პოეტ ზვიად რატიანს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქართველ პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს პატიმრობა მიუსაჯეს.

ცნობილ ქართველ პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება 17:55 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

„ჯარიმა არ იქნებოდა პროპორციული ამ დანაშაულისთვის“, - განაცხადა მოსამართლემ.

რატიანს პოლიციელისათვის სახეში გარტყმის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა და მას პატიმრობა მიუსაჯა შემდეგი მუხლით:

„პოლიციის მუშაკის ... მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით“.

მანამდე რატიანმა განაცხადა:

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოთ დღეს, ჩემი მომავალი გაცილებით მსუბუქი და სანატრელია, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც საქმით ემსახურებიან ან დუმილით ამყარებენ ამ უსამართლობას“.

ასევე ნახეთ „პატიმრობა, ჩემივე პროექტი იყო“: ზვიად რატიანის ინტერვიუ საკნიდან

რატიანმა განაცხადა, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა იყო სიმბოლური აქტი, - რომლის შთაგონებადაც იქნენ პედაგოგი ნინო დათაშვილი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ისინი დაპატიმრებულები არიან.

„რაც ერთდროულად რამდენიმე სიმბოლურ კონტექსტსაც მოერგო და ჩემი ბუნებისთვისაც ორგანული გამოდგა, სწორედ სილა იყო. განსაკუთრებით მიმდინარე ბრძოლის კონტექსტით, რომელიც ამ ორ დიდებულ ადამიანს, მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს უკავშირდება. მეც ავდექი და ეს ციკლი გავასამე“, - სწერდა რატიანი რადიო თავისუფლებას სექტემბერში.

ეს კი ზვიად რატიანის სიტყვაა, რომელიც მან სასამართლოზე წარმოთქვა ზეპირად - მას თავისი დასკვნითი სიტყვა არ წაუკითხავს:

"ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში მხარში გვედექით, მეც და ჩემს ოჯახსაც... სათხოვარი მაქვს ძალიან დიდი, არავის გვაქვს ილუზია, ყველამ ვიცით, რა განაჩენსაც მოვისმენთ, ის არ იქნება, თქვენ რომ გაგიხარდებათ, მაგრამ რაც შეიძლება ჩუმად და მშვიდად გავიდეთ. ნუ აჯაჯგურებთ ამ მანდატურ კაცებს. ძალიან მძიმეა ამის ყურება ყოველთვის.

გარეთ რაც გინდათ, ის ქენით.

დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს. ძალიან დიდი შრომა და გული რომ ჩადეთ იმთავითვე წარუმატებელ და უშედეგო საქმეში და ასე კვალიფიციურად ემსახურეთ პროფესიას. უნუგეშო საქმე იყო და მეც ხომ ვიცი, ადვოკატებისთვის კიდევ უფრო უხერხული პაციენტი გამოვდექი, ვიდრე ექიმებისათვის.

ბოდიში ჟურნალისტებს, ვიცი, რომ, ალბათ, წერილობით ჯობდა. არ არის მხოლოდ ჩემი სიზარმაცე, იმის მიზეზი, რომ დოკუმენტი ვერ გამოვაცხვე. თუმცა, არც უმაგისობა იყო. რაღაც გაცილებით დიდი იყო, რაც ხელს მიშლიდა, რათა ისედაც ქაოსური საკითხებისთვის კომპოზიციურად პირობითი წესრიგი მაინც მიმეცა...

პირველი, რითაც, წესით უნდა დამეწყო, არის თვითონ ამბავი, რომელსაც გამოვტოვებ, და გეტყვით რატომაც: ჯერ ერთი, ნანახი გაქვთ და განმარტება, რამდენად იყო ეს თავდასხმა, რამდენად იყო მძიმე თუ მსუბუქი დანაშაული, დროს დაგვაკარგვინებს. ამ ხალხს ამის ახსნა არ სჭირდება და თქვენ, (მოსამართლეს) სავარაუდოდ, გაგება არ გინდათ. ამიტომ გადავალ გარემოებებზე, საბაბსა თუ მიზეზზე, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა.

ეს იქნება კანონით არარეგულირებადი, მაგრამ ემოციური ნაწილი, რადგან ემოციებისგან და განცდებისგან შევდგებით ადამიანები. ეჭვი მაქვს (ყოველ შემთხვევაში იმედი), რომ თქვენც.

რა თქმა უნდა, ნორმალურ გარემოში, სილის გაწვნა, შალაბანი თუ პანღური არ არის კარგი. ყველას საერთო უბედურება ის არის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ აბსურდში. იმ აბსურდში, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა ამ ქვეყნისგან შექმნა და თავდაყირა დააყენა ყველაფერი...

მე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სახელოვნებო აბსურდს - თეატრალური იქნება თუ ლიტერატურული. ჩვენ ვსაუბრობთ... სამოქალაქო აბსურდზე, როცა მსხვერპლი არის დამნაშავე, როცა მოძალადე არის მოწმეც, ბრალმდებელიც და ყველაფერი ერთად აღებული.

აბსურდია კიდევ ის, რომ აქ ყველამ დიდებულად ვიცით - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, არც თქვენ, არც მე, არავინ ვიცით, ხანგრძლივად ვიქნები თუ არა ციხეში, ცოცხალი გამოვაღწევ თუ არა (თუ ორ დღეში რაღაც შეიცვლება, რაც მომხდარა ხოლმე), ყველაფერი არის პირობითი და თავდაყირა.

მე ადრეც ვახსენე, რომ ამ კვალიფიკაციებს არც ჩავღრმავებივარ -ტერაქტი რომ დაგერქმიათ არც ის გამიკვირდებოდა. დამძიმებას ველოდი, პასუხისმგებლობას ველოდი.

თქვენმა წინა მოსამართლემ რომ მკითხა პროფესია - ვუპასუხე თვითდასაქმებული, რადგან უკვე უმუშევარი ვიყავი და თვითდაპატიმრებულიც ვარ.

მე შემეძლო ამ სილის გაწვნისთვის სხვა ადგილი მომეძებნა. სადაც მეგონებოდა მაინც, რომ კამერები არ არის, ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ გულის მოფხანა და პირადული. მაგრამ არ მეფხანებოდა გული ისე, რომ თუნდაც მოფარებულში, ვინმესთვის ქვა მესროლა, შურდული თუ კისტის თოფი.

რაც შეეხება სიძულვილს... მინდა თქვენ გიპასუხოთ (პროკურორს) დასკვნით სიტყვაზე, სადაც სიძულვილზე ლაპარაკობდით... ბოლოს და ბოლოს, სიძულვილი ადამიანური რამაა. თუმცა, მე მართლა ვერ ვხვდები და შეიძლება, ინტერესითაც მომესმინა სხვა სიტუაციაში, როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანს სძულდეს რაიმე სამსახური, თუნდაც ეს სამსახური იყო პოლიციის? ან სტატისტიკის დეპარტამენტის სიძულვილი რა შეიძლება იყოს? ადამიანს შეიძლება ადამიანი სძულდეს, შეიძლება სძულდეს საქციელი. მე ასე ვხედავ.

მე სახეზე ვცნობ პოლიციელებს, რომლებიც ჩემი მრავალსერიანი საპოლიციო თავგადასავლების დროს მცემდნენ, მაყენებდნენ შეურაცხყოფას, მე ამ ადამიანებს ვხედავ ხოლმე რუსთაველის გამზირზე. ამ წლის დასაწყისში - დიღმის მასივში რესტორან „ბაბილოსთანაც“ ვნახე ერთი, ის, რომელიც მანქანაში გამეტებით მირტყამდა.

რომელიმე მათგანს მაინც შევარჩევდი, მე თუ პირადი სიძულვილი ვიმოქმედებდი.

დიახ, სილის გაწვნამდე მე დავაზუსტე, უფროსი იყო თუ არა. საპოლიციო თავგადასავლები რომ ვახსენე, მე შემხვედრიან რიგითები, რომლებიც ადამიანურად მომქცევიან. თავზე ხელი არ გადაუსვამთ, უბრალოდ ადამიანურად მომქცევიან. წლების მანძილზე მე მათ სახელებს და გვარებს ვეკითხებოდი და მე დღემდე მახსოვს ყველა მათგანის ვინაობა. არ ვიცი, შევხდები თუ არა ოდესმე, ვიცნობ თუ არა სახეზე, და მიცნობენ თუ არა ისინი და შემახსენებენ თუ არა თავს. განსხვავებით იმ სახელებისა და გვარებისგან, ბატონო პროკურორო, და ამაშიც არაფერი სარკასტული არ არის, ადვოკატებს ორი კვირის წინ ვკითხე თქვენი სახელი, ვიცოდე-მეთქი, მანამდე არ დავინტერესებულვარ. შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, მაგრამ გვარი დამავიწყდა, და აი, იმ ბიჭების კი, რომლებიც კარგად მექცეოდნენ, მახსოვს.

არ მაწყობდა, დიახაც, რიგითი პოლიციელი. არჩევანი რომ მქონოდა, ალბათ, ხარებას ვამჯობინებდი, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ჩრდილში ჰყავდათ გადაყვანილი.

ახლა გადავალ იმაზე, საერთოდ რა იყო ჩემი ქმედების მიზეზი:

დარწმუნებული ვარ, რომ იცით, არის ასეთი სიტყვა ქართულ ენაში - სინდისი. არამარტო ქართულში, ალბათ, ყველა სხვა ენაშიც და თითქმის ყველა მათგანში იგივე მნიშვნელობით. რაშიც არ ვარ დარწმუნებული, ის არის, რომ შეიძლება არ იცოდეთ, ეს სინდისი, ზოგიერთ ადამიანს ზოგჯერ აქვს თუნდაც ისეთი ამორტიზებული და მოძველებული, როგორიც მე შემომრჩა ამ ასაკში.

მესმის, რომ სინდისი არ რეგულირდება და არ იზომება კანონით, ისევე, როგორც ტკივილი. ისევე, როგორც სიძულვილი. და თუ იზომება, სხვა პროფესიის ადამიანები მარჩიელობენ ასეთი განცდების შესახებ, რამდენადაც მე ვიცი და არა - იურისტები.

ეს სინდისი მართლა მაწუხებდა, როცა მეძინა სახლში, ჩემს საწოლში, ვმუშაობდი ამ ჩემს არავისთვის საჭირო ტექსტებთან, საყვარელი ქალის მზრუნველობით გარემოცული. ვმეგობრობდი ჩემს არაჩვეულებრივ შვილებთან, იმ პირობებში, როცა მათი ასაკის და მათზე უმცროსი ახალგაზრდები თქვენმა თანამშრომლებმა, ერთ, ასაკოვან, ფულით და ძალაუფლებით შერყეულ, მტრის სამსახურში ღიად და გაცხადებულად ჩამდგარ ადამიანს მსხვერპლად მიუყვანეს.

ამას ვუყურებდი და მაწუხებდა, არა იმიტომ, რომ ვინმეზე მეტი ვარ, საერთოდ ამ მხარეს ვინც ვართ, ჩვენ პირადისთვის ხომ არ ვიბრძვით, რა მეტყობა პირადისთვის მებრძოლის, მაგრამ არც საამაყოდ ვთვლი ამ ჩემს მიერ გაწნულ სილას, არც სათაკილოდ და არც დანაშაულად, მხოლოდ იმ დათქმით, რომ აბსურდში ვართ...

ენამ... სილას სწორედ მისი სიმბოლური, ნაკლებად მტკივნეული, ისტორიული, დიდწილად ღირსებასთან წილნაყარი მნიშვნელობების გამო, მოარგო ცალკე უნიკალური ზმნა - გაწვნა. ენამ ქნა ასე, მე ხომ არ მომიგონია. სილის გარტყმა უგემოვნო, ცუდი ქართულია. შეიძლება შეგეშალოს, მაგრამ როცა წერასთან გაქვს საქმე, თუნდაც დოკუმენტების წერასთან, რაღაცნაირად ავტომატურადაც არ მოდის ეს ზმნა.

მზია ამაღლობელი, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული, ღირსეული, მებრძოლი, პრინციპული ადამიანი, რომელიც მართლა ბევრმა არ იცოდა და მეც შემთხვევით ვიცოდი. ვაფასებდი “ბათუმელებს” და არ ვიცოდი ქალბატონი მზიას შესახებ არაფერი. ეს ადამიანი შეურაცხყვეს, დაამცირეს, ამის მერე მან გამწარებულმა, ღირსებაშელახულმა სილა გააწნა მოძალადეს. იმ დღიდან ჩვენ ვუყურებთ ამ ქალის რიტუალურ მკვლელობას. თქვენი სამსახურების და თანამშრომლების დამსახურებით. რა თქმა უნდა, წყარო ამ ყველაფრის, ერთი კაცია. ერთი ოჯახი.

ნინო დათაშვილი - არაპირდაპირ, მაგრამ კოლეგა, რადგან ქართულ ენას და ლიტერატურას ემსახურებოდა. არაჩვეულებრივი ადამიანი და მართლაც კოლეგა, რადგან ჩვენ ერთ პროექტში ვმუშაობდით, სანამ მას დაიჭერდნენ.. და შემდეგ მეც. ამ შენობაში, აი, ამ ბიჭების კოლეგებმა, ან თავად მათ, არ ვიცი, ვერ ვცნობ, მუჯლუგუნებით ათრიეს, დაამცირეს, და როცა ის გამოვიდა მდგომარეობიდან და სილა გააწნა (თან ის მთლად სილაც არ იყო), დააპატიმრეს და შემდეგ რაც მოხდა, ყველამ კარგად იცით, თქვენმა კოლეგებმა ფსიქიატრიულში გადაყვანა მოითხოვეს და დაუდასტურეს. 21-ე საუკუნეა...

შეიძლება ვინმეს დიდი უბედურებაც შერჩეს, მაგრამ აი, ამ ქალის იქ წაყვანა არ ვიცი, რაში ჯდება. ესეც იყო იმპულსი.

ქვემოთ რომ ვიყავი, რამდენიმე საათი, მოსაცდელ საკანში თუ რაც ჰქვია, ვოლიერი უფრო, გამახსენდა, ალბათ, მაქსიმუმ ორი თვით ადრე, ვიდრე ეს ჩემი ამბავი მოხდებოდა, გაზეთმა “ბათუმელებმა” მთხოვა წერილის დაწერა მზიას შესახებ. დავწერე. შემდეგ აივანზე გავედი და ვიყავი კმაყოფილი და ბედნიერი, რომ დავწერე, მოვასწარი ვადებში...ჩემი სამივე კატა გამოვიდა, მომეტმასნა, კარგი გაზაფხულის კარგი ამინდი იყო, გავაბოლე თვითკმაყოფილმა ... და მერე უეცრად ვიგრძენი დიდი სირცხვილი, რომ აი, დავჯექი ამხელა კაცი, უბრალოდ დავწერე, მერე გმირულად რუსთაველზე გავალ და დიდი ალბათობით კიდევ ერთ ჯარიმას ავირტყამ.

ბატონო პროკურორო, მესმის, რომ არაფერი სამუშაო არ დაგიტოვეთ საქმეში, პროფესიული ინტერესი მაინც რომ დაგეკმაყოფილებინათ, მაგრამ არც ადვოკატებს დავუტოვე. არც ვამტკიცებ, რომ რამე სხვანაირად იყო, და მესმის, რომ ტექსტუალურად რაღაცნაირად უნდა გაგემძაფრებინათ, თორემ ტკივილზე, მაგალითად, მე არაფერს ვიტყოდი. აი, ამ ლოყის ალმურზე და ღაწვის სიწითლეზე. დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებს და თუნდაც იმ ადამიანობამდე ვერგანვითარებულ დგებუაძეს, არ სიამოვნებს ეს მოცემულობა, რაშიც ამყოფებთ... არ ვიცი, შეიძლება მართლა ეტკინა, ეს ინდივიდუალური გრძნობაა, მაგრამ ტკივილის მიყენება რომ მდომებოდა, სხვანაირად მივაყენებდი, მე მგონი, ჭიტლაყი უფრო დამამცირებელი იქნებოდა ჩინ-მენდლებიანი ადამიანისთვის, ეს იყო სიმბოლური კადრი და კადრში გავაკეთე. მაგრამ, დავუშვათ, ეტკინა. მე ვისურვებდი, სამომავლოდ, რომ ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, პოლიციაზე, სამსახურზე, რომელიც ხიფათებით აღსავსეა, უფრო მედეგ ადამიანებს.

ან ჩემი, მამაკაცის სილა რა სალაპარაკოა, აი, ქალის სილა მტერს მოხვდა.

მე მართლა მრცხვენია, პირადად ჩემს სირცხვილად ვთვლი, რომ ქართულმა პოლიციამ კი არადა, ივანიშვილმა და აი, ამ ხროვამ, მსოფლიო მოწყვლადობის, არ ვიცი, ისტორიასა და მითოლოგიაში ახალი პარადიგმა შემოაგორა, ახალი აქილევსის ქუსლი - ქართველი პოლიციელის ლოყა. რა უბედურებაა, ამაში როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს როგორ უნდა ავიტანოთ.

მე ვიყავი, ამ შენობაში, შეიძლება ამ დარბაზშიც, არასრული ერთი წლის წინ, როდესაც მცემეს. და ჩემი ცემის მხოლოდ მცირე მონაკვეთი იყო გადაღებული. როცა ათეულობით ადამიანი მირტყამდა თავში. თქვენი თანამშრომელი იჯდა მოსამართლის სავარძელში, არ დაინტერესდა კადრებით, სადაც ჩანს, რომ აქეთ მცემეს, ზურგით ვიდექი და შემათრიეს, როგორც იციან ხოლმე, არაფერს ვაკეთებდი, შვილებს ვეძებდი, რომ აირია სიტუაცია, მინდოდა ახლოს მყოლოდნენ.

მაშინ მოსამართლემ არ შეხედა იმავე დღეს გამომცხვარ ფორმა 100-ს, სადაც ჩამოთვლილი იყო მოტეხილობები და მითითებული იყო სასწრაფო ოპერაციის აუცილებლობა. სამაგიეროდ მოუსმინა იმ ადამიანებს, რომლებმაც შემითრიეს, და რომელთაგან ერთ-ერთმა თქვა კიდეც, რომ მცემა.... მოსამართლემ მას ყურადღებით მოუსმინა და რეაბილიტაციის კურსებზე გამიშვა სამტრედიის იზოლატორში.

როდესაც დავბრუნდი, მალე, ყოველ საღამოს ვნახულობდი იმ ახალგაზრდების მშობლებს რუსთაველზე, ერთს ვერ ნახავთ, რომ მივსალმებოდი, იმიტომ, რომ მრცხვენოდა. მართლა მრცხვენოდა. მე რვა დღე ვიყავი ციხეში, ხოლო მათ შვილებს, კალენდარულად არ გაუმართლათ, რადგან ნოემბრის ბოლოს ადმინისტრაციულად აპატიმრებდნენ, და დეკემბრიდან დაიწყეს სისხლის სამართლის წესით ხალხის დაჭერა.

მე გამიმართლა იმაში, რომ საერთოდ პირველი ვიყავი, ვინც შეითრიეს.

ყოველ შემთხვევაში, დასისხლიანებული პირველი მე ვიყავი, იმ შუშებიან შენობაში, შუალედური გამანაწილებელი პუნქტი რომ აქვთ. ამიტომ ვლაპარაკობ აბსურდზე.

რაც შეეხება სიმბოლოებს. თავი დავანებოთ ისტორიას, დუელებს და ხელთათმანების სროლას. სწორედ მზია ამაღლობელმა და ნინო დათაშვილმა შესძინეს პოლიტიკური კონტექსტი სილის გაწვნას. დიახაც, ამგვარი სიმბოლოებისგან შევდგები და ასეთი ყაიდის და აზროვნების კაცი ვარ.

რა მექნა? რა დამეწერა? ჩემ მეგობრებს არ სჭირდებათ ავუხსნა რას ვგულისხმობ, და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სპეციალურად პოლიციის მოძალადე თანამშრომლებისთვის მე ვერ შევქმნიდი. და საერთოდაც, ივანიშვილით დავიწყე, პოლიციას ისე არ ვერჩი, როგორც ივანიშვილს და მის ღალატის საამქრო ოჯახს.

ამიტომ სიძულვილი კი არა, ჩემისთვის ეს არის სიყვარული. ასე ვიცხოვრე, ასაკობრივად დავემთხვიე - პირველად პოლიციელებმა ხელკეტებით მცემეს 1989 წლის 25 თებერვალს. 9 აპრილამდე თვენახევრით ადრე. იმის მერე, კარმაა თუ ბედისწერა თუ მე ვარ შარიანი… მხოლოდ ის მინდა, ჩემს ჩირგვებში მამყოფა, ამ საჯარო, სამოქალაქო დიდ ამბებს არ გამაკარა...

რა არის კანონი? საჯარო სივრცეში რომ დავაცემინო, მით უმეტეს ხმაურიანად, არ შეიძლება და ეს შეიძლება იყოს უსიამოვნო მაგრამ თუ კანონი იტყვის, რომ ამისათვის ნესტოები უნდა ამეხეს, ის აღარ არის კანონი. მე ვიცი, რომ გესმით ჩემი (მოსამართლეს ეუბნება) და ისიც, რომ აქ დგომა არის ჩემი არჩევანი, რატომაც არა, ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ ძალიან ყოფითი მნიშვნელობით ვამბობ:

ეს არის ჩემი მორალური არჩევანი.

ხოლო მორალური უპირატესობის განცდა არის ის, რასაც ვერ ვიტან და იმედია, ცხოვრებაში უკანასკნელად ვგრძნობ ამას.

მე მაქვს აბსოლუტური განცდა, რომ არის ეს ბრძოლა, თქვენი შვილებისთვისაც, ისევე, როგორც ლექსოსთვის და ნინასთვის, ზუსტად ვიცი და მგონია, რომ თქვენც იცით, და თუ ასე არ არის, მაშინ მე უკეთესი წარმოდგენა მქონია თქვენზე, ვიდრე თქვენ - საკუთარ თავზე.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოთ, ჩემი მომავალი გაცილებით მსუბუქია. სანატრელიც კი, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ან საქმით ემსახურებიან, ან თუნდაც, დუმილით ამყარებენ ამ უსამართლობას.

ეს არის, რაც უნდა მეთქვა, და როგორც უკვე გთხოვეთ, მშვიდად, წყნარად. მე მაგრად ვარ, ჯერჯერობით წერაც გამომდის, ავად თუ კარგად, ალბათ უფრო ავად, მაგრამ ამის იმედსაც არ ვკარგავ...

ასევე ნახეთ

ზვიად რატიანი პოლიციელისთვის სილის გაწვნას აღიარებს, თავდასხმას არა - სასამართლო მტკიცებულებებს აღარ გამოიკვლევსმოსამართლემ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვაზვიად რატიანის ომი და ბოჭკოვანი კაბელებიპოეტ ზვიად რატიანის ჩხუბი პოლიციელთანპოეტ ზვიად რატიანს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა - გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავებასაერთაშორისო პენცენტრი პოეტ ზვიად რატიანის გათავისუფლებას ითხოვსზვიად რატიანის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლებიპოეტი ზვიად რატიანი ამბობს, რომ სახლთან თავს დაესხნენხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავიდაკავებისას ნაცემ ზვიად რატიანს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ