მოკლედ
- ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ეკონომიკურ სტაბილურობასა და ზრდაზე, ასევე, ლარის დოლართან გამყარებაზე ისაუბრა, თუმცა ევროსთან მიმართებით გაუფასურებაზე კომენტარი არ გააკეთა.
- კობახიძემ ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად 700 მილიონი ლარის დაზოგვა და ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარების პირობა დადო.
- იქ მყოფმა ბიზნესმენებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ქართულ ბიზნესს დააზიანებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი სანქციების დაწესებას ნაკლებად ელის.
ეს შეხვედრა გაიმართა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი ნათესავების დაკავებისა და მთავრობაში საკადრო ცვლილებების შემდეგ, - 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (და იმავე დღეს პროტესტის) მოლოდინში.
ირაკლი კობახიძემ:
- ისაუბრა სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ემირატულ EMAAR ჯგუფის $6,6 მლრდ-ის ინვესტიციაზე, დოლართან გამყარებულ ლარზე - თუმცა, არ უსაუბრია ევროსთან ლარის გაუფასურებაზე);
- გააკრიტიკა წინამორბედები ფინანსების დაუზოგავობის (როგორც თავად ამბობს, მისმა გუნდმა 700 მილიონი დაზოგა, ნაწილობრივ, კადრების ოპტიმიზაციით), ასევე ენერგეტიკის სექტორში „არასწორი პრაქტიკის“ გამო;
- დააიმედა მსხვილი ბიზნესი, რომ მისი მთავრობა, - მათ შორის „პირადად ეკონომიკის მინისტრი“ - მზადაა ყველა პრობლემის სწრაფად გადასაჭრელად.
კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენებმა ჟურნალისტებს უთხრეს: „თუ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება, ეს ბიზნესს დააზიანებს“.
ასევე ნახეთ „ჩვენ გვინდა მშვიდობა“ - კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდამორიგი შეხვედრა - ამჯერად სხვა ფორმატში
ირაკლი კობახიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ორჯერ უმასპინძლა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, - ჯერ 2024 წლის 23 დეკემბერს, შემდეგ კი 2025 წლის 4 ივლისს.
ის შეხვედრები, - რომელთაც „ოცნების“ პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი იშვიათი მსხვილი ბიზნესფიგურები ესწრებოდნენ, - დახურულ კარს მიღმა გაცილებით მეტხანს გაგრძელდა.
ასევე ნახეთ „ყველაფერი კარგად იქნება“ - კობახიძე ისევ შეხვდა ბიზნესმენებსამჯერად ფორმატი განსხვავებული იყო.
ბიზნესი და ხელისუფლება თავისუფლების მოედანზე, „ქართუს“ კუთვნილ სასტუმრო „პარაგრაფში“ შეხვდნენ ერთმანეთს - „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ (GBA-ის) კვარტალური კვლევის პრეზენტაციაზე.
GBA-ს ის პრეზიდენტმა და „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ, „BAG ინდექსი“ წარადგინა, - ორგანიზაციის ასოციაციის წევრი კომპანიების შეფასება ბიზნესკლიმატის შესახებ.
ვინ ესწრებოდა?
შეხვედრაზე იყვნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები - ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის და სხვა მინისტრები, ეროვნული ბანკის მმართველი, ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები
სახელისუფლებო გუნდიდან იყვნენ სხვა, ისეთი სახეებიც, რომლებიც მინისტრებივით ხშირად არ ჩნდებიან.
მაგალითად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები: საბანკო სექტორის, უძრავი ქონების და სხვა არაერთი სექტორის წარმომადგენლები, - უმეტესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.
მათ შორის:
- ირაკლი რუხაძე - პროსახელისუფლებო მედიის - „იმედის“ და სხვა არაერთი ბიზნესის მფლობელი, რომელიც ბოლო დროს ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა;
- ნოშრევან ნამორაძე - „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა არაერთი კომპანიის მფლობელი, ვინც წინა დღით უარყო გავრცელებული ჭორი, რომ ქვეყნიდან იყო გაქცეული;
- ლაშა პაპაშვილი - “სკინტლის სკანდალში” გახვეული „ყვარლის ბაგის“ დამფუძნებელი;
- გიორგი რამიშვილი - „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელი, რომელიც ახლახან იარაღის ტარების გამო დააკავეს აეროპორტში;
ასევე ესწრებოდნენ:
- ვახტანგ ბუცხრიკიძე - „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი;
- არჩილ გაჩეჩილაძე - „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი;
- შავლეგ მიშველაძე - „გალფი საქართველოს“ ბიზნესის განვითარების დირექტორი
- თემურ კოხოძე - „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი
- ნინა კობახიძე - კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ფხაკაძის მისალმების შემდეგ ირაკლი კობახიძემ, დაახლოებით 15-წუთიან სიტყვაში არაერთი აქცენტი დასვა. მათ შორის:
ასევე ნახეთ ელჩზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმაა - რისთვის იბარებს “ოცნება" დასავლელ ელჩებს?„ეკონომიკური სტაბილურობა და ზრდა“
კობახიძის თქმით, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობასა და თანმიმდევრულად ვითარდება.
მისი თქმით, 2021–2024 წლებში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4%
ამ ზრდის ნაწილი ეკონომიკის 6.8%-იანი რეცესიის შემდეგ პოსტკოვიდური აღდგენა, შემდეგ კი, რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტები იყო, - სომხეთის მსგავსად.
მისი თქმითვე, წელს 7 თვეში საქართველოს ჰქონდა 8%-იანი ზრდა.
დღეს, 26 სექტემბერს EBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა - ექვსიდან შვიდ პროცენტამდე.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ წელს პირველად საქართველოს მშპ გადააჭარბებს 100 მლრდ ლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 10 000 დოლარს.
ლარი - გამყარდა თუ გაუფასურდა?
„ე.წ ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ… ჰქონდათ იმედი, რომ დოლართან მიმართებით ვალუტის კურსი 3,10 ლარს გადააჭარბებდა, თუმცა … იანვრის შემდეგ 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით ლარის კურსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2025 წლის 1 იანვარს ერთი დოლარი 2.82 ლარი ღირდა, იანვრის ბოლოს 2.88 ლარამდე გაძვირდა, ამ დროისთვის, 26 სექტემბრისთვის კი 2.71 თეთრამდეა ჩამოსული.
საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ს აგვისტოს მონაცემებით, დოლარმა 2025 წლის პირველი ნახევარი დაასრულა მსოფლიოში დოლარის ინდექსის 1973 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი გაუფასურებით.
თუ იანვარში ერთი ევრო დაახლოებით 1.03 დოლარი ღირდა, ახლა ერთ ევროს 1.16 დოლარის ყიდვა შეუძლია.
ლარს რაც შეეხება: თუკი დოლართან გამყარდა, ევროსთან მნიშვნელოვნად - 25 თეთრით გაუფასურდა.
თუკი პირველ იანვარს ერთი ევრო 2.93 ლარი ღირდა, დღეისათვის, 26 სექტემბრისათვის ლარი ევროსთან მიმართებით 3.18 ლარამდეა გაუფასურებული.
ირაკლი კობახიძემ, სავალუტო რეზერვებზე საუბრის შემდეგ, მადლობა გადაუხადა ნათია თურნავას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და თქვა:
„ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა არის საკვანძო მნიშვნელობის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“.
ასევე ნახეთ „12 ტონა რუბლი“: მილიონების „გათეთრების“ საქმეზე კითხვები არ ქრებასხვა აქცენტები
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს კორუფციის დაბალი დონე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად „უკვე დაზოგილია 700 მლნ ლარი“.
„სხვა მიმართულებითაც იყო ხარვეზები და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხარჯზე ჩვენ შევძელით ამ ხარვეზების გამოსწორება“, - თქვა მან.
„ენერგეტიკის სფეროში გვქონდა გარკვეული ტემპის შენელება“, - განაცხადა კობახიძემ და განმარტა:
„იყო არასწორი პრაქტიკა ბევრი მიმართულებით ჩამოყალიბებული, მათ შორის მთავარი პრობლემა იყო ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, თუმცა არა მხოლოდ, ბევრი მიმართულებით იყო პრობლემები“.
იქვე პირობა დადო: „ყველა ამ პრობლემას მოვაგვარებთ… ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებს ექნებათ მაქსიმალური კომფორტი შექმნილი იმისათვის, რომ მათ წარმატებით განახორციელონ შესაბამისი პროექტები“.
- ორიოდე კვირის წინ, 11 სექტემბერს სუს-მა კორუფციის ბრალდებით დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, - რომელიც ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრია.
- რამდენიმე თვეა დაკავებულნი არიან მისი ყოფილი მოადგილე, ასევე, კიდევ ერთი მაღალჩინოსანი და ცოლისძმაც. ბრალდება ტომოგრაფიის აპარატის ყიდვისას გადაცდომებს ეხება გორის სამხედრო ჰოსპიტლისათვის;
- დღეს, 26 სექტემბერს კი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბიჭიკო პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა.
- ამასთან, 24 სექტემბერს ბრალდების მხარემ პირველად დაასახელა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, როგორც კანონიერი ქურდის ძმის, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის სქემაში ერთ-ერთი ძირითადი მოქმედი პირი - ფარცხალაძე-ჯანგველაძეს შორის დაძაბულობა „სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს“.
არჩევნები - „მშვიდ გარემოში“
კობახიძის თქმით, ადგილობრივი არჩევნები „მშვიდად ჩაივლის“.
„დღეს გვაქვს მშვიდი ვითარება. ჩვენ წინ გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობთ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და ასევე 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა“, - განაცხადა მან.
მსგავსი პოზიცია ჰქონდა რამდენიმე ბიზნესმენსაც.
„ზოგადად, ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე ბიზნესისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი. ეს ცალსახად არის, ამას ნებისმიერ ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენთვის. პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვერ გავაკეთებ“, - თქვა სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ „ნოვას“ დამფუძნებელმა ზვიად აბულაძემ.
ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს უთხრა:
„გრაფიკზე კარგად ვნახეთ, იქ, სადაც იყო გაურკვევლობა, პოლიტიკური არასტაბილურობა, [ბიზნესის] განწყობები ეცემოდა. დღეს განწყობები იზრდება“.
ლევან ვეფხვაძე
„ბიზნესში პოზიტიური მოლოდინები რადიკალურად გაზრდილია“, - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელმა ნინა კობახიძემ, რომელიც წინა პრემიერის, ღარიბაშვილის ოჯახთან იყო დაახლოებული.
„ბიზნესს 4 ოქტომბრის არ ეშინია“, - თქვა „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ.
- 4 ოქტომბერს, არჩევნების პარალელურად, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციაა დაანონსებული - სამოქალაქო ჯგუფებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის მონაწილეობით.
- რამდენიმე მათგანი, - მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, - ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობაზე“ საუბრობს, რასაც „ოცნება“ ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებას უწოდებს.
- მათ შორის, ენმ-ის ერთ-ერთ დაპატიმრებულ ლიდერ ლევან ხაბეიშვილს „დამხობისკენ მოწოდებასაც“ ედავებიან.
„დარდი“ ივანიშვილის სანქცირებაზე
ბიძინა ივანიშვილისათვის 2024 წლის 27 დეკემბრიდან ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული შეერთებული შტატების მთავრობას - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის გუნდს არ შეუცვლია.
ოპოზიციურ ფლანგზე მას შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ივანიშვილს სანქციები გაერთიანებულმა სამეფომაც დაუწესოს. არაერთი ბრიტანელი პოლიტიკოსი მთავრობას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.
ამ პოტენციურ სცენარზე ჟურნალისტებმა ბიზნესმენებს დაუსვეს კითხვები.
კითხვაზე, „თქვენ დარდობთ ივანიშვილის სანქცირებაზე?“, ნოშრევან ნამორაძემ უპასუხა:
„რა თქმა უნდა. როგორ არ უნდა ვიდარდო. იმიტომ, რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში. და მაგრად უდგას“.
„არა მგონია [რომ დაასანქცირონ]“, - თქვა „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ.
„სანქცირება, რა თქმა უნდა, დააზიანებს ბიზნესს. ნებისმიერი კუთხით დააზიანებს. ჩვენ, საერთოდ, ნებისმიერი ბიზნესმენის სანქცირება დაგვაზიანებს“, - თქვა მან.
„იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება დააზიანებს თუ არა ქართულ ბიზნესს, განაცხადა:
„რა თქმა უნდა, სანქციები, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს ბიზნესს… . რა თქმა უნდა, არ მუშაობს [სანქციები]“.
შემდეგ თქვა, რომ არც თვითონ ელოდება სანქციებს: „მე ჩემს სანქციებს არ ველოდები“.
„სანქციები რომ არ მუშაობს შეგიძლიათ წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არა, რა თქმა უნდა“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ სუსის 10 წელი, მე-4 უფროსი და განუზომელი უფლებები„ვინ არის ივანიშვილის ბიზნესელჩი დასავლეთში“?
ამ კითხვას უსვამდნენ ჟურნალისტები ღონისძიებაზე მისულ ბიზნესმენებს - მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები რამდენიმე ბიზნესმენის მიერ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გამართულ შეხვედრებზე, სადაც თითქოს ისინი ივანიშვილის სანქცირების წინააღმდეგ აფიქსირებენ პოზიციას.
ნაწილმა კითხვას არ უპასუხა, ნაწილმა კი თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს.
მოგვიანებით, როდესაც ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, „ვინ არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც დადიან დასავლეთში და ივანიშვილის რეპუტაციის გადარჩენას ითხოვენ“, მან განაცხადა:
„ჩვენ გვყავს ერთადერთი ბიზნესელჩი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეკონომიკის მინისტრი, ის არის ბიზნესელჩი“.
მისი თქმით, „ჩვენს ბიზნესპარტნიორტებს, მათ შორის ქვეყნის გარეთ, სწორედ ეკონომიკის მინისტრი ესაუბრება - ეკონომიკის და ბიზნესის საკითხებზე“.
„რაც შეეხება ბიზნესმენებს, შეუძლიათ მათ თავიანთი სახელით ესაუბრონ ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ეს არ არის ჩვენი მმართველობის სფეროს ნაწილი... შეიძლება რიგით ადამიანიც საუბრობდეს ვიღაცასთან, ეს მათი საქმეა“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ „საბრძოლველად ემზადება, მე ასე ვხედავ“ - ერეკლე მეფის ძეგლის მოქანდაკე