2024 წლის ივნისის შემდეგ, ეს უკვე მეორე საარბიტრაჟო დავაა, დაკავშირებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ჩაშლილ პროექტთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მოგებით სრულდება. სოლიდური კომპენსაციის გადახდა ამ შემთხვევაშიც მომჩივან მხარეს დაეკისრა.
ICSID-ის გადაწყვეტილების დეტალები ღია წყაროებით არ იძებნება; თუმცა ყველგან მითითებულია, რომ #ARB/20/28-ე საქმის განხილვა ვაშინგტონის არბიტრაჟში ჰოლანდიელი ინვესტორის, ბობ მეიერის სარჩელის საფუძველზე დაიწყო და ის ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩადებული ფულის დაბრუნებას ითხოვდა. ამ ფაქტს იუსტიციის სამინისტროც ადასტურებს, როცა აღნიშნავს, რომ ინვესტორი 64 მილიონ დოლარს ითხოვდა, თუმცა “მას თავად დაეკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება”.
“გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო პროცედურების კონკრეტული დეტალები კონფიდენციალურია”, - აღნიშნულია ბობ მეიერისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის [ADC] სამეთვალყურეო საბჭოს სახელით 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
არბიტრაჟის გადაწყვეტილებას მეიერი “გულდასაწყვეტს” უწოდებს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ "ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი: იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება”. აქ იგულისხმება 1998 წელს ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებული შეთანხმება „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ (BIT). ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია არბიტრაჟის ბაზაშიც იძებნება.
“მე გადავწყვიტე განმეხორციელებინა ინვესტიცია ADC-ში და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი”, - აღნიშნავს ბობ მეიერი და მიუთითებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ხორცშესხმა წარმოედგინა “მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში“. ადასტურებს ასევე “აბსოლუტურ ნდობას” პარტნიორი კონსორციუმის [ADC] მიმართ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში [ADC] შედიან: „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ი (ნიდერლანდი),Wondernet Express-ი (ბრიტანეთი), შპს G-Star-ი (ბულგარეთი), „Conti International-ი“ (აშშ) და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში გაწყვიტა.
ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ ამბობდნენ და ახლაც იმეორებენ, რომ კონსორციუმი ხელშეკრულებით დაკისრებულ ამოცანებს ვერ ასრულებდა და მან ვერც ინვესტორები ვერ მოიზიდა, დადგენილი ვადების მრავალგზის გადავადების მიუხედავად.
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს სახელმწიფო ყველა მიმართულებით გაამართლა და, მათ შორის, დაადგინა, რომ:
- პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები.
- პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი.
- მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი.
- სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას.
ასევე, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ “ეჭვქვეშ არ დამდგარა” მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება.
ასევე ნახეთ მამუკა ხაზარაძე: სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარე საქმესარჩელის ავტორად ბობ მეიერის დასახელების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წააგეს და ახლა ამ მარცხისგან დისტანცირებას ცდილობენ.
“როდესაც ამდენ დავას წააგებენ, ერთადერთი ისღა დარჩენიათ, რომ დისტანცირდნენ. თითქოს მათი ინვესტორი, მათი პარტნიორი იყო ყველაფერში პასუხისმგებელი”, - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
ანაკლიის პორტის საქმეზე უკვე მეორე დავის, ამჯერად ვაშინგტონის არბიტრაჟში, წაგება ძამაშვილისთვის საკმარისი საფუძველია, რომ “დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი”.
თუმცა ამ მიმართულებით საუბარი არ წყდება.
“რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას”, - აცხადებს “ძლიერი საქართველო” და მიუთითებს ასევე, რომ ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუიან, “როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით!”
ხაზარაძე და ჯაფარიძე ახლა საპატიმროში არიან, სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისიის”] სხდომაზე არგამოცხადების გამო. თუმცა მათი კოალიცია მაინც აპირებს მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც არ აღიარებს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ ICSID-ის “სამწუხარო” გადაწყვეტილება “არ ცვლის მთავარ ფაქტს”, რომ “მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება, ანაკლიის განვითარების შესახებ”.
“„ქართული ოცნების“ მთავრობამ [2020 წლის შემდეგ - რ.თ.] დაიწყო ხუთწლიანი ცარიელი რიტორიკა და შეუსრულებელი დაპირებები ანაკლიის პორტის აშენების შესახებ”; “არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება არცერთ ინვესტორთან, მით უმეტეს არ არის დაწყებული მშენებლობა“, - აცხადებს კონსორციუმი და ასევე აღნიშნავს, რომ პორტის მშენებლობა თვითონ “ქართული ოცნების” მთავრობასაც წაადგებოდა”:
“ასე რომ მოქცეულიყო, ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული, და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა”.
დავა კონსორციუმმაც წააგო - 2024 წლის ივლისში.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში 2020 წელს შეტანილ სარჩელში კონსორციუმიც ჩადებული ინვესტიციის დაბრუნებასა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მაშინაც აცხადებდა და დღესაც იმეორებს, რომ მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას “წინ უძღოდა ძლიერი, პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია”, სტრატეგიული პროექტისთვის ძირის გამოსათხრელად.
ასევე ნახეთ ანაკლიის პორტზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილარა ეტაპზეა ანაკლიის პორტის პროექტი ახლა?
- 2024 წლის 29 მაისს, ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ამჟამად პოსტიდან გადამდგარმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პორტის ინვესტორის შესარჩევად ჩატარებული ხელმეორე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული “რამდენიმე დღეში” დასახელდებოდა. მაშინ ლაპარაკი იყო კონსორციუმზე, რომელშიც შედიან ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) და სინგაპურში რეგისტრირებული China Harbour Investment Pte. Ltd, რომელიც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, იმავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის შვილობილია.
- მალევე გაირკვა, რომ CCCC აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი.
- 2024 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა.
31 ივლისს ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფოს კონტრაქტორი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) სამუშაოებს გრაფიკის მიხედვით აწარმოებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში შესრულებული თუ დაგეგმილი სამუშაოები ტექნიკური ტერმინებით არის აღწერილი და, მაგალითად, ნათქვამია, რომ:
- “2025 წლის ოქტომბრამდე მოეწყობა დროებითი ნავმისადგომი, რისი საშუალებითაც ქვის ლოდები და ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკები (ე.წ. „იქს ბლოკი") ტალღმტეხელის სხვადასხვა სექციებში მშენებლობისას გადანაწილდება”.
- “საპროექტო კვლევა ითვალისწინებდა ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე საზღვაო ფსკერის გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო კვლევების, ასევე სიმულაციების ჩატარებას”,
- “ტალღმტეხის მოდელიერების შედეგად მომზადდა საბაზისო პროექტი და ჩატარდა ექსპერტიზა, განახლდა გარემოზე ზემოქმედების ანაგარიში”.
- „იქს ბლოკების“ დამზადების მიზნით, სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა, ასევე რეციკლირების დანადგარი. უშუალოდ ბეტონის საწარმოს წარმადობა კვირაში 3 კუბური მეტრი მოცულობის 240 ერთეული, დღეში კი 40 ერთეული ბეტონის „იქს ბლოკია".
- ისინი საწყობდება სპეციალურ სივრცეში, სამშენებლო ტერიტორიაზე დამონტაჟებული 2 ერთეული 25 ტონიანი ჯოჯგინა ამწეს დახმარებით”.
- “უახლოეს პერიოდში 7 კუბური მეტრი მოცულობის ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკების წარმოება დაიწყება”.
- “კონტრაქტორი კომპანიის მიერ მომზადდა ტალღმტეხელის პირველი 650 მეტრის მოწყობის პროექტი/დიზაინი”;
- “ამჟამად მიმდინარეობს უშუალოდ ტალღმტეხელის მშენებლობის წინა ბათიმეტრიული და ტოპოგრაფიული კვლევები”.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტის მეორე ეტაპი უშუალოდ სამშენებლო და დაღრმავების სამუშაოებს მოიცავს და კონტრაქტორ კომპანიას სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს.
ოფიციალური ინფორმაციით: "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერია წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფულის გათეთრების საქმე და სხვა დეტალები
როდესაც 2018 წლის აგვისტოში პროკურატურამ „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო, ექსპერტების ნაწილმა ივარაუდა, რომ ეს პროცესი ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებით დასრულდებოდა.
საქმე შეეხებოდა 2008 წლის საბანკო ტრანზაქციებს - 11 წლით ადრე განხორციელებულს, ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებამდე.
- გამოძიება სს კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო და საქმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე აღიძრა. 2019 წლის ივლისში პროკურატურამ „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ხოლო მოგვიანებით ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი.
- 2021 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო არა ფულის გათეთრების მუხლით (194-ე), არამედ 180-ე მუხლის ორი ნაწილით - რაც დიდი ოდენობის ქონებასთან დაკავშირებულ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.
- სასამართლომ დაადგინა 7-წლიანი პატიმრობა, თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მათ სასჯელის მოხდა აღარ დაეკისრათ.
როდესაც სასამართლო განხილვები დასრულდა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მთავრობის ხელშეკრულება უკვე წლების გაწყვეტილი იყო.
მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული “TBC ჰოლდინგი” „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლად, ძირითად პარტნიორად და პროექტების დეველოპერად სახელდებოდა. კონსორციუმის თანახმად, ხელშეკრულების გაუქმებამდე, პორტის მშენებლობაში უკვე ინვესტირებული იყო 75 მლნ დოლარი. ამ თანხიდან, დამფუძნებლების განცხადებით, მათი ხარჯი 40 მლნ დოლარს შეადგენდა.
2019 წელს, როდესაც პორტის პროექტის მშენებლობის საკითხი სათუო გახდა, „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის დასმული რიტორიკული შეკითხვა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“
ხაზარაძის თქმით, ივანიშვილისგან ეს 2017 წელს მოისმინა ერთ-ერთ შეხვედრაზე, როცა პორტის მშენებლობის მომზადებისთვის უკვე დახარჯული იყო 20 მილიონი დოლარი და უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
„სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას [ბიძინა ივანიშვილს]... შევხვდი მის რეზიდენციაში, საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ, მითხრა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ, ეტყობა, გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაც მითხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“ - იხსენებდა ხაზარაძე.
ამჟამად მკვეთრად დაძაბულია ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ის მიერ სანქცირებულია თავად ბიძინა ივანიშვილიც. 2024 წლის ნოემბერში ვაშინგტონმა შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის აშენების ტენდერში 2016 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გაიმარჯვა.
მკაფიოდ პროდასავლური ხედვის გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 2018 წლის ივნისში გადადგა და მიზეზად მმართველ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2018 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა - კვირიკაშვილის მისამართით მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით. ივანიშვილი ღიად აკრიტიკებდა „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეს.