ნერგეეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხანისწყლის ხეობაშია გაშენებული. მიწის მასა 3-დღიანი წვიმის შემდეგ მოწყდა სოფლის ჩრდილოეთ ნაწილიდან, სადაც ფერდობის დახრილობა 40-დან 60 გრადუსამდე იცვლება. იმ დღეს მეწყერმა ოთხი სახლი გაანადგურა და ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
7 თებერვალს ასევე დაზიანდა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზისა და წყლის მილსადენები. მიწის ჩამოწოლილი მასა საშიშროებას დღემდე უქმნის შვიდ ოჯახს.
გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ძლიერ ნალექთან ერთად, კლდეზვავური მეწყრის გააქტიურების ხელშემწყობი ფაქტორი რამდენიმე გარემოება აღმოჩნდა:
- ძლიერად გამოფიტული ფერდობი;
- ძლიერმა ნალექმა დაამძიმა ქანები და წყალგაუმტარ სივრცეში გადაიტანა.
მიწის მოწყვეტის არეალიდან საცხოვრებელ სახლებამდე მანძილი 270-280 მეტრია. პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, 30-40 წამში მიაღწია. მოწყვეტილია, სავარაუდოდ, 150-160 ათასი კუბური მეტრი მიწის მასა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა, რომ ნერგეეთში მეწყერი იყო მოსალოდნელი. თუმცა სააგენტოს ახალ გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ იქ, სადაც 7 თებერვალს მიწა მოწყდა, საფრთხეები არ შეფასებულა.
იმის გამო, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ჩამოწოლილი მიწის გატანა და ჩამოშლილი ფერდობის ფორმირება, გარემოს ეროვნული სააგენტო ხელშეკრულების დაჩქარებულ ვადებში დასადებად შესყიდვების სააგენტო სთხოვს თანხმობას. ერთთვიანი სამუშაოების ჩასატარებლად ჯამში მილიონი ლარია გამოყოფილი.