კრების შემდეგ, მუზეუმის საგამომცემლო განყოფილების გამგემ გოგა გუგავამ განცხადება დაწერა და სამსახურიდან წამოვიდა. ლიტერატურის მუზეუმში დაგვიდასტურეს, რომ კრება მართლაც ჩატარდა, თუმცა არა გუგავას საკითხზე აქცენტით.
“კრებაზე თითქმის ერთხმად გადაწყდა, რომ არ შეიძლება ასეთი ტიპის პოსტის დაწერა, მითუმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო დღის წესრიგში მუზეუმის რესტავრაციის საკითხი დგას - როგორც მივხვდი, ამით ხელს ვუშლი მუზეუმის განვითარებას, რადგან შეიძლება ვიღაც განაწყენდეს და სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაციაზე, უარი თქვას”, - დაწერა სოციალურ ქსელში სამსახურიდან წასულმა გოგა გუგავამ.
- საბჭოთა კინოფილმებიდან კადრები დამიდგა თვალწინ. მეგონა, არასდროს განმეორდებოდა. თუმცა, ნუ იტყვი! ჯერ სად ვართ.
- არაფერი მიკვირს: საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო "товарищеский суд", აი, ეგ მოაწყვეს.
- Back in the USSR.
- "ვინ გვარცხვენს" დაფები და კოლეგების კოლექტიური დაგმობის წერილები რამდენ ხანში გვექნება, როგორ ფიქრობთ? ამხანაგური სასამართლოები კი დაწყებულა აგერ.
წერდნენ გოგა გუგავას პოსტის ქვეშ, კომენტარებში.
გოგა გუგავას პოსტი - რა ეწერა?
26 ივნისს, გოგა გუგავა ფეისბუკზე გამოეხმაურა გურამ რჩეულიშვილის პრემიის შესახებ “მწერალთა" სახლის” პოსტს, რომელსაც ახლდა გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობრის, ნუგზარ წერეთლის მოგონებაც - როგორ მისცა გურამმა ბათინკებისთვის გამზადებული ფული შვილებთან ერთად ქუჩაში ჩამომჯდარ გაჭირვებულ ქალს, თავად კი 2 წელი ისევ დახეული ფეხსაცმლით იარა.
გოგამ დაწერა:
- 6 თვის წინ გურამ რჩეულიშვილის საიუბილეო გამოფენა რომ გავხსენით მუზეუმში, ამ ადამიანებიდან იქ არავინ მოსულა… იმდენად არავინ დაინტერესდა ამ საინტერესო ადამიანის გამოფენით, რომ ჩემი მეგობრები ავიკელი და ზოგი ძალითაც კი მოვიყვანე, არ მინდოდა ასე უკვალოდ ჩაევლო ამ გამოფენას, რომელიც კიდევ დიდხანს აღარ განმეორდება
- პარადოქსია, რომ 20 000 ლარიანი ჩანთების პატრონები, დამსმენების შვილები და "მწერალთა სახლში" მოქეიფე ადამიანები იხსენებენ მოგონებას, რომელიც ბოლო კაპიკების გაღებას უკავშირდება. იმ მწერალთა სახლზეა საუბარი, ამას წინათ რომ არ შეგვიშვა დაცვამ მე და ჩემი მეგობრები, საქორწინო ფოტოსესია მიმდინარეობსო.
- ცოტა სასაცილოა, რომ მინისტრის ერთი ჩანთა ჩემი და ჩემი თანამშრომლების წლიურ ხელფასზე თითქმის ოთხჯერ მეტია, მაგრამ "მერე რა?”
გოგა გუგავა პოსტს ასრულებდა სიტყვებით, თუ თანამდებობებზე იგივე ხალხი დარჩება, მათი შვილები, რომლებსაც, მისი სიტყვებით, “მემკვიდრეობით ერგებათ წინაპართა სავარძლები”, თავიანთ ნიჭიერ თანატოლებს “თავებს გაუჩეჩქვავენო”:
“შემდეგ ზვიად რატიანის სახელობის პრემიას დააწესებენ და მას როგორც სასახელო მამულიშვილს, თავიანთი მშობლების მეგობარსა და ქვეყნის მოამაგეს ისე მოიხსენიებენ”, - წერდა ის.
მალევე შეიტყო, რომ შაბათს, 28 ივნისს, მუზეუმში კრება დაინიშნა.
ასევე ნახეთ მორჩილი საჯარო სექტორი? - გათავისუფლება ერთი წინადადებითრა ხდებოდა კრებაზე?
შეხვედრას ესწრებოდა მუზეუმის 20-მდე თანამშრომელი.
გოგა გვიყვება, რომ კრებამდე გააფრთხილეს, რომ ოთახში ტელეფონები არ შეეტანათ.
ერთ-ერთი თანამშრომელი კრების ოქმს ხელით იწერდა.
“მე ტელეფონი ჯიბეში მედო, გარეთ არ დამიტოვებია. აბსურდად მიმაჩნია ასეთი მითითება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოქმში ჩვენი საუბრის ბევრი დეტალი არც ეწერება”.
კრება მუზეუმის რეაბილიტაციაზე საუბრით გაიხსნა და როგორც გოგა აღწერს, ეს თემა მალევე დასრულდა. შემდეგ კი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თვალავაძემ გოგას უთხრა, რომ ძალიან იყო გაბრაზებული მისი პოსტის გამო.
“მითხრა, რომ თუ მსგავსი შინაარსის პოსტს ვწერ, არ უნდა ვახსენო, რომ მუზეუმის თანაშრომელი ვარ, რადგან ახლა დღის წესრიგში დგას მუზეუმის გარემონტების საკითხი, რაც, შეიძლება რაღაცამ შეაფერხოს. მაგალითად, ასეთმა პოსტებმა”.
შეხვედრის დანარჩენი დრო სრულად გოგას პოსტის განხილვას დაეთმო - როგორც თავად ამბობს, დაახლოებით, 40 წუთი მაინც.
გოგა გუგავა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ კრებაზე შეკრებილ მუზეუმის თანამშრომლების დაახლოებით ნახევარს მისი პოსტი წაკითხული არ ჰქონდა, თუმცა გამოთქმულ მოსაზრებებს მაინც ყველა მხარს უჭერდა და ეთანხმებოდა.
გოგა გუგავა ლიტერატურის მუზეუმში მუშაობის დროს
კრებაზე შუა დისკუსიისას იდეაც კი გაჩნდა - პოსტი ამოებეჭდათ და ხმამაღლა წაეკითხათ, რაც საბოლოოდ გადაიფიქრეს.
"მითხრეს, გოიმობაა მინისტრის ჩანთისფასის ჩვენს ხელფასებთან შედარებაო”.
ასევე ნახეთ თიკა რუხაძემ მინისტრად დანიშვნის წინა დღეს 8100-ევროიანი ჩანთა იყიდა - დეკლარაცია“ერთმა თქვა, წავიკითხე შენი პოსტი და აღვშფოთდი, ასეთ რამეს მუზეუმის სახელით რატომ წერო. ვეცადე ამეხსნა, რომ მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვხატე და დიახ, ასე ვფიქრობ მე, როგორც მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი. ეს კი განსხვავდება იმისგან თითქოს მუზეუმის სახელით ვწერდე”.
“კიდევ სხვა, თითქოსდა ოპოზიციურად განწყობილმა თანამშრომელმა თქვა, მეც არ მომწონს ეს მთავრობა და უსამართლობაა, რასაც ვუყურებთ, მაგრამ ამ ყველაფერს ვაპროტესტებ როგორც მოქალაქე, მუზეუმს არსად ვახსენებ, აქციაზეც ვდგავარ, მაგრამ არავინ იცისო”.
“ერთმა მითხრა, ჩვენს თაობებს შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენთვის მუზუემი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელფასიო”.
“კიდევ ერთმა ისიც თქვა - მე რომ დამეწერა ეს პოსტი, შენ რა რეაქცია გექნებოდაო? ვუთხარი, იგივე რომ დაგეწერათ, დაგეთანხმებოდით და თუ საწინააღმდეგოს დაწერდით, სასამართლოს არ მოგიწყობდით-მეთქი. კი, მე მქონდა განცდა, რომ სასამართლოს წინაშე ვიდექი”.
ხან, როგორც გოგა მოგვითხრობს, სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხოლმე.
“და თვალებში არავინ მიყურებდა".
გოგამ შენიშვნა მიიღო პოსტის იმ ნაწილზეც, სადაც წერდა, რომ გამოფენაზე ხალხი მისი თხოვნით მივიდა.
სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება კრებაზევე მიიღო და ეს არც დაუმალავს.
“არ ვიცი ამ კრების შემდეგ როგორ უნდა მივსულიყავი და მემუშავა იმ ადამიანების გვერდით, რომელთაგან ერთმაც კი არ ამოიღო ხმა ჩემს მხარდასაჭერად”.
წასვლის განცხადება იმავე დღეს დაწერა. სამშაბათს თხოვნა დაუკმაყოფილეს.
“დიდი ხანია მივეჩვიე იმას, რომ მუზეუმში თითქოს არავინ არავის უზღუდავს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ თავად არ აქვთ მზაობა ღიად ილაპარაკონ უსამართლობაზე, ან უბრალოდ იმაზე, რაც არ მოსწონთ. მე კი მხოლოდ იმიტომ დავწერე ღიად რაც იქ მოხდა, რომ მგონი, დროა, ადამიანებმა იცოდნენ იქ რა ხდება. იქ ისევ საბჭოთა კავშირია”, - უთხრა გოგა გუგავამ რადიო თავისუფლებას.
მისი სიტყვებით, სამსახურის და მისთვის მთავარ საარსებო წყაროს დაკარგვაზე უარესი ის არის, რომ მისთვის, როგორც კინოსა და ლიტერატურის მკვლევარი სტუდენტისთვის, ლიტერატურის მუზეუმის კარი დაიხურა.
ასევე ნახეთ „ხვალ ალბათ შენი ჯერი იქნება“ - საჯარო მოსამსახურეები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენმეორე მხარე: რა გვითხრეს ლიტერატურის მუზეუმში?
კრება რომ ნამდვილად ჩატარდა, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თვალავაძემდაგვიდასტურა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლების ეს შეკრება, რომელიც მუზეუმის საკითხებზე ისედაც იმართება ხოლმე სამ თვეში ერთხელ, შეეხებოდა სულ სხვა საკითხს - უახლოეს ხანებში მუზეუმის რეაბილიტაციას და თანამშრომლების დროებით გადასვლას მუზეუმის შენობიდან, ექსპონატების აღწერის საკითხს.
თუმცა, თეა თვალავაძე ამბობს, რომ ამავე კრებაზე მართლაც ისაუბრეს გოგა გუგავას პოსტის შინაარსზეც.
“სამწუხაროდ, პოსტი ვნახე. მე არ ვარ ფეისბუკის აქტიური მომხმარებელი, თუმცა, მირჩიეს მენახა და ძალიან ვარ გაოცებული, რაც მან დაწერა. თუმცა, კრება ამის გამო ნამდვილად არ მოწვეულა. დამადასტურებელი ოქმიც გვაქვს - შევიკრიბეთ იმის სათქმელად, რომ მუზეუმმა, მომავალი რეაბილიტაციის გამო, უნდა აღნუსხოს ყველაფერი და ამაში ერთმანეთს ხელი შევუწყოთ.
რაც შეეხება გუგას პოსტს, ცხადია, ყველას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ არა მუზეუმის სახელით - ამ შეკრებაზეც მხოლოდ ეს იყო ნათქვამი.
რადიო თავისუფლება: გოგა ამბობს, რომ 20 ადამიანის პირისპირ იდგა და კოლეგების კოლექტიურ კრიტიკას ისმენდა - ერთგვარი სასამართლო მომიწყვესო, - გვითხრა.
- დიახ, ეგ მან იქვე თქვა - სასამართლოს მიწყობთო?! თუმცა ეს არ არის სიმართლე. ერთადერთი რაც ვთქვი, იყო ის, რომ თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ ყველგან - როგორც და სადაც გინდათ, მაგრამ არა თანამშრომლების და მუზეუმის სახელით-მეთქი. მიკვირს, რომ ასეთი პოსტი დაწერა გოგამ, რომელსაც სხვებზე მეტი შეღავათიც ჰქონდა და წინსვლაც ერთ წელიწადში - ლიტერატურის მუზეუმის განყოფილების გამგედ ის პირადად მე დავნიშნე. ასეთი რამ ჩვენთან ხშირად არ ხდება“.
თეა თვალავაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ კრებაზე საუბარიც არ ყოფილა გოგა გუგავა სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მან მუზეუმიდან წასვლის საკითხი თავად წამოჭრა. ურჩიეს, რომ მომდევნო კვირამდე დაფიქრებულიყო, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვალა.
“ჩემი აზრით, მუზეუმის სახელით, მუზეუმის თანამშრომლების ხელფასზე საჯაროდ საუბარი არასწორია. არც თანამშრომლების ხელფასის მინისტრის ჩანთის საპირწონედ წარმოჩენა მგონია სწორი. და რაც ყველაზე მეტად საწყენია, გოგამ დაწერა, რომ თურმე, მას მოჰყავს დამთვალიერებელი ლიტერატურის მუზეუმში, რაც, 38 წელია აქ ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ ასე ნამდვილად არ არის.
ამ კრებაზე, სხვა თანამშრომლებმაც აღნიშნეს, რომ დღევანდელ პოლიტიკას მათი ნაწილიც არ ეთანხმება, თუმცა, მათთვის ამ აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს. და ის, რომ გოგა ვითომ “რეპრესირებულია”, ეს ტყუილია. ასე არასდროს ყოფილა.
რადიო თავისუფლება: ანუ, მუზეუმის თანამშრომლებს არასოდეს ჰქონიათ შეზღუდვა, რომ საჯაროდ გამოეხატათ თავიანთი პოზიცია?
- ერთადერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ მუზეუმის სახელით, პოლიტიკური განაცხადებისგან თავი შეეკავებინათ, თორემ ისე, ვიმეორებ - ყველამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. მე აქ 17 წლის მოვედი, მეც ვიყავი არაერთი პროტესტის მონაწილე და გულშემატკივარიც და ახლაც მესმის სხვების პროტესტის, მაგრამ მუზეუმს, ამის გამო ნურავინ გამოიყენებს.
ამ სტატიაზე მუშაობისას, ჩვენ მუზეუმის სხვა თანამშრომელსაც ვესაუბრეთ, ვინც ამ კრებას ესწრებოდა - მან კომენტარზე უარი გვითხრა, თუმცა ჩვენთან საუბარში რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა, რომ მუზეუმის თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლება არასდროს არავის შეუზღუდავს.
აქვს უფლება საჯარო დაწესებულების თანამშრომელს მინისტრი აკრიტიკოს?
იურისტი ნიკა სიმონიშვილი გვეუბნება, რომ ლიტერატურის მუზეუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, იქ დასაქმებული ადამიანი არ არის კლასიკური საჯარო მოხელე, თუმცა მას ეხება კულტურის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დისციპლინური პასუხისგების წესები. თუ საჭირო ხდება, ამ წესებით უნდა იმოქმედოს კონკრეტულმა დაწესებულებამ, თუმცა ეს წესები საერთო კრებაზე გაკიცხვას არ ითვალისწინებს.
იურისტის თქმით, საჯარო დაწესებულების ნებისმიერ თანამშრომელს უფლება აქვს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, დაწეროს რასაც ფიქრობს. მათ შორის, პირადი კრიტიკა და უკმაყოფილება - როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ, ისე სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობის გამო.
ასევე ნახეთ "ეს არის სამართლებრივი აბსურდი" - როგორ იძიებენ და სჯიან ხალხს ჩინოვნიკების შეურაცხყოფისთვის