მშვიდობაზე საუბრები მატულობს, უკრაინის ფრონტზე ბრძოლების ინტენსივობა არ იკლებს

რუსეთის იერიშების შედეგად განადგურებული დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი

ამ კვირაში უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გარშემო ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა გაიმართება.

12 თებერვალს უკრაინის მოკავშირეები შეიკრიბებიან გერმანიის ქალაქ რამშტაინში, ხოლო 14-16 თებერვალს დაიწყება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელშიც 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 150 მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიღებს მონაწილეობას.

უკვე ცნობილია, რომ მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მიღება დაადასტურა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა, კით კელოგმა. მოგვიანებით, 20 თებერვალს ის უკრაინაში ჩავა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, რის შემდეგაც ესტუმრება ბერლინს, რომს, პარიზსა და ლონდონს. ამ ვიზიტების შედეგად შესაძლოა იქცეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გეგმა, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი პირადად მარტის პირველ ნახევარში წარადგენს.

მაგრამ სანამ ასეთი გეგმა არ არსებობს, უკრაინის ფრონტის ხაზი განაგრძობს ომის წესებით ცხოვრებას: რუსეთის არმია ცდილობს ბოლომდე დაუქვემდებაროს კონტროლს დონეცკის ოლქის დარჩენილი ტერიტორიები, ხოლო უკრაინის არმიის მიზანი მტრის შეჩერება და კურსკის ტერიტორიაზე დაკავებული პლაცდარმის გაფართოებაა.

ასევე ნახეთ კიდევ რა არის ცნობილი კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო ძალების ახალი შეტევის შესახებ?

ტორეცკი

თებერვლის დასაწყისში რუსეთის არმია დონეცკის ოლქის ქალაქების: ტორეცკის (რუსულად ძერჟინსკი) და პოკროვსკის, ხოლო უკრაინის ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებული კურსკის ოლქის ქალაქ სუჯიდან შეეცადა შეტევის განხორციელებას პლაცდარმის გასაფართოებლად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 7 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა ჯარების დაჯგუფება "ცენტრის" მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის აღების შესახებ.
ტორეცკისთვის ბრძოლა შარშანდელი ოქტომბრიდან გრძელდება. ქალაქი, სადაც ომის წინ დაახლოებით 35 000 ადამიანი ცხოვრობდა, ძლიერ განადგურდა ბრძოლების დროს.

თუ ტორეცკის აღების შესახებ ცნობები დადასტურდა, ეს იქნება ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი ბახმუტის შემდეგ, რომელზეც რუსეთის არმიამ 2023 წელს დაამყარა კონტროლი.

ხოლო სტრატეგიული თვალსაზრისით, ტორეცკის რუსეთის არმიის ხელში მოხვედრა უკრაინის ჯარისთვის მომარაგების მნიშვნელოვანი არხის გადაკეტვას ნიშნავს.

ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ ტორეცკის აღების შესახებ განაცხადა

მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყების ცნობა არ დაადასტურა არც უკრაინის გენშტაბმა და არც დამოუკიდებელმა ანალიტიკურმა პორტალმა DeepState-მა, რომელიც რეალურ დროში გეოლოკაციური მეთოდით ასახავს რუკაზე ფრონტის ხაზზე მომხდარ ცვლილებებს. პორტალი წერდა, რომ ტორეცკის ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია არ არის სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმია მთლიანად დაეუფლა ქალაქის ცენტრს, "უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ქუჩის ბრძოლებს ზაბალკის მიკრორაიონში, ასევე ქალაქის განაპირას, მის ჩრდილოეთსა და სამხრეთში".

უკრაინის გენშტაბის ცნობით კი, 8 თებერვალს უკრაინის ცალკეული 28-ე მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლებმა ტორეცკის მიმართულებაზე რუსული სამხედრო მოიერიშე სუ-25 გაანადგურეს.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ბოლო ანგარიშის თანახმად, უკრაინის დამცველებმა შეძლეს ტორეცკის სიღრმეში შეჭრილი მოწინააღმდეგის წინსვლის შეჩერება.

კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი კურსკის ოლქში

ზუსტად იმ დროს, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი საბოლოოდ ცდილობდა ქალაქ ტორეცკზე კონტროლის დამყარებას, უკრაინის კურსკის დაჯგუფების ქვედანაყოფებმა წინა დღით დაწყებული შეტევითი ოპერაციების შედეგად 5 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქ სუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთით და შეძლეს კონტროლის დამყარება მინიმუმ ერთ დასახლებულ პუნქტზე.

ცნობების წყარო ამ შემთხვევაში იყო არა უკრაინის სამხედრო უწყება, არამედ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW). ინსტიტუტის ექსპერტებმა გააანალიზეს 7 თებერვალს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები და დაასკვნეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სოფელი კოლმაკოვი დაიკავეს. დადასტურდა ასევე უკრაინული ძალების ყოფნა სოფლებში - ჩერკასკაია, კონოპელკა და აფანასეევკა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები სოფელ ულანოვკისკენ მიიწევდნენ.

კოლმაკოვი სოფელ სუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. იქ ომამდე 79 ადამიანი ცხოვრობდა.

კურსკის რეგიონში უკრაინული მხარის ტაქტიკურ წარმატებებს არ უარყოფენ რუსი სამხედრო ბლოგერები, რომლებიც ამასთან ამტკიცებენ, რომ რუსმა სამხედროებმა დიდი რაოდენობით უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის განადგურება მოახერხეს.

ასევე ნახეთ უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში 5 კმ-ით წაიწიეს წინ - ISW

უკრაინის ჯარებმა 2024 წლის 6 აგვისტოს დაიწყეს კურსკის ოლქში შესვლა და, როგორც კიევი აცხადებდა, ერთ თვეში 1200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი რუსული ტერიტორია ჩაიგდეს ხელში. მომდევნო თვეებში რუსეთის არმიამ დიდი დანაკარგებით შეძლო ამ ტერიტორიების დაახლოებით 40%-ის უკან დაბრუნება, მაგრამ კიევი ცდილობს, რომ გააფართოოს კურსკის პლაცდარმი.

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქის ამ მიწას უკრაინისათვის სტრატეგიული დიპლომატიური მნიშვნელობა აქვს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრა განხორციელდა იმისთვის, რომ ტერიტორიები და მებრძოლები ჩაიგდონ ხელში გასაცვლელად.

„ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. ჩვენი ოპერაციის მიზანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ჯარისკაცებს ვატყვევებთ, რათა უკრაინელებში გავცვალოთ ისინი. იგივე დამოკიდებულებაა ტერიტორიების მიმართ, ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა“, - უთხრა ზელენსკიმ ტელეკომპანია NBC-ს.

ასევე ნახეთ ზელენსკი: კურსკში შეჭრის მიზანია ჯარისკაცებისა და ტერიტორიების გაცვლა, არ გვჭირდება რუსული მიწა

პოკროვსკი

უკრაინის სარდლობა იმედოვნებდა, რომ კურსკის ოპერაციის წარმატება აიძულებდა რუსეთს, შეეჩერებინა ინტენსიური იერიშები დონეცკის ტერიტორიაზე, კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებით.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის არმიის მთავარსარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი ამტკიცებდა, რომ კურსკის ოპერაციის შედეგად შემცირდა მტრის თავდასხმის საფრთხე.

მაგრამ პოკროვსკთან რუსეთის შეტევა დიდხანს არ შეყოვნებულა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის არმიამ განაახლა იერიშები პოკროვსკის მიმართულებით და შეძლო ინტენსიური ბრძოლებით რამდენიმე პოზიციის დაკავება ქალაქის განაპირას.

მშვიდობიან დროს დონეცკის ოლქის დასავლეთით მდებარე ქალაქი პოკროვსკი ცნობილი იყო ქვანახშირის მაღაროებით, კოკსოქიმიური ქარხნებითა და მეტალურგიული კომბინატებით. 60-ათასიანი მოსახლეობის მქონე პოკროვსკი გამოირჩევა თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობით - რამდენიმე მსხვილი მაგისტრალის გადაკვეთაზე განლაგებული ქალაქი რკინიგზის მთავარ კვანძს წარმოადგენს.

დონეცკის აღმოსავლეთით მდებარე ავდიივკის აღების შემდეგ რუსეთის ჯარები დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით დაიძრნენ, რათა მომარაგების გზები გადაეჭრათ უკრაინის ჯარისთვის.
მათ სამიზნეს წარმოადგენდა დასავლეთისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი Е50, რომელიც პოკროვსკს დნეპრთან (დნიპრო), უკრაინის სიდიდით მეოთხე ქალაქთან აკავშირებს. ხოლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი Т0504 პოკროვსკს აკავშირებს ქალაქ კოსტიანტინოვკასთან, კიდევ ერთ რკინიგზის კვანძთან, რომლის ხელში ჩაგდებასაც რუსეთი ცდილობს.

უკრაინელი სამხედროების კუთვნილი ჯავშანმანქანა Bradley-ი ქალაქ პოკროვსკის მისადგომებთან

როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) 9 თებერვლის ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთია არმია აგრძელებს შეტევებს პოკროვსკის მიმართულებით, შეძლეს წინ წაწევა და მიუახლოვდნენ №3-ე მაღაროს, უკრაინის არმიის ერთ-ერთ ციტადელს.

ამავე დროს, ამერიკელი ანალიტიკოსები არ ადასტურებენ რუსი "ვოენკორების" ცნობებს რუსეთის არმიის მიერ დასახლებულ პუნქტ უდაჩნეს სავარაუდო ოკუპაციისა და ზაპოროჟიესკენ გაჭრის შესახებ.

თუმცა, სამხედრო მიმომხილველები არ უარყოფენ, რომ ცალკეული უკრაინელი მეთაურების მიერ დაშვებული შეცდომების გამო პოკროვსკის მიმართულებაზე ინიციატივას რუსეთის არმია დაეუფლა.

ასევე ნახეთ რატომ დატოვა ათობით უკრაინელმა ელიტური ბრიგადა, რომელიც ყველაზე რთულ, პოკროვსკის მიმართულებაზე მოქმედებს?

იანვრის ბოლოს უკრაინელმა სამართალდამცველებმა მაღალი რანგის ოფიცერი, 155-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, "ანა კიევსკაიას" ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი დმიტრი რიუმშინი დააკავეს.

სწორედ ამ ბრიგადას უკავშირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი. დანაყოფი, რომელიც ამჟამად უკრაინის ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სახიფათო უბანს, ქალაქ პოკროვსკის მიმართულებას იცავს, თვითნებურად 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიატოვა.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, გამოძიების თანახმად, მეთაური "არ რეაგირებდა თავის დანაყოფში არსებულ დარღვევებზე, მათ შორის, მისი მებრძოლების მიერ სამხედრო დანაყოფის უნებართვო მიტოვებაზე".

არსებობს სხვა პრეტენზიებიც 155-ე ბრიგადის მეთაურის მიმართ. კერძოდ, მან არ "გაუგზავნა წინასწარი გამოძიების ორგანოებს არცერთი შეტყობინება მისდამი დაქვემდებარებული იმ სამხედრო მოსამსახურეების შესახებ, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს". არადა, ასეთი რამდენიმე ათეული ჯარისკაცი იყო. სამხედრო ნაწილი კი მათ იმ დროს მიატოვეს, როდესაც ბრიგადა საფრანგეთში იმყოფებოდა და ფრანგული მხარის დაფინანსებით გადიოდა წვრთნისა და აღჭურვის პროცესს.

ასევე ნახეთ ფრონტზე მძიმე ბრძოლების ფონზე, უკრაინაში რამდენიმე სამხედრო მეთაური დააკავეს

3 თებერვალს უკრაინის არმიის ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "ხორტიცის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ტრეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია კვლავ განაგრძობს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის გვერდიდან შემოვლას და მის ალყაში მოქცევას. მაგრამ რუსეთის არმიის შეტევის ინტენსივობამ, ოფიცრის თქმით, ბოლო კვირას იკლო.