კრემლის 3-დღიანი ზავი, ტრამპის 100-დღიანი ძალისხმევა და ამერიკელების 61%, რომლებსაც რუსეთ-უკრაინის ომი აღელვებთ

ტრამპი და ზელენსკი 15 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ 26 აპრილს ვატიკანში, რომის პაპის დაკრძალვაზე ჩასულები.

29 აპრილს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მეორედ დაბრუნების პირველი 100, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან კი 1161-ე დღე იწურება. რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში დასრულება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე თამამი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მაისში ომი შესაძლოა სამი დღით შეწყდეს, რუსეთის ინიციატივით. კრემლის 28 აპრილის განცხადებაში წერია, რომ "ჰუმანიტარული მოსაზრებებით გამარჯვების მე-80 წლისთავის დღეებში" რუსეთი მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის 8 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, "უკრაინის მხარემ უნდა მიბაძოს ამ მაგალითს“, ხოლო კიევის მიერ ზავის დარღვევის შემთხვევაში, „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები გასცემენ ადეკვატურ და ეფექტიან პასუხს“.

ტექსტში ასევე მითითებულია, რომ რუსეთი მზად არის „უკრაინის კრიზისის თავდაპირველი მიზეზების აღმოფხვრისკენ“ მიმართული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

თეთრი სახლი პასუხობს, რომ „მას [პრეზიდენტ ტრამპს] სურს მიაღწიოს მუდმივ ზავს. როგორც მესმის, ვლადიმირ პუტინის დილის შეთავაზებაა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა. პრეზიდენტმა [ტრამპმა] ნათლად თქვა, რომ მას უნდა მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა, რათა შეაჩეროს მკვლელობა, შეაჩეროს სისხლისღვრა“.

28 აპრილს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლაინ ლევიტმა, უკრაინის ომის თემაზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი “სულ უფრო იმედგაცრუებულია ორი ქვეყნის [რუსეთი, უკრაინა] ლიდერების გამო“.

ასევე ნახეთ შესაძლოა პუტინს არ სურს ომის შეჩერება და ცრუ იმედს მაძლევს - ტრამპი საბანკო და მეორედ სანქციებზე საუბრობს

რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ხშირად იცვლება და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავია. ტრამპი, ძირითადად, გაცილებით მკაცრია პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, თუმცა ბოლო დღეებში მისი უკმაყოფილება პუტინსაც შეეხო.

“არ არსებობდა მიზეზი პუტინს რაკეტები დაეშინა სამოქალაქო ზონებისთვის, ქალაქებისთვის და დასახლებებისთვის ბოლო რამდენიმე დღეში. ეს მე მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას [პუტინს] არ სურს ომის შეჩერება, მხოლოდ პროცესს აჭიანურებს ჩემთან და სხვანაირი მიდგომაა საჭირო - საბანკო თუ მეორადი სანქციებით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!!!” - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმა Truth Details-ზე 26 აპრილს. მან აქვე კვლავ გაიმეორა, რომ ომი არ დაიწყებოდა 2022 წელს, “მძინარე ჯო ბაიდენის” ნაცვლად თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი და ომს უაზრო უწოდა და კვლავ გაიხსენა ჯაველინები, რომლებიც პრეზიდენტობის პირველ ვადაში უკრაინას გადასცა.

„მინდა, რომ შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას“, - უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს 27 აპრილს პასუხად კითხვაზე, რის მიღწევას ცდილობს პუტინისგან. უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ ზელენსკი "რთულ მდგომარეობაშია", "ბევრად ძლიერ ძალას ებრძვის",„ხედავს საერთო სურათს“ და „მას სურს გარიგება“. ტრამპის განმარტებით, ზელენსკის მზადყოფნა რუსეთის მიერ 2014 წელს უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დათმობასაც შეეხებოდა. ზელენსკიმ ეს განცხადება უარყო.

ყირიმსა, და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ოლქებზე, ზელენსკის განცხადებებით, მკაფიო წითელი ხაზი გადის.

  • ზელენსკის ტრამპი 26 აპრილს შეხვდა, როცა რომის პაპის დაკრძალვისთვის ვატიკანში ჩასულები, 15 წუთით განმარტოვდნენ მათთვის ცალკე გამოყოფილ სივრცეში. ეს იყო პირველი შეხვედრა თეთრ სახლში მომხდარი ხმაურიანი შელაპარაკების შემდეგ.
  • ვატიკანში ტრამპთან შეხვედრას ზელენსკიმ „მეტად სიმბოლური“ უწოდა და დასძინა, რომ შესაძლოა იქცეს „ისტორიულ შეხვედრადაც“, თუკი „ერთობლივი შედეგები“ მიღწეული იქნება.


„ჩვენ ახლოს ვართ, მაგრამ არ ვართ საკმარისად ახლოს“, - განაცხადა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე საუბრისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

27 აპრილს NBC NEWS-ის ეთერში მან ასევე თქვა, რომ ეს კვირა იქნებოდა „ძალიან მნიშვნელოვანი“, „მართლაც მნიშვნელოვანი“ აშშ-ის გადაწყვეტილებისთვის, „სურს თუ არა კვლავ იყოს ჩართული“ ომის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების პროცესში. რუბიო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არის მიზეზები როგორც ოპტიმიზმისთვის, ასევე - რეალიზმისთვის.

ასევე ნახეთ ტრამპი უკრაინის მოლაპარაკებებზე: თუ რომელიმე მხარე პროცესს გაართულებს, ჩვენ გვერდზე გავდგებით
ასევე ნახეთ მარკო რუბიო: ორივე მხარეს მართლა სურს თუ არა მშვიდობა - ამის გარკვევა გვსურს ამ კვირაში


რუბიოს მიერ 18 აპრილს გაკეთებული კიდევ ერთი განცხადების თანახმად, თუკი შეთანხმების მიღწევა უახლოეს რამდენიმე კვირაში ვერ მოხერხდება, აშშ პროცესს გამოეთიშება.

რუსეთის ახალ-ახალი პრეტენზიები

ერთი მხრივ, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თითქოს თანახმაა, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან „წინასწარი პირობების“ გარეშე, თუმცა პერიოდულად ასახელებს დამატებით პირობებს.

ასე იყო მარტის ბოლოსაც - შავი ზღვის ზავის გარშემო მოლაპარაკებების თითქოს მიღწევისას და ახლაც - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის [25 აპრილს] შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიუში ძველ პირობებთან ერთად, ახლებიც წამოაყენა.

  • ნატოში გაწევრიანებაზე უარი და უკრაინის ნეიტრალური სტატუსი;
  • ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის საკუთრებად საერთაშორისო დონეზე გამოცხადება;
  • „კიევის ნეონაცისტური რეჟიმის“ მმართველობის შედეგების გაუქმება - რუსული ენის, კულტურის, ტრადიციების, კანონიკური მართლმადიდებლობის „კანონმდებლობით და ფიზიკურად“ შეზღუდვის ჩათვლით;
  • უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია;
  • სანქციების გაუქმება; სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და დაკავების ორდერების გაუქმება; უცხოეთში გაყინული რუსული აქტივების დაბრუნება;
  • რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა - ნატოს, ევროკავშირისა და მათი ცალკეული ქვეყნების „მტრული საქმიანობის“ წინააღმდეგ.

„კიევის ყველა ვალდებულება უნდა იყოს იურიდიულად გამყარებული, უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფის მექანიზმები და უვადო ხასიათი“, - აცხადებს ლავროვი.

ასევე ნახეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის და რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება

პრაღის კარლის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი პოლიტიკის საკითხებში, ალექსანდრ მოროზოვი ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს, რომ პუტინი მას მხოლოდ ეთამაშება და დროს წელავს - რადგან დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღის განმავლობაში „კრემლი მუდმივად ახალ-ახალი პირობების წამოყენებას ცდილობს“.

„ტრამპის [მოლაპარაკებების] მოდელი არის ის, რომ [კონფლიქტის] ნებისმიერი მოგვარება გარკვეულწილად უკმაყოფილოს დატოვებს ყველა მხარეს. ეს მასშტაბური ომია და მისი დარეგულირება ძალიან ძნელია. შესაბამისად, შედეგით, საბოლოოდ, უკმაყოფილო უნდა დარჩეს კრემლიც. მაგრამ რაც მოსკოვიდან გვესმის, არ ეთანხმება ტრამპის წინადადებებს. ბევრი მოელის, რომ პუტინი დაეთანხმოს ხანმოკლე ზავს, თუმცა, გულწრფელად - მე ამაშიც ეჭვი მეპარება. არ უნდა ველოდოთ, რომ აშშ სერიოზულად წამოაყენებს ყირიმის საკითხს, თუკი პუტინი მკაფიოდ არ გამოავლენს ომის შეწყვეტის სურვილს“, - აღნიშნავს მოროზოვი „Current Time“-თან.

ასევე ნახეთ Daily Telegraph-ი უკრაინაში ომის დასასრულებლად ვაშინგტონის 7-პუნქტიან გეგმაზე წერს


ტრამპის სამშვიდობო გეგმის პროექტით, რომელიც საერთაშორისო მედიაში გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად არ დადასტურებულა, ყირიმს აშშ რუსეთის ნაწილად გამოაცხადებს და არაოფიციალურად აღიარებს რუსეთის კონტროლს უკრაინის თითქმის ყველა იმ ტერიტორიაზე, რომლებიც ოკუპირებული აქვს 2022 წლის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო გეგმაში, რომელიც ასევე მედიამ გამოაქვეყნა, ყირიმი ნახსენები საერთოდ არ არის და გათვალისწინებულია მოლაპარაკებების დაწყება ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გათვალისწინებით.

რუსეთი უკრაინას მთელი ძალით უტევს. ყოველდღე ვრცელდება ცნობები დასახლებული პუნქტების რაკეტებით დაბომბვის თუ დრონების არმიის თავდასხმების შესახებ. ექსპერტები ხედავენ მოსკოვის მიზანს - მიიტაცოს რაც შეძლება მეტი ტერიტორია შესაძლო მოლაპარაკებების წინ. უკრაინის ოლქები, რომელთა უკანონო ანექსია მოსკოვმა კონსტიტუციით გაიფორმა, ამ ეტაპზე სრულად დაკავებული არა აქვს. თუკი ცეცხლს ახლა შეწყვეტს, ფრონტის ხაზის ამჟამინდელი განლაგება მას [მოლაპარაკებების მაგიდასთან] ამ რეგიონების სრულად მოთხოვნის საშუალებას არ აძლევს.

28 აპრილს პუტინმა ოფიციალურად დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კონტინგენტის ჩართულობა ომში და „ამხანაგ კიმ ჩენ ინს“ გულითადი მადლობაც გადაუხადა. რუსეთის დასახმარებლად სამხედრო ძალის გაგზავნის ფაქტი 28 აპრილს ფხენიანმაც დაადასტურა. სხვადასხვა დროს, არაერთი ფაქტით დადასტურდა, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთს იარაღითაც ამარაგებს.

ასევე ნახეთ პუტინი „ამხანაგ“ კიმს მადლობას უხდის კურსკში „ნეონაცისტების განადგურებაში" დახმარებისთვის

უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის

ცეცხლის შეწყვეტაზე ზელენსკიმ სრული თანხმობა არაერთხელ განაცხადა, მოსკოვის მიმართ უნდობლობის მიუხედავად. 27 აპრილს მან თქვა, რომ რუსეთი ცდილობს, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები მოატყუოს და ომი ისევ გაწელოს.

  • რუსეთის პრეზიდენტმა 19-20 აპრილს „სააღდგომო ზავიც" გამოაცხადა;
  • უკრაინის პრეზიდენტმა 19 აპრილს საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები მართლაც შეწყდებოდა, ვადის ამოწურვის შემდეგ ზავის გაგრძელებაზე იყო თანახმა;
  • კიევის განცხადებით, რუსეთმა „სააღდგომო ზავი" 2935-ჯერ დაარღვია: ფრონტის ხაზზე აღრიცხეს 96 შეტევა, FPV-დრონების გამოყენების 950 ფაქტი და 1882-ჯერ დაიცხრილა უკრაინელი სამხედროების პოზიციები.

უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო სტერეოტიპს უწოდებს დასავლეთში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ უკრაინელები ცეცხლის შეწყვეტის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. „Current Time-თან" საუბრისას, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ უკრაინელების უდიდესი ნაწილი მხარს დაუჭერდა 30-დღიან ზავს, მშვიდობისკენ სვლის დემონსტრირების მიზნით და ამ ფონზე უკეთესად გამოჩნდება, რომ „რუსეთი არ არის მზად [მშვიდობისთვის]“.

„რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხებს, ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს სრული ჩიხია... ტრამპთან ჩვენ გარანტიები არ გვაქვს. ამერიკელებმა, შესაძლოა, ყირიმი რუსეთის კუთვნილებად გამოაცხადონ, სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია, მაგრამ უკრაინა არ იქნება თანახმა ამაზე. შემდეგ უკვე ყველაფერი ფორმულირების საკითხია... მაგალითად, ნატოსთან დაკავშირებით შემიძლია წარმოვიდგინო რაღაც კომპრომისული ფორმულა, მაგრამ ყირიმთან დაკავშირებით უკრაინა არაფერს მოაწერს ხელს“, - ამბობს ფესენკო.

ტრამპის პირველი 100 დღე - მედიის კვლევებში დაბალი მაჩვენებლებია

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია და მიუხედავად დაპირებისა, რომ 24 საათში დაასრულებდა, უფლებამოსილების პირველი 100-დღიანი ვადის ფარგლებში ვერ მოაგვარა.

ფრანკლინ დელანო რუზველტის შემდეგ ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, პრეზიდენტის 100 დღე საქმიანობის შეჯამების პირველი სერიოზული ეტაპია.

28 აპრილს ამერიკულმა მედიასაშუალებებმა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს. ტრამპის რეიტინგის კლებაზე მიუთითებს CNN-ის, ABC News/Washington Post-ის, CBS News-ის, NBC News-ისა თუ Fox News-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევები.

დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ მედია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და რომ დამოუკიდებელი მედია აღარ არსებობს.

CNN-ისთვის SSRS-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტრამპის საქმიანობის დადებითად შეფასების მაჩვენებელი მხოლოდ 41%-ია, მნიშვნელოვნად შემცირებული არჩევის შემდეგ. კვლევა აჩვენებს, რომ ტრამპის რეიტინგი 4 პუნქტით დაეცა მარტიდან, ხოლო 7 პუნქტით დაბალია თებერვლის ბოლოსთან შედარებით. გამოკითხულთა მხოლოდ 22% ამბობს, რომ ტრამპი თავს ართმევს გაცხადებულ ამოცანებს; ხოლო 45% არ ეთანხმება მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ამ გამოკითხვაში მონაწილეობდა 1678 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა 17-დან 24 აპრილის პერიოდში.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ 100-დღიან პერიოდში რეიტინგის ასეთი სწრაფი შემცირება არასოდეს ყოფილა, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტის, დუაიტ ეიზენჰაუერის [1953-1961 წლები] შემდეგ.

ABC-ის გამოკითხვის თანახმად, ინაუგურაციის შემდეგ 6 ნიშნულით, 39%-მდე დაეცა ტრამპის საქმიანობით კმაყოფილთა რიცხვი. უკმაყოფილოთა მაჩვენებელი კი 55%-ს შეადგენს.

Fox News-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტები ტრამპს უწონებენ საზღვრების უსაფრთხოების პოლიტიკას [55%], მაგრამ სხვა მიმართულებებით დაბალი მაჩვენებლებია. მაგალითად: ეკონომიკური პოლიტიკა 38%-ს მოსწონს, 56%-ს - არა; საგარეო პოლიტიკა 40% მოსწონს, 54%-ს - არა.

ტრამპის მიერ შესრულებული სამუშაო, საერთო ჯამში, აკმაყოფილებს 44%-ს [მარტის შემდეგ დაკლებულია 5%-ით], ხოლო უკმაყოფილოა გამოკითხულთა 55%.

ამავე გამოკითხვის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ომი ამერიკელების 61%-ს აღელვებს.

Fox News-ის თანახმად, ტრამპს აქვს 100-დღიანი პერიოდის შეფასების უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე ჰქონდა ჯო ბაიდენს [54%], ბარაკ ობამას [62%], ჯორჯ ბუშს [63%]. რეიტინგი შემცირებულია თავად დონალდ ტრამპის წინა ვადის 100-დღიან პერიოდთან შედარებით.

ასევე ნახეთ "იმედი გვქონდა: იქნებ მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს?" - რეზნიკოვი სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ტრამპის ტაქტიკასა და საქართველოზე