მზია ამაღლობელის განაჩენი დღეს არ გამოუცხადებიათ - პროცესი 4 აგვისტოს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება - მორიგი სხდომა, სადაც მზია ამაღლობელი დასკვნითი სიტყვით მიმართავს სასამართლოს, 4 აგვისტოს დაინიშნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს დამოუკიდებელი გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვას. შესაბამისად, განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა. შემდეგი სხდომა 4 აგვისტოს დაინიშნა.

დღეს, 2025 წლის 1 აგვისტოს, სასამართლო სხდომა ცხრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. ძირითადი დრო დაეთმო ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შემაჯამებელ სიტყვას, - 7 საათზე მეტი.

სიტყვით გამოვიდნენ ამაღლობელის სხვა ადვოკატებიც. შემდეგ კი პროკურორებმა წარადგინეს რეპლიკები, რასაც დაცვის მხარემ კვლავ უპასუხა.

სხდომის დასასრულს, 22:30 საათზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს უთხრა, რომ მისცემს შესაძლებლობას, თქვას თავისი სიტყვა და მომდევნო სხდომა დანიშნა 4 აგვისტოს, 13 საათზე.

„უსამართლო სასამართლო“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ - ისმოდა შეძახილები დარბაზში.

პროტესტი გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთანაც, სადაც ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და სხვა მოქალაქეები დილიდან არიან შეკრებილები.

როგორც ყველა სხვა სხდომაზე გასული შვიდი თვის განმავლობაში, მზია ამაღლობელი ფეხზე იდგა მთელი პროცესის მიმდინარეობისას, 9 საათზე მეტხანს, - ის არ დამჯდარა საბრალდებო სკამზე.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ჩეხეთის ელჩი საქართველოში. დარბაზი პროცესის ბოლომდე სავსე იყო.

დარბაზში იყო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

პროკურორი - „დგებუაძის ზიანი არ იმსახურებს 1-წლიან პატიმრობასაც, მაგრამ“...

პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ მიიჩნევს, რომ პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანი „არ იმსახურებს არც ოთხიდან შვიდ წლამდე, არც ორწლიან და არც ერთწლიან პატიმრობას“, თუმცა დასძინა, რომ ამ შემთხვევაში ბრალდება უკავშირდება „მის საქმიანობას“ - „ხომ ნათელია, რა ამძიმებს ამ შემთხვევაში“.

პროკურორმა კიდევ ერთხელ ახსენა საპროცესო შეთანხმება და სინანული გამოხატა იმის გამო, რომ მას „არასწორი ინტერპრეტაცია“ მოჰყვა.

  • საპროცესო შეთანხმება პროკურორებმა 21 ივლისის სხდომაზე წამოსწიეს, როდესაც თავად წარდგნენ დასკვნითი სიტყვით. ერთ-ერთმა პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა „მზად არის“, ამაღლობელთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება განიხილოს;
  • ამაღლობელის ადვოკატმა ამას იმ დღესვე უწოდა „ჩვეულებრივი სამართლებრივი მანიპულირება“ და დასძინა:
  • „მზია ამაღლობელს არ სჭირდება სამართლებრივი შეღავათები. მზიამ ამაზე ისაუბრა. ის ითხოვს სამართლიანობას და სამართლიან გადაწყვეტილებას“.
ასევე ნახეთ პროკურორმა მზია ამაღლობელთან საპროცესო შეთანხმების საკითხი წამოსწია - ადვოკატის თქმით, ის ამას გამორიცხავს

„ყველაზე ხმამაღლა მზიას ხმა ისმის“ - ადვოკატი

პროკურორების განმეორებით შეთავაზებას საპროცესო შეთანხმებაზე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ამჯერადაც უპასუხა.

„მზია ვერ დაიბრალებს, კეთილსინდისიერი ადამიანი ვერ დაიბრალებს იმას, რაც არ ჩაუდენია“, - თქვა მან.

„მე თქვენ წაგიკითხეთ დახასიათება, რაც ციხეში მისმა ფსიქიატრმა დაწერა. ის წერდა, რომ ამ ადამიანს აქვს გადაჭარბებული, არაბუნებრივი კეთილსინდისიერება. წარმოგიდგენიათ? ციხის ფსიქიატრი წერდა ამას. როგორ უნდა უთხრა ამ ადამიანს, აღიარე, რაც არ ჩაგიდენიაო“? - განაცხადა ადვოკატმა და მოსამართლეს მიმართა:

„ყველაზე შემაძრწუნებელი იცით, რა არის, ქალბატონო მოსამართლევ? ამ დარბაზში ყველაზე ხმამაღლა ისმის მზიას ხმა, რომელიც ხმას არ იღებს. რომელიც შვიდი თვეა, აქ დგას ფეხზე, ერთი წამით არ დამჯდარა. ყველაზე ხმამაღლა მისი ხმა ისმის, - თუ ვინმეს მისი გაგონება უნდა.

ერთხელ სადღაც წავიკითხე, ადამიანის სულის ტკივილი რომ ესმოდეს ვინმეს, დედამიწა დაყრუვდებოდაო. აი, მზიას სულის ტკივილი რომ ესმოდეს ბრალდებას და სასამართლოსაც, დარწმუნდებოდით [მის უდანაშაულობაში]“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

„პოლიტიკური პატიმარი“

მზია ამაღლობელის პატიმრობა ფართოდ - როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთში მიიჩნევა პოლიტიკურად, - უსამართლოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად თუ უკანონოდ.

ამაღლობელის უპირობოდ გათავისუფლებას თვეებია, ითხოვენ როგორც ევროპის პარლამენტი, ისე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისია.

  • პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
  • შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
  • ამაღლობელის საქმეში მონაწილე პროკურორებისთვის, პოლიციელებისთვის და მოსამართლეებისათვის სანქციები აქვთ დაწესებული ბალტიის ქვეყნებს.

ადვოკატის დასკვნითი სიტყვა

83-გვერდიან, თითქმის 8-საათიან დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა შეაჯამა დაცვის მხარის არგუმენტები, რომელთა შორის, ბრალდების გათვალისწინებით, საკვანძოდ შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი:

  • ბათუმის პოლიციის უფროსისათვის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნა არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც თავდასხმა, მით უმეტეს პოლიციელზე თავდასხმა, - და ამის დასტურად სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების ის პრაქტიკა მოიშველია.
  • მისი განმარტებითვე, - რასაც არაერთი დამოუკიდებელი იურისტი იზიარებს, - მზია ამაღლობელს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული;
  • სილის გაწვნა შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად;
  • შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა, რასაც წარდგენილი მუხლი ითვალისწინებს, შეუფერებელია; მიუღებელია ამისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება - ისევე, როგორც მიუღებელი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.
ასევე ნახეთ საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ - მზია ამაღლობელის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა დაასრულა