გამოსავალია განჭვრეტა და გაფრთხილება - გეოლოგებმა 2025 წლის სტიქიური მოვლენების სურათი შექმნეს

ფოტო არქივიდან. სამეგრელო-ზემო სვანეთის გზა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა გეოლოგიური დეპარტამენტის მომზადებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში 2024 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებსა და 2025 წლის პროგნოზს.

გეოლოგების პროგნოზით, სტიქიური მოვლენების გააქტიურება ყველაზე მეტად დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი.

თბილისის გარდა, გეოლოგებმა საქართველოს 10 რეგიონი იკვლიეს.

  1. აჭარა;
  2. გურია;
  3. სამეგრელო-ზემო სვანეთი;
  4. იმერეთი;
  5. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი;
  6. სამცხე-ჯავახეთი;
  7. შიდა ქართლი;
  8. მცხეთა-მთიანეთი;
  9. ქვემო ქართლი;
  10. კახეთი.

საქართველო, სტიქიური პროცესების განვითარების მასშტაბით და საშიშროების რისკის მიხედვით, მსოფლიოს მთიან მხარეთა ერთ-ერთი რთული რეგიონია, რომლის სივრცის 70% და დასახლებული პუნქტების 60%-მდე საფრთხეების სხვადასხვა კატეგორიის რისკის ქვეშაა - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის შეფასებაში.

გეოლოგები ხელისუფლებას ფაქტობრივად აფრთხილებენ, რომ ერთადერთი, რამაც შეიძლება ბუნებრივი კატასტროფების ზიანი შეამციროს, საფრთხეების წინასწარი შეფასება და მოსახლეობის გაფრთხილებაა. ეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის საქმეა.

სულ 2024 წელს, გეოლოგიის დეპარტამენტმა საქართველოში 1065 საფრთხის შემცველი უბანი შეაფასა.

დადგინდა, რომ სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურების ტენდენციამ დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად გადააჭარბა ფონურ მდგომარეობას. აღმოსავლეთში კი იგივე სურათი დარჩა, რაც 2023 წელს იყო.

ეს გრაფიკი ასახავს 2010 წლიდან 2024 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულ მეწყრულ პროცესებს.

ხოლო ამ გრაფიკზე ნაჩვენებია 2010-2024 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული ღვარცოფულ პროცესები.

რა ვითარება იყო 2024 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და როგორი იქნება 2025 წელი გეოლოგების პროგნოზით?

აჭარაში ჩატარებულმა კვლევებმა, მაგალითად, აჩვენა, რომ ამ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საშიში გეოლოგიური პროცესების საფრთხე არსებობს. განსაკუთრებით - მთიანი აჭარის მეწყერსაშიშ ზონებში.

სხვადასხვა სახის სტიქიური გეოლოგიური პროცესების მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ არის მოქცეული 117, საშუალოში 163 და დაბალში 59 დასახლება.

ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამ (და შემდგომ მასალაში მოყვანილ) ილუსტრაციაზე წითლით აღნიშნულია ხულოს რაიონის ის უბნები, სადაც არსებობს მეწყრის საშიშროება, ყვითლით - ღვარცოფისა, მწვანე ფერის წრე აღნიშნავს მდინარეთა ნაპირების გარეცხვას, ხოლო ყავისფერი - კლდეზვავსა და ქვათა ცვენას.

2025 წლისთვის სტიქიური მოვლენების განვითარების პროგნოზი აჭარისთვის ასეთია:

  • ხულოს რაიონში მეწყრის საფრთხე რჩება ხულო-ადიგენის საავტომობილო გზისა და დანისპარაულის მეწყრულ და ღვარცოფულ უბნებზე. გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას მოელიან სოფლებში ჩაო, თაგო, სხალთა, ღორჯომი, ვერნები, ზედა და ქვედა თხინვალა, რაქვთა, ხიხაძირი, ქედლები, ბოძაური.
  • შუახევში საყურადღებო ზონებია თავად დაბა შუახევი, მდინარე ჭვანას ხეობა, სოფლები ნიგაზეული, ბუთურაული და ჩანჩხალო.
  • ქედაში კლდეზვავების და ქვათაცვენის საფრთხეა ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მთელ მონაკვეთზე. მეწყერსა და ღვარცოფს უნდა უფრთხილდეს რამდენიმე სოფელი, მათ შორის - წონიარისი, კუჭულა, გულები, დოლოგანი, გუნდაური, კოკოტაური.

ხელვაჩაური, სოფელი ახალსოფელი. ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

  • ხელვაჩაურში გეოლოგიური პროცესები შესაძლოა გააქტიურდეს სარფის, ხეღრუს, მაჭახლისპირის, კინათის, სინდიეთის, ცხელმლარას, ადლიის და სხვა არაერთი სოფლის ტერიტორიაზე. მათი სრული ჩამონათვალის ნახვა ამ ბიულეტენშიც შეგიძლიათ.
  • ქობულეთში ასეთი სოფლებია ზედა და ქვედა კონდიდი, ალამბარი, ზენითი, ხალი, ჩაქვისთავი, ციხისძირი და სხვა.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ამ რუკაზე ჩანს სრული სურათი, თუ რა ადგილებია მოქცეული სტიქიურ ზონებში.

ამ ფოტოზე დაბა შუახევია - ფოტო 2024 წელსაა გადაღებული.

გურიაში მაღალი სტიქიური საშიშროების ქვეშაა 60, საშუალოში - 76, დაბალში - 57 და ძლიერ დაბალში 10 დასახლებული პუნქტი.

2025 წელს საშიში სტიქიური პროცესების წარმოქმნა ან ძველის გააქტიურებაა მოსალოდნელი ოზურგეთის სოფლებში შრომა, ნატანები, ძიმითი, გურიანთა, მერია, მთისპირი, კონჭკათი, თხინვალი, ჯუმათი და სხვა.

  • ჩოხატაურში ამ მხრივ საყურადღებოა სოფლებია ხიდისთავი, ბუკისციხე, დიდი ვანი, კოხნარი, ნაბეღლავი, ამაღლება, ფარცხმა, ზომლეთი.
  • ლანჩხუთში - მამათი, აცანა, აკეთი, ჩოჩხათი, ლესა, შუხუთი, წყალწმინდა, ორმეთი, გულიანი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სამ განსხვავებულ გეოლოგიურ ერთეულს გამოყოფენ და ამის მიხედვით განსხვავდება სად რა სტიქიის საფრთხე არსებობს.

მაგალითად, მდინარე ენგურის აუზს ახასიათებს ღვარცოფები, ეროზიები და მეწყრები და მოიცავს მესტიის მუნიციპალიტეტს.

  • წალენჯიხა, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ნაწილობრივ ხობი და სენაკი - ამ ტერიტორიას მეწყრულ-ეროზიული საფრთხე ემუქრება.
  • კოლხეთის დაბლობში, სადაც გეოლოგიური პროცესების გააქტიურების მთავარი ფაქტორი კლიმატური ფაქტორია, ხშირია თავსხმა წვიმები.

ამ რეგიონში მაღალი რისკის ზონაშია მოქცეული 172, საშუალოში 163 და დაბალში 195 დასახლებული პუნქტი.

სამეგრელო, ჩხოროწყუს სოფელი ახუთი. 2024 წელი. ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

რას უნდა ელოდეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე 2025 წელს?

წინასწარი პროგნოზით, სამეგრელოს მხარეში მოსალოდნელია როგორც მეწყრული, ისე მდინარეთა ნაპირგარეცხვის პროცესები. ამ მხრივ აქტიურია მუჟავა-ჯვარზენის, თაია-ნაფიჩხოვის და კურზუ-მარტვილის მონაკვეთები.

ზემო სვანეთში მოელიან ღვარცოფების, მეწყრებისა და ქვათაცვენის გააქტიურებას.

  • მესტიის მუნიციპალიტეტში მეწყრის საშიშროებაა თავად მესტიაში, ზარდლაში, ღვებრაში, ჭუბერში, ჩაჟაში, ბეჩოში.


ღვარცოფების საფრთხე შემდეგ მდინარეთა აუზებში: მესტიაჭალა, მულხურა, ნენსკრა, ნაკრა, დოლრა, ხაიშურა, ლეხარა და სხვა.

მეწყერი შესაძლოა გააქტიურდეს ზუგდიდის რაიონის სოფლებში ოდიში, ჯიხაშკარი, კორცხელი, ჭკადუა, ცაიში, ჩხოუ, ახალსოფელ და სხვები.

  • წალენჯიხაში ამ მხრივ სახიფათოა ლეშამუგე, საჩინო, ეწერი, დაბა ჯვარი, ლეკარდე.
  • ჩხოროწყუში - ლესიჭინე, ლეგახარე, ხაბუმე, მუხური, კინცხი, ჯუმითი, ახუთი.
  • მარტვილში - კიწია, კურზუ, დიდი ჭყონი, თამაკონი, სალხინო.
  • სენაკში - ძველი სენაკი, ფოცხო, მენჯი, ეკი, ჯოლევი.
  • ხონში - გაღმა საჯიჯაო, ძველი და ახალი ხიბულა, ხეთა, ხამისკური.
  • აბაშაში მოსალოდნელია მდინარეთა ნაპირების გარეცხვა, რაც საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შეუქმნის.

მესტიის მუნიციპალიტეტი. შავღელე და ცალდაში. ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

აქტიური გეოლოგიური პროცესებით გამორჩეულია იმერეთის მხარე და აქ ყველაზე ხშირია მეწყერი, ქვათაცვენა, კლდეზვავი, ეროზია. იშვიათად - ღვარცოფიც.

იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის 546 დასახლებული პუნქტიდან მაღალი საშიშროების რისკის ზონაშია 111 პუნქტი, საშუალოში - 322, ხოლო დაბალი საშიშროების ზონაშია 113 დასახლებული პუნქტი.

ნიგორზღვა, სამტრედია. ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

მეწყერი ამ მხარეში ყველაზე ხშირია.

გეოლოგები წერენ, რომ იმერეთი საშიში სტიქიური მოვლენების გააქტიურების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ურთულესია საქართველოს ტერიტორიაზე და 2025 წელს გამორჩეულად საყურადღებოა ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებში მოქცეული სოფლები.

ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიც ერთ-ერთი ურთულესი გეოლოგიური (მათ შორის სეისმური) და გეომორფოლოგიური პირობებით გამოირჩევა.

ამ მხარის 256 დასახლებული პუნქტიდან, მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 86, საშუალოში - 126, დაბალი რისკის ზონაში კი - 44.

2024 წელს აქ გეოლოგებმა დააფიქსირეს 24 აქტიური მეწყერი, 17 ღვარცოფული წყალსადინარი, 11 კლდეზვავის და 9 ნაპირგარეცხვის უბანი.

2025 წელს ამ მხარეში შედარებით მაღალი მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას ელიან. მათ შორის:

  • ლენტეხი-ცაგერის საავტომობილო მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა მამისონოს მონაკვეთზე;
  • ამბროლაურში - ბარეული, ჭრებალო, ზნაკვა, გოგოლათი, ღვიარა, ჟოშხა, წესი და კიდევ არაერთი სოფელი.
  • ონში - სომიწო, ბაჯიხევი, ცხმორი, ფარახეთი, სევა, გლოლა, კვაშხიეთი და სხვა.

რაჭა, უწერა. ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

სამცხე ჯავახეთის მხარე 8-9-ბალიანი სეისმური რისკის ზონაშია მოქცეული.

271 დასახლებული პუნქტიდან აქ მაღალი რისკის ქვეშაა 24, საშუალო - 67, ხოლო დაბალი რისკის ზონაში 179 პუნქტი.

ამ რეგიონიდან 2024 წელს ეკომიგრანტი გახდა 64 ოჯახი.

2025 წელს ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შეტბორვები და ქვათაცვენები.

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში, მათ შორის, გაღმა აწყურში, ტყემლანაში, საყუნეთში და სხვაგან მეწყრული პროცესების პროგნოზი არსებობს;
  • ბორჯომში მეწყრის საფრთხეა შემდეგ სოფლებში: ტაძრისი, საკირე, მიტარბი, ბაკურიანი, დგვარი და სხვა.


შიდა ქართლში დასახლებული პუნქტების უმრავლესობა - 286 პუნქტი 361-დან დაბალი რისკის ზონაშია მოქცეული.

ქარელში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირი ამ მუნიციპალიტეტის ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება. ეს ფოტოებიც ამის დასტურია.

ქარელის რაიონი. ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

2025 წლის პროგნოზით, შიდა ქართლში სტიქიური პროცესების გააქტიურებას გეოლოგები არ მოელიან. თუმცა ზოგიერთ უბანზე რისკები მაინც რჩება და ასეთებია:

  • დაბა სურამის გარკვეული მონაკვეთები, სოფელი ქვიშხეთი, ქარელი, სადაც ეროზიული პროცესები მიდის და ასევე მზოვრეთის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია და სხვა.


მცხეთა-მთიანეთი, როგორც სააგენტოს გეოლოგები წერენ, საქართველოს იმ მთიან მხარეებს მიეკუთვნება, სადაც ეკოლოგიური დაძაბულობა განსაკუთრებულად საშიშ ზღვრამდე მიდის.

ამ მხარისთვისაც დამახასიათებელი მეწყრული უბნები, ღვარცოფი, ქვათაცვენა და ეროზია. მაგალითად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტად დამანგრეველი ღვარცოფები ახასიათებს.

ამ ფოტოზე გამოსახულია “თარგმანის” უბანში არსებული ღვარცოფული სადინარი და მდინარე ყუროს ხეობის ეროზია.

ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

2025 წელს ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო ნიჩბისი, ნავდარაანთკარი, საგურამო, კოტორაანთკარი და სხვა.

  • თიანეთში მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული და დახრამვითი პროცესების გააქტიურება. განსაკუთრებით კი სოფლებში ზემო და ქვემო არტანი, ბოდახევი, ჩაბანო და სხვები.


ქვემო ქართლში მაღალი რისკის ზონაში მხოლოდ 17 დასახლებული პუნქტია მოქცეული, საშუალოში 80 და დაბალში - 266.

2025 წელს დმანისის ტერიტორიაზე კლდეზვავი და ქვათაცვენაა მოსალოდნელი მდინარე მაშავერას, მოშევანის და ხრამის კანიონებში გაყვანილი საავტომობილო გზების ცალკეულ უბნებზე.

  • ბოლნისში მეწყრის საფრთხე შესაძლოა შეექმნას ხატისოფელს, დარბაზსა და ფახრალოს;
  • წალკის ტერიტორიაზე მოსალოდნელია წყალდიდობის, დატბორვითი და ღვარცოფული პროცესები.

კახეთში მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ მოქცეულია 9, საშუალოში 141, ხოლო დაბალი რისკის მქონეში - 192 დასახლებული პუნქტი.

2025 წელს მეწყრების გააქტიურება მოსალოდნელია ახმეტის რაიონის სოფლებში შახვეტილასა და ბაყილოვანში. ღვარცოფის საფრთხეა ცივ-გომბორის ორივე ფერდობზე.

ეს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ განვითარებული მეწყერია, სადაც გადაუდებელი ღონისძიების ჩატარებაა აუცილებელი.

ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

თბილისში რამდენიმე უბანია, სადაც 2025 წელს უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გეოლოგიური პროცესები.

მათ შორის, მეწყერი და ღვარცოფი - გლდანის ხევში, მდინარე ვერეს ხეობაში, ლეღვთახევში, ლიბანის ქუჩაზე, მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, ნუცუბიძის ფერდობზე, მუხათგვერდის სასაფლაოს გზაზე, სვანეთის უბნის დასახლებასა და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე.

2025 წელსაც კლდეზვავ-ქვათაცვენის მხრივ საყურადღებო მონაკვეთებია ფონიჭალის მონაკვეთი, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, ფიქრის გორა და სხვა.

ეს რუკა კი თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებულ სტიქიურ გეოლოგიურ პროცესებს ასახავს.

ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენიდან

ასევე ნახეთ “ამას რაღა გააჩერებს” - მეწყერი ხარაგაულის სოფლებში
ასევე ნახეთ შოვის შემდეგ… დაბნეული მუნიციპალიტეტები სტიქიების პირისპირ
ასევე ნახეთ ნერგეეთში მეწყერმა დასახლებამდე 30-40 წამში მიაღწია - კიდევ რა წერია გეოლოგების დასკვნაში
ასევე ნახეთ: