„რაკეტები გამოშვებულია“ - რას გვიყვებიან ქართველები ისრაელსა და ირანში

ისრაელსა და ირანში მცხოვრებ ქართველებს ვთხოვეთ ბოლო რამდენიმე დღეზე მოეთხროთ - ირანში დაკავშირება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.

ისრაელში მყოფი ნინო ქოქოსაძის თელ-ავივ-თბილისის რეისი, ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების გამო გაუქმებულია.

ნინო საქართველოში შვილიშვილთან ერთად უნდა გამოფრენილიყო ჰაიფიდან 18 ივნისს. გეგმები შეეცვალა ირანში მცხოვრებ ფერეიდნელ ქართველს, მიშა ლაჩაშვილსაც, რომელსაც ისპაჰანის სასწრაფოდ დატოვება მოუწია და თავის შეფარებას ფერეიდანში გეგმავს.

13 ივნისს ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დღიდან, ნინო ქოქოსაძეს, ისე როგორც დღეს ისრაელში მყოფ ყველა ადამიანს, დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე უწევს თავშესაფარში ჩასვლა. მიუხედავად ინტენსიური დაბომბვისა, ნინო გვიყვება, რომ პანიკაში არავინაა, ხალხი ელოდა ომს და ემზადებოდა.

ზუსტი თარიღი, როდის დაიწყებდა ისრაელი შეტევას, არ იცოდნენ და არც 13 ივნისს ელოდნენ რამეს, რადგან წინა დღეებში ხმა გავრცელდა, რომ ამ დღეს ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილის ქორწილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ნინო ჰყვება, სპეცოპერაცია დაიწყო პირდაპირ განგაშის სიგნალით, რომელიც ღამის ოთხ საათზე ჩაირთო. რასაც მოჰყვა გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომ ისრაელმა დაიწყო სპეცოპერაცია ირანის წინააღმდეგ და ხალხი თავშესაფრებში ჩასასვლელად უნდა მომზადებულიყო.

ნინო გვიამბობს, რომ რამდენიმე ხნით ადრე სახელმწიფომ შეცვალა შეტყობინებების სისტემა. თუ ადრე, საფრთხის დროს პირდაპირ ირთვებოდა სირენა და ხალხს თავშესაფარში ჩასასვლელად 1 წუთი ჰქონდა, ახლა მათ ამისათვის მეტი დრო აქვთ.

სპეციალური აპლიკაციის ჩამოწერის შემდეგ მოსახლეობას სულ 4 შეტყობინება მისდის. პირველი გაფრთხილება 15 წუთით ადრე მოდის - გატყობინებენ, რომ რაკეტები გამოშვებულია. ამ დროში უნდა მოემზადო. მეორე შეტყობინება გატყობინებს, რომ თავშესაფართან ახლოს იყო. მესამე გეუბნება, რომ შიგნით შეხვიდე. მეოთხე გაფრთხილება კი გამცნობს, რომ ის დროა, თავშესაფარი დატოვო.

ნინოს ზუსტად ერთი წუთი სჭირდება, რომ თავშესაფარში ჩავიდეს - ეს არის ბეტონის ნაგებობა, მიწის ქვეშ, დიდი რკინის კარით, სადაც არის წყალი, საპირფარეშო, კონდიცირება.

“ბევრი ხალხი იყრის ხოლმე თავს. ზოგი ძირს ზის, რადგან ადგილი არ არის და ყველა ელოდება დაბომბვის დასრულებას. ძირითადად ღამეა დაბომბვა. წუხელ ორჯერ ჩაირთო განგაში. იმის წინ - ოთხჯერ, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ გძინავს... მე სასწრაფო დახმარების ექიმი ვიყავი და ამას მიჩვეული ვარ, თუმცა ხალხში პანიკა არ არის. ჩემი დაკვირვებით, ხალხი, მიუხედავად იმისა, მთავრობის მომხრეა თუ მოწინააღმდეგე, ახლა ერთადაა შეკრული“.

თავშესაფრები ისრაელში რამდენიმე ტიპისაა. ახალ საცხოვრებელ ბინებს თავადვე აქვს სპეციალური დაცული ოთახები. ძველ ბინებს აქვს სარდაფები და არის კიდევ უბნების სამოქალაქო თავშესაფრები.

ისრაელის არმია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საჯაროდ არ გამოაქვეყნონ ამ თავშესაფრების ფოტოები და ადგილმდებარეობა მათივე უსაფრთხოების მიზნით.

ასე ჩანს ეკა ქურხულის ტელეფონზე მოსალოდნელი საფრთხე

მოსახლეობა ძირითადად ადგილზე რჩება, თუმცა რადგან საჰაერო სივრცე ჩაკეტილია და აეროპორტიც დახურული, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს უნდა გააკეთოს სახმელეთო გზით, იორდანიის გავლით.

ისრაელში, როგორც იქ მცხოვრები ქართველი ებრაისტი ლაშა შაყულაშვილი გვეუბნება, ამჟამად ცხოვრობს დაახლოებით 180 000 ქართველი ებრაელი, მათგან 45 000 ეთნიკური ქართველია.

ლაშა გვიყვება, რომ ხანდახან თავშესაფარში 4 საათით ყოფნაც კი უწევთ - თუ ბოლო გაფრთხილება არ მოვიდა, იქაურობას ვერ დატოვებ: „ანუ, იყო ინფორმაცია, რომ კიდევ ისროდნენ ბალისტიკურ რაკეტებს“.

ლაშა გვიყვება, რომ დღე ბევრი დაწესებულება სწორედ იმიტომ არ მუშაობს, რომ ხალხს სძინავს. თავშესაფარში დაძინება რთულია.

ქართველების ნაწილმა ისრაელი დაპირისპირების დაწყებამდე დატოვა. არაერთი მომვლელი და დამლაგებელი ოჯახებმა თავად გამოუშვეს საქართველოში და შვებულების ხელფასიც გადაუხადეს. თუმცა დიდი ნაწილი არსად წასულა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ლაშა ამბობს, „დილით დგები და საღამოს არ იცი დაბრუნდები თუ არა, გეგმასაც ვერ აწყობ“.

ქალაქ ხულონში ცხოვრობს კიდევ ერთი ემიგრანტი ქართველი ეკა ქურხული, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად წერს ხოლმე განგაშის შესახებ, ხოლო მის ლაივ-ჩართვებში კი ჩანს, როგორ გარბიან ადამიანები თავშესაფრისკენ.

ასევე ნახეთ „ხანდახან დაბომბვა წყდება, მაგრამ სიჩუმის უფრო მეშინია“, - ქართველი ებრაელი აშკელონიდან

„7 ოქტომბრის შემდეგ თითქმის ყოველდღიურ "რიტუალად" გვექცა განგაშის სირენის შემზარავი ხმის მოსმენა, უსაფრთხოებისთვის თავშესაფარში გაქცევა და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის სახელმწიფოს უძლიერესი თავდაცვისა და ე.წ. რკინის გუმბათის დიდი იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი მაინც ძალიან გინგრევს ფსიქიკას, ძალიან რთულია სიმშვიდის შენარჩუნება და თქმა იმისა, რომ არ გეშინია“, - ამბობს ეკა.

ეკაც გვიყვება, რომ გამონაკლისების გარდა, ყველა ემორჩილება სახელმწიფოს წესებს, რჩევებს და ინსტრუქციებს. მაქსიმალურად ზუსტად არის გათვლილი ბომბსაფარ ნაგებობებში ჩასვლის დროც.

„წუხელ 3 დღე-ღამის უძილო და თან მძიმე სამუშაოდან ახალი მოსული ვიყავი სახლში, განგაშის შეტყობინება რომ მოვიდა. წავედი თავშესაფარში, დაახლოებით 300-400 მეტრშია ჩემი სახლიდან. დაბომბვის შემდეგ სახლში დავბრუნდი, ტანსაცმლითვე მიმეძინა მშიერს, არც ტელეფონი დამიტენია და დაჯდა. გაფრთხილების შეტყობინებაც ვერ გავიგე. განგაშის ხმამ წამომაგდო, ვეღარ გავასწარი და საშინელი წუთები გადავიტანე, მარტოდმარტომ, უტელეფონოდ. გადავრჩი წუხელაც, ამაღამ აღარც დავიძინებ, ისეთი შიში ვჭამე“.

საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი ეკა ქურხულსაც ნაყიდი აქვს 17 ივლისის რეისზე, თუმცა ჩამოფრინდება თუ არა დაგეგმილი რეისით, ჯერ არ იცის.

ირანში დროებით თუ მუდმივად მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირება რთული აღმოჩნდა. ზოგმა საუბარზე უარი გვითხრა. ზოგიერთისგან პასუხს ამ დრომდე ველით და თუ ისინი დაკავშირებას შეძლებენ, მათ ამბავსაც გიამბობთ.

ირანში ხალხი დიდი ქალაქების დატოვებას ცდილობს, თუმცა ეს არის მარტივი პროცესი. 16 ივნისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა რომ ისრაელი „აკონტროლებს თეირანის ცას“ და მოუწოდა თეირანის მოქალაქეებს, ევაკუაციისკენ ( 2025 წლის მონაცემებით, თეირანში (ირანის დედაქალაქი) ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობს დაახლოებით 9.7 მილიონი ადამიანი).

ირანში ბევრ ადგილას არ არის ინტერნეტი ან არის ძალიან ცუდი კავშირი. არ არის თავშესაფრები, სადაც შესაძლებელია დაბომბვისგან თავდაცვა.

დაკავშირება შევძელით ფერეიდნელ ქართველთან, მიშა ლაჩაშვილთან, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო საქართველოში და ახლა ისევ ირანში დაბრუნდა. დღემდე ის ისპაჰანში ცხოვრობდა, თუმცა იქაურობა მას მერე დატოვა, რაც მოსახლეობას ქალაქის დაცლისკენ მოუწოდეს.

ჩვენი საუბრის დროს, ცუდი კავშირის გამო, ინტერნეტი ყოველ წუთს ითიშებოდა თუმცა მიშამ მოასწრო ეთქვა - ხალხი ძალიან შეშინებულია.

„ფერეიდანში ვგეგმავ წავიდე, იქ უფრო უსაფრთხოა. თეირანს და ისპაჰანს ბომბავენ და ხალხმა არ იცის რა ქნას, თავშესაფრები არ არის, მეტროში თუ ჩავა ხალხი“.

აქ ჩვენი საუბარი ისევ გაწყდა და როცა კავშირი აღდგა, მიშამ გვითხრა, ტელევიზია დაბომბესო.

„ამ წუთას ყველა ტირის, - გვითხრა მიშამ, - ყველა დაუცველია“.

და მერე ვიდეოც გვაჩვენა, რომელშიც ჩანს ტელეწამყვანი, რომელიც დარტყმის შემდეგ პირდაპირ ეთერში ტოვებს სტუდიას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებამ იკითხა, რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს ირანში და მათგან რამდენია საქართველოს მოქალაქე. ასევე გვაინტერესებდა, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ცხელი ხაზის მომსახურებით, დატოვა თუ არა მათმა ნაწილმა ირანი, თუმცა საგარეო უწყებიდან ამ დრომდე ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო განცხადება ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე 13 ივნისს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ იქ არსებული დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას:

„ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას სიტუაციის დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოკლე განცხადება დევს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გვერდზე. საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან.

ირანის ტერიტორიაზე მყოფი ქართველებისთვის გაცემულია რეკომენდაცია, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან, განმეორებითი საჰაერო იერიშების შემთხვევაში კი, ჩავიდნენ მიწისქვეშა სართულზე“, - წერია მოკლე განცხადებაში. ასევე მითითებულია ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრები, რომლებზეც, ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 16 ივნისის დილისთვის ისრაელში დაღუპულია 24 ადამიანი და დაჭრილია 592.

ისრაელის თავდაცვის არმიის თანახმად, ოთხ დღეში ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა 370 ბალისტიკური რაკეტით და ასეულობით დრონით, რომელთა დიდი უმრავლესობა მოგერიებულია. ირანის მხრიდან დარტყმებს ნგრევა მოჰყვა ისრაელის არაერთ ქალაქში.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის არმიის ავიადარტყმების შედეგად, 16 ივნისის დილის მდგომარეობით, დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481 ადამიანი. თეირანის თანახმად, მოკლულთა დიდი უმრავლესობა სამოქალაქოა.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.

პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.

ასევე ნახეთ ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი
ასევე ნახეთ ისრაელის ავიაციამ ყველაზე შორეული დარტყმა განახორციელა ირანში