოდს გასდევდა დისკრიმინაციულ მოტივად“, - წერს მოსამართლე ნეზო ნადოი.
მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლო სასტიკად მოკლული, 25 წლის დამწვარი ქალის საქმეს განიხილავდა, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა კიდევ ერთი ქალის მკვლელობის მცდელობის შესახებ, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს გალინა ნოზაძის მკვლელობის ფორმას - 25 სექტემბრის დილას, კასპში, კაცმა ყოფილ ცოლს აალებადი ნივთიერება შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 -109 მუხლის "კ" ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ქალი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
შსს-ს სტატისტიკით - 2025 წლის პირველ ექვს თვეში, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემულია 404 შემაკავებელი ორდერი. ოჯახში ძალადობის სტატისტიკა 2025 წლის იანვრიდან ივნისს ჩათვლით ასე გამოიყურება - სულ გამოცემულია 4034 შემაკავებელი ორდერი. აქედან, 1158 იყო ფიზიკური ძალადობა. ღია წყაროებში, ფემიციდის 2025 წლის სტატისტიკა ჯერ არ იძებნება. პროკურატურის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლიდან 2024 წლამდე დათვლილია ფემიციდის 241 შემთხვევა.