პროკურორმა მზია ამაღლობელთან საპროცესო შეთანხმების საკითხი წამოსწია - ადვოკატის თქმით, ის ამას გამორიცხავს

პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მზია ამაღლობელის სასამართლოზე მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი წამოსწია.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მორიგ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგა, ერთ-ერთმა პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა მზად არის, ამაღლობელთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება განიხილოს.

მზია ამაღლობელის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს „არ სჭირდება სამართლებრივი შეღავათები - მას სჭირდება სამართლიანი სასამართლო“.

„თუ იქნება მომართვა...“ - პროკურორი საპროცესოზე

დღეს, 2025 წლის 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთმა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ პროკურატურა მზადაა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მზია ამაღლობელთან, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა პირობებით.

„მინდა დავაფიქსირო, რომ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში ეს საკითხი [საპროცესო შეთანხმება] განვიხილოთ აქტიურად“, - განაცხადა გოგეშვილმა.

„ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, შემდეგ პროცესამდე, თუ იქნება მომართვა, ამ საკითხს უმოკლეს ვადაში განვიხილავთ“, - დასძინა მან.

  • შემდეგი სხდომა 1 აგვისტოსაა დანიშნული.
  • მედიაში არსებობს მოლოდინი, რომ სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას.

მოგვიანებით, როდესაც თორნიკე გოგეშვილმა თითქმის საათ-ნახევრის განმავლობაში გამოთქმული პოზიციის შეჯამება დაიწყო, კიდევ ერთხელ განაცხადა: „სახეზეა პოლიციელზე თავდასხმა მისი საპოლიციო საქმიანობის შესრულების დროს“.

მან ასევე თქვა, რომ „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, განიცადა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ ტკივილი.

ასევე ნახეთ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

„მზიას არ სჭირდება შეღავათები“

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პროკურატურის მიერ ეს საკითხის წამოწევა არის „ჩვეულებრივი სამართლებრივი მანიპულირება“:

„იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს საპროცესო შეთანხმება, ეს არის მანიპულირების იარაღი, - ამ მართლმსაჯულებისა და ამ პროკურატურის პირობებში. როდესაც ადამიანს არ აქვს სხვა არჩევანი, არ აქვს შანსი, მიიღოს სამართლიანი მართლმსაჯულება, [ბრალდებულს] სთავაზობენ საპროცესოს. ჩვეულებრივი ძალადობის იარაღია“, - თქვა მან.

„ოფიციალურად ბრალდებამ დღეს გააჟღერა ეს, მაგრამ ეს უფრო მანიპულირებისთვის, რომ ვითომ ბრალდება რაღაც „სამართლებრივ შეღავათებზე“ ფიქრობს“, - ამბობს ადვოკატი.

„მზია ამაღლობელს არ სჭირდება სამართლებრივი შეღავათები. მზიამ ამაზე ისაუბრა. ის ითხოვს სამართლიანობას და სამართლიან გადაწყვეტილებას“, - განუცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

„ბრალდებამ შესთავაზა ის, რასაც ჩვენ ვერ ვასაბუთებთ, ამ ყველაფერს თუ დაიბრალებ, ჩვენ ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო“, - ამბობს იგი.

„მზია ამაღლობელი ამ ღირებულებების ადამიანი რომ იყოს, ის აქ არ იჯდებოდა. ის აქ ამიტომ ზის, რომ ამ ღირებულებებს არ ატარებს... თავისუფლება შეუფასებელი რამ არის, მაგრამ თავისუფლება ყველაფრის ფასად არ მოიპოვება“, - გვითხრა ადვოკატმა მწარიაშვილმა.

მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი

ინკასო „ბათუმელებს“

დღესვე, 21 ივლისსავე, ონლაინგამოცემა „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათს ანგარიშს შემოსავლების სამსახურმა, დავალიანების გამო, ინკასო დაადო.

გამოცემის თანახმად, რეალური მიზეზი არის სურვილი, რომ „მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს“.

ამასთან, გამოცემა გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც ზეწოლას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ პატიმრობაში მყოფ დამფუძნებელსა და დირექტორზე მზია ამაღლობელზე, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებაც განაჩენი მალე უნდა გამოცხადდეს.

„ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი", - წერს გამოცემა.

ასევე ნახეთ „ბათუმელების“ ანგარიშებს შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო - "ბათუმელები"

მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.

მას შემდეგ ის დღემდე დაკავებულია პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, - რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა.

  • მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება;
  • 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, „მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%“
  • პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
  • შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
  • ამაღლობელის საქმეში მონაწილე პროკურორებისთვის, პოლიციელებისთვის და მოსამართლეებისათვის სანქციები აქვთ დაწესებული ბალტიის ქვეყნებს.
  • ამაღლობელის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს როგორც ევროპის პარლამენტი, ისე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისია.
ასევე ნახეთ გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი - კაია კალასი