მოკლედ
- ალასკის სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინისთვის „მე-5 მუხლის მსგავსი“ უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაზე, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია.
- მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ გარანტიები ნატოს წევრობას არ გულისხმობს და იქნება ცალკე პაქტი, რომელშიც ქვეყნები ნებაყოფლობით ჩაერთვებიან.
- უკრაინელები სკეპტიკურად უყურებენ ზოგად დაპირებებს, რადგან წარსულში მსგავსი გარანტიებით რუსეთის აგრესიისგან ვერ დაიცვეს.
- რუსეთმა შესაძლოა, ასეთი გარანტიები ნაკლებად სავალდებულოდ აღიქვას, რაც მათ ეფექტურობას ამცირებს.
როგორც უიტკოფმა 17 აგვისტოს CNN-ს განუცხადა, ალასკის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონი და მის მოკავშირეები „თამაშის წესებს შეცვლიდნენ“ და უკრაინას შესთავაზებდნენ დაცვას, რომელიც „მე-5 მუხლის მსგავსი“ იქნებოდა, თუმცა კონკრეტული დეტალები არ უთქვამს.
უიტკოფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ამგვარ პოტენციურ სამშვიდობო ჩარჩოს არ გააპროტესტებდა.
ეს ფრაზა ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლიდან მომდინარეობს. ეს შეთანხმების ქვაკუთხედია, რომელიც ერთი წევრის წინააღმდეგ შეიარაღებულ თავდასხმას ყველას წინააღმდეგ თავდასხმად მიიჩნევს.
გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ის ნატოს წევრებს არ ავალდებულებს, სხვა წევრის მხარდასაჭერად სრული სამხედრო ძალა გამოიყენონ.
მასში ნათქვამია, რომ ნატოს თითოეული წევრი “ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, დაეხმარება თავდასხმის სამიზნე მხარეს ან მხარეებს, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად და სხვებთან კოორდინაციით, ისეთი ქმედებებით, რაც მიჩნეულ იქნება საჭიროდ, მათ შორის - სამხედრო ძალის გამოყენებით..."
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავიდა1949 წელს ნატოს შექმნის შემდეგ მე-5 მუხლი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს: 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ. შედეგად, ალიანსმა სხვადასხვა ოპერაცია ჩაატარა და დამხმარე ზომები მიიღო, თუმცა წევრებმა მათში განსხვავებული მასშტაბის წვლილი შეიტანეს.
როგორც ჩანს, მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება კოლექტიური თავდაცვის ამ კონცეფციას ისესხებს ნატოს ხელშეკრულებების ფარგლებს გარეთ გამოსაყენებლად. ეს უკრაინას ნატოს წევრად არ აქცევს - ტრამპმა ეს გამორიცხა.
ის ასევე ავტომატურად არ შეეხება ალიანსის სტრუქტურებს; ეს იქნება საგანგებოდ შექმნილი პაქტი, რომელშიც შევლენ ის ქვეყნები, რომლებიც მასზე ხელის მოწერას მოისურვებენ.
რას შეიძლება ნიშნავდეს „მე-5 მუხლის მსგავსი“
უკრაინისთვის ნებისმიერი პარალელური სისტემის შექმნა მთლიანად იქნება დამოკიდებული მხარეთა შორის მოლაპარაკებულ ტექსტზე.
მნიშვნელოვანია არა იარლიყი, არამედ წვრილი შრიფტით დაწერილი ტექსტი: ვინ რა ვალდებულებას იღებს და რამდენად არიან მზად, სწრაფად და ძლიერად იმოქმედონ, თუ უკრაინას კვლავ თავს დაესხმებიან.
სწორედ ეს სპეციფიკა აძლიერებს სკეპტიციზმს.
უკრაინელები უფრთხიან ზოგად დაპირებებს 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის შემდეგ, რომლებიც უსაფრთხოების „გარანტიებს“ ითვალისწინებდა უკრაინისთვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ.
ამ გარანტიებმა ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება.
სკეპტიკურად მხოლოდ უკრაინელები არ არიან განწყობილნი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ კიევის პრობლემა გარანტიების ნაკლებობა კი არაა, არამედ მათი პატივისცემის არარსებობა.
„2004 წლის 22 აპრილს ვლადიმირ პუტინმა საზეიმოდ დაამტკიცა რუსეთ-უკრაინის საზღვრის შესახებ ხელშეკრულება. საკმარისია მათი პატივისცემა და ომი დასრულდება“, - წერს ის X-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა წინადადებას და განაცხადა, რომ ევროკავშირი „მზადაა თავისი წილი შეასრულოს“.
„როგორც ხშირად მითქვამს, უკრაინა უნდა გახდეს ფოლადის ზღარბი, რომელსაც პოტენციური დამპყრობლები ვერ მოინელებენ", - თქვა მან.
ეს შეთავაზება გეოპოლიტიკურ პარადოქსს წარმოშობს. თუ გარანტიები ნამდვილად გაიმეორებს ნატოს შემაკავებელ ეფექტს, მაშინ რატომ მიიღებს მათ კრემლი? ერთ-ერთი შესაძლო პასუხი ისაა, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს არაწევრი ქვეყნისთვის მიცემული გარანტიები ნაკლებად ავტომატურად ან სავალდებულოდ აღიქვას.
როდესაც CNN-ზე პირდაპირ ჰკითხეს, დაუშვებდა თუ არა რუსეთი „ნატოს მე-5 მუხლის გარანტიების“ განხორციელებას, უიტკოფმა უპასუხა: „მე ვთქვი, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ აშშ-ს და სხვა ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ მე-5 მუხლის მსგავსი ფორმულირება გამოიყენონ უსაფრთხოების გარანტიებისთვის“.
ამგვარად, თუ გარანტიების ენა შერბილდება, რათა მათ რუსეთიც დათანხმდეს, მაშინ დიდი შანსია, რომ ისინი ვეღარავის შეაკავებს, მით უმეტეს - მოსკოვს.