„არაფერი გაკეთდა ეკიპაჟის გადასარჩენად“ - „კურსკის“ ჩაძირვიდან 25 წელი გავიდა

წყალქვეშა ნავი "კურსკი" ვიდიაევოს ბაზაზე

2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში წვრთნების დროს კავშირი დაიკარგა რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის კუთვნილ ბირთვულ წყალქვეშა ნავ „კურსკთან“. რუსეთის ხელისუფლების რამდენიმედღიანი დუმილისა და სარდლობის ტყუილების შემდეგ ცხადი გახდა, რომ წყალქვეშა ნავი და მისი ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპა.

რადიო თავისუფლების პროექტი sever.realii იმ დღეების ატმოსფეროს იხსენებს ჟურნალისტ ანდრეი კოროლიოვთან ერთად. ის მაშინ მურმანსკში რადიო თავისუფლების კორესპონდენტად მუშაობდა.

ანდრეი კოროლიოვი 40-წლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტია, რომელიც 1995 წლიდან თანამშრომლობს რადიო თავისუფლებასთან. ის იყო ერთადერთი კორესპონდენტი უცხოური მედიასაშუალებიდან, რომელიც „კურსკის“ კატასტროფას პირდაპირ ადგილიდან აშუქებდა. დღეს ანდრეი კოროლიოვი იუტუბ-არხ „Real Talk“-ის ავტორია.

ბარენცის ზღვაში 2000 წლის აგვისტოში გამართული რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის წვრთნები, რომელშიც წყალქვეშა ნავი „კურსკი“ მონაწილეობდა, პირველი ამ მასშტაბის წვრთნები იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. საჩვენებელი ხასიათის მანევრები ტარდებოდა ატომური წყალქვეშა ნავების, ხომალდებისა და ავიაციის მონაწილეობით, რასაც ადგილზე აკვირდებოდა რუსეთის საზღვაო ძალებისა და ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობა. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა რაკეტებისა და ტორპედოების გაშვებაზე, მათ შორის უახლესი წყალქვეშა ნავებიდან.

„კურსკი“ ამუშავებდა სასწავლო ტორპედოებით იერიშის მიტანის ოპერაციას კრეისერ „პიოტრ ველიკიზე“, ჩრდილოეთის ფლოტის ფლაგმანზე. გეგმის თანახმად, წყალქვეშა ნავს შეუმჩნევლად უნდა დაეკავებინა პოზიცია და მოეხდინა სიმულაციური თავდასხმა მოწინააღმდეგეზე ტორპედოების ზალპით. ეს იყო მანევრების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი, რომელიც აჩვენებდა 949A ("Антей") მოდელის წყალქვეშა ნავის საბრძოლო შესაძლებლობებს.

თუმცა, წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა შეტევის ხაზზე გასვლამდე. სწავლების მთავარი ეპიზოდი, რომელშიც „კურსკს“ უნდა მიეღო მონაწილეობა, არ შედგა.

„ირგვლივ სრული სიჩუმე იყო“

„2000 წლის 12 აგვისტო შაბათი იყო", - იხსენებს ანდრეი კოროლიოვი, რომელიც იმ დღეს სევერომორსკში სტუმრობდა მეგობრებს, - "გეგმა იყო ღამის გათევა, დილით კი მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წასვლა. თუმცა, საღამოს ექვსი საათის შემდეგ, ერთ-ერთ სტუმარს მოულოდნელად დაურეკეს და სასწრაფოდ სამსახურში გამოცხადება მოსთხოვეს. ეს ჩვენი მეგობარი სამხედრო მეზღვაური იყო. ღამით მან მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მომდევნო 24 საათში შინ დაბრუნებას შეძლებდა, რადგან წყალქვეშა ნავთან დაკავშირებით საგანგებო ვითარება შეიქმნა. რა საგანგებო ვითარება? რა მოხდა? ყველაფერი გაურკვეველი იყო“

ანდრეი კოროლიოვმა მთელი კვირა დღე ინფორმაციის მოპოვების მცდელობაში გაატარა, თუმცა მხოლოდ იმის გარკვევა შეძლო, რომ „წყალქვეშა ნავთან კონტაქტი დაიკარგა“. აშკარა იყო, რომ ეს ბარენცის ზღვაში მიმდინარე წვრთნებს უკავშირდებოდა, „კავშირი დაიკარგა“ კი იმას ნიშნავდა, რომ წყალქვეშა ნავი ჩაიძირა. სხვა ყველაფერი გაურკვეველი იყო.

„სრული სიჩუმე იყო, - იხსენებს ჟურნალისტი, - ყველა დუმდა, მთელი პრესა დუმდა, ყველა სპეცსამსახური დუმდა. ორშაბათს დაახლოებით დილის 9 საათზე გამოქვეყნდა ТАСС-ის პირველი ცნობა, ძალიან მოკლე, რომ ბარენცის ზღვაში ერთ-ერთ წყალქვეშა ნავთან კონტაქტი დაიკარგა. არ დასახელებულა წყალქვეშა ნავის არც სახელი და არც სერიული ნომერი “.

ქალაქში კატასტროფის ატმოსფერო არ ყოფილა. სევერომორსკი პატარა ქალაქია, მისი ყველა მცხოვრები ასე თუ ისე დაკავშირებულია ფლოტთან.

„ეს ისეთი ტივტივაა, რომელიც ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს ზღვიდან მოსულ ნებისმიერ შეტყობინებაზე“, - აღწერს კოროლიოვი.

მაგრამ მაშინ ქალაქი ჩვეულებრივი, კვირადღის ცხოვრებით ცხოვრობდა ისევე, როგორც მურმანსკი - აგვისტო, სოკოები, იშვიათი თბილი დღეები, რომლებსაც ჩრდილოელები ძალიან აფასებენ. შვებულებების სეზონია, ბევრი ადამიანი აგარაკზეა გასული, ბევრი - კურორტებზე.

ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ წყალქვეშა ნავი უკვე ორი დღის განმავლობაში იწვა ზღვის ფსკერზე და, რომ შესაძლოა მასში ჩარჩენილი ადამიანები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ.

ერთადერთი, რამაც მსუბუქი შფოთი გამოიწვია, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მორიგეობის გაძლიერება იყო. თუმცა, ეს ადვილად აიხსნებოდა წვრთნებით. ბოლოს და ბოლოს, მრავალი წლის შემდეგ პირველად იმართებოდა სწავლება, რომელშიც მთელი ფლოტი იყო ჩართული და, რომელსაც უნდა დასწრებოდა თვითონ ვლადიმირ პუტინი, რომელიც პრეზიდენტად ახალი არჩეული იყო. პუტინს მართლაც ელოდებოდნენ, თუმცა ის ჯერ სოჭში ისვენებდა.

"კურსკი"

კოროლიოვის თქმით, პირველად აზრმა, რომ საქმე ცუდად იყო, ТАСС-ის შეტყობინების წაკითხვის შემდეგ გაუელვა.

„გასაგები გახდა, რომ წყალქვეშა ნავი დაიკარგა და, სავარაუდოდ, რაღაც გამოუსწორებელი მოხდა. პირველი აზრი, რა თქმა უნდა, ბირთვულ რეაქტორს ეხებოდა. მაშინვე დავუკავშირდი ჩემს ნორვეგიულ წყაროებს, რომლებმაც მალევე გამიზიარეს ნორვეგიული სეისმური სადგურებიდან და სადაზვერვო ხომალდ Marjata-დან მიღებული მონაცემები, საიდანაც ცხადი გახდა, რომ მოხდა „არასაშტატო მოვლენა“, რამაც მიწისქვეშა ბიძგები გამოიწვია. მათი თქმით, ეს ბიძგები ძალიან მცირე ამპლიტუდისა იყო და სწრაფადვე შეწყდა, თუმცა ჩემი თვალით ნანახი გრაფიკების მიხედვით, ცხადი იყო, რომ ბიძგები, სავარაუდოდ, ბირთვული წყალქვეშა ნავის დაღუპვას უკავშირდებოდა“, - ამბობს კოროლიოვი.

ჟურნალისტის თქმით, იმ მომენტში რატომღაც თავისთავად ივარაუდებოდა, რომ რადგან წყალქვეშა ნავი მცირე სიღრმეზე იწვა (ეს ხომ წვრთნების დროს მოხდა), სამაშველო ოპერაცია უკვე დაწყებული იქნებოდა. ამიტომ, წყალქვეშა ნავის, თუნდაც უახლესის, დაკარგვა იმდენად არავის აწუხებდა, რამდენადაც აწუხებდათ გარემოზე ზემოქმედების შედეგები. ყველას კარგად ახსოვდა წყალქვეშა ნავ „კომსომოლეცის“ დაღუპვა, რომლის დროსაც ბირთვული რეაქტორიდან რადიაციამ გაჟონა (დღემდე ჟონავს). პირველ დღეებში ყველას ეშინოდა ამ სცენარის გამეორების.

K-278 „კომსომოლეცი“ - 685 "Плавник" (Mike‑class) პროექტის ექსპერიმენტული ბირთვული წყალქვეშა ნავი, ტიტანის კორპუსითა და 1020 მეტრამდე ჩაშვების შესაძლებლობით. 1989 წლის 7 აპრილის ღამეს ბარენცის ზღვაში დაახლოებით 335 მეტრის სიღრმეზე „კომსომოლეცის“ უკანა ნაწილში გაჩენილი ხანძრის გამო გამირთო ნავის რეაქტორი, რამაც გამოიწვია ხომალდის მართვაზე კონტროლის დაკარგვა. წყალქვეშა ნავი უსაფრთხოდ ამოვიდა წყლის ზედაპირზე, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ დაახლოებით 1680 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. ეკიპაჟის 69 წევრიდან მხოლოდ 27 გადარჩა, დანარჩენები - უმეტესობა ჰიპოთერმიით (ორგანიზმის ექსტრემალური გაცივებით) დაიღუპნენ. წყალქვეშა ნავის ბორტზე იყო ორი ტორპედო ბირთვული ქობინებით, რეაქტორი და რადიოაქტიური მასალები. კატასტროფის ადგილზე რადიოაქტიური დაბინძურება დაფიქსირდა მრავალი ექსპედიციის მიერ, მათ შორის ნორვეგიულ-რუსული ექსპედიციის მიერაც 2019 წელს, როდესაც ჰიდრომოწყობილობის სავენტილაციო მილთან ცეზიუმ-137-ის გამოსხივების დონემ 800 ბეკ/ლ შეადგინა, რაც ასობით ათასჯერ აღემატება რადიაციის ფონურ დონეს.

პირველ დღეებში სრულიად გაურკვეველი იყო, თუ რა დაემართა „კურსკს“. სხვადასხვა ვერსია წამოაყენეს: შეჯახება უცხოურ წყალქვეშა ნავთან (სავარაუდოდ, ამერიკულთან), აფეთქება მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნაღმზე, ტორპედოს გაუმართაობა, ავარია ბირთვულ რეაქტორში. კოროლიოვი თავდაპირველად განიხილავდა შესაძლებლობას, რომ წყალქვეშა ნავი შემთხვევით ჩრდილოეთის ფლოტის ფლაგმანმა, სარაკეტო კრეისერმა „პიოტრ ველიკიმ“ დააზიანა.

„წვრთნების მსვლელობისას მურმანსკის ტელევიზიის გადამღებმა ჯგუფებმა გადაიღეს რაკეტების ზალპის გაშვება გემის ბორტიდან. კადრებში ჩანდა, თუ როგორ ჩამოვარდა ერთ-ერთი რაკეტა „პიოტრ ველიკიდან“ 100-150 მეტრში, რის შემდეგაც წყლის უზარმაზარი ნაკადი ამოვიდა ზედაპირზე, რაც მხოლოდ აფეთქების დროს შეიძლება მოხდეს. სწორედ მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა სწორედ ეს რაკეტა მოხვდა „კურსკის“ პირველ განყოფილებას", - იხსენებს ჟურნალისტი, - „პიოტრ ველიკიდან“ გაშვებული ზალპის მომენტში წყალქვეშა ნავი პერისკოპულ სიღრმეზე იმყოფებოდა და ასევე ემზადებოდა თავისი ზალპისთვის. ამიტომ, ფლაგმანიდან გაშვებული რაკეტით წყალქვეშა ნავის დაზიანების ვერსია საკმაოდ დიდხანს მიტრიალებდა თავში.“

მოგვიანებით დაიწყო საუბარი სასწავლო ტორპედოს აფეთქებაზე. ეს იყო ექსპერიმენტული ტორპედო 65-76 „ Кит“ - თხევადი ზეჟანგის საწვავით, რომელიც ექსპლუატაციის თვალსაზრისით უკიდურესად არასტაბილური და ჭირვეულია. ოფიციალური ვერსიით, წყალბადის ზეჟანგის გაჟონვამ გამოიწვია ქიმიური რეაქცია, რასაც მოჰყვა ჯერ ხანძარი, შემდეგ პირველი აფეთქება ტორპედოს განყოფილებაში და ბოლოს საბრძოლო მასალის დეტონაცია.

„დაუსრულებელი მითი“

როდესაც გაირკვა, რომ რეაქტორი გამორთული იყო და რადიაციის გაჟონვა არ მომხდარა, მთელი ყურადღება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე გადავიდა.

„ორშაბათ საღამოსთვის, სანქტ-პეტერბურგიდან საზღვაო ძალების მთავარმა სარდლობამ გვაცნობა, რომ წყალქვეშა ნავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 118 წევრი, რომელთა ნაწილმა მოახერხა მეცხრე განყოფილებაში გადასვლა და, რომ ახლა ფლოტის ყველა ძალისხმევა ამ მეცხრე განყოფილებაში შეღწევისა და ეკიპაჟის ნაწილის გადარჩენისკენ უნდა იყოს მიმართული“, - იხსენებს ანდრეი კოროლიოვი.

– გჯეროდათ, რომ მეზღვაურები შეიძლებოდა გადარჩენილიყვნენ?

– თავდაპირველად არ მჯეროდა, რომ ვინმე ცოცხალი იყო. რა თქმა უნდა, იმ დროს ოფიციალურ თვალსაზრისს გადმოვცემდი, მაგრამ აბსოლუტურად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ბორტზე მყოფი ადამიანები ცოცხლები იყვნენ. არ მჯეროდა წყალქვეშა ნავის შიგნიდან კაკუნის, ჰაერის ბუშტუკების ზედაპირზე ამოსვლის და სხვა ჭორების. ეს ყველაფერი თეთრი ხმაურია და მასში დღემდე მეპარება ეჭვი და არა მხოლოდ მე, არამედ ბევრ ექსპერტსაც.


გენადი ლიაჩინი - ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავის K-141 ("კურსკი") მეთაური

საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისი იმაზე შეჯერდა, რომ წყალქვეშა ნავის შიგნით აფეთქებების შემდეგ, რამაც ეკიპაჟის უმეტესი ნაწილი იმსხვერპლა, 23 ადამიანმა მოახერხა ე.წ. „გადარჩენის განყოფილებაში“ მოხვედრა. ჩაძირვის პროცესის შენელების მიზნით ჩახერგეს მე-8 და მე-9 განყოფილებებს შორის გასასვლელი და თან წაიღეს საკვები, წყალი და ჰაერის რეგენერაციის აღჭურვილობა.

კატასტროფიდან ორი დღის შემდეგ, 14 აგვისტოს, რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იგორ დიგალომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ეკიპაჟი ცოცხალია, ჰაერი და ელექტროენერგია მიეწოდება, ეკიპაჟთან კომუნიკაცია შენარჩუნებულია“. „კომუნიკაციაში“ იგულისხმებოდა SOS-სიგნალები, რომლებსაც გადარჩენილები კაკუნით გზავნიდნენ წყალქვეშა ნავის შიგნიდან.

რიცხვი „23“ გაჩნდა კაპიტან-ლეიტენანტ დმიტრი კოლესნიკოვის ცხედარზე ნაპოვნი ჩანაწერიდან. თუმცა, 2000 წლის შემოდგომაზე, მე-9 განყოფილებიდან ამოყვანილი იქნა მხოლოდ 12 ცხედარი.

„ყველაფერი, რაც წყლითაა დაფარული, მთელი წყალქვეშა ნაწილი ამ ტრაგიკული ეპოპეისა, რომელსაც სახელად ჰქვია „კურსკი“, ერთი დიდი, უწყვეტი მითია. აქამდე არავის დაუმტკიცებია, რომ ის ჩანაწერი ნამდვილად კაპიტან კოლესნიკოვს ეკუთვნოდა. არცერთ ცოცხალ სულს არ დაუმტკიცებია, გააკეთა თუ არა კოლესნიკოვმა ეს ჩანაწერი. კიდევ ერთი ჩანაწერი იქნა ნაპოვნი (ჩანაწერებს ასევე აკეთებდა კაპიტან-ლეიტენანტი სერგეი სადილენკო, უფროსმა მიჩმანმა ანდრეი ბორისოვმა წერილი დაუტოვა ნათესავებს. - რედ.), ამ ჩანაწერის ავთენტურობაც არავისთვისაა ცნობილი", - ამბობს კოროლიოვი, - "მთელი პრობლემა ის არის, რომ სადღაც სამშაბათს დილით, 15 აგვისტოს, მოვიდა ერთგვარი მითითება რუსული მედიისთვის, რომ დაეწყოთ მეზღვაურთა ჰეროიზაცია და გმირებად წარმოჩენა. რუსეთში, როდესაც ხელისუფლება დაბნეულია ამა თუ იმ ობიექტის დაღუპვის გამო და თავის სამართლებლად წარმოუდგენელ ვერსიებს იგონებს, ყოველთვის ხდება ეკიპაჟის ჰეროიზაცია. ყოველთვის, ყველა შემთხვევაში. ამიტომ, ვფიქრობ, კაპიტან კოლესნიკოვის ჩანაწერი და კიდევ სხვა ჩანაწერი გმირული მითის ნაწილია და სხვა არაფერი“.

ასევე ნახეთ „კურსკის“ კატასტროფის მე-15 წლისთავი

პასუხი კითხვაზე, დარჩნენ თუ არა გადარჩენილები წყალქვეშა ნავში აფეთქებების შემდეგ და რამდენ ხანს იყვნენ ისინი ცოცხლები, განსაზღვრავს იმ დღეებში მომხდარის შინაარსს. „ნოვაია გაზეტა“ თავის გამოძიებაში დეტალურად წერდა ეკიპაჟის (არ)გადარჩენის მცდელობების შესახებ. ელენა მილაშინას მიერ მოყვანილი ფაქტების ჯაჭვი გვაიძულებს დავასკვნათ: უნდა გადაერჩინათ. მაგრამ არ გადაარჩინეს.

„ნოვაია გაზეტას“ გამოძიების მიხედვით, ფაქტები ასეთია: „კურსკს“ ზალპური ცეცხლი უნდა გაეხსნა 14:30 საათზე, მაგრამ თუ კავშირი დაიკარგა, მაშინ წყალქვეშა ნავი ავარიულად უნდა გამოეცხადებინათ უკვე 14:31 საათზე და უნდა დაწყებულიყო ძებნა. თუმცა, ფლაგმანმა „პიოტრ ველიკიმ“ საწვრთნელი ზონა 14:12 საათზე დატოვა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ „კურსკის“ შიგნით პირველი აფეთქება 11:28 საათზე მოხდა და ფლაგმანის ინსტრუმენტებმა ამ აფეთქების ტალღა დააფიქსირეს.

წყალქვეშა ნავი ოფიციალურად ავარიულად მხოლოდ 12 საათის შემდეგ გამოცხადდა, ხოლო სამაშველო გემი „მიხაილ რუდნიცკი“ ბაზიდან 13 აგვისტოს ღამის 1:04 საათზე გამოვიდა და ინციდენტის ადგილზე მხოლოდ 9 საათი შემდეგ მივიდა. ინფორმაცია „კურსკის“ ჩაძირვის შესახებ მხოლოდ 14 აგვისტოს დილით გავრცელდა. ინგლისმა, ნორვეგიამ და შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ გამოთქვეს სამაშველო ოპერაციაში ჩართვის სურვილი, რასაც რუსეთმა უარით უპასუხა. არადა რუსული სამაშველო მანქანები მუდმივად ფუჭდებოდა, რის გამოც მაშველებმა ვერ შეძლეს ფსკერზე დაშვებულ „კურსკთან“ მისვლა და მე-9 განყოფილების შლიუზის გახსნა. რამდენიმე დღის დაკარგვის შემდეგ, პუტინმა საბოლოოდ მაინც მიიღო ნატოს ქვეყნების დახმარება. 21 აგვისტოს დილით, ნორვეგიელმა მყვინთავებმა Seaway Eagle-დან გახსნეს ლუქი - მე-9 განყოფილების ნაწილი მთლიანად დატბორილი იყო, არავინ იყო გადასარჩენი.

„კაცი ვირთევზას მინის თვალებით“

ამასობაში, 16 აგვისტოდან მურმანსკისკენ დაიძრნენ ეკიპაჟის წევრთა ნათესავები რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან.

„მოდიოდნენ მატარებლები, გადაჭედილი ადამიანებით. ერთ-ერთ ასეთ შემადგენლობას მეც დავხვდი. მურმანსკის რკინიგზის სადგურს არასდროს უნახავს ხალხის ამხელა ნაკადი, ამდენი ტირილი, ტანჯვა, დაბნეულობა, გულისტკივილი", - იხსენებს ანდრეი კოროლიოვი, - "ხელისუფლებამ როგორღაც მოახერხა ძალების მოკრება. მეზღვაურთა ნათესავები ავტობუსებით ჩაიყვანეს სოფელ ვიდიაევოში - „კურსკის“ რეგისტრაციის ადგილზე".

ვლადიმირ პუტინი, 2000 წ. 23 აგვისტო

„ვიდიაევოში გამართულ ორ შეხვედრას დავესწარი", - ამბობს ანდრეი კოროლიოვი, - "ერთი გაიმართა ოფიცერთა კლუბში, სადაც პუტინი შეხვდა მეზღვაურთა ნათესავებს, მეორე შეხვედრა კი ნათესავებსა და ფლოტის სარდლობას შორის გაიმართა. ეს ის ცნობილი შეხვედრაა, რომელზეც ნადეჟდა ტილიკი გამოვიდა სიტყვით. (მეზღვაურის, სერგეი ტილიკის დედამ, ნადეჟდამ სარდლობას პირდაპირ მიუხალა სახეში სარდლობას: „სამხრეები მოიხსენით! ნაძირლებო!“ – რედ.). ახლა ძალიან უყვართ იმაზე საუბარი, თუ როგორ წარმოთქვა რისხვით სავსე სიტყვები ტილიკმა პუტინის თანდასწრებით, თუმცა ასე არ ყოფილა. მეზღვაურის დედამ ეს სიტყვები წარმოთქვა ადმირალებთან, სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

პუტინისა და მეზღვაურთა ნათესავების შეხვედრაზე 22 აგვისტოს საინტერესო არაფერი მომხდარა, რადგან საკმაოდ მკაცრი შერჩევა ჩატარდა. ვედიაევოს ოფიცერთა კლუბის დარბაზი ძალიან პატარაა, მსურველი კი ბევრი იყო. თან, რა თქმა უნდა, ყველას ახსოვდა ნადეჟდა ტილიკის დემარშის ამბავი. ამიტომ სპეცსამსახურებმა სიფრთხილის მკაცრი ზომები მიიღეს, პრესას არ მისცეს დასწრების უფლება, მაგრამ მე მაინც მოვახერხე შესვლა. პუტინს იქ არაფერი მნიშვნელოვანი არ უთქვამს.

გარდაცვლილი მეზღვაურების ნათესავები სამგლოვიარო ცერემონიაზე, 2020 წ. 12 აგვისტო

შეიძლებოდა ეს შეხვედრა საერთოდ არც შემდგარიყო. მეზღვაურთა ნათესავები სრული გულგრილობით რეაგირებდნენ. „ეს ვინ არის? საიდან მოვიდა?“ ხალხის წინ იჯდა კაცი-თევზი, ვირთევზას მინის თვალებით, დუმდა და არაფერს ამბობდა, გარდა კომპენსაციების დაპირებისა. ამ ადამიანებისთვის ის სრულიად უცხო, გაუგებარი ვინმე იყო, ინკოგნიტო, მუქი სოჭური რუჯით. როგორც ჩანს, დარბაზში მისთვის დამახასიათებელი იეზუიტური ღიმილით შევიდა. ძალიან კმაყოფილი იყო კაპიტან ლიაჩინის ქვრივთან, ირინასთან შეხვედრით. თავიდან ხომ შინ ესტუმრა ხუთსართულიან ხრუშჩოვკაში. საკმაოდ დიდხანს ესაუბრებოდა რაღაცაზე. პრესა იქ არ ყოფილა, ამიტომ არაფერი ვიცით, რა ილაპარაკა. თუმცა ვნახეთ, როგორ შევიდა სადარბაზოში კაპიტნის ქვრივთან ერთად. ოფიცერთა სახლშიც ხალხისგან პროტესტს არ ელოდა. უნდა ითქვას, რომ არც ხალხი იყო მზად“.

– ვის ადანაშაულებდნენ მეზღვაურთა ნათესავები მომხდარში?

– სარდლობას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ადმირალებს მოხვდათ. ყველა მეტი რისხვა ჩრდილოეთის ფლოტის სარდალმა, ადმირალმა ვიაჩესლავ პოპოვმა და კონტრადმირალმა მიხაილ მოცაკმა დაიმსახურეს. მოცაკი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ადამიანური თვისებები გამოავლინა და ძალიან ბევრი იშრომა. მასზე იყო დაკიდებული როგორც ეკიპაჟის წევრების გადარჩენის, ასევე წყალქვეშა ნავის ამოყვანის ოპერაცია. თუმცა, მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ადმირალი პოპოვი იყო, მაგრამ მან მალევე მოიპოვა მაშინდელი ვიცე-პრემიერის, ილია კლებანოვის მხარდაჭერა ამიტომ თავს თავდაჯერებულად გრძნობდა.

2000 წელს, რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, ანდრეი კოროლიოვს, უპრობლემოდ შეეძლო ჩრდილოეთის ფლოტის ბაზაზე მუშაობა. მას ასევე ჰქონდა სპეციალური საშვი სოფელ ვიდიაევოში შესასვლელად, ვიდრე სექტემბერში არ ჩაკეტეს. ჟურნალისტი იხსენებს, რომ ინფორმაციის მოძიებაში არავინ უშლიდა ხელს:

„ყველამ იცოდა, რომ ისინი „მუდმივად იტყუებოდნენ“. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, სულ მცირე, იმ ვერსიებიდან, რომლებსაც დაუსრულებლად ავრცელებდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირს გვიხურავდნენ. ინფორმაციას არ გვიზიარებდნენ, თუმცა ხელსაც არ გვიშლიდნენ.“

ოფიციალური ტყუილის მიუხედავად, ზოგადად ნათელი იყო, თუ რა ხდებოდა", - ამბობს ანდრეი კოროლიოვი. „ოფიციალური ვერსია - აფეთქება ტორპედოების განყოფილებაში - სიმართლეა“, - მიაჩნია მას. გარედან დაზიანების შესაძლებლობა საბოლოოდ უკუაგდო მას შემდეგ, რაც „კურსკი“ ფსკერიდან ამოიყვანეს და მშრალ დოკზე გადაიტანეს 2001 წლის ოქტომბერში.

„გაირკვა, რომ წყალქვეშა ნავი შიგნიდან ზემოქმედების შედეგად დაზიანდა“, - ამბობს კოროლიოვი.

"ის ჩაიძირა"

2000 წლის 8 სექტემბერს, CNN-ზე ამერიკელ ჟურნალისტ ლარი კინგთან სატელევიზიო ინტერვიუში, ვლადიმირ პუტინმა მშვიდად გაღიმებულმა გააჟღერა „კურსკის“ დაღუპვის საკუთარი ვერსია, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი: „ის ჩაიძირა“.

კატასტროფის გამოძიება წელიწად-ნახევარი გაგრძელდა. ოფიციალური მიზეზი: წყალბად-ზეჟანგის „ტორპედოს“ აფეთქება. „ნოვაია გაზეტა“ ირწმუნება, რომ ექსპერტებმა ასევე დაადგინეს აფეთქების მიზეზები: დარღვევები K-141 კურსკის წყალქვეშა ნავის ტექნიკური ჰაერის მილსადენების ექსპლუატაციაში. საქმე ისაა, რომ "ზეთის, ჭუჭყის, მტვრის უმცირეს ნაწილაკებს შეუძლიათ გამოიწვიონ ზეჟანგის დაშლის მძლავრი პროცესი, რომელიც აფეთქებით მთავრდება. „კურსკზე“ კი ტექნიკური ჰაერის მილსადენების შემოწმებისა და ცხიმის მოცილების აქტები გაყალბებული იყო“, - წერს „ნოვაია გაზეტა“.

„კურსკის“ კატასტროფის გამო ოფიციალურად არავინ დასჯილა. მიუხედავად გამოვლენილი დარღვევებისა, სისხლის სამართლის საქმე დაიხურა მტკიცებულებების არარსებობის გამო. 2001 წლის დეკემბერში, მიხაილ მოცაკი გაათავისუფლეს ჩრდილოეთის ფლოტის შტაბის უფროსის თანამდებობიდან და დააქვეითეს კონტრადმირალის ჩინამდე, თუმცა ის მალევე დაინიშნა ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოლქის სრულუფლებიანი წარმომადგენლის პირველ მოადგილედ. ჩრდილოეთის ფლოტის სარდალმა, ადმირალმა ვიაჩესლავ პოპოვმა, 2001 წლის დეკემბერში დატოვა თანამდებობა, რამდენიმე თვეში კი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი გახდა. ჩრდილოეთის ფლოტისა და რუსეთის საზღვაო ძალების გენერალური შტაბის რამდენიმე უფროსი ოფიცერი 2006 წლის 4 დეკემბერს გაათავისუფლეს თანამდებობიდან „ფლოტის ყოველდღიური საქმიანობისა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებაში სერიოზული ხარვეზების გამო“. გათავისუფლების ბრძანებაში „კურსკი“ ნახსენები არ ყოფილა.

"კურსკი" - კატასტროფის შემდეგ მშრალ დოკში

ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ჯერად არ მიუღიათ შეიარაღებაში თანამედროვე სამაშველო აპარატები, რომლებიც განსაცდელში მყოფი სხვა წყალქვეშა ნავების დახმარებას შეძლებდნენ.

„თუ ფლოტში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, მაშინ, დიახ, არაფერი გაკეთებულა ნავიგაციის უსაფრთხოებისა და ეკიპაჟების გადარჩენის უზრუნველსაყოფად. წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალებები (აპარატები) არ არსებობს. ავტონომიურ მისიებში წყალქვეშა ნავები უკიდურესად დაუცველები რჩებიან, ეკიპაჟის დაღუპვა კი გარდაუვალია“, - ამბობს ანდრეი კოროლიოვი.