Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ოთხ დღეში 24 ადამიანის დაღუპვას იუწყება, ირანი - 224-ის


ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად დანგრეული სახლები ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში. 2025 წლის 16 ივნისი
ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად დანგრეული სახლები ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში. 2025 წლის 16 ივნისი

ისრაელსა და ირანს შორის გრძელდება 13 ივნისს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 16 ივნისის დილის მდგომარეობით, ისრაელში დაღუპულია 24 ადამიანი და დაჭრილია 592.

ისრაელის თავდაცვის არმიის თანახმად, ოთხ დღეში ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა 370 ბალისტიკური რაკეტით და ასეულობით დრონით, რომელთა დიდი უმრავლესობა მოგერიებულია.

ირანის მხრიდან დარტყმებს ნგრევა მოჰყვა ისრაელის არაერთ ქალაქში

ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად დანგრეული სახლები თელ-ავივში. 2025 წლის 16 ივნისი
ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად დანგრეული სახლები თელ-ავივში. 2025 წლის 16 ივნისი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის არმიის ავიადარტყმების შედეგად, 16 ივნისის დილის მდგომარეობით, დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481.

თეირანის თანახმად, მოკლულთა დიდი უმრავლესობა სამოქალაქო პირი იყო.

ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაჭრილი კაცი. თეირანი, 2025 წლის 15 ივნისი
ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაჭრილი კაცი. თეირანი, 2025 წლის 15 ივნისი

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.

პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაცია სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს.

ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. ასევე - მეცნიერები, რომლებიც ბირთვული იარაღის შექმნაში მონაწილეობდნენ. ცხრა მათგანის ვინაობა ისრაელის არმიამ 14 ივნისს გამოაქვეყნა.

ამასთან, სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ირანში როგორც ავიადარტყმების, ისე ავტომობილების აფეთქებების შედეგად მოკლულია ბირთვული იარაღის შემუშავებაში ჩართული, სულ მცირე, 14 პირი.









ფორუმი

XS
SM
MD
LG