ელჩზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმაა - რისთვის იბარებს “ოცნება" დასავლელ ელჩებს?

„ღია კონფლიქტში გადადიან, ელჩების [საგარეო უწყებაში] დაბარება წარმოადგენს დიპლომატიურ სანქციას. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა გერმანიასთან მიმართებით“, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. ილუსტრირებული ფოტო.

მოკლედ

  • “ქართული ოცნება” დასავლელ ელჩებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და რადიკალიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს;
  • ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩების საგარეო უწყებაში დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმად შეფასდა;
  • დასავლელი დიპლომატების წუხილია “ქართული ოცნების” პოლიტიკა, დეზინფორმაცია, დემოკრატიული უკუსვლა და ადამიანის უფლებების დარღვევა.
24 სექტემბერს გერმანიის ელჩი, 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი - “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთმანეთის მიყოლებით იბარებენ დასავლელ დიპლომატებს, რასაც წინ მწვავე ბრალდებები უძღვის.  

დასავლური ქვეყნების ელჩებს “ქართული ოცნება”, უკვე წლებია, სხვადასხვა მიზეზით, ღიად უტევს, თუმცა კონფრონტაციული ტონი და ბრალდებები თანდათან სულ უფრო მწვავდება. ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალა მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა თუ ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

თავად ელჩები და მათი მთავრობები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და გმობენ “ქართული ოცნების” დეზინფორმაციასა და აგრესიულ რიტორიკას.

ბრიტანეთის ელჩმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა

25 სექტემბერს, დაახლოებით საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ, "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო ისე დატოვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა, რომ ჟურნალისტებთან არც კი შეჩერდა. ბოლო ორ დღეში ის მეორე ევროპელი დიპლომატია, რომელიც საგარეო უწყებაში დაიბარეს.

ელჩ უორდთან საუბრის შინაარსზე განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ არც დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და არც “ქართული ოცნების” საგარეო უწყებაში.

ერთი დღით ადრე, 24 სექტემბერს, როცა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი დაიბარეს - ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მას განუმარტეს, რომ “დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში”.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად აკრიტიკებდა ელჩ ფიშერს და მას რადიკალიზმის წახალისებაშიც სდებდა ბრალს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დიპლომატს “აუხსნეს - რას ნიშნავს ვენის კონვენცია”.

"ვენის კონვენციის" სახელს ატარებს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ კონვენცია, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში 1961 წლის 18 აპრილს დაიდო, დიპლომატებისგან ადგილსამყოფელი ქვეყნების სახელმწიფო კანონებისა და დადგენილებების პატივისცემას მოითხოვს.
კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, დიპლომატების ვალდებულებაა, არ ერეოდნენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.

ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაესაუბრნენ
ასევე ნახეთ საგარეო სამინისტრო გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის დაბარების მიზეზს განმარტავს

“ქართული ოცნების” ხელისუფლების რიტორიკის მთავარი სამიზნე - დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები არიან.

25 სექტემბერს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ - საქართველოში ელჩი პოლიტიკოსივით არ უნდა იქცეოდეს, საგარეო უწყებაში დაბარებას “ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა” უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ელჩები “დიპლომატიურ ჩარჩოებს” დაუბრუნდებიან. მისი განმარტებით, ყველა ელჩის დაბარება არ იგეგმება, რადგან “მადლობა ღმერთს” - “ყველა ელჩი არ იქცევა ისე, როგორც [იქცევიან] ევროკავშირის, ბრიტანეთის, გერმანიის ელჩები”.

“ჩვენთან პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არა მხოლოდ პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმის და პოლარიზაციის წახალისება”, - ესეც ირაკლი კობახიძის სიტყვებია.

“ოცნების” წარმომადგენლები იმითაც არიან უკმაყოფილო, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ბოლო პერიოდში დაპატიმრებული პოლიტიკოსებისა და დემონსტრანტების სასამართლო პროცესებს, რაც ირაკლი კობახიძისთვის მოსამართლეების საქმიანობაზე ზეწოლის მცდელობაა.

ელჩების მიმართ მწვავე რიტორიკით გამოირჩევა კახა კალაძე, დედაქალაქის მოქმედი მერი, [4 ოქტომბრის არჩევნებზე] მერობის კანდიდატი და პარტიის გენერალური მდივანი.

თებერვლის ბოლოს, კალაძემ გერმანიის ელჩს „ჩვეულებრივი მავნებელი“ უწოდა; ხოლო ზოგადად, ევროპელ ელჩებზე ასევე თქვა, რომ ისინი "დიპ სტეიტს" წარმოადგენენ და საქართველოში “საზოგადოების გახლეჩას” ცდილობენ.

„ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეს“ - თქვა კალაძემ ელჩებზე, 25 სექტემბერს. ბრალდებებს შორის ჩამოთვალა "ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება" და "რევოლუციის მოწყობის მცდელობები“.

ასევე ნახეთ „საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი“ - გერმანიის ელჩს მთავრობის ადმინისტრაციაშიც შეხვდნენ

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ “ქართული ოცნება” სიტყვიდან საქმეზე გადავიდა - მთავარი მიზანი ელჩების დადუმებაა.

“ქართული ოცნების” მთავარი მიზანი ახლა არის, რომ დააშინონ ელჩები, შეუქმნან მათ მაქსიმალური პრობლემები და დისკომფორტი იმ იმედით, რომ ელჩები გაჩერდებიან და აღარაფერს იტყვიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რუსული კანონების მიღებაზე…

ფაქტობრივად, ღია კონფლიქტში გადადიან, ელჩების [საგარეო უწყებაში] დაბარება წარმოადგენს დიპლომატიურ სანქციას.

ასეთი რამ არასოდეს მომხდარა გერმანიასთან მიმართებით, რომელიც არის ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფო და რომელიც მუდამ უჭერდა მხარს საქართველოს. ეს არის პირდაპირი, მტრული ნაბიჯი”, - გიორგი მელაშვილის განმარტებით, “ქართული ოცნების” მიზანია საქართველოს “სრული იზოლაცია” ევროპული სამყაროსგან.

24 სექტემბერს, საგარეო უწყებაში შესვლამდე, ელჩმა ფიშერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელჩის "დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა", რომელიც "ძალიან უჩვეულოა" მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

ელჩის დაბარება კატეგორიულად დაგმო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადება, სოციალურ პლატფორმა X-ზე, ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა. ტექსტში აღნიშნულია, რომ პეტერ ფიშერი „წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“.

ახლო წარსულში, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებას "ქართული ოცნება" ხშირად აბრალებდა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, მათ შორის - ყოფილ ელჩებს კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს.

„ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში“, „იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები და სირთულეები“, - ამბობდა მათზე ირაკლი კობახიძე. ბოლო პერიოდში “ოცნებამ” მკაფიო უკმაყოფილება გამოხატა აშშ-ის ბოლო, აწ უკვე ყოფილი ელჩის - რობინ დანიგანის მიმართაც, განსაკუთრებით - "ქართული ოცნების" მილიარდერ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მოვლენების ჭრილში.

უწინდელი საერთაშორისო პარტნიორების უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ახლა უკვე "გლობალური ომის პარტიის", იგივე "დიპ სტეიტის" ინტერესების მსახურებად მოიხსენიებს; თუმცა ამ ბუნდოვან ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენლებსაც "ოცნება" არასოდეს ასახელებს, საზოგადოებამ ბევრი ვერაფერი გაუგო.

დასავლელი დიპლომატები, ელჩები, წლების განმავლობაში გამოხატავენ წუხილს “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკის, დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გამო; აკეთებენ განცხადებებს ევროინტეგრაციის მიზნებისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ.

ამ ეტაპზე კვლავ დაძაბულია "ქართული ოცნების" ურთიერთობები როგორც ევროპულ ქვეყნებთან, ასევე აშშ-ისთან. "ოცნების" მაღალჩინოსნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს დაუწესდათ სავიზო შეზღუდვები თუ ინდივიდუალური სანქციები.


ასევე ნახეთ 27 ქვეყნის საელჩო: "განცხადებები ჩვენ მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის"

გიორგი მელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ელჩებზე თავდასხმა "ქართული ოცნების" ჩვეული ტაქტიკაა - "გათვლილი ადგილობრივი პროპაგანდისთვის", როცა თბილისიდან არ უპირისპირდებიან პირდაპირ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და ერთგვარად - "უკანდასახევ გზას იტოვებენ", თუმცა "ბერლინში, ვაშინგტონში თუ ბრიუსელში კარგად ესმით, რომ ეს არ არის თავდასხმა კონკრეტულ პიროვნებებზე [ელჩებზე] და რომ ეს არის თავდასხმა მათ სახელმწიფოებზე".

  • "მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას", - წერია განცხადებაში, რომელიც 24 სექტემბერს 27 ქვეყნის საელჩოს ერთობლივ განცხადებაში.
  • ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ: "დიპლომატებისთვის, ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან - მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება".